logo.png

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი თავის გვერდზე წერს:

"ზოგადად, იმ ეთიკური წესების, ღირებულებებისა და ნორმების ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას, მათი ჰარმონიზების ხარისხსა და ყოფაქცევას საზოგადოებაში, მორალი ეწოდება! 

ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისათვის, რომელიც პოტენციაში მოწოდებულია, რომ ღვთის მსგავსებამდე ამაღლებისკენ მიისწრაფოდეს, მისთვის, როგორც სოციალური არსებისათვის, უმთავრესად აუცილებელია საზოგადოებასთან მომრიგებლური თანაცხოვრება.

ბიოლოგიაში ცნობილია, რომ  თითოეულ უჯრედს არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა და მისი არსება განსაზღვრულია ერთიანი ორგანიზმით. ამავე პრინციპით ადამიანის ცხოვრებაც გამოხატულებას ჰპოვებს და მნიშვნელობას იძენს მხოლოდ საზოგადოებასა და კოლექტიურ ერთობაში. ხოლო თუ ადამიანი გაემიჯნება და დაუპირისპირდება დანარჩენ სამყაროსა და ობიექტურ ჭეშმარიტებას, მაშინ მისი განვითარება სტატიკურად გაიყინება და აღმოჩნდება ეგოცენტრულ თვითიზოლაციაში . 

ქრისტიანი ადამიანი, მორალურობას ხედავს, როგორც ბრძოლას - სულიერ ეგოიზმსა და სხვებთან მოპყრობის რაციონალურ ინტერესს შორის. 

თეოლოგიური თვალსაზრისით, პიროვნულობა გაცილებით ფართო ცნებაა ვიდრე მორალურობა, თუმცა პიროვნების დახასიათებისას გვერდს ვერ ავუვლით მის მორალურ სტატუსსა და მონაცემებს. საკითხს თუ ფილოსოფიურად მივუდგებით, მაგალითად, არისტოტელესეულ ანთროპოლოგიაში ზნეობა ადამიანის სპეციფიკას შეადგენს და ვლინდება მის თავისუფალ და ცნობიერ მოქმედებაში, ანუ ქცევასა და მის ხასიათში. 

ქრისტიანული ზნეობის ფორმა კი გულისხმობს ყოფაქცევითი ნორმების არა იძულებით, არამედ ნებაყოფლობით შესრულებას, განსხვავებით ცხოველის ქცევისაგან, რომელიც იმით განირჩევა ადამიანის ქცევისაგან, რომ იგი დაპროგრამებულია გადარჩენის ინსტინქტით და მხოლოდ სამშვინველი მართავს. ადამიანს კი შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედება და პასუხისმგებლობით განიმსჭვალოს, რამეთუ ის ფლობს თავისუფალი არჩევანს და შეუძლია განსაზღვროს საგნებისა თუ მოვლენებისადმი თავისი დამოკიდებულება.

სხვათაშორის, არსებობს ე.წ. პრეკონვენციური მორალი, რომლის მიხედვითაც ადამიანებს არ აქვთ გათავისებული საზოგადოებრივი მსოფლშეგნება, ტრადიციები და საყოველთაოდ მიღებული ნორმები სწორ და არასწორ საქციელთან დაკავშირებით. ამიტომ, ისინი გადაწყვეტილებას იღებენ ძირითადად იმის გათვალისწინებით, თუ რა რეზულტატი მოჰყვება მათ საქციელს თავად მათთვის. ამგვარ მიდგომას კი თავისდაუნებურად ძირითადად უფრო პატარა ბავშვები, ან უმწიფარი მოზარდები ირჩევენ, რომელთაც ყველანაირი მდგენელი - სტერეოტიპული ახირება, უსარგებლო სქემა და "საუკუნეების წინ დაწერილი რაღაც კანონები" ჰგონიათ! 

კანტის აზრით, მორალური მოვალეობა, ანუ სინდისი, არის ის ღირსება, რითაც ადამიანი განვითარების უმაღლეს მწვერვალზე იმყოფება. რელიგიური გაგებით კი სინდისი ღვთის მაფხიზლობელი ხმაა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის სინდისიერება ზეციური არსებობის დამადასტურებელი საბუთია დედამიწაზე. 

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალიწინებით, რაოდენ დასანანია, როცა ადამიანს, მით უფრო მას, ვისაც მეგობრად თვლი, აღიარებ, ენდობი, პატივს სცემ და ვინც ქრისტესმიერად გიყვარს, რომ ელემენტარული შეგნება, ზრდილობა თუ კოლეგიალობა არ ჰყოფნის და თავხედური იერიშით, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბოღმას ანთხევს და სავსებით არარელევანტურ, მართლაც რომ "დემაგოგიას" - პროგრესულობად ასაღებს, თანაც ზღვარდაუდებელი მკრეხელობით, სარკაზმითა და ეპატაჟური პათოსით, რომელიც სინამდვილეში იმდენად უარგუმენტო და არასერიოზულია, რომ პოლემიკაში შესვლადაც არ ღირს. 

ასეთ დროს, მაქსიმალური თავშეკავების მობილიზებით, ისღა დამრჩენია, რომ ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე, მას, ვინც დააშავა, მოთმინებით მოვუწოდო სინანულისა და რეფლექსიისკენ -  "მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით" (გამოცხ. 2,16)."

ნანახია: (1085)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას