logo.png
Zura Odilavadze

მხოლოდ მიდგომა

ამას წინათ, მეგობრების წრეში ერთს (თან მის არყოფნაში), სახელოვნებო სექტასთან თავის მოწონების გამო მწარედ დავცინე... როგორც კი მე გამიჭირდა, პირველი სწორედ ის გამომეხმაურა და ფულიც ჩამირიცხა. მეორე კვირაა გაღვიძებისთანავე ეს პიროვნება მახსენდება და მინდა, გავქრე...
დავფიქრდეთ, რითი განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან?
პირველ ყოვლისა, იმითი, თუ რას ეძებენ ისინი სხვაში...
ვინც ხედავს მხოლოდ ცუდს, აუცილებლად პოულობს კიდეც და, პირიქით, როდესაც გარშემომყოფებში ეძებ სიკეთესა და მშვენიერებას, ყოველგვარი სიძულვილი და ბოროტება მყისიერად ქრება.
ცნობილია, ვინც ცდილობს, ნებისმიერ პიროვნებაში ადამიანი დაინახოს და არა დემონი, სწორედ ის არის ნამდვილი ადამიანი!
ვიხსენებ განვლილ ცხოვრებას და ყოველგვარი გადამეტებისა თუ პირფერობის გარეშე შემიძლია, ვაღიარო – დედამიწის ზურგზე ბევრს არც კი სმენია ისეთი ჭუჭყიანი ცოდვები, რომელიც არ ჩამიდენია. ვიცი, ბავშვური ნუგეშია, მაგრამ არა მგონი, ამ მხრივ, ძალიან გამოვირჩეოდე...
მაშასადამე, თუნდაც იმისთვის, რომ წარსული არ დაგვავიწყდეს და საკუთარ სინდისთან მართლები ვიყოთ, აჯობებს გულისყურით შევისწავლოთ ადამიანი და მასში კარგი აღმოვაჩინოთ – ამ გზით, ჩვენსა და სხვას შორის მინიმალურ სამართლიანობას მაინც დავიცავთ. ცხადია, მხოლოდ კეთილის წახალისებითა და გაზრდით შეიძლება ბოროტებაზე გამარჯვება!.. რა თქმა უნდა, თუ გვინდა... მხოლოდ მაშინ...
მაშ, რაც მეტი იქნება პატიება და ნაკლები განკითხვა, მით უფრო გამრავლდება სიკეთე. ადვილია, მაგრამ...
ვუყურებ ტელევიზორს, ვათვალიერებ ,,ფეისბუქს“ და... დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – ზრდასრული, თითქოს განათლებული და კულტურული ადამიანები ისე, რომ ვერც ამჩნევენ, რაღაც ფანსტასმაგორიულ სიძულვილს ჰყავს შეპყრობილი!.. მოსისხლე მტერს ებრძვიან და მათი საქმე სამართლიანია – ბოლშევიკს ხომ ეჭვის ნატამალიც კი არ გააჩნია!
არადა, არაფერს ვიტყვი ახალს, ყველამ ვიცით, რომ ადამიანი მუდამ ცდება და უკიდურესად მიკერძოებულია... მხოლოდ დრო და ისტორია არიან ჭეშმარიტი მსაჯულნი... ბოლოს და ბოლოს, ნუ დავივიწყებთ საკუთარ სისაძაგლეს თუ არა, უამრავ შეცდომას მაინც...
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბანალური აზრია, მაგრამ ადამიანების დაცინვა, მათი დამცირება, ღირსების შელახვა, ღორებად და ბნელებად მოხსენიება... ეს დაუსრულებელი შეთქმულების ბოდვითი თეორიები – ეს იმას შეეკრა, ის აგენტია, ეს ჩანერგილია, ის მოგზავნილია... – ეს ყველაფერი ხომ დიდი სირცხვილია, უკიდეგანო გოიმობაა და წარმოუდგენელი ქაჯობაა! სწორედ ეს და არა ჩაცმულობის სტილი თუ რბილი ,,ლი“!
უკაცრავად, გავცხარდი – ასე იცის ყრუ კედელმა და უძლურებამ...
ვიცი, ჩამჭრელ კითხვას დამისვამენ: იმ ავადსახსენებელს... აი, იმას, ის საზიზღრობა რომ ჩაიდინა და დღესაც აგრძელებს... იმას, როგორ?..
არც მე ვიცი... მაგრამ შენ სცადე და შეცვალე მიდგომა – ეძიე ადამიანში თუნდაც სიკეთის კუნძული და თუ ვერ იპოვი... შემდგომზე მერე ვისაუბროთ... ჯერ საკუთარ გულში მიდგომა შეცვალე, დანარჩენზე მერე...

ზ.ო. – 2020, ივნისი

Zura Odilavadze-ს ფოტო.

ნანახია: (768)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას