"უმრავლესობა შეუძლებელია იყოს მართალი
...და მშვიდი უფალი გადასცა პილატემ ჯვარცმად, ხოლო ბრბოს იგი მიჰყავს, წამებიდან წამებად და შეურაცხყოფილ უფალს ჯვარს აცვამენ. სწორედ ბრბო მიამსჭვალავს ჯვარს - უსასოთა სასოს, უნუგეშოთა ნუგეშისმცემელს, ბრმათა თვალის ჩინს, ყრუთა სასმენელს, მკვდართა აღდგომას! და ერთადერთი ვისაც შერცხვება, ვინც თვალს ვერ უსწორებს ქრისტეს, - ბარაბაა, დიახ, ავაზაკი ბარაბა...
ქრისტიანი არასდროს არ უნდა გახდეს მასის, ბრბოს ნაწილი, ის მხოლოდ ქრისტეს სხეულის, ეკლესიის ნაწილი უნდა იყოს. მან არასოდეს არ უნდა დაკარგოს თავისუფლება, ინდივიდუალურობა, პიროვნულობა, თავისთავადობა. ქრისტე, ადამიანის მხოლოდ იდუმალ, შინაგან საწყისს მიმართავს, საკუთარ მსგავსებას მასში, მასთანა აქვს პიროვნული, ცოცხალი ურთიერთობა.
''ვის წინაშე მოვიდრიკოთ ქედი, ვის ვცეთ თაყვანი, ვის შევწიროთ მსხვერპლად ჩვენი თავისუფლება?'' -- აი საყოველთაო და სამარადჟამო სევდა მთელი კაცობრიობისა და თითოეული ადამიანისა. არ არსებობს უფრო მტანჯველი საზრუნავი ადამიანისთვის და ზოგადად კაცობრიობისთვის, რომელიც მოულოდნელად თავისუფალი დარჩენილა, რომ მყის არ მოძებნოს ის, ვისაც მსწრაფლ სცემს თაყვანს, ვისაც გააკერპებს.
ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანისთვის დამამცირებელია სატელევიზიო ეკრანებიდან ფართოდ ტირაჟირებული ''სასწაულების'' და ავტორიტეტების პროპაგანდა, ამით მიზანმიმართულად ინერგება რწმენა, რომელიც სასწაულზე და ავტორიტეტზეა დაფუძნებული.
უმრავლესობა შეუძლებელია იყოს მართალი, რამეთუ ''სოფელიმცა თვისთა ჰყვარობდა.''(ინ.15,19), ''...მაგრამ, ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა ამას''.
რამეთუ ქრისტიანე რაჟამს საძულველ იქმნეს სოფლისაგან, მაშინ საყუარელ იქმნების ღმრთისა, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: ”უკუეთუმცა სოფლისა ამისგან იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; ხოლო აწ არა ხართ სოფლისა ამისგან, არამედ მე გამოგირჩიენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა”."
წერს გელასი აროშვილი
ნანახია: (882)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას