logo.png
Zura Odilavadze

ორი საპირისპირო გრძნობა

კეთილისა და ბოროტის ბრძოლის ასპარეზი ადამიანის გულია. ცდუნება ადვილია, ხშირად ტკბილიც, ამიტომ ბოროტებას, როგორც ამქვეყნიური სიამოვნების მომტანს, მეტი მიმზიდველობა ახასიათებს. რომელს მიანიჭებს უპირატესობას – არჩევანი მაინც პიროვნებაზეა.
ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე შემიძლია ვთქვა: ერთადერთი ნაკლი, რომელიც დანამდვილებით არ მახასიათებს, ეს არის შური... სხვა ცოდვები – ყველა მეტნაკლებად ჩემია. ვაღიარებ, გამწარების ჟამს, გაბოროტებისა და სისასტიკის გაელვება მქონია, მაგალითად, ქალთან განშორების შემთხვევაში... მაგრამ მოკლე, რამდენიმე დღიანი ეპიზოდი და მორჩა!
სულ სხვა მოვლენაა – ჩირქივით დაგუბებული, დაუსრულებელი ბოღმა...
ადამიანებს ყველაფერს მალევე ვპატიობ. მიტევება მით უფრო ადვილია, როდესაც აღარ გეშინია, რომ მოგატყუებენ, ან გიღალატებენ, ან რაღაც სხვა საძაგლობას ჩაიდენენ. მაგრამ შურიანი არ სწორდება და მუდამ ასეთად რჩება. მე კი ყველაზე უფრო, რაც არ მაქვს და არ ვიცი, როგორც ყველა ადამიანს – სწორედ უცნობის, ანუ შურის მეშინია!
ვიცი, შიში ნაწერზეც მეტყობა, მუდამ ამ თემას ვუბრუნდები და ვერ ვეშვები – შურს ვერ მივეჩვიე... მართლაც, მთელი გულით მეცოდება შეჯიბრის წაგების შიშით გატანჯული ,,დიდი ბავშვი“, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მეშინია! ეს ორი საპირისპირო გრძნობა – მიტევების სურვილი და შიში – იბრძვიან ჩემში. ეს ამბივალენტობა აუცილებლად უნდა დავძლიო და დავივიწყო, რომ მევე არ დავიბოღმო...
ის რომ, თითქოს შური მეჩვენება – მათივე გამოგონილი ზღაპარია. იმდენად მძიმეა მისი ზემოქმედება, თუგინდ ასი კილომეტრით ვიყო დაშორებული, ისე მაწვება გულზე, მჭამს და მჯაბნის, იმდენად კონკრეტულია მისი იერი, რომ შეცდომა გამორიცხულია. ბოღმა და შური ხომ უხილავი, მაგრამ მატერიალური სუბსტანციებია – აი, როგორც კვანტები...
თან, რადგან შური სამარცხვინო თვისებაა, ის საგულდაგულოდ იმალება და სიკეთის ნიღბით გვევლინება. ქვეშქვეშები იმითაც არიან საშიშნი, რომ როგორც ფსიქოპათები, არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებიან და ამიტომ, იძულებულნი არიან დაწყვილდნენ და ან სულაც ზიზღის ჯგუფში გაერთიანდნენ.
ბევრჯერ დავრწმუნდი – გაბოროტებული ადამიანის დაუნდობლობა შეიძლება დახვეწილიც კი მოგეჩვენოს, მაგრამ ის იმდენად შემოფარგლულია ეგოცენტრიზმის ჩარჩოებით, ბრაზი იმდენად აბრმავებს, რომ მისი ფანტაზია მინიმუმამდეა დასული, ხოლო თაღლითობა მოზარდის გაქანებას ვერ სცდება. ერთი სიტყვით, აზრი იმდენად დამიწებულია, რომ ყველაფერს უცებ ხვდები, ამ წვალებას უყურებ და გულში გეღიმება...
აჰა, ესეც ასე, მადლობა ღმერთს, საქვეყნო აღსარებაც ვთქვი! დანარჩენი უზენაესს მივანდოთ...

P.S.
ეშმაკმა არ იცის მომავალი, გარდა იმ მომავლისა, რომელიც ზუსტად ელოდება – ჯოჯოხეთი. ამ გამოუვალოაბაშია მისი უკურნებელი ბოღმის მიზეზიც... მხოლოდ ამაში! არ უნდა აჰყვე მას და სულ ეგაა რა...

ზ.ო. – 2020, ივნისი

Zura Odilavadze-ს ფოტო.

ნანახია: (872)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას