„საქართველოს ძველი ისტორია: ბაგრატიონთა მეფობა“.
ხოლო კუალად ამათ ჟამთავე განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურადპალატისა ბაგრატოვანისა, რამეთუ სახლად აქუნდა ტფილისი და ბარდავი და გარემო ქუეყანანი. მაშინ შევიდა მასლამ საბერძნეთს და უკუ-იქცა გაწბილებული და მოუძლურდნენ სარკინოზნი, ხოლო ტფილისს არღარავინ დაშთნენ სარკინოზნი, თჳნიერ ალიშუაბისა ძისა. ამავე ჟამსა შემოიკრიბა აშოტ კურადპალატმან სპანი და მოვიდა ქართლს; ამის მწედ იყო თეოდოსი აფხაზთა მეფე, რამეთუ ლეონ გარდაცვალებულ იყო და ესე თეოდოსი სიძე იყო აშოტ კურადპალატისა; ხოლო გრიგოლი კახთა მთავარი მოვიდა და მას უშუელეს მთიულთა და ამირ ტფილელმან. შეიბნენ კსანსა ზედა; შემდგომად ბრძოლისა იძლია გრიგოლი მთავარი და მოისრნენ სპანი მისნი და დაიპყრა აშოტ კურადპალატმან კსნიდამ კლარჯეთამდე. შემდგომად მოვიდა ხალილ იაზითის ძე არაბი ქრისტესა 791, ქართულსა იგ (13); და დაიპყრა სომხითი, ქართლი, ჰერეთი და ვერ წინააღუდგა აშოტ კურადპალატი და ეძიებდნენ აშოტს. ხოლო აშოტ წარსრული გარდამჴდარ იყო ტბის პირსა ფანავარისასა დედა-წულითურთ და რა ჭამეს პური, მიირულეს მცირედ; დაესხნეს მძინარეთა სპანი სარკინოზთა. მაშინ შეეწია აშოტს ღმერთი და მცირედითა სპითა მოსწყჳდნეს სარკინოზნი ურიცხუნი და წარიოტნა ყოველნი. შემდგომად წარვიდა შავშეთს; რამეთუ შავშეთი იყო უშენი ყრუსა შემდგომად, ხოლო რომელნი დაშთომილ იყვნეს, მოეგებნენ აშოტსა და შეიყუარეს ფრიად. ამან აშოტ აღაშენა და მოიყიდა დაბნები და განამრავლა სოფლები და კუალად აჴელმწიფა ღმერთმან შავშკლარჯთა ზედა და მრავალგზის მოსცა ღმერთმან ძლევა ძლიერი სარკინოზთა ზედა და დაიპყრა ქუეყანა ნებითა ბერძენთათა. კუალად გამოვიდა აშოტ, რათა შემოიკრიბოს სპანი; არამედ სპათა შემოკრებამდე დაესხნენ სარკინოზნი და ივლტოდა აშოტ ნიგალით კერძო, რათა ჰპოვოს სპანი თჳსნი; მიუდგნენ სარკინოზნი კუალსა, ხოლო აშოტ შეივლტოდა ციხესა არტანუჯისასა; შეჰყვნენ სარკინოზნი ციხესა შინა; არამედ აშოტ შევიდა ეკლესიასა შინა პეტრეპავლესსა; შეუჴდნენ სარკინოზნი და დაკლეს აშოტ კურადპალატი საკურთხეველსა ზედა ქრისტესა 826, ქართულსა მვ (46). ამისნი მცნობელნი ერნი აშოტ კურადპალატისანი ეწივნენ სარკინოზთა და მოსწყჳდნეს, რომელ ვერ განერინა ერთიცა; ხოლო შემდგომად აშოტ კურადპალატისა წარუღეს ძეთა მისთა გარემონი ქუეყანანი; არამედ იგინი იზრდებოდნენ შავშეთს და კლარჯეთს და ციხესა არტანუჯისასა. ხოლო სრულ რა იქმნენ ჰასაკითა, დაიპყრეს ნაქონები მათივე მამისა თჳსისა და ხარკსა მისცემდნენ სარკინოზთა“. |
|
ნანახია: (1927)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას