logo.png
Lela Chkhartishvili

ეს ადრე დავწერე..კურიოზი..
გურიის ერთ-ერთ სოფელ გაგურში, საცივის ამოსახვევში ცხოვრობდა შალიკო გაბრიელის ძე ჭეიშვილი. 1969 წლის ნოემბერში გადაწყვიტა ცოლის მოყვანა. მართალია, შვილებიც ჰყავდა და შვილიშვილებიც, მაგრამ მარტოობას განიცდიდა ნამეტნავად. სამწუხაროდ, როცა მიხვდა, რომ ცოლზე უკეთესს ვერავის იპოვიდა, უკვე ცოლის პოვნა გაუჭირდა. წავიდა ჩოხატაურში. ვინცხა ქალი შეპირდა თურმე, გამოგყვებიო. მაყრად წაიყვანა სიძე. ატყდა ერთი სამზადისი, მეფე-დედოფალს სათანადოდ რომ დახვედროდნენ. შეიკრიბა მთელი საგვარეულო, სანათესაო და საახლობლო. ძმისშვილები, დისშვილები..შვილები, რძლები, სიძეები, შვილიშვილებიც... მთელი მონაგარი... ყველანი დაფაცურდნენ საქორწილო პურ-მარილის მოსამზადებლად. დაიკლა გოჭი, რომელიც „კუხნაში“ შუა ცეცხლზე შეიწვა შამფურზე. გამოაცხენ ხაჭაპურები. არაჩვეულებრივი, ზღაპრული სუფრა გააწყვენ თავის საცივით და ყველაფრით. სუფრას ლაზათს სძენდა მაყვლის წვენში ჩადებული მოხარშული დედალი, სუფსაში დაჭერილი "თებზი", ნიგვზით შეტიტყნილი ბადრიჯანი თუ ბროლის „გრაფინკებში“ ჩასხმული მოცვის „ნალივკები“ მანდილოსნებისთვის. მამაკაცებისთვის კი საუკეთესო „ადესა“ ყურძნისგან დამზადებული ღვინო. საჭმელს აკეთებდა და სუფრას ხელმძღვანელობდა ტრადიციულად თავი ქალი. ელოდებიან მეფე-დედოფალს. მოაბიჯებს სასიძო, შალიკო, აცვია გალიფის შარვალი, „აზიაცკები“ და ზემოდან სპეციალური კიტელი. თავზე, ტრადიციულად თეთრი ყაბალახი ჰქონდა წაკრული. მისი სიძეც მასთან ერთად ამოდის ქვემოდან სიმღერით: „ქალი მოგვყავს ლამაზია, დაგვიცალეთ დარბაზია.“ დამხვდურებიც შეეგებნენ „მუზიკით“, დოლ-გარმონით და ამბებით.შემოაბიჯენ ჭიშკარში, ნოხებდაგებულ ეზოში და რას ვხედავთ? პატარძალი არ არის. ქალს გადაუფიქრებია და არ გამოჰყოლია. ამიტომ შემოსულებმა დასძახეს: „უპატარძლო ქორწილია, დაუკარითო!“. ეს იყო რაღაც სასწაული ამბავი. ერთდროულად, სამწუხაროც და სასაცილოც. თამადაც იყო, რასაკვირველია.... ეს საზეიმო, უპატარძლო ქორწილი ჩატარდა არაჩვეულებრივად, ძალიან მხიარულად. და დარჩა დიდ სამახსოვრო მოვლენად ამ კუთხეში. ეს სასწაული იყო. სიმღერა არ მოკლებია იმ უპატარძლო ქორწილს და ცეკვა-თამაში. იმდენი იყო პურ-მარილი, რომ სამი დღე იქეიფენ. ახლა თქვენ იკითხავთ: რა ეცეკვებოდა და ემღერებოდა, ანუ ელოტბარებოდა კაცს, რომელიც საცოლემ გააწბილაო? მაგრამ შალიკო ჭეიშვილი ის კაცი იყო, რომელიც ცხოვრობდა პრინციპით: „საუკეთესო გზა საკუთარი თავის გამხნევებისთვის სხვისი გამხნევებაა.“ ეს კაციც იმ პლეადას ეკუთვნოდა, იმ „ძველი გვარდიის“ წარმომადგენელი გახლდათ, რომელზედაც შეიძლება ითქვას:
„ასეა წუთისოფელი,
მზე ჩავა, მთვარე ამოვა.
განა სუყველა კაცია,
ათასში ერთი გამოვა.“

წერს ლელა ჩხარტიშვილი

Lela Chkhartishvili-ს ფოტო.

ნანახია: (1368)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას