logo.png
George Tiginashvili

 

ბოლო ჟამის საქათმე
(ნაწილი IV)

საბურველოში არჩევნები ახლოვდებოდა. არწივების გუნდს უმეტესად კრიტიკული და არასანდომიანი რეპუტაცია ჰქონდა სოფელში. საუბედუროდ ასე იყო და ასეა ახლაც: იმისათვის, რომ წიწილებს, ვარიებს, ბატებსა და მთელს ფაუნას საკუთარი თავი შეატყუონ, რატომღაც საჭიროდ მიიჩნევენ საფრინველოებრივი მხარდაჭერის, სიმპათიებისა და პოპულარობის მოსახვეჭად მუდმივად ივერიუს ოქტავიანეს ქანდარასთან ატუზვას. მთელი ეს უბადრუკი ელიტა, სოფლისა და ფერმის აღმშენებლობის საკითხებზე სამსჯელოდ და თვით კლდე-ღრის მოწყობისთვისაც კი კონსულტაციებს უმამლესთან და უბიბილოვესთან გადიან, რომელსაც, მართალია ცხოვრებაში (ციდან ფრენით) თვალით არ უნახავს და აზრზეც არაა სალი მთა-გორაკებისა თუ აზვირთებული მწვერვალების ზედხედის შესახებ, მაინც იფერებს ყოვლისმცოდნეობის მანტიას და როგორც სოფლის ზეგარდმო სუვერენი, იმგვარად მოქმედებს. ამ საქმეში კი რაღა თქმა უნდა სრულიად ქათნოდი და სასირეთის დასი უნისონურად მონურ თანხვედრაშია უდეზო მამალმთავრისადმი.

ერთ დღესაც, არწივები კონკრეტული საკითხის, კერძოდ კი გამოქვაბულებისა და ბუდეების კეთილმოწყობისა და განაშენიანების თემაზე საქათმიარქოს ადმინისტრაციას ესტუმრნენ. მის უქათმესობასა და უმამლესობას დიდი პიეტეტითა და რუდუნებით წარუდგინეს ხსენებული პროექტების, მიზნებისა და სამომავლო პერსპექტივების გენგეგმა. ამასთან, ტრადიციულად, თან მოაყოლეს დიდძალი შემოწირულობები, სხვადასხვა ფერმაში არაერთი საქათმე, საპეპლაო თუ სასკინტლაო დანიშნულების მიწები, თანამედროვე ქანდარები, ტონობით ხორბალი და სიმინდი, ქათნოდის წევრებისათვის 40-ზე მეტი უახლესი ურემი და ა.შ.

გაიმართა საქმიანი ვახშამი. ვარიები ხალხურ კაკანებს ყიოდნენ, დედლები კი სტუმრებს ემსახურებოდნენ. სულ ხუთი სადღეგრძელო შესვეს, ცხადია ხუთივე პერსონალურად ივერიუსს ეძღვნებოდა. უეცრად, გაცილების წინ, მისი უმამლესობა წამოაყენეს, ფერხთით ხალიჩის ნაცვლად კეკელკა დაუწვინეს, ხელში ბელადის ცოცხი დააჭერინეს და გაისუსნენ. მისმა უბრძენესობამაც არ დაახანა და დაიწყო: "როცა პატარა ვიყავი, ერთხელ, მამაჩემს ქანდარაზე ჩამოეძინა და სიზმარი ნახა: ჩვენთან, წინაპრების სოფელ ახვარხოტში, მთის წვერზე იყვნენ მთელი საბურველოდან შეკრებილი ბატები, ქათმები, არწივები, ვირთხები და სრულიად ფაუნის წარმომადგენლები, მე ვმდგარვარ მათ თავში და ყოველი მათგანის წინამძღოლად დავუდგენივარ ზევსს, რომლის ჭექა-ქუხილისა და ელვისგანაც განმწმენდელი მეხის თქვენზედ გადმომცემი მე ვყოფილვარ... დიდება ზევსს, რომ ღირსმყო ამ დიდი წყალობისათვის. რომ არ ყოფილიყო ბატებისა და ვირთხების, ყოველი თქვენგანის ჩემდამი სიყვარული, მე ალბათ ვერ დავიტევდი ამხელა მადლს და ვერ გავუძლებდი ამდენ განსაცდელსაც" (წაიყივილტირა, ვითომ ცრემლი სდის).

ამ დროს, წამოდგა არწივპრემიერი და ხმამაღლა მიმართა დამსწრეთ: -"ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ასეთი ქათმიარქი გვყავს სოფელს! რომ არა მისი ღვთიურობა, ჩვენ არ დაგვეცემოდა უფალ ზევსის განმწმენდელი მეხი! დიდება ღმერთს და მის შემცვლელს ჩვენს მიწაზე, ჩვენს უსაყვარლეს და ბრძენ ივერიუს ოქტავიანეს. მრავალჟამიერ! ისპობა ეს დესპოტი. ამინ!"

ივერიუსმა შესრულებულზე კმაყოფილად ჩაიღიმა და დაამატა: -"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო არწივპრემიერო, მინდა საჩუქრად გადმოგცეთ სიწმინდეები: ჩემი უსაყვარლესი წმინდანის - ბუმბულით ნაქსოვი კაენის ხატი; ჩემი ეგვიპტელი მეგობრის - სეთის მინიატურა; ჩემი სულიერი მეგობრის - შივას ტაძრიდან აღებული ლინგა.

მინდა, ასევე დავლოცო მთელი საარწივო კოლექტივი: იხარეთ ორსავ სოფელსა შინა! შეგეწიოთ რომაული ფავნუსი და ნიმფა. ამინ"

/გაგრძელება იქნება/
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1406)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას