logo.png
Zura Odilavadze

იყო ბედნიერი

ბავშვი დარწმუნებულია, რომ მისი ყველა სურვილი და ფანტაზია ასრულდება და ამაში მთელი სამყარო დაეხმარება... ასაკთან ერთად ეს ილუზია ქრება და საწინააღმდეგო დასკვნამდე მიდიხარ – გარშემომყოფნი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შენი ოცნენა არ განხორციელდეს...
თანდათან ეს განცდა ძლიერდება და დღევანდელი დღითა და მოგონებებით ცხოვრებას იწყებ. ყოველდღიურობის ერთფეროვნებას მომავლის იმედით ითმენ, წარსულით კი ტკბები, რადგან გონი მეხსიერებიდან ცუდს გამოდევნის და მოგონებას რომანტიკულ ელფერს სძენს. ამაშია წარსულში მოგზაურობის ხიბლი...
ადამიანები არ ჩერდებიან – სასახლეებს იშენებენ, ცხოვრებას ძვირფასი ავტომობილებითა და საათებით ილამაზებენ, მაგრამ ბედნიერება არ მოდის – ამ ფაციფუცში რაღაც მთავარი იკარგება...
საქმე კი იმაშია, რომ ჩვენ კი არ ვსამთ კითხვას: ,,რაშია ცხოვრების აზრი“, – არამედ, პირიქით, ამ საკითხს ცხოვრება თავად გვიყენებს. პასუხი მთელი ცხოვრება უნდა ეძებო და ყველა ძალა იხმარო, რომ მოქმედების წესით ამ კითხვას პასუხი გასცე... რაც ადვილად გეძლევა, ის არ არის ღირებული. მხოლოდ დაუღალავი შრომითა და ტკივილით მოპოვებულს აქვს დიდი ფასი. ცხოვრების გაუსაძლისობასთან ბრძოლაში არა ისინი იმარჯვებენ, ვინც უფრო ჯანმრთელია და ძლიერი, არამედ ვინც იცის, რისთვის უნდა გადარჩეს და გააგრძელოს ცხოვრება.
ამ გზაზე უნდა ეცადო, რაც შეიძლება ნაკლები მოუშუშებელი ჭრილობა მიიყენო. თუ საკუთარ თავს ნებას დართავ ისეთი რამ ჩაიდინო, რის უფლებასაც სინდისი და გემოვნება არ გაძლევს, მაგრამ გამარჯვების გამო მაინც აკეთებ, იცოდე, შენ ყოველ ჯერზე თავს იკლავ... ბოლოს და ბოლოს, ასეთი თავშეუკავებლობა შენში სინდისსაც ჩაკლავს და გემოვნებასაც. ბედნიერი ვერ იქნები სინდისთან ჰარმონიის გარეშე...
მთავარი მაინც შენი საქმეა – ცხოვრება არც მხოლოდ შრომაა და არც ხელოვნებითა თუ სიყვარულით ტკბობა. სამუშაო შემოქმედებად უნდა გადააქციო და მისით იარსებო. მხოლოდ ასეთი მიდგომა გახდის ყოველდღიურობის დამთრგუნველ წნეხს სიხარულად.
ჩვენ მივეჩვიეთ უბედურებაში არსებობას... უბედურები კი მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ ცვლილებების გვეშინია – სხვისი კარნახით ვცხოვრობთ, საკუთარი ბედნიერებისთვის მსხვერპლის გაღება არ გვსურს და უმრავლესობის ნების წინააღმდეგ წასვლას ვერ ვბედავთ. იმისთვის რომ ბედნიერება მოიპოვო, ცხოვრების წესი უნდა შეცვალო – სახლებსა და საათებს მოსწყდე და ზემოთ აიხედო...
ეს ადვილია! კაფეში ყავის ფინჯანთან თანამოსაუბრეს ახარე, როგორი კარგია, ჭკვიანი და გენიალურიც კი ის! მხოლოდ ამ გზით ვისწავლით ბედნიერად ცხოვრებას – მხოლოდ ასე! ცხოვრების აზრი გარშემომყოფების პატივისცემასა და გახარებაშია – იქნება ეს დედა, შვილი, მეგობარი თუ საყვარელი ქალი.
უბედურების მიზეზი კი სხვისი ცხოვრებისადმი არაჯანსაღ ინტერესში იმალება. შენით უნდა დაკავდე და განკითხვით არ ისულდგმულო. მშვენიერება საკუთარ თავსა და ვარსკვლავებში უნდა ეძიო – მხოლოდ ესაა საინტერესო და დამაფიქრებელი...

ზ.ო. – 2020, ივნისი

Zura Odilavadze-ს ფოტო.

ნანახია: (687)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას