„კეთილი ბაბუა“ ფილარეტი
უკრაინის ეკლესიაში, მრავალი წლის მანძილზე სულის თავისუფლებას დანატრულ ხალხში, პატრიარქი ფილარეტი ამ თავისუფლების მომავალ იმედს განასახიერებდა.
როგორც გარეგნულად ჩანდა, ის იყო ხალხისთვის რწმენის ჩამნერგავი, იბრძოდა მედგრად უკრაინის ავტოკეფალიისათვის და მანვე მოიპოვა ამ ქარტიის მიღების უფლება.
და სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინას ტომოსის დამკვიდრება უნდა ეზეიმა, ფილარეტმა გაერთიანებულ უკრაინულ ეკლესიაში კიევის ცალკე საპატრიარქო აღადგინა. რუსულმა მედიამ არ დააყოვნა, დაეწერა, რომ ფილარეტს გონება გაუნათდა!
ერთიანმა უკრაინულმა ეკლესიამ ეს მოვლენა გადაბერებული პატრიარქის ახირებად ჩათვალა და წაუყრუა - საეკლესიო შეკრებაზე მის დაძახილს რუსეთის უკრაინელ იერარქთა გარდა არავინ
გამოეხმაურა და ფილარეტმა ახალი პენალტი დაარტყა - გაერთიანებული უკრაინული ეკლესიის წინამძღვარ ეპიფანეზე საჯაროდ განაცხადა, ეგაო, ამა და ამ ეპისკოპოსის უკანონო შვილიაო!
უკრაინის ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლის - ზორიას ცნობით (https://risu.org.ua), ფილარეტი დაემუქრა კიდევაც ახალგაზრდა საჭეთმპყრობელს, რომ დაატოვებინებდა უმაღლეს საეკლესიო თანამდებობას.
თავის დროზე, უკრაინის საპატრიარქოს ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა მწყემსმთავარმა, 2018 წელს, რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში - იხ. https://news.liga.net/politics/news/filaret-priznal-chto-vo-vremena-sssr-sotrudnichal-s-kgb ასეთი რამ განაცხადა:
„საბჭოთა პერიოდში იძულებული ვიყავი მეთანამშრომლა „კაგებესთან“, რომელიც მთელ ეკლესიას აკონტროლებდა. „კაგებეს“თანხმობის გარეშე ვერც ეპისკოპოსები დაინიშნებოდნენ, ვერც მღვდლები და მთელი ეკლესია სწორედ ასეთ პირობებში არსებობდა...“
ანუ, ფილარეტმა საჯაროდ აღიარა თავისი თანამშრომლობა საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან.
ფილარეტს არ დაუმატებია, რომ არ არსებობენ ყოფილი „კაგებეშნიკები“ და მისი - აწ უკვე მიხრწნილი მოხუცის - ყოველი საქციელი კუბოს კარამდე უშიშროების ორგანოების ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ კონტროლდება!
თანაც ეს ორგანოები არას დაგიდევენ ფიზიკურ სიმრთელესა და ჯანმრთელობის მდგომარეობას - 91 წლის მოხუცს სრული დატვირთვით აიძულებენ მასიზე დაკისრებულ მოვალეობის შესრულებას. ხოლო, გამოფხიზლებული თანამემამულენი ახლაღა აცნობიერებენ თანდათან, თუ როგორ არის აცდენილი „კეთილი ბაბუა“ ფილატერის საეკლესიო საქმენი უკრაინელი ხალხის ეროვნული ინტერესებისაგან!
P.S. საიტ https://spzh.news/ru - ს 4 თებერვლის ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ეკლესიის წმინდა სინოდმა ფილარეტ დენისენკო განიპატიჟა ეკლესიიდან და აუკრძალა ქიროტონიის შესრულება.
სურათზე: ფილარეტი რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად
ნანახია: (1998)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას