logo.png

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი თავის გვერდზე იხსენებს:

"2008 წელია! სასულიერო სემინარიაში დამამთავრებელ კურსზე ვართ და გამოცდებისა თუ სადიპლომო ნაშრომის წინადაცვისათვის ვემზადებით. ამ პერიოდში, ახალ აღთქმაში ლექციებს გვიკითხავს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ტრადიციულად, როგორც წესი, იგი უმეტესად ან აცდენს ლექციებს, ან თუ შემოდის აუდიტორიაში, საგნისთვის განსაზღვრული 50 წუთიდან, 25 წუთი გვლანძღავს (გაურკვეველი მიზეზით), 20 წუთი - საკუთარ თავს იქებს, ხოლო დარჩენილი 5 წუთი დავალებას იძლევა!

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ერთ-ერთი ლექციის მოლოდინში ზარის დარეკვიდან გავიდა 30 წუთი. ბუნებრივია, სტუდენტებმა ჩავთვალეთ, რომ ლექცია გვიცდებოდა და დაბალ ხმაზე ერთმანეთში საუბრები დავიწყეთ. ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი მერხთან იჯდა, ზოგსაც სკამზე ჩამოეძინა დაღლილობისგან. უეცრად, კარი აგრესიულად იღება და ალეწილი სახით შემოდის "ნომერ პირველი მღვდელი" (როგორც ამას თავად უწოდებდა საკუთარ თავს), რასაც "სპარტანული" სიჩუმე და გაშეშება მოჰყვა ბიჭებში. ყველანი გავისუსეთ, მე რატომღაც მეღიმებოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ისტეროიდულ შარში ვიყავით და ჩემი ცნობისმოყვარეობის წყურვილი მიმართული იყო მხოლოდ ერთი ამოცანის ამოხსნისაკენ - ვინ იქნებოდა ის ზვარაკი, ვისაც ჯალათი პარანოიდულად დაკლავდა სახალხოდ. 

უცებ, "პატრიარქის სიგელოსანმა" პროტოპრესვიტერმა ფოკუსი შუბლშეჭმუხვნით გაასწორა, ნიკაპი ლავიწზე მიიდო, მსხვერპლი მიზანში ამოიღო და შესძახა: "ბიჭიიი! შენ რატომ გაქვს ნამძინარები სახე?! პატრონი არ გყავს ხო შენ ბიჭიიი?! მიპასუხე ასეთი სახე რატომ გაქვს?!"

ჩემი ჯგუფელი, რომელიც ძალიან პატიოსანი, მორცხვი და უთქმელი ბიჭი იყო - ჭარხალივით გაწითლდა, მოიღუშა და ლამის ენა გადაეყლაპა შიშისგან. თუმცა რამდენიმე შეკივლების ("ბიჭიიი! შენ არ გესმის შე გამოშტერებულო?!") შემდეგ მოსულიერდა და დაბალ ხმაზე აღმოთქვა: "ცუდად ვიყავი წუხელ, გული მაწუხებდა, თან ვმეცადინეობდი და ვერ დავიძინე... ალბათ მაგიტომ ვარ ცუდი სახით. ბოდიშს ვიხდი"... ეს იყო და სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა ამ ბიჭს (განზრახ არ ვასახელებ მის ვინაობას), რომ უცებ ეკვეთა ჩვენი ავგიორგი ჩვენს ძმას და თავზე დააღრიალა: - "გეძინებოდა ბიჭიიი?! მერე ვერ გაიკეთე ასანთის ღერები თვალებზე?! ვერ გაილაწუნე ლოყაში შენივე ხელიიი?! როგორ შეიძლება ასეთი სულმოკლეობა იმ სასწავლებელში, სადაც უზარმაზარი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე კათოლიკოს-პატრიარქია რექტორი?!.. აწი იცოდე ხომ, რომ როცა ძილი მოგერევა, აიღე ასანთი და იცოდე, რომ არ უნდა დახუჭო თვალები ბიჭი! გასაგებია ხომ, თუ არა?!!! კარგი, ღმერთმა გაპატიოს ხომ ეს უმეცრება და დანაშაული! ძალიან მძიმე სახე გაქვს და მოინანიე ხომ ეს, მოინანიე იცოდე!.."

არ ვიცოდი რა მექნა. თან თავს ძლივს ვიმაგრებდი, რომ ხმა ამემაღლებინა ამ ცირკის წინააღმდეგ და თან სიცილი ისე მაწვებოდა, რომ ცრემლები მდიოდა შეკავებისგან...

მას მერე სულ ვფიქრობდი, თუ საიდან დაებადა აზრად ამ "გენიოს" კაცს ეს ასანთის ღერების თვალებში გაჩხერვის მეთოდი, ძილისგან თავდასაცავად-მეთქი და მოგვიანებით, როცა ჩემ პატარა გაბრიელს იუთუბზე "ტომი და ჯერის" მულტფილმები ჩავურთე, ერთ-ერთი სერიის სიუჟეტიდან მივხვდი, სადაც მთვლემარე ტომი, პოტენციურ მსხვერპლს სოროსთან ელოდება და ძილს პროტოპრესვიტერის ილეთით ებრძვის! 

P.S. პროტოპრესვიტერი ზვიადაძე, ნეტავ შვილიშვილს მოთმინებით უზის და აყურებინებს ამ მულტფილმს, თუ თავად მოკრა თვალი აღნიშნულ სერიას? ალბათ უფრო მეორე, თორემ იქამდე ბავშვი შემოაკვდებოდა... ????"

ნანახია: (1352)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას