logo.png
George Tiginashvili

ბოლო ჟამის საქათმე
(ნაწილი V)

ქათნოდი ძალიან ეკლექტური იყო. იქ ყველა ერთმანეთისაგან განსხვავებული მამალი "მოღვაწეობდა". საოცარი ის იყო, რომ არცერთ მათგანს უმაღლესი მამალოგიური განათლება არ ჰქონდა. არც აინტერესებდათ მამლური ცოდნა, მათთვის მთავარი იყო მხოლოდ ორი რამ: 1)სკინტლისა და ბუმბულის ბიზნესი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოგების გადასახადისაგან; 2)გავლენის სფერო, ანუ არწივებთან და ქორებთან ურთიერთობის დალაგება; სხვა არანაირი ვალდებულება მათ არ უგრძვნიათ არასდროს. ბატები, ვირთხები, ტურები, არწივები, მგლები და ვარიები დამუნათებული ჰყავდათ ისედაც. საქათმის მართვა-გამოქათმების დებულების მიხედვით ძირითადად ჭეშმარიტების საზომად მიიჩნეოდა ნიბლიის ტექსტები და ივერიუსის ყოველკვირეული ყივილები და ქათოგმატური აზრები. შესაბამისად მათ ოდნავადაც არ იზიდავდათ ორნითოლოგიის საფუძვლები. ქათნოდშიც, მსხვილბიბილოვანი კანდიდატის შერჩევისას მისი უმამლესობა მოითხოვდა მხოლოდ ერთ კრიტერიუმს - მას არ უნდა ჰქონოდა მამალოგიაში გედებივით უმაღლესი კვალიფიკაცია და უნდა ყოფილიყო ტყის ქათამზე ნაჯვარი. ამასთან, მნიშვნელოვან კრიტერიუმად მიიჩნეოდა მამლის პეპლაობა მამალთან, ანუ ჰომომამლუანობა წამყვან ძალას წარმოადგენდა საქათმეში, რაც პირდაპირ ივერიუსის პრიორიტეტს წარმოადგენდა. თავის დროზე მისი უმამლესობა და უდედლესობაც სწორედ ამ ნიშნით დაადგინეს პოლარულმა დათვებმა. ამდენად, დაწინაურების ერთ-ერთ ფაქტორად ქათნოდელთან პეპლაობა მიიჩნეოდა, რასაც არაერთი მამალმთავარი ეტრფოდა. მათ შორის იყო ბიბილოპოლიტი ბანანია (ჯანტარიძე), რომელმაც თავის დროზე ქათნოდში სკინტლახვრელის დასკვნაც კი მიიტანა. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს წილისა და მუშეთის მექათმე, რომელიც უწინ შემჩნეული იყო ინკუბატორის წიწილებთან პეპლაობის მცდელობაში.

აღსანიშნავია, რომ ჰომომამლუაონობა ჩრდილოვანი ზოოპარკის დათვებისათვის კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდი იყო.

***
ერთხელ, ბუნაგში სერიოზული ბორგვა და მოუსვენრობა დაიწყო. თურმე გედებს სხვადასხვა კრიტიკული ინტერვიუები მიუციათ შაშვებისათვის, მათ შორის ბელად ივერიუსის სულიერ თუ დაცემულ მდგომარეობაზეც, რის გამოც მთელი საქათმე დეზზე დადგა, აქაო და ჩვენს წმინდა ჰიბრიდზე ხმა არ ამოიღოთ, მისი წყალობით კაის ვჭამთ და კაი სამსახურებშიც ვართ და მიუხედავად იმისა, რომ მოხუცდა, ის მაინც ჩვენს უსპეტაკეს წინამძღოლად დარჩებაო!

იმ დილით, ქურუმული რიტუალის შემდეგ, მთელი ფერმის მასშტაბით, სხვადასხვა საქათმეებიდანაც კი ძალით მოიყვანეს პატარ-პატარა წიწილები, ბატები, შვლები, იხვები და ვირთხები დეზის დაკვრითა და დაავალეს რომ მისდამი სიყვარული შეძახილით გამოეხატათ. ბატები ზედმეტად გულწრფელნი აღმოჩნდნენ და ქანდარბიონზე ივერიუსის გამოჩენისას მორთეს უნებლიე ხვიხვინი: მი-ყარხარ! მი-ყარხარ! მი-ყარხარ! რაზედაც ძლიერ ეღიმებოდათ გედებს...

ჰიპონოზის უზადო მცოდნე ივერიუსიც გაბადრული სახით შესცქეროდა მაქებარ ბრბოს და ნელი ნაბიჯებით მიიწევდა გერმანული ნაგაზების მიერ აწყობილი მაიკვახის უახლესი ურმისკენ, რომელიც ლამის მთელი სოფლის ბიუჯეტის ფასი ღირდა.

ცხადია, არც ფრინველთა ხელმძღვანელობას არ გამორჩენია "ცოცხალი მინდა-ნის" (მინდა-ნი, ანუ მსურს "ნი-ღაბი") სიხარბე. არწივებმა, იცოდნენ რა, რომ მის უბრძენესობა ივერიუსს ფუფუნება და კომფორტი უყვარდა, ბიბილყვათის ფეშენებელური ქანდარა საჩუქრად გადასცეს.

როცა მზე იყო და ცხელოდა, მის უმამლესობას, ძალიან უყვარდა უძვირფასეს ჯუჯა ხესთან ჯდომა, რომელიც 75 000 კგ. სიმინდით შეიძინა.

მოკლედ, მთელმა სოფელმა იცოდა ივერიუს ოქტავიანეს მდიდრული პირობებისა და განცხრომის შესახებ, მაგრამ საბურველოს ბატებში ის მაინც "უპოვარის, მლოცველის, ასკეტისა და მოშიმშილეს" სახელით იდიდებოდა.

ყოველ გავლაზე მის "მაიკვახთან" ათასობით ბატის ჭუკი იკრიბებოდა და ფრთებს უქნევდა შეძახილებით: "დიდება ღმერთისნაცვალს!", "დიდება ჩვენს მხსნელს!", "დიდება საბურველოს ერთადერთ იმედს!" - რაზედაც ძალიან საამურად ეცინებოდა ხოლმე ჰიბრიდულ ფსევდომამალს!..

/გაგრძელება იქნება/
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1537)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას