logo.png

ღვთისმშობლის მიერ ჩადგმული ენით ამეტყველებული საღვთო წიგნები -

ექვთიმე ათონელის ხსოვნის დღე

 

ღირსმა მამამ, იოანემ, რომელსაც საერო მოღვაწეობის ჟამს მეფის ერთგული მრჩეველისა და სწორუპოვარი მხედართმთავრის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, ქრისტეს სიყვარულით მიატოვა წუთისოფელი და სამშობლოდან დაშორებით, ათონის წმიდა მთაზე სათნოებით მსახურებდა ღმერთს. უფლის განგებით იოანემ, ათონის მთაზე მოიყვანა თავისი ვაჟიც, მანამდე ბიზანტიის იმპერატორის კარზე მძევლობაგამოვლილი ექვთიმეც.

მაგრამ ყრმა ექვთიმე ათონზე მძაფრმა სენმა შეიპყრო და სიკვდილს მიეახლა, ისე, რომ აღარც სიტყვის თქმა შეეძლო და აღარც ხმის ამოღება. ღირსმა იოანემ დაკარგა მისი გადარჩენის იმედი, ჩავიდა ტაძარში და მხურვალე ცრემლებით ევედრა შეწევნას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. შემდეგ უხმო მღვდელს, რათა ამოსულიყო და ეზიარებინა მომაკვდავი, და თვითონაც სასწრაფოდ შვილის სენაკს მიაშურა.

გავაღე სენაკის კარი - იხსენებდა შემდგომში ბერი იოანე - და შევიგრძენი საკვირველი კეთილსურნელება, რამეთუ მოხედა სნეულს ღვთისმშობელმა და ვიხილე, ექვთიმე, მისი მადლით იჯდა საწოლზე მრთელი და უვნებელი. შეკრთა ჩემი გონება და ვკითხე მას:

- რა არის ეს, შვილო?

მან მომიგო: - ახლახან წარმომიდგა ვინმე დიდებული დედოფალი და მითხრა ქართული ენით: - რა არის, რა გტკივა, ექვთიმე?

ხოლო მე ვუთხარი: - ვკვდები, დედოფალო!

ეს რომ ვთქვი, მომიახლოვდა, მომკიდა ხელი და მითხრა:

- არავითარი ვნება შენთან აღარ იქნება, ადექი, ნუ გეშინია და ქართულად უნაკლოდ ილაპარაკე! ჰოდა, როგორც მხედავ, სრულებით არაფერი მტკივა“.

ამ ჟამამდე დიდხანს უცხოობაში ნამყოფი ექვთიმე ძნელად საუბრობდა ქართულად და იოანე ფრიად სწუხდა ამის გამო, ხოლო ამ დღის შემდეგ შეუწყვეტლივ, როგორც წყარო, ამოდიოდა მისი პირიდან ქართული სიტყვა, ყველა ქართველზე უფრო წმიდად.

მამამ აკურთხა საკუთარი ძე, შედგომოდა საღვთო წიგნების ბერძნული ენიდან ქართულზე თარგმნას:

- შვილო ჩემო, ქართლისა ქვეყანაი დიდად ნაკლულოვან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლიან და ვხედავ, რომ ღმერთსა მოუმადლებია შენთვის ნიჭი სიტყვისა. იღვაწე, რათა განამრავლო სასყიდელი შენი ღვთისაგან!

და ექვთიმეც, ქებული მამის ღირსეული შვილი, „ვითარცა იყო ყოველსავე ზედა მორჩილ, მოსწრაფედ შეუდგა ბრძანებასა მისსა და იწყო თარგმნად“.

ექვთიმე გრძნობდა ბიბლიის თითოეულ სიტყვას, როგორც ცოცხალ არსებას და ხედავდა მას სხვადასხვა სულიერ განზომილებაში, რადგანაც თვით ღვთისმშობლისაგან ჩანერგილი ღვთაებრივი ქართული ენით თარგმნიდა საღვთო წიგნებს და არწყულებდა ყოველთა ქართველთ ღვთაებრივი ღვინით.

 

ადმინისაგან

როდესაც ყრმა ექვთიმე უნაკლო ქართულით აამეტყველა დედა ღვთისმშობელმა და დღეს ამ ქართულით თარგმნილი საღვთისმეტყველო წერილობითი ძეგლებით ვსარგებლობთ, ყველა საფუძველია ვარაუდისათვის, რომ იმ დამწერლობის სრულქმნაში, რომლითაც შეიქმნა ეს წიგნები, შუძლებელია მონაწილეობა არ მიეღო თავად ყოვლადწმინდას, რადგან ჩვენს სამობით ანბანს: ასომთავრულს, ნუსხა-ხუცურს და მხედრულს, ვითარცა წმიდა სამებას, ერთი საიდუმლო განშტოება აქვს - ნუსხა-ხუცური, წმიდა წერილთა საკითხავი, ხოლო მხედრული ისე გამომდინარეობს ასომთავრულისაგან, როგორც ახალი აღთქმა - ძველისაგანსრულყოფილებით, სინატიფითა და მომჯადოებელი სილამაზით, ჩვენი ანბანი არცერთ მიწიერ ანბანს არა ჰგავს - შორს აღარ არის ის დრო, როდესაც ქართული სიძველენი გაამხელენ, რომ დედა ღვთისმშობლის ღვთაებრივი მადლის ნაყოფია იგი!

 

 

 

ნანახია: (1560)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას