logo.png
Zura Odilavadze

მამა და შვილები

    რისთვის დასჭირდა ღმერთს განკაცება? ალბათ, იმისთვის, რომ ეჩვენებინა – ყველა ადამიანს თავისი გოლგოთის გზა აქვს, რომელიც გაბოროტების გარეშე, თავმდაბლობით უნდა გაიაროს. მხოლოდ პირადი მაგალითი გახდიდა მის სიტყვას დამაჯერებელს.
ახლა კი, მოდით, მიუხედავად რწმენისა, ერთი წუთით მაინც დავიჯეროთ, რომ ჩვენს ცხოვრებას, როგორც მზრუნველი მამა, იესო ქრისტე ხელმძღვანელობს და აფასებს. ჩვენც ამ მხრიდან გადავხედოთ საკუთარ ცხოვრებისეულ გზას...

მშობლის დარიგება.
იესო ქადაგებით იწყებს. იმისთვის რომ ადამიანებმა სიტყვა ირწმუნონ, სასწაულებსაც ახდენს, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიჯერებთ... მშობლებიც კაცობრიობისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვარიგებენ, მაგალითებიც მოჰყავთ, თუ როგორც წაიქცა და ეტკინა მას, ვინც წესიერების, სწავლისა და შრომის გზიდან გადაუხვია. ჩვენ კი გვგონია, რომ უბედურება მხოლოდ სხვას დაატყდა თავს: ვიცრუებთ, მოვიპარავთ და ვერ დაგვიჭერენ; დავჩაგრავთ, გავანადგურებთ და არ დავისჯებით; წამალზე მხოლოდ სხვა შეჯდება; ალკოჰოლი მხოლოდ სხვას გააგიჟებს, მხოლოდ სხვას, ჩვენ კი ეს ყველაფერი გვერდს აგვივლის. ასე იმიტომ ვფიქრობთ, რომ, პატიოსანი ცხოვრება არ გვაწყობს და სიცრუეს ვამჯობინებთ – ეს გზა უფრო სარფიანია და ადვილი. არადა, გაივლის წლები და ტკივილის გაუსაძლისობა წამოგვაძახებინებს: ,,ეჰ, ნეტავ დამეჯერებინა დედისთვის!“ – მაგრამ არა, სანამ კისერს თავად არ მოიტეხავ არავითარი შეგონება არ გაჭრის...

გარდაქმნის შესაძლებლობა.
ზრდასთან ერთად ჩვენ უამრავ შეცდომას ვუშვებთ და ყოველდღიური ყოფის საზრუნავი იმდენად გვიტაცებს, რომ ცხოვრების აზრი გვავიწყდება და მას მხოლოდ მდაბიო ვნებების დაკმაყოფილებაში ვხედავთ. ყველა მამას კი ის სურს, რომ შვილი ჰგავდეს. იესოც თაბორის მთაზე ფერს იცვლის და გვეუბნება: ,,სიკეთისა და წესირებისკენ მობრუნება არასდროს არის გვიან და თუ გულს გადამიშლი, მე მოგცემ ამ სასწაულებრივი გარდაქმნის ძალას – ფერისცვალება ნებისმიერისთვის შესაძლებელია!“

ამქვეყნიური და ზეციური.
ვირზე შემჯდარი, ატირებული იესო იერუსალიმში შედის. დაბრმავებულ ხალხს კი ბელადი სჭირდებოდა. ბრბოს არ სურდა ჭეშმარიტი თავისუფლება, მას არ სჭირდებოდა ღმერთი, მით უფრო, დამცირებული. ხალხი ამქვეყნიურ მეფეს ელოდა, რომელიც მათ დამპყრობელზე გამარჯვებას, აყვავებასა და სიმდიდრეს მოუტანდა. მათ ვერ იცნეს მაცხოვარი – ის ვინც მალე სიკვდილს სძლევს. ჩვენც ამქვეყნიური დიდებითა და მომხვეჭელობით დაბრმავებულნი, ვერ ვხედავთ მთავარს.

ბრბოსთან ,,ახალი ჭეშმარიტებით“ დაპირისპირების ფასი – ჯვარცმა.
უშიშარი ადამიანი არ არსებობს. მამაცობა სწორედ ისაა, როდესაც ძალიან გეშინია, მაგრამ ცდილობ და ბოლოს, შიშს სძლევ. სწორედ ამ გზას გადის იესოც და შიშის დამარცხების მაგალითს წარმოგვიდგენს. ბოლოს ის არა მხოლოდ დამცირებისა და გვემის, არამედ სიკვდილის შიშსაც კი სძლევს და იმარჯვებს კიდეც სიკვდილზე! კაცობრიობის ყველაზე უსამართლო განაჩენი და ყველაზე სამარცხვინო სიკვდილი – ჯვარზე გაკვრა, იესომ უდიდეს გამარჯვებად გადააქცია! ასეთია, ერთი მხრივ, სიმართლისთვის ბრძოლის ფასი – ჯვარცმა და, მეორე მხრივ, ღვთის მიერ ბოძებული განსაცდელის დათმენისთვის ჯილდო – სიკვდილის შიშზე გამარჯვება! ასეთი უნდა იყოს ჩვენი არჩევანიც. მხოლოდ დიდი ტკივილი და დამცირება გაამეორებინებს ადამიანს: ,,მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან“

შედეგი – ამაღლება.
ადამიანი სიმდიდრისა და პატივმოყვარეობის ჯაჭვით არის მიბმული მიწას, რაც ქვეცნობიერად სიკვდილის შიშისგან (შიმშილისა და შერცხვენის შიში) დაცვით რეაქციას წარმოადგენს. ამიტომ, პიროვნება იმდენადაა თავისუფალი, რამდენადაც მან სიკვდილის შიშს სძლია. ამაღლება არის სახე მიწისგან მოწყვეტისა, გზა გამარჯვებისა და გათავისუფლებისა – ზეცაში აჭრისა!

ადამიანის შესაძლებლობები.
აღდგომის შემდეგ სულიწმიდა უკვე მოციქულებზე, ანუ ჩვეულებრივ ადამიანებზე (მაშასადამე, ჩვენზეც) გადმოდის და ისინი ღვთაბრივ უნარებს იძენენ. ასეთია, როგორც ეს მოციქულების მაგალითიდან ჩანს, განსაცდელისთვის და სინანულისთვის მამის საჩუქარი!

დედა.
ყველამ ვიცით, იესოს ღვთისმშობლისადმი დამოკიდებულება. კაცის ავკარგიანობაც (ხარისხი, ღირსება) დედისადმი მოპყრობით განისაზღვრება.

საქმეები
ბოლოს, ყველაფერი თავიდან იწყება – ღმერთის საქმეს მოციქულები აგრძელებენ. ადამიანმაც მათ უნდა მიბაძოს და სიკეთე თესოს – ამაშია შვილის დანიშნულება – ის უნდა გახდეს მამის საქმის გამგრძელებელი... ,,ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ; იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის“– ყოველივე ზემოთქმულიდან მხოლოდ ერთი შეფასების გაკეთება შეიძლება: ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იყო...

ზ.ო. – 2020, ივნისი

Zura Odilavadze-ს ფოტო.

ნანახია: (844)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას