პარტიის ალამდარი - ქართული სუფრის აპოლოგეტი
ტელეეკრანები და ინტერნეტსივრცე მოიარა ბიძინა ივანიშვილისაგან ქართული სუფრის მორიგმა აღიარებამ. „ქართული სუფრა არის სიყვარულისა და ბედნიერების ფეიერვერკი“ - ბრძანა ოლიგარქმა. როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს ქართული სუფრა?
თითქოს გასაკვირი უნდა იყოს:
კაცის ბუნება ორგანულად ვერ ჰგუობს ვერაფერს ქართულს და ვერავის ქართველს - ანადგურებს და სპობს საქართველოს ბუნებას: სვანეთში, რაჭაში, აჭარაში, ფხოვში, პანკისში; ანგრევს საქართველოს ისტორიას აფეთქებულ საყდრისში; ქართველებს შინ აშიმშილებს და ერთიანად უპირებს გადასახლებას ევროპაში...
და უცებ ისტორიული ღირსებებისა და ტრადიციების დამფასებლად ევლინება თანამოქალაქეებს!
რაგვარად შეიძლება აიხსნას ეს მოვლენა?
სულ მარტივად!
საქმე ის გახლავთ, რომ ქართული სუფრა დარჩა ერთადერთი ადგილი, სადაც მას დითირამბებსა და ხოტბა-დიდებას უმღერიან!
თავად განსაჯეთ:
ივანიშვილს ისე წარემართა საქმე, რომ პირუმტკიცობის გამო უკვე საკუთარ გობში დანაპურებმა პარლამენტარებმაც უგანეს; მისი ხელის ბიჭები ნალოლიავები ტელევიზიებიდანაც ხანდახან გაურევენ ხოლმე საყვედურებს, სხვა ტელევიზიებს რომ არ ჩამორჩნენ მართლისმთქმელობით; ლამის არის ჩრდილოვან ეკონომიკაში თანშეზრდილი ბიზნესმენები და ბანკირებიც დაუსხლტნენ ხელიდან და რჩება ერთადერთი დალოცვილი ადგილი - ქართული სუფრა, სადაც მისი სახელი იმავე რიხით მოიხსენიება, როგორადაც იხსენიებოდა შვიდი წლის წინათ!
დააკვირდით, სად წარმოთქვამს ხოლმე ოლიგარქი თავის შთამაგონებელ სიტყვებს ქართულ სუფრასთან დაკავშირებით: ორი უკანასკნელი შემთხვევა იყო მისი ნამწყალობევი ინტელიგენციის წარმომადგენლების - თამაზ ტყემალაძისა და ანზორ ერქომაიშვილის საბენეფისო საღამოებზე.
ამ ბოლო შეხვედრაზე მინისტრმა ჩხენკელმა ივანიშვილი ღვაწლით ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა. ჰოდა, თუკი საჯარო შეხვედრაზე, ვიდეოკამერებისა და მიკროფონების გარემოცვაში იკადრა სახელმწიფო მოხელემ მისი ექვთიმე თაყაიშვილთან შედარება - წარმოიდგინეთ, რა ხდება ვიდეოკამერებისა და მიკროფონების გარეშე - რა სიტყვებით ამკობენ შინაურსა და გარეულ სუფრებზე: ექვთიმე თაყაიშვილი რა მოსატანია - სულ ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და გიორგი ბრწყინვალის სახელებთან იქნება ალბათ მისი სახელი შეთანადებული. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ სასიამოვნო მოლოდინით გახლდათ სწორედ განპირობებული ივანიშვილის წინასასუფრო განწყობილება.
ეს ყოველივე ხომ საგანგებო სუფრებს ეხება ივანიშვილის გარემომცველ წრეში და, ნეტავ დაგვანახა, რა ხასიათზე დადგებოდა ბატონი ბიძინა და რას იტყოდა ქართული სუფრის შესახებ, რომ იცოდეს, თუ როგორ ადარებენ მას მურვან ყრუს, ჯალალედინსა და აღა-მაჰმად ხანს მისი გარემომცველი წრის მიღმა, დიდსა და პატარა წვეულებებზე, მთელ დანარჩენ საქართველოში!
მაგრამ, მოდით, ამ 18 თებერვალს მაინც ნუ წავუხდენთ ხასიათს და მის დაბადების 64-ე წლისთავთან დაკავშირებით ნუ ჩავუშხამებთ დითირამბული სადღეგრძელოებით გამოწვეულ განწყობილებას.
ვინ იცის, გაის ამ დროზე, მის პატარა საიუბილეო წელიწადს, აღარავის ეცალოს მისი სადღეგრძელოებისთვის!
ნანახია: (1833)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას