logo.png
George Tiginashvili

ბოლო ჟამის საქათმე
(ნაწილი I)

იყო ერთი მრავალჭირნახული სოფელი, სახელად საბურველო. მის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტულ და ძირძველ საქათმეში ყველასგან განსხვავებული და უარყოფითი ნიშნით უნიკალური ჯიშის ქათმები ცხოვრობდნენ. მათ ჰქონდათ კორპორატიული სექტის მაგვარი რელიგიური ორგანიზაცია. ისინი ფანატიკურად რიტუალურები და პროფესიით შარლატანი მაგები იყვნენ. გაგონილი ჰქონდათ, რომ პატივის, ფუფუნების, მეზობლის წიწილებისა და სიმინდის დასათრევად, საჭირო იყო ეთქვათ, რომ მათი "ღმერთი ცოცხალი ზეარსია" და რომ მხოლოდ მათ კუზიან ჰიბრიდს, ანუ "უნეტარეს ბელადს", სახელად "ივერიუს ოქტავიანეს" - აქვს პირდაპირი და ექსკლუზიური კავშირი უზენაესთან, რაზედაც ე.წ. მისიონერი ექსტრასენსების ჯგუფს აკაკანებდნენ ხოლმე სხვადასხვა ორღობეში. მქადაგებელ "სწავლულებში" შედიოდნენ ორი კატეგორიის მოკაკანენი: მსხვილბიბილოვან მეხოტბეთა და წვრილბიბილოვან ქლესათა გვარდიის გამორჩეული ფალავნები. ტიბიკონში რამდენიმე უცნაური წესი ჰქონდათ. მაგალითად: ყოველდღე, ხშირი ინტენსივობით პეპლაობდნენ, მაგრამ კვერცხს არასდროს არ დებდნენ; თან ორსქესიანი ჰერმაფროდიტები იყვნენ და რაოდენობრივად, მხოლოდ ტყის ქათმებიდან შევსებული თაობებით მრავლდებოდნენ; მუდმივად გადიოდნენ გზებზე, ყველასგან ხორბალს მათხოვრობდნენ და მოტყუებით დაჭერილ სხვის ღაბუა წიწილებს დაუნდობლად ეალერსებოდნენ; სადაც კენკავდნენ - იქვე სკლინტლავდნენ და მიღებულ საკვებზე გაცილებით მეტ ფეკალიას შვრებოდნენ, რითაც მსოფლიო ფერმების გაოცებას იწვევდნენ. თან საშინლად ყარდნენ და არ იმჩნევდნენ, და როცა გარშემო მცხოვრები მოწესრიგებული, პატიოსანი თუ ინტელექტუალი გედები მათი უსიამოვნო სუნის გამო წუხდნენ და ამას საჯაროდ აპროტესტებდნენ, მთელი სოფლის მკვიდრი საქათმეთი ერთსულოვანი აგრესიით ჩიოდა ქანდარაზე შემოსკუპებით და აცხადებდა, რომ "გედები უღმერთოები არიან, ისინი გარეშე და მტრულად განწყობილი არასაფერმო ფრინველების დაკვეთას ასრულებენ, არ აფასებენ შეუვალ ავტორიტეტსა და კუზიან ჰიბრიდ - ივერიუს ოქტავიანეს და სიმყრალეზე ხმებს კარგი აუზებისა თუ ძვირფასი თევზეულის მიღების სანაცვლოდ ავრცელებდნენ"! არადა გედების ინტერესი მხოლოდ სუფთა ჰაერი, სანიტარია და ჰიგიენა იყო, მაგრამ ბიბილოვან პრიმიტივებს, სინდისის მისაძინებლად, ასე სჭირდებოდათ და ასე კაკან-ყიოდნენ!

საქათმეში ასევე ამაზონის ჯუნგლებიდან მოქცეული, მამლის ქურქში გახვეული აგრესიული ნიანგიც ჰყავდათ, რომელსაც უშუალოდ "ცოცხალი წმინდანის" ქანდარაზე -ქორვაჭრისა და დამმუქრებელის თანამდებობა ეკავა, რომელიც მზის დარტყმით გაბრუებულ მდგომარეობაში დაკარგა, როცა არაფხიზელმა, უკვე მერამდენედ საკუთარი განავალის ჭამა დაიწყო.

* * *
ივერიუსი, სინამდვილეში ადგილობრივი წარმოშობისა არ იყო. წიწილობის პერიოდი ალპურ და გლაციალურ მხარეში - ძაუგ-გომორში გაატარა, ხოლო ვარიობისას უკვე დათვების დიდ და კომფორტულ ჩრდილო-ზოოპარკში გაგზავნეს კაკან-ყივილობის სასწავლებლად. დათვები იქიდან ისე არავის უშვებდნენ, ვინც გადედლებასა და ყივილის - კაკანად გადაქცევას არ დათანხმდებოდა და ფრთებზე К-არგა Г-ეურად Б-ობოლა ვარსკვლავებს არ დაირტყამდა. რაღა თქმა უნდა უარის მთქმელს ბელადის კარიერა არ ეღირსებოდა. ივერიუსმაც სიამოვნებით განვლო "ვარსკვლავური" საფეხურები და დათვთა პოლიტ-ბიუროს ხელდასხმითა და Ц-ელქი К-ურტიზნების ხელშეწყობით ოქტავიანედ დაინიშნა. ცხადია, ყივილობიდან - კაკანობამდე გადაგვარებულს, სხვისი ღირსება და ყივილი შეძულდა და სუფთა მამლების "დასაკლავად ჩამოწერა" კრედოდ გაიხადა. ამასთან, იგი ვერ იტანდა თავისუფალ და ნიჭიერ მამლებს და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ "ბიბილოსნული ომებით" ისინი მოესპო. ზოგი პატარა გალიებში ჩაასმევინა, ზოგსაც კი მთავრობის, ანუ არწივების მეშვეობით, ჩახოხბილში უკრა თავი. ყველაფერთან ერთად, მის სიმტკიცეს, დათვების მიერ ჩანერგილი, ერთი რუხი და გრძნეული ასისტენტი - ციცარი, სახელად "რენა" ამაგრებდა, რომელსაც ბევრ მამალზე უფრო მსხვილი და წვეტიანი დეზები ჰქონდა და ჯადოქრობის არაერთი რიტუალიც მაღალ დონეზე იცოდა. თანაც, არ ერიდებოდა მსხვილბიბილოვანი ელიტის, ანუ ე.წ. წმინდა საქათმიროს წევრთა დაპეპვლასა და დაჩიავებას! დედადედოფალ რენას ასევე ჰყავდა უსიტყვო მორჩილთა "ოქროს სპა", სადაც წვრილბიბილოვან და გონებადაქვეითებულ ქათმუკებს წარმატებით ამუნათებდა და მიუხედავად მათი ბერწობისა, საჭიროების შემთხვევაში, კვერცხებსაც კი სასწაულებრივად ადებინებდა.

დათვებმა იგრძნეს, რომ უნეტარესი ივერიუსი მობერდა და ზოოპარკიდან თეთრტოროსანი დათვოპოლიტი გაუგზავნეს დირექტივის გადასაცემად, რომელმაც ლამაზად შებუმბლული, მაგრამ ყველაზე სუსტი და უუნარო, გაურკვეველი ხორხის მქონე ყინწას (ყივის თუ კაკანებს - კაცმა არ იცის!), თავის დროზე დათვებში მაუგლივით გაზრდილი და ერთგულების ნიშნად დეზებდაჭრილი მამლის - ჩანთოსანი ხვითოს მოქანდარედ დადგინება დაავალეს, რაც უსიტყვოდ შეასრულა კიდეც ხანდაზმულმა ლიდერმა.

ივერიუსზე დამატებით უნდა ითქვას, რომ საქათმეში თითქმის ყველას სჯობნიდა განათლების დონით, მას ხომ ცხოვრების მანძილზე 4 წიგნი ჰქონდა წაკითხული, რომელნიც 4 დეკადაზე გადაანაწილა საქადაგებლად და როცა მეხუთე ათწლეულის გზას დაადგა, რესურსი აღარ ეყო და "გამოცხადებებსა და ხილვებზე" გადავიდა. მისივე სიზმრების წიგნს კი, რომელიც მსხვილბიბილო თამადა დათუამ გამოსცა, "ნიბლია" დაარქვეს.

ბოლო ჟამის ბუნაგში ყველამ ყველაფერი იცოდა ივერიუს ოქტავიანეს დაცემულ ზნესა და ხასიათზე, თუმცა თითქმის არავინ იტკიებდა აუტკივარ ბიბილოს და უკვერცხო კაკანი ერჩივნათ - კვერცხიან ყივილს, მით უფრო იმ ფონზე, როცა ელიტურობის გამო ფერმის ბიუჯეტიდან უამრავი დასახელების მარცვლეული, სასკინტლ-საპეპლო ტერიტორიები და შეუზღუდავად კრიახის უფლება ჰქონდათ, თანაც, დაუკვლელობის პირობით.

დღეში შვიდგზის, 83-ე ფსალმუნის მე-4 მუხლის სიტყვებით ლოცულობდნენ მხოლოდ: "რამეთუ სირმანცა პოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო".

***
საქათმეში იყო ცალკე ორგანო, რომელსაც ძველქართული სახელწოდება "სასირეთი" ერქვა, რომელიც სიტყვა "ფრინველის" (ძვ.ქართ. "სირი") ადრეული შესატყვისია. ამ სტრუქტურას ევალებოდა ბელადის განდიდებისათვის ყოველდღიური მითების, ლეგენდებისა და თქმულებების გავრცელება სოფელში. ისინი ასევე ითავსებდნენ "მეამბოხე მამალთა" სადამსჯელო ფუნქციებს, ანუ მათთვის ფრთების დაჭრას, განმამლებას (საქათმის კორპორაციიდან განყენება), განკვლას (განკვეთას) და ა.შ. აღნიშნულ დაწესებულებაში ყველაზე საპატიო ადგილი ეკავათ შემდეგ ბიბილოსნებს: მსხვილთაგან - მასხარა ფაჩუას; თამადა დათუას; განაბა ბაღდათას, ველურა სწიოპას; მაგნატა საბუას; ჭუასა და სხვ. ხოლო წვრილთაგან - კეკელკას, კიკეთას; გიჟუას; პოეტ თევდორასა და სხვ.

ვინც უფრო მჭერმეტყველურად და ჩაბჟირებით ეთაყვანებოდა მოხუც ჰიბრიდულ მამალს, ის აუცილებლად დაჯილდოვდებოდა ბელადის სარცხვინელიდან ამოპუტული, ფერადი ბუმბულის ტარების უფლებით და აყვანილი იქნებოდა ბიბილოზის ან ბიბილოპოლიტის ხარისხში (გააჩნია მსხვილებიდან იქნებოდა თუ წვრილებიდან).

/გაგრძელება იქნება/

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (2062)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას