logo.png

ლუკაშენკო: მე და პუტინი ვთანხმდებით, ჩვენ იმიტომ გვდევნიან, რომ შემდეგ რუსეთზე გადაინაცვლონ

 

af4iwsnq5rwnmm9.jpg

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კვლავ დასავლეთის კონსპირაციულ გეგმებზე საუბრობს. ლუკაშენკო, რომელსაც ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს, ამბობს, რომ ბელარუსში პოლიტიკური დაპირისპირება დასავლეთმა რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად გააღვივა. 

"ვიღაცები რუსეთში აბობენ, "აი ბელარუსში, აი იქ ბელარუსში". ბელარუსში კი არა, შენ ხარ დასავლეთის საზღვარზე და შენს შევიწროებასა და დევნას ცდილობენ. პუტინი და მე ვთანხმდებით - ჩვენ აქ იმიტომ გვდევნიან, რომ შემდგომ რუსეთზე გადაინაცვლონ. აქ არის პლაცდარმი აღმართული და ჩვენ ის უნდა გავანადგუროთ. ამ მოსაზრებს ვიზიარებთ მე და პუტინი", - ამბობს ლუკაშენკო. 

ლუკაშენკო დასავლეთისგან მომავალი წნეხის ფონზე, რუსეთთან ცდილობს კავშირის გამყარებას. 19 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ბრძოლის ნაწილია დასავლეთსა და რუსეთს შორის.  

"ბოლო მაგალითი, ცხადია, უკრაინაა", - თქვა მაშინ ლავროვმა. 

ბელარუსში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ლუკაშენკოს, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარებაც კი აღუთქვა. 

ევროკავშირი და ბრიტანეთი კი ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობასა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელ პირებს პერსონალური სანქციებით ემუქრებიან.

დღეს მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, თუ როგორ უსწორდებიან პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ დემონსტრანტებს მოხელეები. 

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, დემონსტრანტებზე განხორციელებული რეპრესიების შედეგად 4 ადამიანია დაღუპული, ათასობით მოქალაქე კი დაპატიმრებულია. 

დემონსტრანტები ამ დრომდე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 

ნანახია: (1191)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას