logo.png

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი თავის გვერდზე წერს:

"გაინტერესებთ თუ როგორი ტიპის ადამიანები მოსწონთ საქართველოში? დაუკვირდით და აღმოაჩენთ, რომ ძირითადად პოპულისტები, რომლებიც საკუთარ ღირებულებებსა და აზროვნებას უსადაგებენ ავტორიტეტებს, გავლენიან და ცნობილ სახეებს. 

ვინც სიმართლეს, პრინციპებსა და ჭეშმარიდ იდეებს ემსახურება - ისინი დიდად არ უყვართ, რადგან მათ ფონზე საკუთარ ქონდრისკაცობას, კონფორმიზმს, ორპირობას, ეგოიზმს,გაუნათლებლობასა და ამორალურობას ხედავენ.  მათთვის აუტანელი დისკომფორტია თავისუფალი და ღირსეული ადამიანების ქება, სხვისი სრულფასოვნების დატევა და სწორედ ამ ნიადაგზე ვხედავთ, თუ როგორ ესვრიან ტალახს და ცილს წამებენ პატიოსან და წესიერ მოქალაქეებს, მით უფრო იმათ, ვინებიც საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და არ ურიგდებიან ელიტურ კონიუქტურას. 

ამ ფონზე, მავანს ეუფლება შინაგანი შური, ფარული სიძულვილი და დამცინავი სული, ზუსტად იმ ადამიანების მისამართით, რომელნიც აშიშვლებენ მათსავე უბადრუკობას. ამიტომაცაა, რომ სულმდაბალ და დაცემულ არსებებს, ისღა დარჩენიათ, რომ ცილიდასწამონ, გაჭორონ და ჩირქი მოსცხონ სანიმუშო პიროვნებებს, რადგან საკუთარ სიმცირეს ვერ ერევიან. "და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება" (მათე 10,22).

მართალი ადამიანის ხვედრი არის დევნა, შევიწროვება, ღალატი და ბულინგი. თუმცა სანაცვლო საზღაური დიდია და ასეთ მოცემულობაში მთავარ როლში გვევლინება სახარებისეული გზავნილი - "ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა... არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა... მტერ-იყუნენ კაცისა სახლეულნი თვისნი...
(მათე 10, 32-3). ე.ი. ჭეშმარიტების დამოწმება და აღიარება, ნუგეშად ცათა სასუფევლის ნეტარებას გვიქადის, მაგრამ ამისათვის წუთისოფელში არა მარტო მეგობრები და თანამოქალაქენი აღსდგებიან ერთმანეთის მიმართ, - არამედ სისხლით ნათესავებიც. 

უფალი გვაფრთხილებს, რომ იგი მოვიდა, რათა განაშოროს ღვთისმოყვარენი ამ ქვეყნის მოყვარულთაგან, სიმართლის მსახურნი - მეინსტრიმული მსახურებისაგან და დიდობისმოყვარენი სიმდაბლისმოყვარეთაგან. 

ამ ვიწრო და ეკლიან გზაზე კი ხშირად შევხვდებით უმადურობას, დაუფასებლობას, ტალახის სროლასა და პირსუკან ქირქილს, თუმცა ეს გზა, ანუ ჩვენი წილი გოლგოთა აუცილებლად გასავლელია ცხონებისათვის. ასეთ დროს ადამიანი ოდნავ მაინც ემსგავსება ქრისტეს და აქედანვე გრძნობს საუფლო წიაღის წინაგემოსხილვას. მთავარია სიკვდილამდე შეინარჩუნო უანგარობა და თავდადება, რისი წვდომაც მატერიალისტებსა და წარმართული იდეოლოგიის ფსევდომორწმუნეებს უჭირთ, რომელნიც, როცა კი ვერ ეწევიან კეთილისმყოფელთ - მათ ლანძღვას იწყებენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ სიფრთხილე - ადამიანის ბუნებითი მდგომარეობაა, ხოლო შიში - არჩევანი! უფლის მახვილი, ანუ რწმენაში გამოწრთობილი სიყვარული, ჰკვეთს ერთმანეთისაგან ბოროტებასა და სიკეთეს, ტყუილსა და მართალს, დამღუპველსა და გადამრჩენელს! 

როცა საზოგადო სიკეთისთვის იღწვი, უნდა იცოდე, რომ ზურგიდან მომავალი ტყვია უფრო მტკივნეული და მოსალოდნელია, ვიდრე პირისპირ მიღებული, რამაც ბრძოლაზე ხელი არ უნდა აგაღებინოს. 

მათ კი ვინც თქვენს გამო "გოდებს, სწუხს და განიცდის" - მოუხმედ რეალობის დანახისაკენ და სახარებისეულად მიუგეთ: "ნუ სტირით ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა (ლუკ. 23, 26).

ამდენად, ნუ შედრკებით მასის შეფასებისას და გახსოვდეთ ბალზაკის ბრძნული შეგონება: "საზოგადოებრივი აზრი? ის ხომ ყველა მეძავზე უფრო უარესად შერყვნილია"!"

ნანახია: (1145)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას