უდიადეს ივერიუსს საერთოდ არ ანაღვლებდა თუ რა უნარების, როგორი რწმენის, ზნისა და ცოდნის ფენიქსური ტიპის მამლები ეყოლებოდა გაზულუქებულ წმინდა ქათნოდში. მთავარი იყო ერთადერთი დოგმატის - "დიდი უქათმესობის, სრულიად სოფლის ბელად-ბატონის, ფრინველ-ბიბილოვანთა მთავარმამლისა და საქათმისა და ქანდარის ბიბილოპოლიტის მეხოტბეობა" არ დაერღვიათ და შესაბამისად "მკრეხელობაში" არ ჩავარდნილიყვნენ, თორემ ცოდვები, როგორც ასეთი, საქათმის ეთიკური შინა განაწესითა და ქცევის კოდექსით გაუქმებული იყო. მხოლოდ ის ერთი და უზენაესი მცნება იყო დასაცავად აუცილებელი. აღნიშნული მდგენელის შემყურე ზოოლოგიური მსოფლიო გაოცებას ვერ მალავდა ასეთი გაუგონარი ინოვაციების გამო.
საგულისხმოა, რომ კუზიანი ბელადი იმიჯურად ძალიან "ბრძენი და მოაზროვნე" არსება იყო. აბსოლუტურად არაფრისგან, მას იმდენად მქუხარე სახელი მოუხვეჭეს სასირეთის აქტივისტმა ბიბილოსნებმა, რომ მის მიერ ნათქვამი ნებისმიერი ფრაზა, ამბავი თუ ისტორია, მყისიერად საკრალიზებული, ტაშდაკრული და ოვაციებით ქებული ხდებოდა მთელს სოფელში. სულ, რომ უპრიმიტიულესი რამე ეთქვა, მაშინაც კი ნისკარტმოღერებული აღტაცებით გაჰკაკანებდნენ: "დიდება უნეტარეს ივერიუსს, ჩვენს მშობელ მამას! დიდება მის ზემიწიერ სიბრძნეს!.."
გასაოცარია და ამგვარ ენკომიაში სოფელ საბურველოს კონფორმისტი სამთავრობო არწივებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, რომლებიც დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე, წელიწადში სამჯერ მაინც ფართომასშტაბიან ბენეფისს უწყობენ ხოლმე სულიერ ბელადს.
ნიშანდობლივია ისიც, რომ სოფელში მხოლოდ სამ "საუფლო" დღესასწაულს ზეიმობდნენ ხოლმე: 1)ივერიუსის ხორციელ შობას; 2)ივერიუსის ოქტავიანედ გამოცხადებას; 3)ივერიუსის წინადაპუტვას; სხვა, ყველა დღესასწაული, როგორც სულისათვის საზიანო, აკრძალულად გამოცხადდა საქათმის ორი უმსხვილესი ინსტანციის - სასირეთისა და ქათნოდის მიერ!
ივერიუსის მიერ საკუთარი ხალხის მიმართ დაწერილ ოფიციალურ წერილებს მეფისტოლე უწოდეს. მის დასაწერად, როგორც წესი, დიდი ხნით ადრე ციცარ რენას კარზე იკრიბებიან ხოლმე მისივე რჩეული შეგირდები: კაკაბა, კიკეთა, გიჟუა, ყვავგუნია და სხვადასხვა მონასპაელები.
მსხვილბიბილოვანთაგან, მაინც ყველაზე გამორჩეული მეხოტბე იყო პათეთიკოსი დათუა, რომელიც საქათმის ბელადმა მთელი მისი მამალპოლიტობის პერიოდი სულ თავისთან ამყოფა (საბელადო სახლში), რომელსაც ყველაზე საპატიო ფუნქცია - დაცემინებისას მხარზე ხელის მოთათუნება და ხმამაღალი შეძახილი - "ხეირი და დღეგრძელობა, თქვენო უმამლესობავ!", ევალებოდა, რასაც, ის უშეცდომოდ და ყველაზე საუკეთესოდ ასრულებდა კიდეც.
***
სოფელში, საქათმის მრევლში მყოფ მორწმუნეთათვის, მარხვის პერიოდში მხოლოდ ორი ღვაწლის აღსრულება იყო სავალდებულო: 1)დილას-საღამოს უნეტარეს ივერიუს ოქტავიანეს ბიოგრაფიის წაკითხვა; 2)პრინციპით - "თუკი ღმერთი არსებობს", მის მიერ ისევ და ისევ დიდი ბელადის, მამლისა ჩვენისა ივერიუსის დღეგრძელობისათვის ლოცვა; ასევე, ხსნილში თუ მარხვაში, ჭირში თუ ლხინში - პირველ სადღეგრძელოდ აუცილებლად უნდა შეესვათ ყველაზე წმინდა არსების, იმავე უმამლესისა და უდედლესის, სრულიად სოფლის ბელად-ბატონის, დიდი ოქტავიანე ივერიუსის სადიდებელი.
***
მამალთა ქათნოდში ბევრი იყო ისეთი, ვინც დეზებიანი მსახურებისთვის შეუფერებელ საქმიანობას ეწეოდა. ერთ-ერთი ასეთი ქვაბავაზაკი გახლდათ ქორვაჭარი ბაღდათა, მეტსახელად "განაბი". იგი არაერთ სკინტლგადამამუშავებელ კომპანიას, ბუმბულის გასაყიდ დახლებს, რამდენიმე ფეშენებელურ ქანდარას, საპეპლაო ქოხსა და კვერცხების დასადებ ფერმას ფლობდა პირად საკუთრებაში. თან სულ მუდამ უკმაყოფილო იყო და თუკი ვინმე ამხელდა, იქით ქოქოლას აყრიდა და გაჰკიოდა - "რას გვაყვედრით ეს სოფლის გედები ამ სახელოვან ქათმებს, თითო სულზე, რომ სულ რაღაც 59 ცალი ხორბლის მარცვალი გვერგება, იმასო?!"
***
ქათნოდში ასევე ჰყავდათ ერთი უცნაური, ჩამოუყალიბებელი და ქათმის ქურქში გახვეული ბიზონი, ამბიციური დამკოდველი, წოდებით ეგეც ბიბილოპოლიტი, რომელიც აგრეთვე საბურველოს სახელოვან საქათმეში "მოღვაწეობდა" და საკმარისი იყო ვინმე წიწილა ან ვარია გამოლაპარაკებოდა, გაცნობიდან მეორე დღესვე ბიზონის ბეწვით მოსავდა და ქათამ(მამალ)ზვნად ღკვეცდა. დიდი მავნებელი, მერყევი და აპოკალიპტიკოსი არსება იყო ეს ბიზონი, ყველგან ტყის ხანძარი ელანდებოდა და სულ მეხის ჩამოვარდნასა და გადაბუგვას წინასწარმეტყველებდა ხოლმე, რითაც სოფელში მუდმივად შიშის ქვეშ ჰყავდა მორწმუნე ფრინველები. თან სულ შარებში იყო, რადგან მისი ქათამ(მამალ)ზვნები ხან ხორბლისგან ჩუმად არაყს ხდიდნენ და მემთვრალეობაში ერთმანეთს სიმინდის ტარით სცემდნენ, ხან ნისკარტებით თავპირს კორტნიდნენ, ხან სკინტლის წილებზე დაობდნენ, ხან კიდევ მეზობელ ფერმებში დაძვრებოდნენ და შეღინღლულ დედლუკებთან დაპეპლაობდნენ, რის გამოც მის მაღალბიბილობას მათთვის გულმკერდა ბუმბულის ახსნა უწევდა ხოლმე. თუმცა მაინც ვერ სწავლობდა ჭკუას რადიკალი ბიზონი და საქათმეს - საქათმეზე ხსნიდა სოფელში და ვინ იყო მომკითხავი?! საუბედუროდ არც არავინ!
/გაგრძელება იქნება/
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი
ნანახია: (1699)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას