"არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს სახელმწიფო მეთაური, მოქმედი პარლამენტი, მაგრამ სასამართლოს არსებობას საჭიროდ არ მიიჩნევს და საკუთარ მოქალაქეებს არწმუნებს, რომ სამართლებრივი საქმეები ბრძენი სახელმწიფო მეთაურის სახელით თავისთავად მოგვარდება?! ეს რიტორიკული კითხვა იმიტომ დავსვი, რომ საქართველოს ეკლესიაში არსებული არანორმალური მდგომარეობა წარმომეჩინა. ჩვენი ეკლესია სავარაუდოდ ერთადერთია მთელს ქრისტიანულ თუ არა მართლმადიდებლურ სამყაროში მაინც, რომელშიც საეკლესიო სასამართლო არ ფუნქციონირებს. ეკლესიის (შეიძლება მის გარეთაც მდგომი) გავლენიანი და დაინტერესებული პირები ფიქრობენ და სხვების დარწმუნებასაც კი ცდილობენ, რომ რაკი პატრიარქმა აქამდე „სასამართლოს გარეშე მოიყვანა ეკლესია“, შემდგომშიც აღარ იქნება ის საჭირო. ერთი ეპისკოპოსი თავის ოპონენტებს ფიზიკური ანგარიშწორებით ემუქრება, მეორე სკანდალური კრიმინალური წარსულის მქონე ეპისკოპოსი ქუჩის ბიჭივით თუ ქალივით ლანძღავს მის თანამოძმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა პატრიარქს და სინოდს „შეკადრა“ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით უსამართლოდ დასჯილი დეკანოზის დასაცავად რაიმე ეღონათ. უფრო მეტიც, მდგომარეობა იქამდეც კი მივიდა, რომ სიმართლისათვის მებრძოლი მიტროპოლიტი უღმერთო პილატემ და სინედრიონმა თავისი რიგებიდან გარიცხა, მან კი საზოგადოებას უთხრა ის, რაზეც 40 წელზე მეტია კულუარებში ყველა საუბრობს, რომ ერს ჰყავს ჰომოსექსუალი, მამათმავალი პატრიარქი და დღემდე ითხოვს საეკლესიო სასამართლოს თავისი ბრალდების დასამტკიცებლად და რას აკეთებს ამის შემდეგ ოფიციალური ეკლესია? ეკლესიას არ აქვს სურვილი, შექმნას და მოიწვიოს სასამართლო, რომ ტყულ-მართალი გაარჩიოს, ცალკეული მღვდელმთავრები კი ვერ ბედავენ ხმა ამოიღონ იმის შიშით, რომ პატრიარქი არ გაანაწყენონ,რასაც აუცილებლად მათი დასჯა მოჰყვება. მათ კარგად იციან, რომ კათოლიკოსი არ გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ,,შეურაცხყოფას" პატიობდეს ადამიანებს...
უდავო ფაქტია, რომ ეკლესიას ყოველთვის ყავდა დიდი წმინდანები, დიდი ღვთისმეტყველები, განსაკუთრებით პირველ საუკუნეებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი დოგმატური, კანონიკური და სამართლებრივი საკითხების გადაჭრას ცალკეულ ბრძენ პატრიარქებს, ეპისკოპოსებსა და ღვთისმეტყველებს კი არ ანდობდნენ, არამედ კოლეგიალურ საეკლესიო კრებებსა და სასამართლოებს. რაც არ უნდა ბრძენ და დამსახურებულ პატრიარქად არ უნდა წარმოგვიდგინონ მისთვის უწმინდესი და უსპეტაკესი, ეკლესიის სათანადოდ სამართავად რეალურად მუდმივმოქმედი სინოდალური ორგანო და სასამართლოა საჭირო, რათა, საჭიროების შემთხვევაში, „დიდი სახლის პატარა დიასახლის“ შორენაზე კი არ იყო დამოკიდებული ამა თუ იმ პრობლემური საკითხის გადაჭრა, არამედ პირდაპირ შესაბამისი სინოდალური ორგანოს ან სასამართლოს მიერ.
ახლა თუ რომელიმე მნიშვნელოვან საეკლესიო საკითხზე რაიმე თქვი, საპატრიარქოში გამოწრთობილი ზვიადაძეები, კეკელიები, ჯაღმაიძეები და სხვები, უმალ პატრიარქის და ეკლესიის მტრებად გამოგაცხადებენ და შეიძლება ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყონ შენს წინააღმდეგ. ამიტომაც, საპატრიარქოში მოკალათებულ საეკლესიო ბიუროკრატებს ღმერთის და ეკლესიის სიყვარულის მონოპოლიურ განცდას თუ არ დავაკარგვინებთ, საქართველოს ეკლესიას პრობლემები არ გამოელევა."
წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე
ნანახია: (1451)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას