logo.png

 

Tamaz Lomidze

"ზღაპრების, რელიგიური ჭორების და მაგიური ფანტაზიების წარმოუდგენელი სიმრავლე ამოიფრქვა გუშინ და დღეს ნათლობის შესახებ. სავალალო მდგომარეობაა. ჩვენ რომ წესიერი და პატიოსანი ქრისტიანები ვიყოთ, ამ ცოდნის და წარმოდგენების არც ზრდასრულების და არც მათი პატარების მონათვლა, უბრალოდ არ უნდა ვაკადროთ ქრისტეს ეკლესიას. ასეთი რწმენით და ცოდნით ნათლობა მძიმე ცოდვაა ღვთის წინაშე. რა აღარ ითქვა: მიცვალებულს ესიამოვნება ოჯახის წევრის სასწრაფოდ მონათვლაო; იმქვეყნად რომ წარსდგება მიცვალებული, იტყვიან კარგი კაცია, ჯერ დასაფლავებული არ იყო, სულყველა სასწრაფოდ დაინათლა მის ნათესაობაშიო; ერთ ხარჯში გამოდის ოჯახი და იმიტომ ინათლებიანო და კიდევ მრავალი. მოკლედ, მძიმე მოსასმენია.

სამი ადგილი ნათლობის არსის შესახებ წმინდა წერილიდან. სხვა რომ არაფერი, ეს უნდა იცოდეს, ასე უნდა სწამდეს და აღიარებდეს ზრდასრულიც და მშობელიც, ვისაც პატარა ბავშვის ნათლობა უნდა. იესო ქრისტეს, პეტრე მოციქულის და პავლე მოციქულის სიტყვები ნათლობის შესახებ.

1) იოანეს მე-3 თავი, ქრისტეს საუბარი მოხუც იუდეველ მოძღვარ ნიკოდემუსთან. უფალი ეუბნება მას: ”ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს. ...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.” ნიკოდემუსი მაინც ვერ ხვდება, რა არის ეს ხელახალი შობა ან როგორ უნდა მოხდეს ეს. იესო განუმარტავს: ვინც რწმენით შეხედავს ჯვარზე გაკრულს და იწამებს მის სწავლებას, ის დაიბადება ხელახლა და ის გადარჩება მარადიულ სიკვდილსო. ე.ი. თვით უფალი გვასწავლის, რომ ნათლობა წყლისა და სულისგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა ის აღესრულება ჯვარცმული ქრისტესადმი რწმენით, არის ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი ხელახლა შობა. სწამს ასე იმ მშობელს, პანაშვიდებს შორის ბავშვის ნათლობას რომ მოაგვარებს ხოლმე???

2) პეტრე მოციქულის პირველი წერილის, მე-3 თავში პეტრე ნოეს დროინდელ წარღვნაზე ამბობს, რომ ის კიდობანი ხატება ანუ წინასახე იყო ჩვენი ნათლობისა. როგორც ნოეს დროს, გადამრჩენელ კიდობანში შესული მხოლოდ 8 სული გადაურჩა სიკვდილს, ახლაც, ვინც იწამებს ქრისტეს მოძღვრებას, მხოლოდ ის გადარჩება. ”ეს (ნოეს კიდობანი) იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით” (1 პეტრ. 3,21) ანუ აქედან გამომდინარე, ნათლობა არის არა ბანაობა წყალში, არამედ წრფელი სინდისით სწრაფვა ღმრთისაკენ. - კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: წრფელი სინდისის სწრაფვა ღმრთისაკენ! - ასე აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი მშობელს მოსანათლად გამზადებული ჩვილის აღზრდა?

3) პავლეს წერილი რომაელთა მიმართ, თ. 6. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ადგილია, რომ ყველა ნათლობისას იკითხება. ჩვენ ყველანი, ვინც მოვინათლეთ, ქრისტეს სიკვდილის მიმართ მოვინათლეთ, - ამბობს პავლე - მასთან ერთად ვკვდებით, ვიმარხებით (მოსანათლის წყალში სამჯერ შთაფვლა, სწორედ ქრისტეს 3 დღიან დაფვლას მოასწავებს) და აღვდგებით. ძველი ადამიანი ჩვენში კვდება ნათლობის დროს და ემბაზიდან, როგორც საფლავიდან ახალი ადამიანი ამოდის. ამიტომაც ”ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად - ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ.” (რომ. 6,11) ანუ ნათლობის შემდეგ აღარ არსებობ ცოდვისთვის, არამედ ცოცხლობ მხოლოდ ღმერთისთვის ქრისტეს შეწევნით. მზადაა მშობელი, რომ მხოლოდ ღმერთისთვის აღზარდოს მისი პატარა ნათლობის დღიდან?

აი, ეს ყოველივე როცა არ იცის და არა აქვს გააზრებული მშობელს, ამ უცოდნელობაში ვერ გაუგია თუ რატომ არ შეიძლება გლოვას და პანაშვიდებს, სრულიად მოუმზადებლად და ნაჩქარევად დაუკავშიროს საკუთარი პატარას ხელახალი შობა ცათა სასუფევლისთვის. არ ესმის, რომ თვითონაა მისი ბავშვის ნათლობაზე პასუხისმგებელი. მღვდელი კი, ვინც ამას გასწავლით და გიხსნით თანამედროვე ლიბერასტი კი არაა (როგორც თქვენ არახუნებთ ხოლმე), არამედ ბიბლიის წმიდა სწავლებას გიხსნით, თავის მოვალეობას ასრულებს და თქვენი სიკეთე უნდა."

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნანახია: (1089)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას