logo.png

ყანჩები

Article main image

 

 „პუბლიკას“ ტექსტი სასულიერო პირმა მიაწოდა, რომელსაც ანონიმად დარჩენა სურს. ტექსტი ერთგვარი სატირაა დღეს საქართველოს ეკლესიაში არსებული ვითარების შესახებ. 

დიდი ცივილიზაციის, დიდი წარსულისა და დიდი მომავლის იმედის გარეშე, დამოუკიდებლად ერთი ქვეყანა არსებობდა. სხვებისთვის უცნობი იყო მათი არსებობა და არც ამ ქვეყნის მცხოვრებლები იყვნენ თავგამოდებული მაძიებლები ვინმესი გარესამყაროში. დარწმუნებული იყვნენ, რომ ყველაზე კარგები და ჭკვიანები იყვნენ ამქვეყნად. ამიტომაც არ იწუხებდნენ თავს ვინმეს ძებნით. საიხვეთი იყო ეს ქვეყანა და ყველა მისი მკვიდრი იხვი იყო. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ედარებოდნენ და ეჯიბრებოდნენ. სხვა შესადარებელი არც არავინ ჰყავდათ. აკი გითხარით, არავისთან კავშირი არ ჰქონდათ და არც მონათესავე ტომი ჰყავდათ ქვეყანაზე. არავინ იცის, რამდენი იხვი ცხოვრობდა ამ საიხვეთში, მაგრამ ის კი ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ისინი 3 კატეგორიად იყოფოდნენ: მცირე ნაწილი – გრძელნისკარტიანები; იმაზე მცირე – საშუალონისკარტიანები; ხოლო დანარჩენი – მოკლე ნისკარტიანები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უნისკარტო იხვები ამ საიხვეთში საერთოდ არ იყვნენ.

ამ საიხვეთში ყველა ფუნქცია არათანაბრად იყო განაწილებული. შესაბამისად – პასუხისმგებლობაც. გრძელნისკარტიანებს ევალებოდათ საიხვეთის თითქმის ყველა საკითხზე ზრუნვა, ეს იქნებოდა მეზობლებთან ბრძოლა თუ მშვიდობის ჩამოგდება; აგრეთვე, საიხვეთის შიდა საჭირბოროტო საკითხების მშვიდობიანად გადაჭრა. საშუალონისკარტიანი იხვების მისია არც მაშინ და არც ეხლა ვერავის გაეგო. არც არაფერი ევალებოდათ და არც არაფერს ივალებდნენ, მხოლოდ ხანდახან თუ რაიმე უკმაყოფილება წარმოიშობოდა საიხვეთში, ეს ყოველთვის მათგან მოდიოდა და შესაბამისად, უკმაყოფილების ტალღის ავანგარდშიც ეგენი გვევლინებოდნენ. რაც შეეხება მოკლენისკარტიანებს, მათი მოვალეობა შეიძლება ითქვას ძალზედ გამჭვირვალე იყო – მათ ევალებოდათ სრულ მორჩილებაში (ეს თვისება კი ყველაზე მაღალი ღირსების მატარებელი იყო საიხვეთში!) ყოფილიყვნენ გრძელ ნისკარტიანებთან. უპირობოდ, უდვიტვერნად შეესრულებინათ ყველა მათი ბრძანებები. მკაცრად იყვნენ გაფრთხილებული, არ აჰყოლოდნენ საშუალო ნისკარტიანებს, რომელთაც მათდა უნებლიეთ, თუმცა იშვიათად, უსიამოვნო შეკითხვები უჩნდებოდათ ხოლმე გრძელნისკარტიანებისადმი. ცხოვრობდნენ ასე ნეტარებასა და სიამტკბილობაში.

მათ ნეტარებას რომ პეწი არ დაჰკარგვოდა, საიხვეთში ნებადართული იყო თაღლითობა, სიცრუე, ორპირობა, ორგულობა და ყველაფერი ამგვარი. ძალზედ მიღებული იყო ერთმანეთის ქება, ერთმანეთს ყოველთვის გადაჭარბებით აქებდნენ. ამის გამო წყენას არავინ გამოხატავდა. მოკლედ რაკიღა არაფერს თავისი ფასი არ ედო, ყველაფერი ნებადართული იყო. ცხოვრობდნენ ასე ნეტარებასა და განცხრომაში. მხოლოდ ერთი რამ ადარდებდათ იხვებს, ერთადერთი რამ ვერ გაეგოთ, ყველას ყურს  სწვდებოდა თუ არა მათი განსაკუთრებულობის ამბავი.

მთავარი, მთავარი არ გამომრჩეს, ამ საიხვეთს მეთაურობდა ერთი ზემოდან გამორჩეული იხვი, რომელსაც ყველა ასსიხვად უხმობდა. თუკი გრძელნისკარტიანების საბჭო რაიმეს გადასწყვეტდა, ბოლო სიტყვას ასსიხვი ამბობდა. მისი სიტყვა კი ყოველთვის ზემოდან იყო და განსჯა-განკითხვას არ ექვემდებარებოდა. აკრძალული იყო საიხვეთში ასსიხვზე აუგის თქმა, მის ასსობაში ეჭვის შეტანა კი – დასჯადი. თუკი ვინმეს უნებურად მაინც წამოსცდებოდა მასზე ძვირი და აუგი, ამისათვის ჰყავდათ სპეციალურად გაწვრთნილი ჯგუფი, რომელთაც ნისკარტი ორივე მხრიდან ალესილი ჰქონდათ და იმდენს ურტყავდნენ ნისკარტს თავში, სანამ /ჭეშმარიტების აღიარებას/  არ მოიპოვებდნენ.

3 დიდ საუნჯეს ფლობდნენ იხვები, რომლებსაც ბელჯულარის ზარდახშაში ინახავდნენ, ეს უკანასკნელი კი საიხვეთის მთავარ საბჭოში ინახებოდა. სამივე საუნჯე სხვადასხვა ფერის ბუმბულში ჰქონდათ გახვეული, ერთმანეთში რომ არ არეოდათ. პირველი, რომელიც წინაპრებისგან ჰქონდათ გადმოცემული – წითელი ფერის ბუმბულში ჰქონდათ გახვეული; მეორე, რომელიც შემდგომში შეიძინეს – შავ ფერ ბუმბულში; და მესამე, რომელიც არც გადმოსცემიათ და არც შეუძენიათ. ეს იყო იხვების საფიცარი თუკი ვინმეში ეჭვი შეეპარებოდათ, ამ ზარდახშასთან მიიყვანდნენ და დააფიცებდნენ. იშვიათად ხდებოდა ასეთი რამ. იხვები თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ ამ ზარდახშას და მისი ხელშეუხებლობის გარანტი ასსიხვი იყო. მხოლოდ მას ჰქონდა უფლება, შესულიყო და დაეთვალიერებინა ბეჯულარის ზარდახშა და იმასაც ამბობენ, მას ზარდახშაზე ხელით შეხების უფლებაც ჰქონდაო!!! თუმცა იქვე იმასაც დასძენდნენ, ეს უფლება მისთვის არავის მიუნიჭებია და თვითნებურად დაიკანონაო. იმდენად პატივცემული იყო ასსიხვი იხვების მიერ, რომ მას შეეძლო კიდე მეტი უფლებები დაეკანონებინა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ამ ყველაფრიდან თავს იკავებდა. ამიტომაც იმსახურებდა თავისი ქვეშევრდომებისაგან ასეთ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველ მის სადიდებელ ტოზიკობისას მის პატივსაცემად ყველა იხვი თითო-თითო ბუმბულს გამოიგლეჯდა ხოლმე. მრავალ სასწაულს იქმოდა ასსიხვი, ზოგი ახსოვდათ ზოგიც ავიწყდებოდათ. ყველაფერისთვის რომ ერთად მოეყარათ თავი, საიხვეთის დიდმა საბჭომ ერთი საშუალონისკარტიანი იხვი გამოყო, რომ ყველა სასწაული აღერიცხა.

ერთხელ ასსიხვმა მთელი საიხვეთი დაიბარა მთავარ შესაკრებელში და ასეთი რამ გაანდო – მე ზუსტად აღარ მახსოვს ჩვენი და საინდაურეთის საზღვრი სად გადის და უნდა დავადგინოთო! მთელი საიხვეთი ოვაციებით შეხვდა მის გადაწყვეტილებას, ადგილზევე გამოარჩიეს რამდენიმე გამორჩეული გრძელნისკარტა იხვი, რათა დაემგზავრებინათ საინდაურეთის ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად. დანარჩენებმა კი ამ უდიდესი მამულიშვილური საქმის დაწყების  პატივსაცემად გადაწყვიტეს დიდი ტოზიკობა მოეწყოთ, რომელსაც ზუსტად ვხვდებით ასსიხვის სადიდებელი მოჰყვებოდა და თითო ბუმბულის გამოგლეჯვით დამთავრდებოდა. ყველაფერი როგორც ვივარაუდეთ, ისე ასრულდა.

ბუმბულის გამოგლეჯვა ახალი დამთავრებული ჰქონდათ, რომ მსტოვრები უკან დაბრუნდნენ და ვერცთუ სახარბიელო ამბავი ჩამოიტანეს საინდაურეთიდან. არც მეტი, არც ნაკლები, ინდაურები ომს უცხადებდნენ. დანაღვლიანდნენ იხვები, საამურმა ცხოვრებამ ომს გადააჩვია. სიტყვით კი მზად იყვნენ საბრძოლველად, მაგრამ საქმით – ვაგლახ! ვერ იყვნენ მომზადებული. თავის დროზე ბრძოლით სახელგანთქმული იხვები აღარაფრით წააგავდნენ თავიანთ წინაპრებს, გასუქებული, დამრგვალებული სუფრას უფრო უხდებოდნენ, ვიდრე ომის ველს.

რა ძალა გვედგაო! – წამოიძახა ერთმა იხვმა. ძალზედ განარისხა ამ სიტყვებმა ასსიხვი და მერე მისი საქვეშევრდომო. გულში ყველა შიშს გრძნობდა მოახლოვებულ ომისა, მაგრამ როგორც სჩვეოდათ, ერთმანეთს ვერ ენახვებოდნენ შეშინებულები. ამიტომ, ყველა ცდილობდა, ხმამაღლა ეყაყანა. არც სპეციალური ჯგუფის გამოძახება დავიწყებიათ. სხვათა შორის, ყველა ერთად თხოულობდა შეორგულებული იხვის დასჯას. მათაც არ დააყოვნეს და იმდენი ურტყეს თავში შერისხულ იხვს, სანამ კეთილმოწესედ არ მოიყარა.

მგზნებარე სიტყვით გამოვიდა ასსიხვი. სიღრმისეული, სიბრძნისეული გამოსვლა ეხერხებოდა, შეახსენა ყველას, რა საფრთხე ემუქრებოდა მათ საუნჯეებს. ისაუბრა იმ განუსაზღვრელ დამსახურებაზე, რომელიც მათ წინაპრებს ჰქონდათ გაწეული მათ დასაცავად. ამ საუბარში იყო ასსიხვი, რომ დიდი ხმაური და ყიჟინი შემოესმათ. როდესაც გამოერკვნენ, ნახეს, რომ მთელი საიხვეთი ინდაურებს ალყაში მოექციათ, ინდაურებს ბიბილო მარცხნივ მოეგდოთ (ასე იცოდნენ, როდესაც მოგებას აპირებდნენ). ყველა მათგანს პიქუში გამოხედვა ჰქონდა, აშკარად ემჩნეოდათ, რომ კეთილი ზრახვით არ იყვნენ მოსული.

იხვებში დიდი ჩოჩქოლი ატყდა. ვერ წარმოედგინათ, ამდენი დრო თუ გასულიყო. ყველამ იქით დაიწყო ცქერა, საიდანაც ცოტა ხნის წინ ასსიხვი ასე მგზნებარე სიტყვით მოუწოდებდა, მაგრამ ასსიხვი იქ ვეღარ დაინახეს. ამ დროს წინ წამოდგა ინდაურების ბელადი, ჩიჩახვი წინ წამოეწია და სხვებისგან განსხვავებით ბიბილოც ზემოთ შეემართა. ეჭვს არაფერი იწვევდა, რომ სწორედ ის იყო ბელადი. წინ წამოწევისას დიდი დეზებიც შემოჰკრა ერთმანეთს იმის ნიშნად, რომ დანდობას არ ექნებოდა ადგილი. მისმა ამ მოქმედებამ კი მეტი ზარი დასცა იხვებს რომელთაც ყოველგვარი სურვილი დაჰკარგოდათ წინააღმდეგობის გაწევისა.

„მოვსულვართ!” – შესძახა ყველასთვის გასაგებ ენაზე. აჩოჩქოლდნენ იხვები, არ იყვნენ ნაჩვევი პასუხის გაცემას. ამას ყოველთვის ასსიხვი აკეთებდა, აღარ იყო ასსიხვი მათთან! მაინც შეიკრიბნენ სათათბიროდ იქნებ რომელიმეს გაებედა და ეპასუხა ინდაურების ბელადისთვის.

იხვებო! წინააღმდეგობის გაწევა არც გაბედოთ! არ არის ეგ თქვენი საქმე!  თქვენი საქმე ტოზიკობაა! – ისევ გაისმა ინდაურების ბელადის მჭექარე ხმა. დაგვნებდით! არ გირჩევთ ჩვენთან ბრძოლას! ნაჩვევი არა ხართ ამას. ხომ ხედავთ, რა ბრძენი ასსი გყავთ?! დაუჯერეთ მას! დიდი მაგალითი მოგცათ თქვენ! ყველამ შენიშნა, რომ ბოლო წინადადება ბელადმა ცინიზმით წარმოთქვა, რაზედაც წინა რიგებში მდგომი იხვები შეეცადნენ, სახეზე შეშფოთება შემჩნეოდათ. თუ გინდათ, რომ უვნებელად დაგტოვოთ, გახსენით თქვენი ბელჯულარის ზარდახშა და წითელ ბუმბულში გახვეული საუნჯე (საიდან იცოდა?!) გადმოგვეცით. თქვენ დიდი ხანია აღარა ხართ ღირსები მისი პყრობის! გაძლევთ მოსაფიქრებელ ცოტა დროს!

გაიხარეს იხვებმა ინდაურების ბელადმა მათ მოსაფიქრებლად ცოტა დრო რომ მისცა, თუმცა ფიქრს საერთოდ არ აპირებდნენ. ორი გრძელნისკარტა ასსიხვის მრჩეველი იხვი გააგზავნეს ასსიხვის მოსაძებნად, რადგან მხოლოდ ის ფლობდა ბელჯულარის ზარდახშის გასაღებს. იმაზე ცოტა დრო დასჭირდათ ასსიხვის მრჩევლებს საუნჯის მოსატანად, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.

ინდაურებმა წითელ ბუმბულში გახვეული საუნჯე დააბრძანეს თავიანთვე ჩამოტანილ ხალიჩაზე ერთი ყიჟინა დასცეს და გაფხორილები გაემართნენ საინდაურეთისაკენ.

კარგა ხანს ასე იდგნენ იხვები გაშეშებული. ვერ გარკვეულიყვნენ, რა მოხდა. აზრზე რომ მოვიდნენ, პირველი რაც დაინახეს, ის იყო, რომ ასსიხვი ისევ მათთან იდგა, ისევ იმ ადგილზე, სადაც უწინ.

ერთმა საშუალონისკარტიანმა იხვმა ასსიხვი რომ დაინახა, უნებურად წამოიძახა: წეღან აქ არ იყავიო! განრისხდნენ იხვები და სპეციალური ჯგუფი გამოიძახეს ამ იხვისთვის ენის დასამოკლებლად.

ასსიხვმა გახსნა პირი: მე თქვენთანა ვარ, ყველაფერი კარგად იქნება! დიდი სიხარული გამოიწვია ამ სიტყვებმა იხვებში და აქედანვე მზადებას შეუდგნენ საღამოს ტოზიკობისთვის.

საღამოს ნადიმი გაიმართა. მოიწვიეს მგოსნები, რომლებიც ბალადებს დამღეროდნენ, იხსენებდნენ მამაც წინაპრებს, აქებდნენ და ადიდებდნენ ასსიხვს. განსაკუთრებულად ხაზს უსმევდნენ მის ბრძნულ მოქმედებებს, განსაკუთრებით კი ბოლო დროს ჩადენილს, ინდაურების თავდასხმის დროს. ამბობდნენ – ზოგმა განიზრახა ფარულად მისთვის მიებაძაო! თუმცა დიდ იმედს არ ამყარებდნენ თავიათ თავზე. ალბათ ხვდებოდნენ რომ ასეთი რამ მხოლოდ რჩეულების ხვედრია! ტოზიკობის ბოლოს ერთხმად გადაწყვიტეს ასსიხვისთვის მიენიჭებინათ წოდება: ბრძენი. მის სრულყოფილებას სულ ცოტა აკლდა, ამის საფუძველს კი ის ჰქმნიდა, რომ ვიღაცას ყური უკიდნია, ინდაურების ბელადს როგორ ჩაულაპარაკია წასვლის წინ: ერთი ბრტყელნისკარტიანები არ მფარველობდნენ ამათ, დანარჩენებსაც წავართმევდითო!

ცხოვრობდნენ ერთხანს იხვები მშვიდად. თურმე ეს ერთი ხანი სხვებს ერთი წელი ეგონათ, მაგრამ იხვებისთვის უფრო გრძელი დრო იყო. დღე დღეს მისდევდა და წელიწადი – წელიწადს. არავინ ამათ არ აწუხებდა და არავის ესენი არ აწუხებდნენ. მაგრამ მოგეხსენებათ, რა მოსაწყენია ერთფეროვანი ცხოვრება და სულზე მოუსწრო საიხვეთს შემზარავმა ამბავმა. ხმა დაირხა ბატები დიდ სამზადისში არიან თავდასასხმელადო! ყველამ იცოდა, რომ ბატები ძალზედ თვინიერნი და მშვიდობის მოყვარენი იყვნენ, მაგრამ როგორც თქვეს, ერთ მოგზაურ ინდაურს შეუვლია უკანა გზაზე ბატებთან და გაუქეზებია – წადით, იხვებს წაართვით რამე, არაფერი გჭირდებათო?! ჭკუაში დასჯდომიათ ბატებს – ზედმეტი ვის მოსჭარბებიაო. თათბირი დაუწყიათ და მათ ხელმძღვანელობას გადაუწყვეტია, ეს საქმე დასახანებელი არ არისო. როგორც მოგეხსენებათ, ასეთი შემზარავი ამბები მალე ვრცელდება ქვეყანაზე და საიხვეთამდეც მალე მიუღწევია. რა უნდათ ბატებს ჩვენგანო! – გაკვირვებულებს უკითხავთ იხვებს. ზოგს კი არც დაუჯერებია. იხმო ასსიხვმა ნისკარტზე იხვი მთავარ შესაკრებელში. შეიქნა ერთი ბჭობა, ზოგს ღიმილიც ადგებოდა ნისკარტზე ბატების ნაბრძოლი არ გაიშვასო! გამოექანნენ რაც შეიძლება ზემოდანო! და კიდევ სხვა შეურაცხმყოფელი მიმართვები გაისმოდა ბატების მისამართით. საბრძოლო შტაბისთვის გამოყოფილი იქნა რამდენიმე საშუალონისკარტიანი იხვი და დასაზვერად გაიგზავნა. საბატეთში ისინი მალულად უნდა შეპარულიყვნენ. უნდა გაერკვიათ, რას გეგმავდნენ ბატები. დათქმულ დროს წარგზავნილმა იხვებმა მართლაც შეაღწიეს არა მარტო საბატეთში, არამედ ბატების მთავარ შტაბშიც. ყველაზე მეტად რაც გაუკვირდათ მზვერავ იხვებს, ის იყო, რომ მოთათბირე ბატების შტაბში ერთი საეჭვო შეხედულობის ბატი დაინახეს! თუ უკეთ დააკვირდებოდი, იხვადაც შეიძლებოდა ამოგეცნო! თან უბრალო ვინმე იხვი არა! იგი დიდი მონდომებით უხსნიდა ბატებს, როგორ უფრო გაუადვილდებოდათ იხვებზე თავდასხმა. ძალიან შეეჭვდნენ მზვერავი იხვები. უკან დაბრუნებულებმა ყველას გაუზიარეს, რაც ნახეს. არ დაუჯერეს მათ მოკლენისკარტა და გრძელსულოვანმა იხვებმა, მოგეჩვენებოდათო.

დათქმულ დროს ბატები შემოესივნენ საიხვეთს და პატარ-პატარა შეტაკებების მერე იხვებს შესთავაზეს, ნუ დაგვღლით ბრძოლით ბელჯულარის ზარდახშაში თეთრ ბუმბულში გახვეული საუნჯე რომ გაქვთ, ის მოგვეცით და ჩვენ გზაზე წავალთო! ყველამ ასსიხვს მიაპყრო ყურადღება. გააღო პირი ასსიხვმა: ბატები კარგ რამეს გვთავაზობენ, მივცეთ მათ თეთრ ბუმბულში გახვეული საუნჯე ეგ რაღაში გვჭირდებაო. მთავარია, მე ხომ თქვენთან ვარო! მთელმა საიხვეთმა შვებით ამოისუნთქა. ეტყობოდათ არც ისინი იყვნენ ბრძოლის ხალისზე და აღარც მეორე საუნჯე უღირდათ რამედ პირველის დამკარგავებს. სასწრაფოდ მოურბენინეს მეორე საუნჯე ბატებს, რომ აღარ გადაღლილიყვნენ. ბატებმა ყიყინ-ყიჟინი დასცეს, ზე წამოსწიეს ალაფი და მწყობრი ნაბიჯით საბატეთისკენ გაეშურნენ.

უფრო მეტი შვება იგრძნეს იხვებმა, ამ დღიდან უფრო უზრუნველები და უდარდელები შეიქნენ. დილით იწყებოდა ცეკვა-თამაში და ღამე გვიან მთავრდებოდა. ხანდახან ზოგიერთს აღმოხდებოდა ხოლმე რა საუნჯეები დავკარგეთო! ასე უბრალოდ არ უნდა დაგვეთმოო! ზოგი იმასაც ამბობდა, რაც დაგვრჩა ან ის რაში გვჭირდებაო. მერე ერთმანეთს აიმედებდნენ – მთავარია, ასსიხვი ჩვენთან არის და ყველაფერი კარგად იქნებაო. სანამ იხვები განცხრომაში იყვნენ და ერთმანეთს აიმედებდნენ, მაცნე მოიდა – ქათმები დაგვესხნენ თავსო! რამდენიმე იხვმა ყასიდად წამოიწია, ვითომ ბრძოლას აპირებდნენ. მაცნემ დაამშვიდა, ყველაფერი უკვე დამთავრდაო. ასსიხვმა კიდევ ერთხელ გადაგვარჩინაო, მესამე შავ ბუმბულში გახვეული საუნჯე მოუთხოვიათ და საზღვარზევე დაუხვედრებიაო!

ქათმებსაც უბრძოლველად მოპოვებული საუნჯესთვის დაუვლიათ ხელი და საქათმისკენ გაუქანებიათ.

მის შემდეგ ამბობენ, ოფიციალური შეკრებები ძალიან ნაკლებად ხდებოდაო საიხვეთში. მთავარი შესაკრებლის შესასვლელში თავღია ბელჯულარის ზარდახშა ეგდო და მსურველს ძირის ძირობამდე შეეძლო შეემოწმებინა, რომ შიგ აღარაფერი იყო, აღარც საპოვნელი და აღარც დასაკარგი.

დასასრულ, იხვებმა დიდი კრება გამართეს. ყველა სიტყვით გამოდიოდა, აღარავის ეშინოდა სიტყვით გამოსვლის (განსაკუთრებით საშუალონისკარტიანმა იხვებმა იგრძნეს შვება). ერთნი ამბობდნენ, თუ აღარაფერი პასუხისმგებლობა გვაქვს და ყველაფერი დავკარგეთ, ამის შემდეგ ყველაფრის უფლება გვაქვსო! მეორენი თავს იკავებდნენ, რაღაც შევქმნათ, რომ იმას ვცეთ თაყვანიო!

„იხვებო! რა ნისკარტები ჩამოგიშვიათ! მე ხომ თქვენთან ვარ! სანამ მე ვიქნები თქვენც იქნებით! მე რომ დავსრულდები, თქვენც დასრულდებით“. ამის გაგონებაზე იხვებმა სიხარულის ყიყინი დასცეს. ასსიხვის სადიდებელი აღავლინეს. ერთხმად გადაწყვიტეს, მისთვის წინა სახელი განევრცოთ და ბძენთა-ბრძენი ეწოდებინათ. როგორც სჩვეოდათ, ყველას უნდოდა მის პატივსაცემად თითო ბუმბული გამოეგლიჯა, მაგრამ, ყველასთვის სამწუხაროდ, მათ ბუმბული ტანზე აღარ შერჩენოდათ.

ნანახია: (1795)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას