logo.png
Zura Odilavadze

ფერისცვალება

   სახარებიდან ცნობილია სავლეს პავლედ გარდაქმნის სასწაული. ამგვარი გადასხვაფერების მაგალითები ბევრია ლიტერატურაშიც. ადამიანის ფერისცვალებას აღწერს მარიო ვარგას ლიოსა რომანში ,,ბოლო ჟამის ომი“. წიგნის ფურცლებზე წარმოუდგენელი ამბები ხდება: სისასტიკითა და ვერაგობით გამორჩეულ ავაზაკებს, რაღაც უხილავი ძალა სიყვარულისა და სამართლიანობის იდეისთვის მებრძოლ, თავდადებულ რაინდებად აქცევს!
მეც წლების წინ მონასტერში ერთი, ფუფუნებაში გაზრდილი ვაკელი ბიჭი გავიცანი. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ტყვეობაში ჩავარდნილი ახალგაზრდა სასოწარკვეთილებას მთლიანად ჰყავდა მოცული და ცხოვრების ბედუკუღმართობაზე წუწუნით თავს მაბეზრებდა. ჩემი შეხედულებით, ის უკიდურესად მერყევი და სუსტი პიროვნება გახლდათ... დღეს კი ეს ბიჭი მიუდგომელ მთებში მდებარე მონასტრის წინამძღვარია, რომელიც მკაცრი ასკეტიზმითა და შეუპოვარი ხასიათით გამოირჩევა... მას უამრავი ადამიანი ჭკუას ეკითხება...
მსგავსი ამბავი დამემართა მეც. დედამიწის ზურგზე არ დადიოდა ისეთი უნებისყოფო და უხერხემლო არსება, როგორც მე. საკმარისი იყო სულ უმნიშვნელო... დაბრკოლებაც კი არა, უფრო გარემოება, მაგალითად, ცუდი ამინდი, რომ მანამ მიღებული, თრობის გადაგდების შესახებ, თითქოს მტკიცე გადაწყვეტილება, უცებ შემეცვალა. დაუჯერებელია, რომ სწორედ მე – ამდენად მერყევმა პიროვნებამ ნარკოტიკი და ალკოჰოლი დავამარცხე!
მაშ, რა არის ეს უხილავი და ამავე დროს, ყოვლისშემძლე ძალა, რომელიც ბალახივით მერხევ ადამიანს სალ კლდედ აქცევს?
სხვა ახსნა ამ ფერისცვალებას, გარდა ზებუნებრივისა, ვერ მოეძებნება, ვერა!
ჩვენ პიროვნებას გარეგნული თვისებებით ვაფასებთ და ვერ ვხედავთ მთავარს – გულს! ღმერთი კი გულთამხილველია და მხოლოდ მას აძლევს ძალას, ვისაც კეთილი გული აქვს. ჩვენს თვალწინ საკვირველება ხდება – ყველაზე სუსტი, ყველაზე ძლიერად გარდაიქმნება!
ნებისმიერი პიროვნების გადასხვაფერების შესაძლებლობის ადამიანებს მხოლოდ იმიტომ არ სჯერათ, რომ უზენაესის არსებობისა და მისი ყოვლისშემძლეობის არ სწამთ. გავიმეორებ, ჩვენ ადამიანს გარეგნული სიძლიერითა და მოჩვენებითი პრინციპულობით ვაფასებთ, ამიტომ არა მხოლოდ ღმერთის, არამედ ყველა ადამიანში ჩადებული სიკეთის მარცვალისაც არ გვჯერა.
ამის შემდეგ, ჩემი შემთხვევაც მარტივად იხსნება – ჩემი ერთადერთი დამსახურება იმაშია, რომ გული არ მქონდა ცუდი. ცხოვრებამ ათეულობით წლები მირტყა, მაწამა, მტანჯა... და მხოლოდ ღმერთის მიერ ბოძებული უსაზღვრო ძალ-ღონით უძლეველი გოლიათი ერთხელ და სამუდამოდ ძირს დავანარცხე. ეს არ გახლავთ მხოლოდ ლამაზი სიტყვები, როგორც უმრავლესობა თვლის, არა, მხოლოდ მას შეუძლია იმ უდიდესი ძალის მოცემა, მხოლოდ მას ერთს!
ასე რომ, დიდი განსაცდელიც, აუტანელი ტკივილიც, ხანგრძლივი ტანჯვაც, თუ მას მორჩილებით მიიღებ და არ გაბოროტდები – ესეც შენში საუკეთესო სურვილებისა და გრძნობების აღძვისთვის ბოძებული საჩუქარია და ბოლოს, თუ დაიმსახურებ – ფერისცვალების დიდ წყალობასაც მიიღებ!..
ერთიც... ალბათ, საქმე არა იმდენად ნარკოტიკსა თუ სხვა ვნების დაძლევის სურვილშია, არამედ უფრო ყოფაზე ამაღლებაში. ეს ხომ ბევრად მაღალი მიზანია, ვიდრე ნებისმიერი წამალი თუ ყოველდღიური საზრუნავი. მხოლოდ ხანგრძლივი ტანჯვა და ყველაფრის დაკარგვა მოწყვეტს ადამიანს ამქვეყნიურ ამაოებას და აძლევს გულწრფელი სინანულის, მადლიერებისა და სიყვარულის იმ გრძნობას, რომელიც ავსებს და სიკეთის იდეისადმი მსახურების ისეთ მძაფრ სურვილს უჩენს, როგორსაც ვერავითარი მიწიერი მიზნები ვერ აღძრავენ, რადგან ყოველივე მიწიერი წარმავალია.
სასწაული არის შედეგი სიკეთის გამარჯვების რწმენისა. ადამიანის ფერისცვალების საკვირველების, სინამდვილედ გარდაქცევის მიზეზი კი მძიმე განსაცდელია და წრფელი გული – მხოლოდ ასე...

ზ.ო. – 2020, ივნისი

Zura Odilavadze-ს ფოტო.

ნანახია: (913)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას