logo.png

 

George Tiginashvili

ნომინალური ეპისკოპოსების საყურადღებოდ!

"ბედნიერებისა და თავისუფლების წყარო ეკლესიური ცხოვრების გზაზე მდგომარეობს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში - როცა საკუთარი სულიერი ცხოვრების შემოქმედებით საფუძვლად ქრისტოცენტრულ აზროვნებას ირჩევ და არა რომელიმე პიროვნული ავტორიტეტის მიმართ მიჯაჭვულობას. სწორედ ეს არის სათავე რწმენაში სიყვარულით მოზღვავებული სიხარულისა და არა ელიტურობა, სამრევლო სნობიზმი თუ არისტოკრატულობა. ჩვენს მოცემულობაში კი პატრიარქსა და სინოდს - ცოცხალი და მიუწვდომელი ღმერთისნაცვლის ფუნქცია აქვთ.

არადა, ახალი თაობის მოთხოვნა არის მეტი კომუნიკაცია იერარქიასა და მრევლის წევრებს შორის, რაც აუცილებლად სისადავეს, უბრალოებასა და ნდობას უნდა ეფუძნებოდეს და არა ფეოდალური ტიპის უპირატესობას "მომაკვდავი გლეხისადმი". სანამ არ გავთავისუფლდებით პროვინციული კლერიკალიზმისა და რეგალიებით პოზიორობისაგან, მანამდე შეუძლებელი იქნება თაობათა შორისი დიალოგი, ჭეშმარიტი მისიონერობა და ლაღი ევანგელიზაცია. დიახ, ნებისმიერ სოციალურ ფენასთან იერარქიის ურთიერთობას უნდა ახლდეს გულწრფელი ღიმილი, გულისხმიერება და მზრუნველობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკლესია დაემსგავსება კვაზირელიგიურ და კორპორატიულ სექტას, სადაც აკრძალვები და საზღვრები უფრო მეტია, ვიდრე სასუნთქი და საარსებო სივრცეები.

დააკვირდით, მღვდელმთავრები ვერ ბედავენ სისტემის წინაშე ბოლომდე გულწრფელობას, კონკრეტიკას, ობიექტურობას, უშუალობას, პრინციპულობას, სიმამაცეს, მკაფიო და გასაგებ ენაზე მსჯელობას! ლირიკა, ნელთბილობა და ეგოიზმი კი არ არის ქრისტიანული პასუხისმგებლობის ხელშემწყობი გზა. ჩვენ - თეოლოგებმა ვიბრძოლოთ და ყველა მღვდელმთავარი განზე გადგეს, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებდეთ და თავად ჩვენი ნდობა უჭირდეთ, ასე არ გამოვა! არ უნდა დაავიწყდეს არცერთ ეპისკოპოსს, რომ ძალაუფლების წყარო სულიწმინდა კია, მაგრამ ლეგიტიმაციის არეალი - ხალხია! მათი პრესტიჟი, რეპუტაცია თუ ავტორიტეტი მორწმუნეთა ხელთაა...

შოთა რუსთაველი კი ამბობდა: "ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლადო", საზოგადოების სწორედ ამ გახევებულ კერპთაყვანისმცემლობას სჭირდება სიცოცხლისუნარიანი "სინედლე" და რეფლექსია და არა პათეთიკური და მენტორული მსჯელობა. პედაგოგიზმი და მჟავე დიპლომატია დღევანდელ ადამიანს აღარ ნუსხავს. დღეს პირდაპირი მესიჯებისა და რომანტიული პრაგმატიზმის დროა!

წმ. დიონისე არეოპაგელი ბრძანებს: "მღვდელმთავარი განმღრთობილ ადამიანს მოასწავებსო" - დიახ, ჩვენ, ეკლესიის რიგითი თუ ნომინალური წევრები, ეპისკოპოსთაგან მოვითხოვთ ღვთივსულიერ გულისხმიერებას, მამობრივ ყურადღებას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, მშობლიურ მზრუნველობას, ობიექტურობასა და თავდადებას, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენის მხრიდან მათდამი (იერარქიის შედარებით ჯანსაღი ნაწილისადმი) ერთგულება, მხარდაჭერა და გვერდში დგომა არაერთგზის დაგვიფიქსირებია, როგორც წერილობითად, ისე ზეპირი გამოსვლების მეშვებოთ მედია სივრცეში, პრესაში, საზოგადოებივ წრეებსა თუ სოციალურ ქსელებში.

მათი მხრიდან კი ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით უნდობლობას, იგნორირებას, ეგოიზმს, სიხისტეს, მერკანტილურ დამოკიდებულებასა და უსიყვარულობას, რაც თავის მხრივ ძალზე სამწუხარო და გულდასაწყვეტი მოვლენაა.

ჩვენთვის, განსაკუთრებით კი თეოლოგებისთვის, ყოვლადმოუღებელი და შემაშფოთებელია მღვდელმთავართა იმპერატიული პოზა, პედაგოგიზმი, შეუვალობა და დეკომუნიკაცია. მით უფრო იმ ფონზე, როცა ბრძოლის სარბიელის წინა ხაზზე, მხოლოდ ჩვენივე გულწრფელობით, პროფესიული კეთილსინდისიერებითა და სამრევლო პატიოსნებით ვიღვწით. თანაც შიშველი ხელებითა და სრულიად დაუცველი გარანტიებით. ამ ყოველივეს კი საერთო-საზოგადო სიკეთეზე ორიენტირება და უანგარო მოტივაცია გვაკეთებინებს და არა რომელიმე ავტორიტეტის მიმართ შებორკილი ლტოლვა, რამეთუ მორწმუნე ადამიანის ღირსება მხოლოდ პიროვნულ თავისუფლებაზე გადის.

ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ ეკლესიის იერარქიული საფუძველი სულიერია და არა ადმინისტრაციული. შესაბამისად მართლმკვეთელობა და პრინციპულობა უმთავრესად მათი მხირდან გადადგმულ მამაც ნაბიჯებსა და გამბედაობას გულისხმობს და არა დიდაქტიკურ თუ მენტორულ მოწოდებებს, სადაც ზოგიერთი მათგანი ცხოვრებას თითქოს და ჭადრაკის დაფად აღიქვამს, ფიგურებად - რომანტიკოს კრიტიკოსებს, ხოლო მოთამაშედ კი საკუთარ თავს. ნუ იყოფინ! საზარბაზნე ხორცად ვერ ვიქცევით, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და არავის მივცემთ ჩვენივე წესიერებისა და თავგანწირული აღტკინების ინსტრუმენტად გამოყენების საშუალებას!

დასანანია, რომ პრაქტიკულად არცერთმა ეპისკოპოსმა (გარდა მეუფე პეტრესი!) არ დაგვიცავით არცერთი გულღია და ეკლესიის ერთგული თეოლოგი საპატრიარქოს აგრესიისგან, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენ გქომაგობდით და გგულშემატკივრობდით სიმართლის ასპარეზზე. ამ უყურადღებობას კი შემდეგნაირად ხსნიდით: "ჩვენი მხრიდან არ გამოვა, უხერხულია, პრობლემები შეგვექმნება" და ა.შ. თითქოს ჩვენ გვსიამოვნებდეს და თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ მტარვალ რეჟიმთან ჭიდილში!

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "სულიერი მამობა - ესაა სხვათა უბედურებათაგან შეიკრიბო საკუთარი მწუხარებანი". სწორედ ეს მიდგომა და გარჯა ევალებათ კეთილ მწყემსებად მოხმობილ ეპისკოპოსებს და როცა ამას ვერ ვგრძონთ, ნუღარ გაგიკვირდებათ თუ ნაჩვევ პატივს ვეღარ იღებთ ე.წ. "პროგრესული მღვდელმთავრები"!

მორალური სენტენციები, არც მწვადისა და არც შამფურის დაწვა და დიდაქტიკური რიტორიკა ვეღარ მუშაობს! შესაბამისად, ქადაგებები კი არა, ურთიერთობები, დამოკიდებულებები და კომუნიკაციები უნდა მოაწესრიგონ (მრევლში) ჯერ ეპისკოპოსებმა, თავდადებისა და რაღაცის მსხვერპლად გაღების მაგალითი უნდა მოგვცენ და მერე დაიჯერებს და გაიზიარებს მათსას ხალხი! ორმაგი სტანდარტები, შიშნარევი დუმილი თუ ორჭოფი - კონფორმიზმისა და სისუსტის მანიშნებელია!

საჭიროა გააცნობიეროს ყველამ, რომ კლერიკალური დიქტატი და თვითდაჯერებულობა, რეგალიებით წარმოებული დესპოტიზმი და საბჭოთა კომპლექსიანობა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შეუწყნარებელი ფენომენია. მოციქულთა მემკვიდრეთ უფრო მეტი თავდადება, სითბო და გულმხურვალე სოლიდარობა მართებთ და არა თავიანთი "სფიჩერების" მიერ დაწერილი ტრაფარეტული ჰომილიების ტირაჟირება თუ ლიტონი დიპლომატია. ჩვენ თქვენსკენ, ხოლო თქვენ კი მარტოოდენ პირადი ამბიციებისა თუ მიზნებისაკენ? ასე სასურველ რეზულტატამდე ეკლესია ვერ მივა და დაგვრჩება მხოლოდ მყიფე ელიტურობა, იერარქიული ბომონდურობა და სულიერი ვაკუუმი, სადაც "ქრისტიანობა" - ჯვარცმული ქრისტეს გარეშე მყოფობაა და მეტი არაფერი!

დიახ, მართალი იყო წმ. მაკარი ეგვიპტელი, როცა ამბობდა: "წინამძღვრებს მართებთ ყველაზე მეტი შრომა გაწიონ, როცა მითითებებს იძლევიან, რადგან საკუთარ თავზე ფიქრისას ხელქვეითებზე მეტი თავმდაბლობა მათ მოეთხოვებათ"!

ამდენად, "კაბინეტურობა", აკადემიზმი და ბიუროკრატიული დისკურსი, არ შეიძლება გულცივობამდე და ყეყეჩებომდე დავიდეს! მართალია სულიწმინდაა წყარო მადლმოსილებისა, მაგრამ ლეგიტიმაცია მრევლიდან ეძლევათ სამღვდელო პირებს. ეს არის ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი ასპექტი საეკლესიო მონოლითისა, სადაც ერთიანდება ღმერთი, იერარქია და თემი! ვინც ამ ანბანურ ჭეშმარიტებას ვერ აცნობიერებს, ის შორსაა ელემენტარული აღქმისა და განსჯისაგან. ვინც სიყვარულში არ შემოკრებს, ის განაბნევს!

ბოლოს კი მიქია წინასწარმეტყველის ბიბლიურ შეგონებას გავიხსენებ: "ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი. მხოლოდ სიმართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს; და რომ სიბრძნითა და მორჩილებით იარებოდე შენი უფლის წინაშე" (მიქ. 6,8). სწორედ ეს უნდა იყოს პათოსი ყველა მართლმადიდებელისა, ეპისკოპოსით დაწყებული, თეოლოგით გაგრძელებული და მრევლის წევრით დამთავრებული."

წერს თეოლიგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (745)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას