logo.png

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს.

მართლმადიდებლებისთვის ფერიცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

წმინდა სახარების მიხედვით, წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე მაცხოვარმა თავისი სამი მოწაფე – პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა. მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად მაღალ მთაზე განმარტოვდა და ლოცვა დაიწყო. დაღლილ მოციქულებს მიეძინათ. როცა გამოიღვიძეს, დაინახეს, რომ მათ მოძღვარს, იესო ქრისტეს ფერი ეცვალა: სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი თოვლივით თეთრი ჰქონდა. მასთან გამოცხადებულიყვნენ მოსე და ილია წინასწარმეტყველნი, რომლებიც საუბრობდნენ იმ საშინელ წამებასა და ქვეყნიურ სიკვდილზე, ქრისტეს რომ ელოდა. ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით, და ამგვარ გაცხადებას წმიდა დიონისე არეოპაგელმა „დროული მარადისობა“ უწოდა. 

მოწაფეებმა მაცხოვართან მოსაუბრე ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველი მოსე და ელია იხილეს. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი წერს: „უფლის ფერისცვალებისას თაბორის მთაზე ნაჩვენები იქნა ცხონების სამი გზა: სათნოების, შემეცნებისა და ღვთისმეტყველებისა, პირველი ორი გზა ელიასა და მოსეს სახით წარმოჩინდა, ხოლო ღვთისმეტყველებას თავად მაცხოვარი წარმოადგენდა“.

პეტრეს სიტყვები: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“ გამოხატავს მოწაფეთა უდიდეს სურვილს უსასრულოდ გაგრძელდეს ფერისცვალების დრო, როგორც ზეციური სასუფევლის სიხარული, მაგრამ ეს ასე არ ხდება. რადგან სასუფეველის დასამკვიდრებლად საჭირო იყო ცხოვრებისეული თავგანწირვა, მოციქულებრივი ღვაწლი და მოწამეობრივი სიკვდილი. მაცხოვრისათვის თაბორი წინ უსწრებს გოლგოთას, ხოლო ქრისტიანისათვის გოლგოთა წინ უსწრებს თაბორს.

 

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

ნანახია: (1404)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას