logo.png

 

მღვდელმონაზონი ანდრია

"ქრისტიანულ დოქტრინასა და აზროვნებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი მეორედ მოსვლის თემებს ეკავა და არც დღეს არის გამონაკლისი. საკითხები ქვეყნის აღსასრულის, მეორედ მოსვლისა და მომავალი ცხოვრების შესახებ განსაკუთრებით იჩენდა თავს მაშინ, როდესაც ესა თუ ის ერი რამე მწვავე შევიწროვებასა და გაჭირვებაში ჩავარდებოდა. ვინაიდან, ბიბლიის მიხედვით ღვთის წინაშე ათასი წელი ერთი დღეა (ფს. 89. 4), ხოლო სამყარო შვიდი დღის განმავლობაში შეიქმნა და ჩამოყალიბდა , ხოლო ქვეყანა მხოლოდ შვიდი ათასი წელი იარსებებდა, ნუ ასე ფიქრობდა მორწმუნეთა უმრავლესობა იმ პერიოდში, აუცილებელიაო სწავლების შექმნა ,,მეორედ მოსვლაზე''... მართლაც, ასეთმა აზრებმა გასავალი მოიპოვა როგორც ლიტერატურაში, ისე ყოველდღიურ პრაქტიკულ ცხოვრებაში. ამით აიხსნება, სხვათა შორის, ის გარემოება, რომ ე.წ. პასქალიონში აღდგომისა და მასზე დამოკიდებულ დღესასწაულთა დროის გამოანგარიშება მიჰყავდათ მხოლოდ იმ წლამდე, როდესაც შვიდი ათასი წელი უნდა შესრულებულიყო. საბერძნეთიდან ეს აზრები და შეხედულებები გადადიოდა იმ ქვეყნებშიც, რომელნიც ბიზანტიის კულტურის ზედაგვლენას განიცდიდნენ. მაგალითად, როდესაც 7000 წელი სრულდებოდა, რუსეთში ,,ქრისტიანები'' გასაოცრად იქცეოდნენ. ალაგალაგ წინასწარ დამზადებულ კუბოებში გულზე ხელდაკრეფილები წვებოდნენ და გულისკანკალით ელოდებოდნენ მთავარანგელოზის საყვირის ხმას, რომელიც მეორედ მოსვლისა და ქვეყნის აღსასრულის სიგნალად იყო მიჩნეული. რწმენა რომ შვიდი ათასი წლის მერე ქვეყნის აღსასრული უნდა მოხდეს, არც საქართველოსთვის იყო უცხო. სავარაუდოდ ლიტერატურის გზით შემოვიდა, რაც უხვად არის გრიგოლ ღმრთისმეტყველის ნაშრომში: ,,თქმული დღისა მის მეერგასისა, რომელ არს მარტვილია''...ბერძნებისა და რუსების გამოანგარიშებით ქვეყნის დასასრული 1492 წელს უნდა დამდგარიყო, ქართველმა მორწმუნეებმა ვაჯობეთ და 1396 წელს ველოდებოდით. X-XI საუკუნიდან ტრიალებდა ქართულ ლიტერატურაში ქვეყნის აღსასრულის შესახებ მრავალი მოძღვრება, მაგრამ ცხოვრების მამოძრავებელ ძალად და ერთ-ერთ ცოცხლა მოტივად ის გარდაიქცა XIII საუკუნეში, როდესც ჩვენში გამოჩნდნენ შეგნებული იდეოლოგები ამ რწმენისა. პირველ ყოვლისა, უნდა დავასახელოთ აბუსერიძე ტბელი. ის იყო დიდგვაროვანი და ამავე დროს ეპისკოპოსი. ამ მხრივ საგულისხმოა მისი ნაშრომი: ,,ქორონიკონი სრული მისითა საუწყებელითა და განგებითა'' (სიძველეთა მუზეუმის ხელნ. , რომელიც გამოცემულია აკადემიკოს მ. ბროსეს მიერ).ეს არის ვრცელი ტრაქტატი, სადაც განმარტებულია ე.წ. ,,ასურული კვინკლოსი''...ტექსტი ძალიან დიდია და შესაბამისად მოკლედ ვიტყვი, რომ ავტორი აღნიშნავს: პერსონალური, ,,კაცად-კაცადისი'' აღსასრული ყოველ წამსაა მოსალოდნელი, ხოლო ზოგადი, კოსმიური არ გასცილდება შვიდათას წელს. რატომ მოხდა ამ აზრის გავრცელება XIII საუკუნეში? ცხადია XI-XII საუკუნეებში, როდესაც საქართველომ მიაღწია უზენაეს წერტილს პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ზრდა-განვითარებისა, იქ ფეხს ვერ მოიკიდებდა მსგავსი აზროვნება, ხოლო რაც შეეხება მეცამეტე საუკუნეს, იმ პერიოდში მძიმე ვითარება იდგა საქართველოში, რომლის მსგავსი მანამდე არ განუცდია: 1220 წლიდან 1233 წლამდე, როდესაც აბუსერიძე ტბელი ზემომოყვანილ სიტყვებს წერდა, ქვეყანამ განიცადა რამდენიმე თავდასხმა მონღოლებისა და ჯალალ-ედინ ხვარაზმელისა, რომელთაც ძირიან-ფესვიანად ამოაგდეს ყოველგვარი კულტუული მიღწევები და ქვა-ქვაზე არ დატოვეს. თავზარდაცემულმა ხალხმა ამ უბედურებაში დაინახა ქვეყნის აღსასრულის ნიშნები და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ოცნება დაიწყეს მეორედ მოსვლაზე, რომლის შედეგი ყოველთვის ,, დაულევნელი ცხოვრებაა'', სადაც ბოლო მოეღებოდა აუტანელ ტანჯვას და სიმართლე დამყარდებოდ. საერთოდ არ გამკვირვებია, მეორედ მოსვლაზე ქადაგებების სიუხვე, როდესაც დაუგეგმავად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში კორონა ვირუსი, იგივე ,,მეორედ მოსვლა''... ყველა ქადაგებას პირდაპირ ნუ მივიღებთ. ჯერ ყური დავუგდოთ, გავიაზროთ და თუ მისაღები და რეალისტური იქნება დავუჯეროთ... აკადემიკოს კორნელი კეკელიძის ხედვას სრულად ვიზიარებ ესქატოლოგიურ სწავლებაზე..."

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია

ნანახია: (1083)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას