logo.png

გიორგი ერიშვილი    

 

ორპოლუსიანი პარლამენტი და საქართველოს ხსნის იმედი

                                  (მოგონებები მომავალზე)

 

მას შემდეგ, რაც დღეს, ოპოზიციის ბანაკში რეალურად გაცხადდა სტრატეგიული გეგმის სისრულეში მოყვანის განრიგი, რიგი ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლებად იქცა საარჩევნოდ ერთიანი სიის არსებობა. შიშობენ, ვაითუ ისევ ორპოლუსიანი გახდეს პარლამენტი!

„შიში ვერ იხსნის სიკვდილსა“!

დიახაც, საქართველოში პარლამენტი უნდა გახდეს ორპოლუსიანი  ისე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია - დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში!

საქართველოს მომავალ პარლამენტში მთავარსა და ღირსეულ პოზიციაზე უნდა დადგეს ნაციონალების პარტია, რომელსაც საქართველოში, სხვა პარტიათა შორის, ყველაზე მოწინავე პოზიციები უკავია და წარსული საქმიანობით დამტკიცებული აქვს საკუთარი უპირატესობა - თავისი პროდასავლური გეზის მქონე ყველა სატელიტური ორგანიზაციებითურთ, რომელთაც დასახული აქვთ ქვეყნის აღმასვლა ევროპული ღირებულებებით: ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აღჭურვილი უმაღლესი სასწავლებლებით, სამართლის სანიმუშო სისტემით, მედია-პლურალიზმით, ძველი ქალაქების ახალი სიცოცხლით, ავტობანებით, სამთო სათხილამურო ტრასებითა და საჰაერო ხომალდებით!

მაგრამ ახლა, ამ მოწინავე პარტიის წინაშე დგება უმთავრესი საკითხი!

 გავიხსენოთ - ვიდრე თავის საოცნებო საქართველოს შექმნიდა, დავით აღმაშენებელმა ჯერ რუის-ურბნისის კრება მოიწვია და ეკლესია გაწმინდა, ხოლო ზვიად გამსახურდიას მკვლელობის უმთავრესი მიზეზი გახლდათ მის მიერ საჯაროდ გაცხადებული მოწოდება, ქართულ ეკლესიაში „ავგიას თავლების“ დაუყოვნებლივი გასუფთავების შესახებ!

მაშასადამე, ჩვენს ქვეყანაში ამჟამად დღის უმთავრეს საკითხად დგება ეკლესიის გაწმენდა: იმ სასულიერო პირების მხილებითა და ეკლესიისგან ჩამოშორებით, რომლებიც ზნეობრივი მანკიერებით სახელს უტეხენ დედა-ეკლესიას;  საბჭოთა  და პოსტსაბჭოთა სუკ-ის მსახურების განტევებით; საეკლესიო სასამართლოს აღდგენით, რომელიც გადაგვარებული საერო ხელისუფლების სასამართლოს სისტემას ხელში არ ჩაუგდებს ცილისწამებით დასჯილ უდანაშაულო მღვდელს; იმ სამღვდელო პირების პასუხისგების დაყენებით, რომლებიც ჯოჯოხეთის ცეცხლის მუქარით მოუწოდებენ მრევლს რომელიმე პარტიის შემოხაზვის აკრძალვისაკენ!

ამასთან ერთად,  ქვეყნის კეთილდღეობა მოითხოვს საყოველთაო ლუსტრაციას და, თუ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამამხობელნი სამართლებრივი წესით არ დაისჯებიან, ის მაინც უნდა  გახდეს შესაძლებელი, სიტყვა არ ეთქმევინებოდეთ ქვეყნის მაღალი ტრიბუნიდან და ამბიონიდან.

ხოლო ვის უნდა დაეკისროს სამშობლოს ხსნის ეს დიადი მისია, თუ არ ნაციონალების პარტიას? ამდენად - თუ ამ ორი საკითხის მოგვარებას უპირველეს მიზნად დაისახავს სრულიად ნაციონალური მოძრაობა და გვერდით დაუდგება მეუფე პეტრესა და  ეროვნულ-განმათავისუფლებელი  მოძრაობის მემატიანეებს - ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ის თავის რიგებში, ერთგული მომხრეების გვერდით,  გააერთიანებს ჯანსაღ ეკლესიურ მრევლსა და ნამდვილსა და ჭეშმარიტ ზვიადელებს, რის შემდეგაც ძალა არ იქნება მისი მომრევი!

ქვეყანაში დიდი ხნით დაისადგურებს სიმშვიდე და კეთილგონიერება და ამრიგად, ნაციონალური მოძრაობისგან შეიქმნება ერთიანი ეროვნული, ისტორიულ ფასეულებებზე დამყარებული ჯანსაღი ეროვნული პარტია, რომელიც დაექვემდებარება  საუკუნეობრივ ეროვნულ ღირებულებებს - სახელი არ შეუწყობს ხელს თუ წარმომადგენლობითობა?!

ხოლო ვის მოვიაზრებთ მეორე პოლუსზე?

ამ საკითხის გასარკვევად უნდა მივმართოთ ოპოზიციონერთა მოსაზრებებს და აღმოვაჩენთ, რომ ერთიანი ოპოზიციური სიის მიმართ წინააღმდეგობა აქვს, სახელდობრ,  „ევროპულ საქართველოს“.

და ეს სრულიად ბუნებრივია!

„ევროპული საქართველო“ საკუთარ თავს ლოგიკურად მოიაზრებს მეორე პოლუსზე!

დიახაც, პარლამენტში მეორე პოლუსზე საქართველოში,  უნდა იდგეს ასევე ევროპული ორიენტაციის პარტია და, თუ რაოდენობრივად და თვისობრივად შევხედავთ საკითხს - ასეთი პარტია მართლაც  „ევროპული საქართველოა“.

სწორედ „ევროპული საქართველო“ იკრებს თავის გარშემო ძალებს, რომლებიც რეალურად ევროპულ ფასეულობებზე არიან ორიენტირებულნი და, რომლებიც საოცრად ჰგვანან ერთმანეთს სახელწოდებების შიგთავსით, საშუალოზე დაბალი რეიტინგებითა და უსაზღვროდ დიდი ამბიციებით.  ყველა მათი საერთო ნიშანია მუდმივად კრიჭაში დგომა თავისიანებთანაც და სხვებთანაც, ჯერ მმართველი ხელისუფლების ნასუფრალიდან კვება და მერე - ამ სუფრაზე წიხლის კვრა და მთელი საზოგადოების წინაშე დემოკრატიული ფასეულობების დამცველებად საკუთარი თავის გამოცხადება!

მაგრამ, ქვეყნისათვის უთუოდ სასარგებლოა ის ერთადერთი ღირსება, რაც ყველა მათგანს  ნამდვილად გააჩნია და ეს არის - ევროპული ორიენტაცია!

ამიტომ, უთუოდ მისასალმებელი იქნება მეორე პოლუსად ამ პარტიების გაერთიანებული ბლოკის ჩამოყალიბება, რომელიც ევროპის პარტიების  სახელწოდებებთან მისადაგებით, ალბათ მოიცილებს რომანტიკულ სახელწოდებას - „ევროპულ საქართველოს“ და დაირქმევს რომელიმე ამ პარტიათაგანის სახელს - მაგალითად, დემოკრატებისას!

 ამ საერთო ნიშნის ქვეშ, ერთიანი პარტიის სახელით, მომავალში ისინი გააგრძელებენ თავიანთ კრიტიკულ  პოლიტიკას, გაამრავლებენ თავისნაირებს და მიიმხრობენ ნაციონალების  ეროვნული  პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილ  ბევრ პროევროპულ ძალას!

ამდენად, მოეწონება ეს ვინმეს თუ არა, ჩვენს სახელისუფლო ორგანოში ჩამოყალიბდება ორპოლუსიანი პარლამენტი და დავემსგავსებით ნორმალურ ამერიკულ ქვეყანას ან დიდ ბრიტანეთს!

რაც შეეხება კიდევ სხვა პარტიებს, ჩვენც გვეყოლება, ამ რესპექტაბელური ქვეყნების დარად, ერთი-ორი 5-10%-იანი მარადიული  პრობლემებით შეწუხებული პარტია, როგორიც არის, მაგალითად,  შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტები“.

ცხადია, საუბარია იმ დროზე, როდესაც უკვე აღარ იარსებებენ კრემლისმიერი ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიები, რომლებიც, სამშობლოს ღალატის გამო, დიდი ხნის მიცემულნი იქნებიან პასუხისგებაში.

დღევანდელ პოლიტიკაში ჩაღრმავებულთ შეიძლება დაებადოთ კითხვა  - მაშ, „ოცნებას“ რაღა? 

ვირის თავ-ფეხი!

როგორც მოგეხსენებათ, „ოცნება“ ერთკაციანი პარტიაა - ივანიშვილის სახელობისა. როგორც კი მას პასუხისგებაში მისცემენ, ფსიქიკურ სნეულებას დაუდასტურებენ თუ გაამგზავრებენ არცთუ შორეულ ქვეყანაში, მისი პარტიაც ფაჩიკოს გარმონივით დაიშლება და მოკლე ხანში ისევე აღარავის ეხსომება, როგორც არ ახსოვთ დღეს საქართველოში კომპარტია და „მოქალაქეთა კავშირი“!

 ცნობილია, რომ  „ოცნების“ დეპუტატებისთვის არ არსებობს რაიმე დიადი იდეა ან  პრინციპი. მათი ზნეობრივი კრედოს მთავარი ღირებულებაა ფინანსური სადავეების მქონე უბირი ოლიგარქისადმი  მონური მორჩილება, სახელისა და ფულისათვის მზად ყოფნა - უარი თქვან საკუთარ მშობელზე და ოცდაათ ვერცხლად გაყიდონ გუშინ მათ გვერდზე მსხდომი დეპუტატები.

მედროვეებით დაკომპლექტებული ეს ორგანიზაცია ბუნებრივად დაიშლება და დეპუტატები, მომგებიანობის მიხედვით გადანაწილდებიან სხვადასხვა პარტიებში!

P.S. მთელი აღწერილი სამომავლო პერიპეტიები ეხება პერიოდს, როდესაც ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გზით, ივანიშვილი ჩამოცილებული იქნება მმართველის სავარძლიდან; ხოლო ივანიშვილის დარჩენის შემთხვევაში, ზუსტად იმდენი ხნით გახანგრძლივდება „ოცნების“ სათავეში ყოფნის პროცესი, რა ხნითაც იგი მორჭმით გააგრძელებს ყოფნას ქვეყნის სათავეში!

 

ნანახია: (1085)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას