logo.png

      მაკო ჯანჯიბუხაშვილი 

პოლიტიკური გამოცდილება, როგორც კაპიტალი

 

ადამიანის თუ საზოგადოების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი გამოცდილებაა, რაც განვლილ ცხოვრებაში შემხვედრ წინაღობებთან ბრძოლებში გროვდება. აქ არ არსებობს უმნიშვნელო მოვლენა, თუმცა, არსებობს უფრო სერიოზული და ნაკლებად შთამბეჭდავი ვითარებები. რაც უფრო ძლიერია წინაღმდეგობა და კრიზისი, მით უფრო ძვირფასი და ფასდაუდებელია ამ წინაღობებში მიღებული გამოცდილება, როგორც კაპიტალი. კრიზისის უმთავრესი პოზიტიური მონაგებიც ეს არის.

თამამად შეგვიძლია თქმა, უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე ქართულმა საზოგადოებრივმა ცხოვრებამ ისეთი გამოცდილებები შეიძინა, რომელთა დავიწყება წარმოუდგენელია და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ იგივე საზოგადოება წარსულში დაშვებულ შეცდომებს იმეორებს, ეს გამეორებაც გამოცდილებად გროვდება ერის ცნობიერებაში.

მთავარი წინაღობა, რაც საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებას მოჰყვა, არის ბრძოლა დამპყრობელი რეჟიმის წინააღმდეგ, რაც მყისიერად დაიწყო და არაერთ აჯანყებასა და შეთქმულებაში გამოვლინდა. და, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი, დაწყებული 1812 წლის კახეთის აჯანყებიდან, დამთავრებული 1832 წლის შეთქმულებით, შემდეგ - 60-იანელთა ბრძოლით დაწყებული და ილიას მოკვლით დამთავრებული, შემდეგ 1921 წლის ოკუპაცია-ანექსიით, 1924 წლის აჯანყებით,30-იანი წლების რეპრესიებით, .. სამამულო ომის შემდგომი რეპრსიების ახალი ტალღით, შემდეგ წინააღდეგობის შედარებითი მიძინებით, რაც 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაწყებული იატაკქვეშა ეროვნული მოძრაობებით და ბოლოს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიით დამთავრდა, - ყველა ბრძოლამ შეიძინა უმნიშვნელოვანესი დატვირთვა და, როდესაც ერის წინაშე დადგა არჩევანის შესაძლებლობა, მან უმალ გადააგდო იმპერიული უღელი - 1990 წლის არჩევნებით ლეგიტიმაცია მისცა ეროვნულ ხელისუფლებას.

იმ ხანებში ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ნაბიჯი სპონტანური აქტი აღმოჩნდებოდა და, სულ რაღაც ორ წელიწადში ერი ახალ საფრთხეს ვერ გაუმკლავდებოდა. იმპერიის პროპაგანდამ და პოლიტიკური გამოცდილების არქონამ ძალიან იოლად გამოიღო ნაყოფი - სამხედრო პუტჩით დავამხეთ ეროვნული ხელისუფლება, რომლის თითოეულ ნაბიჯს ისეთი სისასტიკით აღუდგნენ პარლამენტს გარეთ დარჩენილი თუ პარლამენტში შესული პოლიტიკური ერთეულები, თითქოს აბსოლუტურად დაივიწყეს, ვის წინაშე იდგა სრულიად ჩვილი, ჯერაც ფეხაუდგმელი სახელმწიფო. თითქოს დაივიწყეს იმ იმპერიის ბუნება და საფრთხეები, ვისგან დახსნასაც ახალი ხელისუფლება ცდილობდა. შედეგად რა მივიღეთ, თვალწინ გვიდევს - მოკლული პრეზიდენტი, აფხაზეთის და ქართლის ნაწილის გაკარგვა, როგორც ახალი და ურთულესი გამოწვევები.

ოპონენტები კვლავაც იტყვიან, რომ გამსახურდიას ხელისუფლებას ჰქონდა მართვის სტილი, რომელმაც ისინი მის წინააღმდეგ განაწყო და ეს იყო: ულტრანაციონალისტური ნარატივი, საქართველოში მცხოვრები არაქართული ეთნოსების მიმართ არატოლერანტულობა და, რაც მთავარია, დემოკრატიის ხარისხის სიმწირე. კამათად არ ღირს აღნიშნული თემების უარყოფა, რადგან სამივე ფაქტორი მუშაობდა, თუმცა, თითოეულ მათგანს თავისი რეალური და მყარი საფუძველი ჰქონდა.

1. ულტრანაციონალისტური ნარატივი.

ეს იყო ერთი უმთავრესი მახასიათებელი პოსტკომუნისტური პირველი ხელისუფლებისა, მაგრამ თუ გავიხსენებთ, როგორ, რა ნიადაგზე მოვიდა იგი ხელისუფლებაში, რამხელა იყო .. ინტერნაციონალური პროპაგანდა და მისი ანტიეროვნული აქცენტები, არ არის გასაკვირი, ახალ ხელისუფლებას, სწორედ საბჭოური ინტერნაციონალიზმის წინააღმდეგ აღმართულ იარაღად ჩავუთვალოთ ყოველი ულტრანციონალისტური სიხისტე. ეროვნულ კომპლექსად ქცეული .. პატრიოტული თემატიკა და მოტიაციები აღიმართა ერთგვარ წინაღობად, რომელსაც კვაზიინტერნაციონალიზმის დროშა უნდა დაეფლითა.

2. არაქართული ეთნოსების მიმართ გამოხატული სიძულვილი ანდა მიუღებლობა.

აქ უნდა გავიხსენოთ, რა პრობლემები გვქონდა რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობის მანძილზე საქართველოს ამ ნაწილებთან. შეიძლება ითქვას, იმპერია სწორედ მათ იყენებდა ყოველი ქართული წამოწყების ხელისშემშლელ ძალად. ალექსანდრე ყაზბეგის პროზა სავსეა ოსების მოღალატეობრივი საქმეებით. რუსული რეჟიმი სწორედ მათ ეყრდნობოდა დარიალის ხეობაში, იქ, საიდანაც რუსულმა ჩექმამ შემოაბიჯა საქართველოში. არც სომხების ანტიქართული და რუსულ იმპერიასთან შეთანხმებული პოლიტიკა იმსახურებს დავიწყებას. საქართველოში მცხოვრები და საუკუნეების წინათ ადაპტირებული მეზობელი ეთნოსი დიდ სამსახურს უწევდა დამპყრობელს. მათზე იდგა აღმოსავლეთ საქართველოში რუსული პოლიტიკის მუხანათობების რეალიაცია. სომხურ დიასპორაში რუსეთი ხედავდა სერიოზულ და საიმედო საყრდენს. დასავლეთ საქართველოში ყველაზე მნიშნელოვანი ნაღმი აფხაზეთში ჩაიდო - რუსეთის მიერ საქართველოს სამეფოს გაუქმების შემდეგ აფხაზეთში მიდიოდა სწორხაზოვანი, მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა ახალ დროებაში და გაჩნდა თუ არა საფრთხე საქართველოს მიერ იმპერიისგან თავის დაღწევისა, ორი ნაღმი - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიების სახით - ერთბაშად აგვიფეთქა. ეროვნული მოძრაობის დროიდან დაწყებული უკიდურესად აგრესიული ოსური და აფხაზური ფსევდოეროვნული მოძრაობები შესანიშნავად გამოიყენა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის წინააღმდეგ.

3. დემოკრატიის დაბალი ხარისხი.

პრეტენზია, რომელსაც ახლადშექმნილ დამოუკიდებელ რესპუბლიკას უყენებდა ქართული ინტელიგენცია, რასაკვირველია, არსებობდა, მაგრამ საიდან უნდა ჰქონოდა გუშინ გამოცხადებულ სახელმწიფოს დემოკრატიის მაღალი ხარისხი. მას ჯერ ქაღალდზეც არ ჰქონდა მოპოვებული დამოუკიდებლობა, ხოლო რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არ ჰქონია ერთი დღეც, რომ რუსეთისგან სასიკვდილო საფრთხეები არ ეგრძნო. დემოკრატიის მოთხოვნა, სულ ახლახან გათავისუფლებული სახელმწიფოსთვის იგივე იყო, რაც ახლადფეხადგმული ბავშვისთვის სირბილში ვარჯიში, ანდა ახლადენაამოდგმულისთვის ვრცელი პოემების დაზეპირება. დემოკრატიის სიმწირეს განაპირობებდა ობიექტური მოცემულობა და არა - ვინმეს ახირება ანდა დიქტატორული ვნებები. და, მიუხედავად ამისა, ერის ნაწილმა დაიჯერა პრეზიდენტის დიქტატორობა და მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციას რეფრენად გასდევდა "ჩაუშესკუს" სკანდირება. წინააღმდეგობის გამწვავებისას, მიტინგზე სიტყვით გამოსულმა გამსახურდიამ წარმოთქვა ყველაზე უფრო ჰუმანისტური სიტყვები, რაც, შესაძლოა, არცერთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს არ მოსვლია აზრად - "ისინი თუ ტყვიებს გვესვრიან, ჩვენ ყვავილები ვესროლოთო". მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგის აგრესია იმდენად მძლავრი იყო, რომ არათუ ამ სიტყვების გააზრება შეძლეს, დაცინვა დაუწყეს ახლადარჩეულ ლიდერს.

შედეგად მივიღეთ სამხედრო პუტჩი, უამრავი სისხლი, შემდგომში პრეზიდენტის მკვლელობა და იმ ორი ნაღმის აფეთქება, რაზეც ზემოთ ვწერდი - ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიების მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება, რასაც უშუალოდ მართავდა და მართავს რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები.

სამხედრო პუტჩის შემდეგ ქვეყანას "მართავდა" ჯერ "ტრიუმვირატი" - სიგუა-იოსელიანი-კიტოვანის შემდაგენლობით, ხოლო შემდეგ რუსეთიდან დაბრუნებული საბჭოთა ნომენკლატურის "ვარსკვლავი" - ედუარდ შევარდნაძე, რომლის დასრულება დემოკრატიული არჩევნებით შესაძლებელი იყო, 2003 წლის არჩევნების შედეგები რომ ეცნო მოქკავშირის ხელისუფლებას, მაგრამ კვლავაც კრემლისგან მართულს, არ უნდა გადაეცა ხელისუფლება არჩევნებით, რადგან ამ შემთხვევაში დემოკრატიასაც მეტი გასაქანი ექნებოდა და სახელმწიფოს ბუნებრივ განვითარებასაც. ამიტომაც ხელოვნურად შეიქმნა წინააღმდეგობის ახალი ფრონტი - შევარდნაძის ხელისუფლებამ არ აღიარა არჩევნების შედეგები, ამან გამოიწვია მღელვარება და სამხედრო პუტჩის მემკვიდრე მმართველობის შეცვლა ხავერდოვანი რევოლუციით - ხელახლა ჩატარებულ არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ისეთი მაღალი ლეგიტიმაცია, რაც თავიდანვე უქმნიდა მას დემოკრატიის ხარისხის საფრთხეს. მაგრამ ეს არის რუსული იმპერიის სტილი - როდესაც ძალით ანდა ფარულად ვეღარ ახერხებს სიტუაციის მართვას, შექმნას იმგვარი პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც შემდგომში ადვილი სამართავი გახდება მისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი ლეგიტიმაციით მოსულ ხელისუფლებას ყველა პირობა ჰქონდა საიმისოდ, რომ რეფორმების პარალელურად გამოუსწორებელი შეცდომები დაეშვა, გადაწყვეტილებებში ყოფილიყო ხისტი და "ერთპიროვნული" ანუ ერთპარტიული, რაც, ასევე საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიას. ამასობაში რუსეთის სპეცსამსახურები არ წყვეტდა მუშაობას და ძალები, რომელთა გამოყენებითაც, სულ რაღაც, 15 წლის წინ არჩეული ხელისუფლება დაამხო, კვლავაც მზად ჰყოლოდა ბრძოლისათვის. შეცდომები შეცდომებად, ამავე დროს, მოწინააღმდეგეთა მხრიდან არავითარი შემწყნარებლობა, ხოლო პარლამენტს გარეთ და პარლამენტში მოხვედრილი ოპოზიციის მხრიდან სერიოზული რეფლექსიის სიმწირე ერთად მუშაობდა ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩასაფრების პოლიტიკას თავისი "პოზიტიური" შედეგებიც ჰქონდა, ზოგჯერ იქ უშვებდა შეცდომებს ახალი ხელისუფლება, სადაც, თითქოს, არც უნდა დაეშვა. და, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები, გააძლიერა სახელმწიფო ინსტიტუტები და მნიშვნელოვანი გარღვევა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში, სწორედ დემოკრატიის დაბალი ხარისხის გამო, კვლავაც შეძლო ნაწილობრივ, რუსეთიდან მართულმა, ნაწილობრივ კი, პრინციპულად განწყობილმა ოპოზიციამ უარი ეთქვა მის ხელახლა არჩევაზე და 2012 წელს არჩევნებით მივიღეთ ახალი ხელისუფლება, რომელსაც სულ მალე დაეტყო პოლიტიკური ვექტორის არასასურველი მიმართულება. შედეგად კოალიციას გამოეყვნენ დასავლურად განწყობილი ოპოზიციური პარტიები და დღეს უკვე სახეზე გვაქვს მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ნიღბად იყენებს დასავლეთს და დასავლურ ფასეულობებს.

და, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მსხვერპლით მოვედით დღემდე, აქ გახსენებული ფაქტები ჩვენი უახლესი ისტორიის მონაპოვარიც არის და გამოცდილებაც და, როდესაც ჩვენ წინაშე დგება კრიტიკული ვითარებები, რაც არ უნდა საშიშ და არასერიოზულ ნაბიჯებს ვდგამდეთ, ეს გამოცდილებები არ გვანებებენ, რომ კვლავაც გავიმეოროთ საბედისწერო შეცდომები. ეს გამოცდილება ხალხის მიერ თავისი უკეთესი მომავლისთვის დაგროვილი კაპიტალია. და, როდესაც წინააღმდეგობა პიკს აღწევს, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის და ოპოზიციურად განწყობილი სზოგადოების მიუღებლობისა და, მიუხედავად ამ საზოგადოების მიერ სწორად გააზრებული ქმედითი ნაბიჯებისა, მაინც რჩება მცირე ცეზურა, რაც არცერთ მხარეს არ აძლევს უფლებას ისეთი სახიფათო სიხისტისას, რაც, თუნდაც, 1991-92 წლებში დავუშვით. ეს მწარე გამოცდილება ორივე მხარეს, რაც უნდა დაპირისპირებული და აგრესიული იყოს ერთმანეთის მიმართ, თითქოს აიძულებს და უკან ექაჩება ტყვიის გასროლისას თუ ხელკეტის მოქნევისას, რადგან ჭრილობები, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად დაგვაჩნდა, ჯერ ბოლომდე არ არის შეხორცებული და ეს კარგია. ეს "სიმდიდრე" დაგვიგროვდა წინააღმდეგობებით აღსავსე უკანასკნელი 30 წლის მანძილზე და ამის შედეგად უნდა მივიჩნიოთ შევარდნაძის უსისხლოდ წასვლა, ნაციონალური მოძრაობის მიერ 2012 წლის არჩევნების შედეგების აღიარება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, ლოგიკურად, ამავე კაპიტალმა უნდა მოგვცეს საშუალება, 2020 წლის არჩევნები შედარებით მშვიდად და შედეგიანად ჩავატაროთ.

არაერთხელ გვითქვამს საყვედური დასავლეთის მიმართ, რომლის იმედზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, რომ ზოგჯერ სუსტია მისი, როგორც მოკავშირის მცდელობები; ისიც არაერთხელ გაგვხსენებია, როგორ მიუშვა რუსეთი 1991-92 წლებში და მარტონი დაგვტოვა ვეშაპის წინაშე, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის ისტორიული რეალობა, რომლის წინაშეც იდგა იმ დროს მსოფლიო და სად  დგას იგი ახლა. საბჭოთა კავშირის დაშლას, მართალია, მიესალმა და თავადაც დიდი წვლილი შეიტანა დასავლეთმა, მაგრამ სწრაფი ტალღის შესაჩერებლად იმავე დასავლეთმა დროებით შეანელა უზარმაზარი ტოტალიტარული სახელმწიფოს რღვევის ტემპები, რადგანაც მათთვისვე არ აღმოჩნდა იოლი იმ ტალღასთან გამკლავება. დღეს კი, როდესაც გლობალურ პოლიტიკაში აბსოლუტურად ცალსახად არის გამოკვეთილი სამომავლო გეგმები, სადაც ნამდვილად აღარ რჩება ადგილი ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის, რომელნიც საფრთხეს უქმნიან, თუნდაც, მსოფლიოს ტექნოლოგიურ პროგრესს, ჩვენთვისაც, ახალი დემოკრატიებისთვისაც უფრო მეტ ფინანსურ თუ მორალურ მხარდაჭერას ვხედავთ. ამ ტალღაზე ნამდვილად გაზრდილია შანსი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის და, დიდი ალბათობით, ქართველი ხალხი, რომელსაც მეხსიერების ხშირ-ხშირი გაცოცხლება ევალება, გადადგამს ნაბიჯს მომავალში.

კიდევ ერთიც - უმთავრესი, რაც დღევანდელ პოლიტიკურ მოძრაობას ახასიათებს, არის ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების ძლიერი ტალღა, აქ ალტერნატივა არ არსებობს - მხოლოდ ჰომოფობიის და ურაპატრიოტობის დაძლევით არის შესაძლებელი ჭეშმარიტი ტოლერანტული სახელმწიფოს აშენება, რაშიც უთუოდ დაგვეხმარება ისტორიული გამოცდილება, არა გუშინდელი, არამედ - საუკუნეების წინანდელი. ეს არის ჩვენი გზა, ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ აღდგენილი საქართველოს სახელმწიფოს მთავარი მიზანი

19.06.2020

ნანახია: (755)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას