გამოხდა ხანი. სოფლის გენიოსთა საქათმეში დიდი ალიაქოთი შეიქმნა მეტად საჭირბოროტო საკითხის ირგვლივ, კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენდა შემდეგი საკითხი: რა უფრო ადრე გაჩნდა - ქათამი თუ კვერცხი?! აღნიშნული თემის შესწავლის ირგვლივ კომისია - კომისიაზე იქმნებოდა სასირეთის წვრილბიბილოვანთა კოლექტივში, თუმცა ამაოდ. როგორც ჩანს, ასეთი რანგის თემაზე სამსჯელოდ, საკუთრივ ქათნოდის უმაღლესი იერარქია და უკომპეტენტურესი დასკვნა იყო საჭირო.
მაშ ასე. მისმა უბრძენესობა ივერიუს ოქტავიანე უცდომელ-უცოდველმა ქათნოდის გაფართოებული კრება გახსნილად გამოაცხადა!
სხდომის მსვლელობისას პირველ პირს ქანდარაზე ედო წმინდა წიგნი - "ნიბლია" (მისი სიზმრების კრებული), მენჰირის მინიატურული ფიგურა (როგორც ცხოვრების საზრისის შთაგონება), მკვდარი კურდღლის ფეხები (ასისტენტ-შამან ციცარის თილისმა) და ნახშირზე ანთებული მარიხუანის გუნდრუკი.
სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ბიბილმთავრები ნებით თუ უნებლიედ ძლიერ ბოლდებიან და იწყებენ ერთმანეთის დაცინვას კაკან-ხარხარით. შეიქმნა დიდი აურზაური, ურთიერთდაპირისპირება, ყივილი და ლანძღვა-გინება, რა დროსაც დეზზე წამოდგა და გავეშებით აკაკანდა სპიკერ ფაჩუა, რომელიც აცხადებდა, რომ "ეგზიუპერის თანახმად გინდა თუ არა ყველანი კვერცხიდან მოვდივართო", რაზედაც ექიმად წოდებული ერთ-ერთი მსხვილბიბილო არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ - "მოდით ყველა მოვუსმინოთ ჩვენს არაამქვეყნიურ ბელადს, რომელიც სახურავზე თავისი ნებით ავიდა და იქედან არ ხდება მისი დაკვლა, იქედან ხდება მისი გარდამოფრენა, რომელის ლოცვა-კურთხევითაც წმინდა ავიცენა არის ქათნოდის წევრი და ის ჩვენ გვითხრას სიმართლეს"!
იქვე არ ცხრებოდა საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი -ქათმის ქურქში გახვეული აყლაყუდა სპილო - სიმე, რომელიც დაჟინებით ამტკიცებდა, რომ "არაა საჭირო კრებსითი პოზიციის შემუშავება, მთავარია მისი უმამლესობის მორჩილება და ყველა საკენკაოში იმგვარად მოქცევა და ფიქრი, როგორადაც ის გვიბრძანებსო"!
შემდეგ წამოიმართა მაგნატა საბუა (რომელიც სხდომაზე ბოლო მოდელი უღელით იყო მისული) და ჩვეული ანალიტიკურობით შეჰყივლა: "მისმა უდიდებულესობა ივერიუს უსრულყოფილესმა, (რომელსაც მე შენდობა მინდა ვთხოვო ჩემი უჭკუობისა და შემარცხვენელობის გამო) ყველაზე კარგად უწყის, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გარეშე ფრინველთა ფარული ძალებისაგანაა პროვოცირებული და ემსახურება ერთადერთ მიზანს - როგორმე დაასუსტონ ქათმობა ჩვენს რწმენაში!"
ბოლოს შებუმბლული ნიანგიც წამოდგა და ისევ მზედარტყმულმა ხმამაღალი შეძახილით დაიმუქრა: "მკიდიხართ რა! გაჩერდით ეხლა სუყველა! თორემ ყველას თავებს მოგაჭრით და დედებს იმასგიზამთ იცოდეთ რა!.. მე ჩემ ოქტავიანეს მოუსმენლობას არავის ვაპატიებ და თუ საჭირო იქნება ხოო, კუდით შევეხები კიდეც და მივხედავ რა!"
უეცრად, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა!.. როგორც ვნახეთ, ხანგრძლივი დავი-დარაბისა და ქვესკნელის ავსულთა ერთობლივი მოხმობის შემდეგ, მაინც ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე და გადაწყვიტეს, რომ საბოლოო სიტყვა ისევ და ისევ ყოვლადბრძენისა და უგანათლებულესის, ოთხი წიგნის წამკითხავი ივერიუს თავმჯდომარისათვის ეთხოვათ!
მივიდნენ მოქანდარე ხვითო და მაქებარი დათუა უბრძენესთან და წამოაყენეს. დიდმა ღმერთისნაცვალმაც არ დაახანა და მიუხედავად იმისა, რომ თავადაც აზრზე არ იყო სიმართლის, არ შეიმჩნია უცოდინრობა და ბრძანა შემდეგი: ყოვლადბიბილოვანო მამალმთავრებო, მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ცნობილია თუ რა უფრო ადრე გაჩნდა: კვერცხი თუ ქათამი ამქვეყანაზე... მაგრამ, რადგან ძალიან რთულია დაიტიოთ ამ ჭეშმარიტების საიდუმლო, მე არ დაგიმძიმებთ სულს და არ გეტყვით თუ რაში მდგომარეობს სიმართლე! მივენდოთ უზენაესს და ჩვენ ყველანი აუცილებლად გავალთ სამშვიდობოზე!"
ეს იყო და უეცრად გაბადრული ღიმილითა და აღტაცებით წამოიქოჩრა ქათამ-სირაქლემას ჰიბრიდი დათუა და ხმამაღლა განაცხადა ქანდარბიონიდან: "ხედავთ რამხელა სულიერებისა და ზებუნებრივი სიბრძნის გიგანტი გვყავს ქათმებს?! ხედავთ როგორ დაგვინდო მისმა გულმოწყალებამ და მზრუნველობით არ გაგვიმხილა მძიმე სიმართლე?! ნუ ვიქნებით უმადურები! დიდება ჩვენს მხცოვან დიდ მემამლეს, მამასა ჩვენსა ივერიუსს. ამინ!"
საბოლოოდ, შაშვების (ჟურნალისტების) შეკითხვებს ალეწილი სახით უპასუხა და ოქმი წაუკითხა ქათმის ქურქში შებუმბლულმა თხამ - ღორისა და ათიანის ბიბილოპოლიტმა, ზედმეტსახელად "Козёл"-მა ანტიფომ, რომელმაც დასძინა, "რომ ყველა პრობლემა გედებისგან მოდის და არავითარი კრიზისი საქათმეში არ გვაქვსო"! რაზედაც უსიტყვოდ თავს უკრავდა მისი პროტეჟე, მუდამ მოღიმარი, ხორბლის სპირტჩარტყმული (რომელ საქათმეშია რომ არ იცის და მაინც ბედნიერია) ბიბილკოპოსი დამიარე (უთენია)!..
/გაგრძელება იქნება/
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი
ნანახია: (1548)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას