logo.png
Zura Odilavadze

შუალედური მიზნები და ოცნება მთავარზე


(ვუძღვნი ჩემს ორ უმცროს ძმას – გიგო ხერხეულიძესა და გიორგი ოდილავაძეს... თუ მიიღებენ, მათ ძმებსაც... და სხვებსაც)

   ცხოვრებისეულ გზაზე ადამიანს სიძნელეთა გადალახვისთვის მიღებული ჯილდო ამოძრავებს – ამაში ჰპოვებს ის ხანმოკლე სიხარულს. დიდება, სახელი, ფული – ძალიან კარგია, მაგრამ ასაკთან ერთად, ყველაფერ ამას ნარკოტიკივით ეჩვევი, დამოკიდებული ხდები და დაკარგვის გეშინია. დიდი გამარჯვებები და წარმატება თანდათან ბორკილებად იქცევა, რომლითაც მიწას ხარ მიჯაჭვული. მატერიალური სამყარო კი იმისთვის არსებობს, რომ მისით ისარგებლო და არა პირიქით, მან – შენით...
არ შეიძლება, მთელი ცხოვრება სხვისი წესებით ითამაშო, დგება დრო, როდესაც უნდა გათავისუფლდე. ამისთვის ყველა ძალა უნდა იხმარო, თავის გაწირვისთვისაც კი მზად იყო, თუ გსურს ნამდვილი ბედნიერება დაიმსახურო. ადამიანის ერთადერთი, მართლაც ფასეული ჯერ ოცნება, შემდეგ კი მიღწევა – ეს არის შინაგანი თავისუფლება, ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ მიმდინარე საქმეებია და შუალედური მიზნები.
რა არის თავისუფლება? როდესაც საკუთარი თავის უფალი ხარ! თავისუფალი უმრავლესობის კარნახისგან, ოღონდ ერთი პირობით – სხვისი უფლებები არ უნდა შელახო. თუ გაბედავ და გარეშეს შეურაცხყოფას მიაყენებ, ესეც გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, მაგრამ მზად უნდა იყო, რომ პასუხს აგებ და ნუღარ იწუწუნებ – შენ ეს დაიმსახურე.
მაშ, თავისუფლება მე ასე მესმის: მიუხედავად უმრავლესობის ნებისა, საკუთარი თავის უფალი უნდა გახდე შექმნაში – შემოქმედებაში, სიყვარულსა და სიკეთეში და არა ბოროტის მსახური – ნგრევაში, სიძულვილსა და შურში.
თუ შიშებს არ მოერიე, ვერ იქნები თავისუფალი. არსებობს ორი მონათესავე შიში – კეთილდღეობისა და უმრავლესობის მხარდაჭერის დაკარგვის. ეს წყვილი, ბოლოს და ბოლოს, სიკვდილის შიშის გამოვლინებას წარმოადგენს. თუ ამ ჯაჭვს არ გაწყვეტ, უმრავლესობის ტყვე დარჩები და, მაშასადამე, ამქვეყნიური საკნის სამუდამო ტუსაღი. პროტესტის გადამწყვეტი აქტის გარეშე, თავისუფლებაზე ოცნებაც კი ამაოა და შეურიგდი – დიდს ვერაფერს შექმნი – გამორიცხულია!..
მე არ მაქვს არც ერთი რჩევა – იქნება ეს შვილი თუ სხვა ადამიანი, რადგან ყველამ საკუთარი ცხოვრების გზა უნდა გაიაროს და თავისით მივიდეს დასკვნამდე – მთავარია თავისუფლების მოხვეჭა და არაფერი სხვა!.. გახდე საკუთარი თავის უფალი – ეს დიდი ჯილდოა და მისკენ მიმავალი გზა, შენით უნდა იპოვო და არა ვინმეს კარნახით. დარიგება აქ უსარგებლოა, მხოლოდ პირადი გამოცდილებაა ფასეული... ერთადერთი პრაქტიკა და გამოცდილება კი – ტკივილია... სხვაგვარად ადამიანი ვერაფერს ძირეულს ვერ სწავლობს... მძიმე განსაცდელის გარეშე, ვერავინ სწვდება ცხოვრების არსს – სხვა გზით ეს სიბრძნე არ მოდის, არა!
თუ მაინცადამაინც თქმაზე მიდგა, ზოგადად ჩამოვაყალიბებ: ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს იმას, რასაც სინამდვილეში გაუძლებს. ის ყველაფერს ეჩვევა – ფეხებით რომ დაკიდონ, იმასაც კი!.. ამიტომ არ ღირს არაფრის გულისთვის (გარდა სიყვარულისა) უკან დახევა და ღირსების შელახვა... ოდნავ გასვრაც კი – არა!
აი, როდესაც ზემოთქმულს არა ახალგაზრდული იმპულსურობითა და სიამაყით, არამედ ბედისადმი მშვიდი მორჩილებით შეისისხლხორცებ, ეს მოგცემს ყველა შიშის დაძლევის ძალას და გზა თავისუფლებისკენ ხსნილია... წინ!

P.S.
არ შეიძლება, არც არის საჭირო, გიყვარდეს და ხოტბას ასხამდე სახელმწიფოს (მთავრობას), როგორც ინსტიტუტს. ასეთი სრულყოფილი სახელმწიფო ჯერ არც ყოფილა და ვერც აშენდება.
გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც აუცილებელი იქნება რისკი, ახლის წამოწყება და არა შეგუება და ჭაობში უმიზნოდ არსებობა.

ზ.ო. – 2020, ივნისი

Zura Odilavadze-ს ფოტო.

ნანახია: (660)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას