სათნოების გოდოლი - წმიდა ისიდორე სამთავნელი - ხსენება 12 (25) ივნისი
ღირსი ისიდორე (ეზდერიოს) სამთავნელი, ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი, საქართველოში VI საუკუნეში იოანე ზედაზნელთან ერთად ჩამოვიდა. ისიდორე თავიდან წმინდა იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზედაზნის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი, როცა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოს სხვადასხვა მხარეს გაუშვა სამოღვაწეოდ, წმინდა მამამ ქართლს მიაშურა. მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე (კასპიდან 11 კმ-ზე) დამკვიდრდა და სოფელ ჭალის მახლობლად დააარსა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის სამთავისის მონასტერი, სადაც დააბრძანა მახცოვრის იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი, რომელიც განუშორებლად თან ჰქონდა.
ისიდორე დაუღალავად იღვწოდა, ქადაგებდა მართლმადიდებლობას, ურწმუნოთ მოაქცევდა, უნუგეშოთ ნუგეშინისსცემდა, სნეულთ კურნავდა. ქართულ მატიანეს არ შემოუნახავს ისიდორე სამთავნელის სასწაულმოქმედი ღვაწლის ამსახველი ცნობები. ვიცით, რომ წმინდა მამა თავის მიერ აგებულ ტაძარში აღესრულა და აქვე "დაიდვა მრავალ მოღვაწე გვამი მისი".
წმინდა ისიდორეს მიერ აგებული ტაძრიდან აღარაფერია შემორჩენილი. გადმოცემით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. "კალმასობაში" ნათქვამია: "ვახტანგ გორგასლან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა - ესრეთ სამთავ ეკლესიათა ესე სამთავისი უმჯობესიაო", ამიტომ დღესაც ტაძარს სამთავისი ეწოდება.
ნანახია: (1501)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას