მწერალი ზურა ოდილავაძე საკუთარ გვერდზე წერს:
"სამი საფეხური
2020, 31 აგვისტო, 66 წელი – შეჯამების, შედეგების დროა...
ადამიანები მხეცებს დაემსგავსნენ და ერთმანეთს ჭამენ – ჩვენი მბრძანებელია ერთ მუშტად შეკრული – ზიზღი, ტყუილი, თვალთმაქცობა, ბოღმა და მზაკვრობა. ამ საშინელებაში მეც მაქვს საკმაო წვლილი შეტანილი. ყველას, ვისაც აქ ,,ფეისბუქზე“ პირადი შეურაცხყოფა მივაყენე, გვარითა და სახელით ცუდად მოვიხსენიე, დავცინე თუ დავამცირე – ყველას უღრმესი ბოდიში! ეს არასდროს აღარ გამეორდება.
კონკრეტული ადამიანის გინება და მისდამი ცინიკური დამოკიდებულება საკუთარ თავს ავუკრძალე, ხოლო აგრესია – სირცხვილია და თავის მოჭრა! მორჩა, დამთავრდა – წერა მხოლოდ მსოფლმხედველობის არსებით პრინციპებზე – იდეებსა თუ ცნებებზე, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებსა და მნიშვნელოვან მოვლენებზე!
გამოსავალს მხოლოდ ერთს ვხედავ: იმისთვის რომ ზიზღის ნიაღვარი დასრულდეს, ბოროტების ჯაჭვი საკუთარ თავზე უნდა გაწყვიტო. ამიტომ ერთადერთი სახელმძღვანელო პრინციპია – ბოროტებისადმი სიძულვილითა და ძალადობით წინააღუდგომლობა. შენ რომ საკუთარი თავი კიტრივით მართალი გგონია... აბა, სცადე – მოწინააღმდეგეს ჰკითხე, მოვლენებს მისი თვალით შეხედე და შენი ,,მართლობისა“ და მორალური უპირატესობის ქოხი უცებ ჩამოგეშლება...
უმრავლესობა სხვისი გაკიცხვის გზას დაადგა – წარუმატებლობაში მთავრობაა დამნაშავე. ნაწილობრივ ასეც არის, თუმცა, ხელისუფალს საკუთარი ბრალის ტვირთი და პასუხისგებაც ეყოფა... მე ვამტკიცებ, რომ მთავარი დამნაშავე ჩვენ ვართ, ხოლო მმართველი, როგორც მგრძნობიარე ანტენა ჩვენს გუნება-განწყობილებას იჭერს და მას ასრულებს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა – მიზეზი შენში უნდა ეძიო, შენში! მხოლოდ ეს არის ნაყოფიერი გზა და ასე შეგიძლია გამოსწორდე!
ძალაუფლება, მისგან გამომდინარე სიძულვილი, უსამართლობა და აგრესია დიდწილად ჰორიზონტალურია (ხალში – თარაზულად ვრცელდება) და არა ვერტიკალური (ხელისუფალიდან – ზემოდან ქვემოთ). თუ საკუთარ თავთან მართალი იქნები – ეს ცხადზე ცხადია!
მოკლედ, ჩემთვის ასეთი სამსაფეხურიანი გზა ჩამოვაყალიბე: პატიოსნება – პატიება და გულმოწყალება – სიყვარული. ჯერ პირველ ორ საფეხურზე ვცდილობ გავმაგრდე...
ასეა თუ ისე, ხორცშესხმულ ეშმაკებს, მართალია დამღლელი, მაგრამ მაინც სიმშვიდით უნდა ებრძოლო. დღევანდელი ტერმინოლოგიით – ,,დაკიდებით".
მასობრივ ცნობიერებაზე ამაღლების მხოლოდ ერთი გზა არსებობს – კოლექტიური გონისგან გაქცევა. პუბლიკის აპლოდისმენტები უძლიერესი ნარკოტიკია, რომელსაც აუცილებლად კრახისკენ მიჰყავხარ. ადამიანებს უყვართ, ქება და განდიდება, მაგრამ კიდევ უფრო მოსწონთ შენი დაცემითა და ღალატით ტკბობა. ამიტომ არის გარდაუვალი მარტოობა – საკუთარი სინდისის ხმა არ გიღალატებს. ფიქრი, უსასრულობის შემეცნება, ანალიზი, აღწერა და ისევ თავიდან – მუდამ წინ!
ჩემს მკითხველს! ერთადერთი და მართლაც ღირებული, რაც ამ წლების განმავლობაში შევიძინე – ეს არის თქვენი სიყვარული! ეს მაცოცხლებს და სითბოთი მავსებს – ეს მაძლებინებს... მადლობა დიდი თქვენ!
წელს, როგორც იქნა, ჩემი რომანი – ,,ქართველების ექვსი ვნება“ გამოსცეს! ამის შემდეგ, კიდევ ერთ წიგნსაც... ალბათ, დავწერ და თავს აღარ შეგაწყენთ.
მუდამ თქვენი ზურა ოდილავაძე – 2020, 30-31 აგვისტო"
ნანახია: (1421)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას