logo.png

 

George Tiginashvili

 

ღვთისმშობლის ცრემლით დალტობილა დედა სიონი,

უკეთურება ხავსათ ადევს ირგვლივ ღირსებას,

მეკერმის დახლად გვევლინება დღეს ამბიონი,

მებაჟის სული ამუხრუჭებს თითქოს ღვთის ნებას.

იუდა კვნესის, რაღაც დოზით რცხვენია მასაც,

გაკვირვებისგან ბორგავს უკვე შლეგი ჰეროდეც,

სვიმეონ მოგვი აქილიკებს სამღვდელო მასას,

მგონი სიკვდილზე რომანოზიც უნდა მღეროდეს.

ცოცხალ წმინდანად გვასაღებენ დღეს კაიაფას,

იერარქიაც მცნების ნაცვლად უსმენს პილატეს,

არ საჭიროებს ტახტზე ჯდომა სულიერ ჯაფას,

არ გაგიკვირდეთ ოლარქვეშაც თუ გიღალატეს.

დღეს, გახდა ღმერთი მიზნის ნაცვლად საშუალება,

სადუკეველნი ფუფუნებით სინდისს მარხავენ,

კაბაში ხორცის სიბილწენი ვერ იმალება,

ეპიკოპატში სიწმინდესაც კვერთხით ლახავენ.

ჰეროდიადა ტაშით მართავს საპატრიარქოს,

კვლავაც ციხიდან იმზირება ნათლისმცემელი,

ნიკოლაელებს რომ ახარებ დღეს პატრიარქო,

ხდები ყვრიმალში მაცხოვარის კვლავაც მცემელი.

დღეს სალომეა ვნებიანად ტაძარში ცეკვავს,

დაკლულ სიმართლეს ლანგრით ხელში დაატარებენ,

პატიოსნება ზარებს უკვე ტანჯვისგან რეკავს,

მორწმუნის გულს ხომ სიხარულსაც არ აკარებენ.

სინედრიონი კვლავაც ცოფით შოლტავს მაცხოვარს,

სისხლისფრად მოდის იორდანეს დინება ცხელი,

იერარქიამ ხალხს გახედა როგორც მათხოვარს,

და კვირინელმაც შეაშველა იესოს ხელი...

გოლგოთა ტირის, შუბი ფერდში ესობა მართალს,

ბარაბა მოჰყავთ სიშმაგისგან ხუნდებ ახდილი,

ჭეშმარიტებას ვერ ხედავენ, ცრემლში გამომკრთალს,

და მთვრალი ნოეც, ტანით არის ისევ გახდილი.

არ ვიცი ჩვენში რა უშველის ამდენ სიავეს,

თუმც ყველა მართალს ბედისწერად ერგო ტკივილი,

მოსეც უძლებდა უდაბნოში ქვიშის ნიავებს,

და თმენით მოსპო დემონების ბილწი კივილი.

გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1189)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას