logo.png
George Tiginashvili

 

ბოლო ჟამის საქათმე (ნაწილი VIII)

ფერმაში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაწინაურებული ქათამი გახლდათ პროტომამალი გიჟუა, რომელიც ივერიუსის ბიბილომოჭრილი მონა და ციცარ რენას უერთგულესი მსახური იყო. ჯილდოებიც უხვად ჰქონდა: უქათმესისა და უმამლესის მიერ მინიჭებული წმინდა ავლიპის ორდენი, პიტბულის ჯიშის ძაღლის ორი ეშვის ტარების უფლება, დათვის სასირცხოს ბალანისგან მოქსოვილი თავსარქმელი და ა.შ. ამასთან, მას ეკავა წიწილბიბილოთა და ვარიაბიბილოთა სამჭედლო სასწავლებლის - სასირიელო ბნელინარიისა და აკადემონიის ხელმძღვანელის თანამდებობა. აგრეთვე, სხვადასხვა ქანდარები ეკავა ივერიუს ოქტავიანეს გაძღომის ფონდსა და სასირეთის ადმინისტრაციაში.

ყველაზე მეტად მაინც მისი ბუნება და ხასიათი იპყრობდა ყურადღებას. ის იყო დაუცხრომელი მეხოტბე და მაქებარყივილა უშუალოდ "უდიადესი" მამალმთავრისა. ამავდროულად მას ჰქონდა შეურაცხადი ქათმის ზნე, რის გამოც ხშირად უწევდა უწყინარი წიწილების, ვარიებისა თუ მამლების ნისკარტითა და დეზებით ცემა-ტყეპა, აგრესიული ყივილი, გაუთავებელი შენიშვნები და კომპლექსიანი პატივმოყვარეობა, რაც მის სწრაფ გადაადგილებაში, სიმაღლის მიხედვით დაწყობილი გადედლებული მამლების მონურ დამორჩილებაში, ქანდარბიონზე გავეშებულ კაკანში, ქათნოდის წევრებთან პირფერობასა და სიყალბეში გამოიხატებოდა.

ბნელიარიისა და აკადემონიის ღირსებადაკარგულ ქათამკოლექტივში, თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა დაპეპლული ჰყავდა და როცა მოესურვებოდა მაშინ შეახტებოდა ხოლმე თითოეულ მათგანს და ყველას დასანახად პეპლავდა ნებისმიერს, იმგვარად რომ არცერთ მათგანს დაკაკანების უფლებაც კი არ ჰქონდა აქტის პროცესში. იგი იმდენად არაადექვატური იყო, რომ ერთხელ, თავის ერთ-ერთ მოწაფეს საჯაროდ დაუპირისპირდა ფრთების ლაწა-ლუწითა და ჩანისკარტებით, მარტო იმიტომ, რომ მისი აზრით იგი "არაჯანსაღი ჰაბიტუსით იყურებოდა", რის გამოც ფიცარზე ახნა-განმარტებითი კაკანიც კი დააბრჭყალინა საბრალოს. იგი, ასევე ვერ იტანდა თუკი ვინმე მის გარშემო ღიმილით ყიოდა! ასეთ დროს აფოფრილი მიეჭრებოდა და ხმამაღლა ტუქსავდა: "მითხარი რატომ ხარ ბედნიერი?! რატომ იღიმი მითხარი?! არ გრცხვენია რომ გახარებული ხარ?!"

საყოველთად ცნობილია მისი რიტუალური მსახურების სიცოფეც, როცა ის შივას უკმევდა, ხშირად რისხდებოდა მარტო იმიტომ, რომ ვიღაცის ხმამაღალი სუნთქვა ესმოდა. ამის გამო ბერჯერ გაუგდია დეზისქვეშ არაერთი უდანაშაულო ფრინველი.

აღსანიშნავია, რომ იგი გამუდმებით ყიოდა მის დაქვემდებარებაში არსებული სასწავლებლის უმაღლეს დონეზე, რომელსაც დედამიწის ზურგზე არავინ სცნობდა სინამდვილეში. თვით პედაგოგ ქათმებსაც კი ბიბილოქტორის წოდებებიც ჩრდილოეთის ზოოპარკის დათვებისგან საჩუქრად გადაეცათ, რაზედაც მთელი სამყაროს განვითარებული ფაუნა ხარხარებდა.

უნდა ითქვას, რომ ფუფუნების მოყვარული და ფრიად შეძლებულიც გახლდათ გიჟუა. რამდენიმე უახლესი ურემი და არაერთი საქათმე ჰქონდა საბურველოში.

საგულისხმოა, რომ მისი ქანდარიდან გადაყენება და "დაკვლა" არაერთხელ სცადეს, თუმცა ციცარ რენას მფარველობითა და ჰომომამლუანი ივერიუსის ლობისტობით იგი ხელშეუხებელი დარჩა. არადა გედებმა ბევრჯერ წამოჭრეს მისი გასამართლების საკითხი, თუმცა ამაოდ. ისე კი რეპუტაციულად ყველამ იცის, რომ ჩვეულებრივი ბიბილონაღრძობი ქათამია.

მოკლედ, რომ ვთქვათ, საოცარი ის არის, ამ პატარა ნისკარტშორისი ენით, თუ როგორ ასწრებს ის - ივერიუსის განდიდებას, ციცარ რენას კურტუმოს ლოკვას, ვარიებისა და წიწილების ლანძღვას, ფარისეველი კეკელკას გამათრახებასა და საკუთარი ღმერთის - შივას თაყვანისცემას.

ამ ამბავში ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ იგია სახე საბურველოს ბოლო ჟამის საქათმის "ღირსების" დაცვისა საქათმეთაშორისო არენაზე, სადაც განურჩევლად თემისა, ის მხოლოდ ერთადერთ და "უჭეშმარიტეს" დოგმაზე - ივერიუს ოქტავიანეს ზებუნებრივ და ზესამშვინისეულ (არარსებულ) შესაძლებლობებზე კაკანებს, რის გამოც მთელი მსოფლიო ფერმების დელეგატებს ჩაბჟირებამდე ეყივლებათ ხოლმე.

აი ასეთი ტრაგიკომიკური და გროტესკული ქათამი ბრძანდებოდა პროტოგიჟუა ზვიანგაძე, რომელსაც სამუხრუჭე დეზი უბრალოდ არ ჰქონდა...

/გაგრძელება იქნება/
გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1192)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას