logo.png

მირქმა - მიგებება იესო ქრისტესი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 2 (15) თებერვალს, მირქმის, ანუ უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ის უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.

მირქმის დღე, ამავე დროს, ხსენებაა წმიდა სვიმეონისა, რომელიც მიეგება ღვთისმშობელს, ხელში აყვანილი ყრმა იესოთი  და მართალ იოსებს იერუსალიმის ტაძარში.

ხოლო ვინ იყო ეს ადამიანი და რით დაიმსახურა ესოდენი პატივი და წყალობა უფლისაგან?

საეკლესიო გადმოცემა მის სახელს უკავშირებს ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ცივილიზაციის ისტორიაში. იგი მიჩნეულია წმიდა წერილის პირველი თარგმნის თანამონაწილედ.

ეს ამბავი ანტიკური სამყაროს ისტორიას ეხება.

ქრისტეს დაბადებამდე მესამე საუკუნეში საბოლოოდ დაიშალა ალექსანდრე მაკედონელის უზარმაზარი იმპერია. მის ნაფუძარზე იქმნებოდა ახალი სახელმწიფოები. ერთნი - რომი, ეგვიპტე და პართიის სამეფო - აღზევდებოდნენ, ხოლო მეორენი - კართაგენის დარად - აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა.

ეგვიპტის მმართველი ამ პერიოდში იყო პტოლემეოს ფილადელფოსი. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო ალექსანდრია - დიდებული და ბრწყინვალე ქალაქი.

პტოლემეოსი დიდად მფარველობდა მეცნიერებასა და ხელოვნებას - სწორედ მისი მმართველობის ხანაში იყო შექმნილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა - მთელი ანტიკური სამყაროს ცოდნის ლეგენდარული საუნჯე და თანამედროვე მუზეუმების პროტოტიპი - ალექსანდრიის მუსეიონი.

პტოლემეოსი გახდა ებრაულიდან ბერძნულ ენაზე წმიდა წერილის თარგმნის ინიციატორი. თარგმანში მონაწილეობდა სამოცდაათი (ზოგი მონაცემებით - სამოცდათორმეტი) მთარგმნელი იუდეველი.  მათ საპატივცემულოდ ნაშრომს ეწოდა „სეპტუაგინტა“, რაც ლათინურად ტერმინ „სამოცდაათიდან“ მოდის.

სწავლულთა შორის იყო ბრძენი სვიმეონი. ის ითვლებოდა მაშინდელი დროის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ადამიანად. როგორც ლუკა მახარებელი წერს მასზე: „...იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას, და სულიწმიდა იყო მასზე“ (ლუკა,2, 25).

გადმოცემით, სვიმეონი თარგმნიდა ისაიას წინასწარმეტყველებას და წააწყდა ფრაგმენტს „ეჰა ქალწული მიდგეს და შვას ძეი და უწოდიან სახელად მას ემანუელ“. სწავლულმა იფიქრა, რომ ხელნაწერში გაიპარა შეცდომა, ან  ვინმეს გადაეწყვიტა ბერძენი მკითხველისთვის გონების ამღვრევა და დააპირა სიტყვა „ქალწული“ „ქალით“ შეეცვალა. მაგრამ მას გამოეცხადა ანდგელოზი და ამცნო, რომ მიეცემოდა საშუალება, დარწმუნებულიყო წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებაში და არ მოკვდებოდა მანამ, ვიდრე თავად არ იხილავდა ქალწულისაგან შობილ მესიას. სვიმეონმა ირწმუნა ნათქვამი და არ შეცვალა ტექსტი.

მთარგმნელი ერთდროულად დასჯილიც იყო და კურთხეულიც. ამას იქით სიკვდილს აღარ ჰქონდა მეუფება სვიმეონზე. მაგრამ მწარე იყო ეს უკვდავებაც. სვიმეონი ხედავდა, როგორ ეცლებოდნენ გვერდიდან ახლობლები და მეგობრები, ნადგურდებოდნენ ხალხები და სამეფოები. იმის მომსწრეც გახდა, რომაელმა მხედართმთავარმა პომპეუსმა შტურმით როგორ აიღო იერუსალიმის ტაძარი და როგორ შემუსრეს ტაძრის ყველა დამცველი მისმა მეომრებმა. მის თვალწინ იუდეის სამეფო გადაიქცა რომის იმპერიის განაპირა პატარა პროვინციად.

ორსაუკუნენახევარზე მეტ ხანს ცხოვრობდა სვიმეონი ეულად - ღმერთთან შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეის მოიმედე. ხოლო, როდესაც ანგელოზის წინასწარმეტყევლება გამართლდა - წმინდა სვიმონ მიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ელოდა.

წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: “აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი”.

ეს მოხდა მაშინ, როდესაც, იუდეველთა წესის მიხედვით, იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ (სახარების მიხედვით, ებრაელებს პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში - წყვილ გვრიტს, ან მტრედის ხუნდს). 

ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

ხოლო საუკუნეების შემდეგ, მირქმის დღესასწაული 2 (15) თებერვალს დაარსდა შემდეგი გარემოების შედეგად:

იუსტინიანეს მეფობის ერთ უიღბლო წელს, ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ბიზანტიაში და მის მიმდებარე ქვეყნებში გავრცელდა შავი ჭირი, რომელიც ისე მძვინვარებდა, რომ ყოველდღე ათი ათასამდე კაცი იღუპებოდა. ზოგიერთი ადგილები მთლიანად გაუკაცურდა... ანტიოქიაში კი, შავ ჭირს საშინელი მიწისძვრაც დაერთო - ინგრეოდა სახლები და ეკლესიები - მრავალი ადამიანი მოჰყვა მათ ნანგრევებქვეშ.

სხვათა შორის, თვით ანტიოქიელი ეპისკოპოსი - ევფრასიც აღესრულა სწორედ მაშინ, როდესაც ტაძარში უსისხლო მსხვერპლს სწირავდა უფალს. მიზიის ქალაქი პომპიოპოლი სანახევროდ დაინგრა, ხოლო მეორე ნახევარს მიწამ უყო პირი ათასობით მცხოვრებთან ერთად.

და მაშინ, ერთ ღვთისმოსავ ადამიანს ჰქონდა გამოცხადება - უფლის რისხვის დასაცხრობად დღესასწაულით აღენიშნათ მირქმა უფლისა. მას შემდეგ, რაც 2 თებერვალს დაიწყეს ღამისთევის ლოცვა და ჯვრის დიდებით სიარული, მიწისძვრა და შავი ჭირი განეშორა მათ.

 

ნანახია: (1658)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას