logo.png
George Tiginashvili

ბოლო ჟამის საქათმე (ნაწილი VII)

   როგორც უკვე აღინიშნა, ივერიუსს მხოლოდ ოთხი წიგნი ჰქონდა წაკითხული და თითოს 10-10 წლის მანძილზე კითხულობდა და ტირაჟირებდა საქათმეში. ბოლოს, როცა რესურსი ამოეწურა, გადაერთო თავის ორგანულ მსახურებაზე, ანუ ღია ჯადოსნობაზე, მაგიურ ხილვებსა და მჩხიბავურ გამოცხადებებზე. ამ მოვლენაში, ყველაზე საოცარი ის იყო, რომ მთელი საბურველოს სასირეთი, ქათნოდი, არწივეთი, საბატეთი, სავირთხეთი, დათვებთან გამოზრდილი ჟღალი ქათმები - წითელი ჟღვინტელიგენცია და ქორები, აღტაცებითა და დიდი გულისყურით ისმენდნენ მოხუცი უმამლესობისა და უდედლესობის ბოდვებს, სადაც ის ირიბად თუ პირდაპირ მხოლოდ საკუთარ თავს განადიდებდა და თავისი მოღვაწეობის საკრალიზებას ეწეოდა, ხოლო ხსენებულ ბრიყვებს კი მკითხავური ჰიპნოზით ექსტაზსა და ტრანსში აგდებდა აღფრთოვანებისგან. მოცემულობის ტრაგიზმი იმდენად მძიმე იყო, რომ ივერიუსი თუკი იტყოდა საკუთარ საქანდარო ყივილ-კაკანში, რომ "დედამიწა ბრტყელია, მზე ყინულოვანი, ხოლო მთვარე მისი ნისკარტით განათებული" - ამას უმალვე აიტაცებდნენ ბოლო ჟამის საქათმის შემოქმედებით გუნდში და მთელი მორწმუნე ფაუნა ლეგენდებსა და ხალხურ თქმულება-სადღეგრძელოებსაც კი შეთხზავდნენ იმასთან დაკავშირებით თუ როგორი წმინდა, ზექათმური, ღმერთისნაცვლური და უდიდებულესი ქურუმ-მამალმთავარი ჰყავდათ სოფელში.

ქრესტომატიულ კლასიკას მიეკუთვნება პირველმამლის რამდენიმე მოგონება საკუთარ ცხოვრებაზე. მაგალითად:
1)"მე ვიცნობდი დინოზავრებს და დინოზავრები მიცნობდნენ მე" - ბრძანა დაფარულ პეპლაობაში დაბერებულმა ჰომომამლუანმა დიადბიბილომ და ატყდა დეზ-ტაში და ოვაციები ბნელეთში, სადაც იქვე ქანდარბიონთან ახლოს გაისმოდა გიჟუა პროტოქათმის ისტეროიდული კაკანი, რომელიც "საამურ" ფონად გასდევდა ავტორის მინავლებულ ყივილს, შემდეგი ტექსტით: - "ძვირფასო ქათამგადოებავ! ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყოველი ქათამი, განურჩევლად ჰიბრიდულობისა, კვერცხისმდებელობისა თუ ჰერმაფროდიტობისა, ხედავდეს და აფასებდეს სრულიად საბურველოს ოქტავიანეს, მისი უმამლესობისა და უდედლესობის უზარმაზარ საქათმეთაშორისო ავტორიტეტს! მის უკვდავებას! მის დაუსაბამობასა და სისპეტაკეს! მისი ბუმბულის მაკურნებელ ძალას! მისი სკინტლის კეთილსურნელებასა და მისი ყივილის მელოდიურობის ტალანტს"!
2)"მე მქონდა ხილვა, როცა ცხენზე ამხედრებულმა ვარიამ თავზე გადამიფრინა, უცებ მიწაზე მოსკლინტა, ნისკარტზე წაისვა და სალმონელოზისგან განიკურნა. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ამ ჭირის, ჩვენი საქათმე მტრედის წილხვედრია და ის გვიცავს ჩვენ დაავადებისაგან. ეს სენი სამყაროში არსებულ ქათამთა პეპლაობის შედეგია. ისინი ისჯებიან უხამსობისა და არაჰიგიენური სკინტლაობის გამო ზეციური ძალებისაგან და ჩვენი რომაული ღმერთის - ფავნუსის რისხვისაგან. მთელ სოფლებში, ფერმებსა და საქათმეებში გავრცელდა ეს ინფექცია, ჩვენთან კი არც კი დაფიქსირებულა. მე ვყივილობ თქვენთვის და ციდან გვიცავენ ციცინათელები" - არადა ამის თქმა იყო და რამდენიმე დღეში მთელს საქათმეში პირიქით მოხდა - დაინფიცირდა უამრავი ფრინველი, არწივები და ეპიდემიოლოგი წეროები იძულებულნი გახდნენ გარკვეული რეგულაციები შემოეღოთ და დაენერგათ ნისკარტბადის, დეზთათმანების, შაბიაბნისა და ქანდარაზე დისტანციის წესი, თუმცა ივერიუსისა და უმაღლესი ქათნოდის ფანატიკურმა ახირებამ და ვაჭრობის სამშვინველით განმსჭვალულმა მერკანტილიზმმა არცერთ კენკაობაზე არ გაითვალისწინა არწივობის კანონები, რაზედაც რაც არ უნდა პარადოქსული იყოს თავად არწივების თავჩაქინდრული კონფორმიზმი და მამლებთან მორჩილებაში ყოფნის რიტუალური ფერხული მოჰყვა, რითაც მთელი დედამიწაზე არსებული ყველა სოფლის ხელმძღვანელი არწივები გაოგნებულნი იყვნენ და ვერაფრით ვერ ხსნიდნენ მიწაზე მფოფხავი, ხეპრე, მლიქვნელი და ვიღაც ლევიტაციის უნარის არმქონე ქათმებთან საბურველოს არწივების მონობას!
3)"დათვები ყოველთვის იყვნენ საბურველოს მეგობრები და ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწრაფვოდეთ ერთმანეთისკენ, რადგან მტერს შეშურდა ჩვენი ძმობის და ამიტომაც დაგვაპირისპირა ერთმანეთს. მე შევხვდი დათვებისა და ღორების ჩრდილოელ ლიდერს, მის აღმატებულება ბუმბერაზ არწივს - ლოდიმე პუტკუნს, რომელიც ძალიან ბრძენი და კეთილი არწივია და მას უყვარს ჩვენი სოფელი და ჩვენი საქათმე"! როგორ გინდა ეს ფრაზები გაამართლო, მაგრამ ბატები და ბნელეთის ბაყაყები ამ იდეოლოგიას გაჰკაკანებდნენ დასავლელი ფლამინგოების ჯინაზე!

მოკლედ, თითოეულ ფრინველს ასე ურეცხავდა სამშვინველს მისი უბრწინვალესობა და უზეციურესობა ივერიუს ოქტავიანე, რასაც ფაქტობრივად ყველა კატეგორიის ფრთოსანი იჯერებდა და მის სიტყვას ურყევ ჭეშმარიტებად მიიჩნევდა, რაზედაც სიცილით სკდებოდნენ გედები, ცხენები და ლომები, ხოლო მათი ვიზავი კი ქედმოდრეკილი იღიმოდა ნარცისული სიამოვნებისგან.

ამ მოვლენაში კი ყველაზე დრამატული და კატასტროფული ის იყო რომ საბურველოს მომავალზე ფიქრისას სოროს იქითაც კი არ ჩანდა სინათლე და სწორედ ეს გახლდათ ყველაზე აუტანელი...

/გაგრძელება იქნება/
გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (815)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას