როგორც საიტი http://dogma.ge/?p=10923 იუწყება, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე მესამის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაზე დასწრებას უარს უცხადებს, რომელიც ამანში 26 თებერვალს არის დაგეგმილი და ამასთან დაკავშირებით პატრიარქს საპასუხო წერილს უგზავნის.
საიტი აქვეყნებს ამ წერილის შინაარსს:
„მის უნეტარესობას - იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე მესამეს!
თქვენო უნეტარესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და გაცნობებთ, რომ მივიღეთ თქვენ მიერ გამოგზავნილი ორი წერილი ეკლესიათა შორის არსებულ პრობლემებზე მსჯელობისთვის იორდანიაში, ქალაქ ამანში, პირველიერარქთა და მათი წარმომადგენლების მიწვევის შესახებ.
კარგად გვესმის, რომ თქვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისთვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით. თქვენი წერილებიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ, ვინაიდან მან და ზოგიერთი ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს, რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა, დაბრკოლებები შეექმნას.
ჩვენ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას და ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს, შედეგი მივიღოთ; ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებთ ჩამოსვლისგან.
აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სიამოვნებით ვესწრებოდით და კვლავ დავესწრებით რომელიმე რელიგიური დღესასწაულის ან საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში გამართულ ღონისძიებას.
ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა სინაქსისი განხორციელდება და ეკლესიური კანონიკური ნორმების დაცვით შეფასდება ის თემები, რაც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს. ამასთან, რაც მალე მოხდება ეს, უმჯობესია ყველასთავის.
ვლოცულობთ თქვენთვის და მართლმადიდებელ ეკლესიაში მშვიდობისა და ქრისტეში ერთობისთის.
ღმერთმა მოგანიჭოთ მშვიდობა და შემდგომი წარმატებები თქვენს მაღალ მსახურებაში.“
რეზიუმის სახით შეიძლება ითქვას, რომ შეკრება მხოლოდ ნომინალურად გახლავთ იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული - მისი რეალური სულისჩამდგმელი, ცხადია, რუსეთის საპატრიარქოა.
ეს იქიდანაც დასტურდება, რომ მთავარ საკითხად გამოტანილი იქნება უკრაინული ეკლესიისთვის უფლებამოსილებათა ეჭვქვეშ დაყენება და იმითაც, თუ ვინ აცხადებს გამგზავრების სურვილს და ვინ - არა.
დღეისათვის გამგზავრების სურვილს აცხადებენ: იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, ჩეხეთის, პოლონეთის და რუმინეთის (უკანასკნელი ორი - მხოლოდ დელეგაციების დონეზე - წინამძღვრების გარეშე).
ოფიციალურად უარი განაცხადეს გამგზავრებაზე: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ელადის, კვიპროსის, ალბანეთის, უკრაინის და საქართველოს ეკლესიებმა. თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ უთქვამთ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლები გაემგზავრებიან ამანში, ხოლო ბულგარეთისა - არა.
ასე რომ, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს რელიგიური შეკრების პოლიტიკური საფანელი და, როცა დადგება შეკრების თარიღი - 26 თებერვალი, ყოველივე უფრო ნათლად დადასტურდება!
ნანახია: (1694)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას