logo.png

რევაზ ჭკადუა 

სტალინი - საქართველოს ჯალათი

 

1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ეროვნულ ძალებთან დაუნდობელი სისხლიანი ანგარიშსწორების პარალელურად, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ქართული სახელმწიფოს უდიდესი მასშტაბის ძარცვა-რბევა. ამის მოთავეები  კი იყვნენ მსოფლიო პროლეტარიატის „გენიალური ბელადები“ ვ. ლენინი და ი.სტალინი. რუსი ოკუპანტების მიერ დაღვრილი ქართული სისხლი ჯერ კიდევ მიწას არ შეშრობოდა, როდესაც ლენინი სასწრაფოდ ავალდებულებდა თავის ემისრებს საქართველოდან რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით გაეგზავნათ ნაძარცვი პეტროგრადსა და მოსკოვში. გავეცნოთ ორ ასეთ ტელეგრამას, რომლის ადრესატი იყო სერგო ორჯონიკიძე:

ტელეგრამა 1:

„გახსოვდეთ, რომ თქვენზეა დამოკიდებული პიტერის გადარჩენა“.

ტელეგრამა 2:

„მიიღეთ უაღრესად ენერგიული და რევოლუციური ზომები პურის, პურისა და პურის გამოსაგზავნად!!!“

(რ.ჭეიშვილი „რკინის ნარკომი“, თბ. 1992 წ. გვ. 78.)

რუსეთის იმპერია ყოველთვის დაინტერესებული იყო საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობით. ამ მხრივ საინტერესოა გავეცნოთ ლენინის  1921 წლის 14 დეკემბრის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, დაღესტნისა და მთის რესპუბლიკების სახელზე გამოგზავნილ წერილს, რომელშიც გაშიშვლებულია იმპერიალისტური რუსეთის მიზნები კავკასიის ქვეყნების მიმართ:

„...ეკონომიკურად რუსეთი მოწყვეტილი იყო და მნიშვნელოვნად ახლაც მოწყვეტილი რჩება მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნებისაგან. კავკასიას შეუძლია უფრო სწრაფად და უფრო ადვილად მოაგვაროს „თანაცხოვრება“ და საქონელგაცვლა  კაპიტალისტურ დასავლეთთან... ეკონომიკური მხრივ ყოველნაირი გაძლიერებით სწრაფად გამოვიყენოთ კაპიტალისტური დასავლეთის კონცესიები და საქონელგაცვლის პოლიტიკა:  ნავთი, მარგანეცი, ქვანახშირი (ტყვარჩელის მაღაროები), სპილენძი. ასეთია უდიდესი სამთამადნო სიმდიდრეთა არასრული სია. არის სრული შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაიშალოს კონცესიების პოლიტიკა და საქონელგაცვლა საზღვარგარეთ.“  აღნიშნულ ღონისძიებათა უსწრაფესად გატარებისათვის ვ. ლენინი რსფსრ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილეს  ა. ლეჟავას ავალებს: „საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთის საგარეო ვაჭრობის საფარი. ეს მოხერხებულია იტალიისათვის, გერმანიისათვისაც, ამერიკისთვისაც.

1.  გამონახეთ ჭკვიანი კაცი, რომ იქ გაგზავნოთ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატისაგან, რაც შეიძლება სწრაფად.

2. ამის შესახებ დაწვრილებით მოელაპარაკეთ სტალინს დღესვე.

 3. მომწერეთ ორიოდე სიტყვა, შედეგები.

4. საჭიროა ბათუმის გზით საგარეო ვაჭრობის გეგმა და ფონდი. საგარეო ვაჭრობის გეგმა არა გაქვთ. ტყუილ-უბრალოდ ჰყრით და ნებას აძლევთ გადაყარონ. ვიომებ თქვენთან. სურსათისა და სათბობისათვის 1921 წელს არც ერთი გროში მეტი. აი თქვენი ხაზი. შეადგინეთ გეგმა ამ ხაზის მიხედვით და ნუ აყვები „დაწოლასა“ და „გავლენას“ (ლ.თოიძე „25 თებერვლის შემდეგ“, თბ. 1990 წ. გვ. 6.).

            როგორც ვხედავთ, საქართველოსა და კავკასიის ქონების ერთპიროვნული განმგებელი უკვე კრემლი და ვ. ლენინია. იგი არად აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის კანონიერ ინტერესებს, ვის კუთვნილებასაც წარმოადგენს ნავთობი, მარგანეცი, ქვანახშირი და სპილენძის მაღაროები.

            როგორც მოყვანილი მასალიდან ირკვევა, საქართველო და კავკასია რუსეთს არამარტო ნედლეულის წყაროდ სჭირდება, არამედ მის სარეალიზაციოდაც. მკვლევარი ლ. თოიძის აზრით საქართველოს გასაბჭოების დაჩქარება გარკვეულწილად ამ მომენტითაც იყო განპირობებული.

1921 წლის 29 მარტს ლენინი კავკასიის ჟანდარმს გ. ორჯონიკიძეს სწერდა:

„მიიღეთ უაღრესად ენერგიული ზომები, რათა... რადაც არ უნდა დაჯდეს, მოხდეს პურის ჩამოტანა უცხოეთიდან საქართველოს კონცესიებზე, მარგანეცზე და სხვა გაცვლაზე. სწრაფად მიპასუხეთ. პოლიტბიუროს სახელით ვ. ლენინი“. მეორე დღეს, 30 მარტს ვ.ლენინი ისევ უგზავნის ტელეგრამას გ.ორჯონიკიძეს შემდეგი შინაარსით: „ ძალიან გთხოვთ, უაღრესად სერიოზული ყურადღება  მიაქციოთ გუშინ აღძრულ საქმეს საქართველოს კონცესიების შესახებ. საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ზოგიერთი კონცესია დადო. რაც შეიძლება მალე და ყოველნაირად შეეცადოთ, რომ დაიდოს ახლები, რათა კონცესიების სანაცვლოდ სურსათი ვიშოვოთ“ (ლ. თოიძე „25 თებერვლის შემდეგ“, თბ. 1990 წ. გვ. 4).

ლენინი ამჯერად არსად უთითებს, თუ ვისზე უნდა გაიცეს კონცესიებზე გაცვლილი პური და სურსათი. დარჩება ის საქართველოს მოსახლეობას თუ გადაიგზავნება რუსეთში?  ამ კითხვაზე ნაწილობრივ პასუხს სცემს 1921 წლის 5 აპრილით დათარიღებული ლენინის წერილი გ. ორჯონიკიძისადმი: „თქვენი პასუხი არასრული და ბუნდოვანია. გთხოვთ, შეიტყოთ დაწვრილებით საქართველოს რევკომისაგან: 1. დაუდასტურა თუ არა საქართველოს საბჭოთა მთავრობამ იტალიელებს კონცესია ტყვარჩელის მაღაროებზე, როდის, როგორია პირობები, გვაცნობეთ მოკლე ტელეგრაფია უფრო დაწვრილებით.

2. ჭიათურის მარგანეცის მაღაროების შესახებ: გადაიყვანეს თუ არა მესაკუთრე გერმანელები მოიჯარადეთა ან კონცესიონერთა მდგომარეობაზე, როდის, რა პირობებით. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ და ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებანი ძალიან სწრაფი იყოს. ამას გიგანტური მნიშვნელობა აქვს რუსეთისათვის, ვინაიდან კონცესიები, განსაკუთრებით იტალიასთან და გერმანიასთან, ისევე როგორც საქონლის გაცვლა ნავთობზე, უთუოდ დიდი მასშტაბითაა საჭირო ამ ქვეყნებთან, შემდეგ კი სხვებთან. გთხოვთ, მაცნობოთ ხოლმე საქართველოს რევკომის ღონისძიებათა შესახებ“ (ლ. თოიძე „25 თებერვლის შემდეგ“, თბ. 1990 წ. გვ. 5). ზემოთ გაცნობილი მასალიდან გამომდინარე, გამოდის, რომ ქართული წიაღისეული სიმდიდრეების კაპიტალისტურ ქვეყნებში გაცვლა სასურსათო საქონელზე დამშეული რუსეთისათვის, ლენინის თქმით „გიგანტური მნიშვნელობის ღონისძიებაა“.

            ქართული მოსახლეობის უპრეცედენტო ძარცვის ეპიზოდი გადმოცემულია გ. ორჯონიკიძისა და ლენინ-სტალინის მიმოწერებში. საქმე ეხება კრემლის იმპერიის ერთ-ერთ უდიდეს ფარსს. თბილისის აღებიდან 1 წლის თავზე რუსეთის კომპარტიის პოლიტბიურომ დაამტკიცა ქართული წითელი არმიის გაძლიერების შესახებ დადგენილება, რაც, ჩვენი აზრით, ცინიზმის უმაღლესი ფორმაა, ვინაიდან ამ დროისათის არანაირი ქართული წითელი არმია ბუნებაში არ არსებობდა. სწორედ ამ მიმოწერაში იკვეთება საქართველოს ძარცვის ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი. გავეცნოთ უცვლელად ამ დოკუმენტურ მასალას: „მოსკოვი, კრემლი, ამხ. ლენინს და სტალინს. თბილისი, 23/02/22. თქვენი წერილი საქართველოს არმიიის თაობაზე მივიღე. თქვენი დავალების შესრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ თანახმა იქნებოდით დაგეტოვებინათ ჩვენთვის 1 მილიონი ოქროს მანეთი, თანხა, რომელიც ცკ-ის დადგენილების თანახმად მოსკოვს უნდა გავგზავნო. ეს ჩვენ ყოველმხრივ უზრუნველგვყოფდა. ამ მილიონის წასაღებად უკვე ჩამოსული არიან. მოსკოვიდან მატერიალური დახმარება თუ არ გვექნა, ამოცანის შესრულება შეუძლებელია. გთხოვთ დღესვე მიპასუხოთ, თორემ მილიონი ხვალ უნდა გავგზავნო. 132 ორჯონიკიძე“.

მეორე დღეს, 24 თებერვალს ი. სტალინი გ. ორჯონიკიძეს ატყობინებდა, რომ: „ქართული წითელი არმიის მატერიალური უზრუნველყოფისათვის ოქრო სულაც არაა საჭირო. იგი დანიშნულებისამებრ გაგზავნეთ, ეს ჩემი პირადი აზრია, ოფიციალური პასუხი ხვალ იქნება, რადგან დღეს არ შემიძლია გუნება გავუფუჭო ამხანაგებს. სტალინი“. ნათლად ჩანს, რომ ი.სტალინი ძალზე მონდომებული იყო ქართული მოსახლეობის ძარცვით და ამ ნაძარცვის მოსკოვში გაგზავნით.

            რაც შეეხება საქართველოში არმიის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ვ. ლენინი გ. ორჯონიკიძეს 1921 წლის 29 მარტს ატყობინებდა: „ ჩვენ მივიღეთ ნარიმანოვის, ბუნიათ-ზადეს და სერებროვსკის სასოწარკვეთილი დეპეშა. ისინი სამართლიანად აღნიშნავენ, რომ სრულიად შეუძლებელია მე-11-ე არმიის დაბრუნება დამშეულ და გაძარცვულ აზერბაიჯანში. მიიღეთ უაღრესად ენერგიული ზომები, რათა ეს არმია დატოვებულ იქნეს საქართველოში..... პოლიტბიუროს დავალებით ლენინი“(ლენინი, თხზ. ტ. 45, გვ. 83-84).

            მე-11-ე არმიის შენახვა მოცემული პერიოდისათვის გაძარცვულ-გავერანებული საქართველოს მოსახლეობისათვის უდიდესი ეკონომიკური დარტყმა იყო. დამპყრობელი არმიის შენახვა ქართულ მოსახლეობას ძალზე ძვირი დაუჯდა.

ქართული წითლი არმიის შექმნის საკითხი  ჯერ კიდევ 1921 წლის ოკუპაციის მიმდინარეობის პერიოდში დაისვა. 1921 წლის 2 მარტს ლენინი ორჯონიკიძეს აცნობებდა: „ საჭიროა დაუყონებლივ შევაიარაღოთ მუშები და უღარიბესი გლეხები და ამნაირად შევქმნათ საქართველოს მტკიცე წითელი არმია. (ლენინი, თხზ. ტ. 32, გვ. 18).

აქვე გაგაცნობთ ლენინის კიდევ ერთ წერილს: „ საქმით რადაც უნდა დაჯდეს და დაუყონებლივ უნდა გავადიდოთ, გავაძლიეროთ საქართველოს წითელი არმია (თუმცა ჯერ იგი საერთოდ არ არსებობს რ. ჭ.) თავდაპირველად დაე იყოს ერთი ბრიგადა, თუნდაც უფრო ნაკლები, 2-3 ათასი წითელი კურსანტი, აქედან 1500 კომუნისტი, რომ კურსანტებს შეეძლოთ არმიად გაშლა, როცა ეს საჭრო გახდება. ეს აბსოლუტურად აუცილებელია. შესაძლოა, სტალინმა დაუმატოს უფრო ვრცლად შესრულების „სამხედრო-ტექნიკურ“ წესებზე. მე ვჯერდები საქმის პოლიტიკურ მხარეს. ამის შეუსრულებლობისათვის პარტიიდან გაგაგდებთ მოურიდებლად. ეს პოლიტიკურად აბსოლუტურად აუცილებელია, და როგორც თქვენ პირადად , ისე საქართველოს მთელი ცენტრალური კომიტეტი პასუხს აგებთ ამისთვის მთელი პარტიის წინაშე. ეს ეხება ამხ. სერგოსაც და საქართველოს ცენტრალური კომ. პარტიის რიგებსაც“. ი.ბ. სტალინის მინაწერი: „ ამხანაგ ლენინის ნათქვამს ვერაფერს დავუმატებ. ვფიქრობ, რომ სერგო და საქართველოს კომ. პარტიის ცენტრალური კომიტეტი მიხვდებიან ამხანაგ ლენინის წამოყენებული ღონისძების მთელ აუცილებლობას. რაც შეეხება საქმის „სამხედრო-ტექნიკურ“ მხარეს, თქვენ ეს ჩემზე და სხვა მოსკოველებზე უკეთ იცით. ი. სტალინი“ (ლენინი , თხზ. ტ. 33, გვ. 226-227).

გ. ორჯონიკიძის და ლენინ-სტალინის მიმოწერა სრული ფარსი აღმოჩნდა, რადგან საქართველოში წითელი არმია საერთოდ არ შექმნილა.

ქართული სახელმწიფოს ოკუპაციის შედგომ დღის წესრიგში დადგა ქართული ეკლესიის საკითხი, რომელიც ცხადია ვერ გადაურჩებოდა იმ  ვანდალურ ძარცვა-რბევას, რაც ქართულმა სახელმწიფომ და მოსახლეობამ განიცადა. გავეცნოთ ფაქტებს: „1922 წლის 2 ივნისიდან 15 ივნისამდე ახალქალაქის რაიონში დაკეტილ იქნა 57 ეკლესია, აქედან ყველაზე მეტი საქონელი ახალქალაქის ქართველთა ეკლესიიდან, საიდანაც გატანილ იქნა სხვადასხვა ძვირფასი ნივთები, თვით ხატებიდან დაწყებული შანდლებამდე“, „...ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს. თქვენი 43 310 მიმართვაზე ... გიდგენთ სიას ქ. თელავის ეკლესიიდან გამოტანილი ქონების და მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ ქონებას ექნა რეალიზაცია და შემოსული თანხა მოხმარდა მაზრაში განათლების დარგს, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებს“, „1923 წელს სურგულაძეს წაუღია თბილისში სარეალიზაციოთ 2ფუთამდე გადამდნარი ვერცხლი, 1 გირვანქამდე ოქრო, 800-მდე სხვადასხვა თვლები, ვერცხლის ფულები და სხვა. იმავე წლის 30 ნოემბერს მასვე წაუღია ჩამოსხმული ვერცხლი 5 ფუთამდე, ოქრო 2 გირვანქამდე, სხვადასხვა თვლები დაახლოებით 1000-მდე ცალი და ვერცხლი ფული 500 მანეთამდე“ (საქართველოს ოქტომბრის რევოლუციის არქივი, ფონდი 284, ამონაწერი 1, საქმე 215, გვ.11). ამავე პერიოდში საქართველოში დაიხურა 1200-მდე ეკლესია-მონასტერი, დაიხვრიტა და რეპრესირებულ იქნა ათასობით ღვთის მსახური. წამებაში ამოხადეს სული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ამბროსი ხელაიას.

როგორც ვხედავთ, საქართველოში რუსი ოკუპანტების ძარცვა საკუთრების ყველა ფორმას შეეხო. როგორც ლენინის დეპეშებიდან და წერილებიდან ირკვევა, ქართული ბუნებრივი სიმდიდრეების დაუფლება რუსეთის მეთაურმა საქართველოს ოკუპაციის პირველსავე დღეს დაიწყო. თბილისის დაპყრობისთანავე დაიწყო მაღაზიებისა და დუქნების ძარცვა. პირველი დახვრეტილი ადამიანიც სწორედ ამ წრიდან იყო. მაღაზიისათვის გადანახული დიდძალი საქონელი მას საკუთარ სახლში უპოვნეს და მარტის შუა რიცხვებში იგი დახვრიტეს ქალაქის ცენტრში „სახელმწიფოსათვის საბოტაჟის მოწყობის“ მოტივით. ამ პერიოდში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაიძარცვა ქართული სახელმწიფო ბანკები და საეკლესიო ქონება, ხოლო მთელ წიაღისეულ სიმდიდრეებს დაეუფლა რუსეთის იმპერია, რასაც ცენტრიდან ხელმძღვანელობდა ვ. ლენინი და ი. სტალინი, ადგილზე კი გ. ორჯონიკიძე.

დაპყრობილი ქვეყნების ძარცვა კრემლის იმპერიის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი. ამის დასტურია სრულიად საიდუმლო გრიფით კრემლის მიერ პოლონეთის „პრეზიდენტად“ დანიშნული ბ. ბერუტის (1947-1952 წწ.) კაბინეტში აღმოჩენილი დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია სახელმწიფო, რელიგიური და საზოგადოებრივ ურთიერთობათა მარეგულირებელი ყველა ის აუცილებელი პირობა, რითიც უნდა ეხელმძღვანელა დაპყრობილი სახელმწიფოს „მეთაურს“. მიგვაჩნია, რომ მსგავსი საიდუმლო დოკუმენტი საქართველოშიც ინახება, თუმცა ჯერჯერობით იგი არ არის გამოვლენილი. გავეცნოთ ამ საიდუმლო დოკუმენტის ზოგიერთ პარაგრაფს: „ განსაკუთრებული გულმოდგინებით თვალყური უნდა ედევნოს იმას, რომ ადგილობრივი პრესა არ ბეჭდავდეს ცნობებს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობისა და რა საქონელი გააქვთ ქვეყანაში (ე.ი. სსრკ-ში რ. ჭ.) . ამას არც საქონელგაცვლა უნდა ეწოდოს. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ პრესა ხაზს უსვამდეს შემოტანილი საქონლის ოდენობას (ე.ი. სსრკ-დან დაპყრობილ ქვეყანაში რ. ჭ.). ამასთან, აქვე უნდა მიეთითოს, რომ ეს ხდება ორმხრივი საქონელგაცვლის ფარგლებში“ (გაზეთი „სახალხო განათლება“, 29 /11/1990წ. ). მსგავს მოვლენას ადგილი ჰქონდა საქართველოში 1921 წლის მარტი-თებერვლის ოკუპაციის შემდგომ პერიოდშიც, რაც გადმოცემულია კ. შელიას წიგნში „საქართველოს კომპარტია სახალხო მეურნეობის აღდგენის პერიოდში“.

ახლა კი გავეცნოთ  საქართველოს ოკუპაციის შემდგომი პერიოდის კრემლის პროპაგანდისტულ მასალებს. გაზეთი „კომუნისტი“: „1921 წლის 1 მარტიდან 1 ოქტომბრამდე საბჭოთა საქართველომ რუსეთისაგან მიიღო 233, 655 ფუთი პურის პროდუქტები, 15 ვაგონი შაქარი, 600 ვაგონი მარილი, 720,000 არშინი ფართლეული“. „ძმური დახმარება“ - ასეთი სათაურით მოწინავე სტატია გამოუქვეყნებია გაზეთ „პრავდა გრუზიი“-ს, სადაც ვკითხულობთ: „.... ძმური დახმარება დამამტკიცებელი საბუთია მუშურ-გლეხური საქართველოსადმი რუსეთის პროლეტარიატის ძმური სიყვარულისა და უანგარო თავდადებისა....ამით ჩვენი რესპუბლიკა უსაზღვროდ უმადლის თავის რუს ამხანაგებს“. გარდა ამისა, მკვლევარი კ. შელია თავის საკმაოდ სქელტანიან წიგნში „საქართველოს კომუნისტური პარტია სახალხო მეურნეობის აღდგენს პერიოდში“ წერს, რომ პირადად ვ. ლენინის წინადადებით როსტოვიდან თბილისში გამოუგზავნიათ 100,000 ფუთი პურის ფქვილი. 1921 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთიდან უფასოდ გამოუგზავნიათ 40 ვაგონი ფქვილი დამატებით და იმავე პერიოდში  საქართველოში გამოუგზავნიათ 27 ვაგონი მანუფაქტურა“ (კ. შელია „საქართველოს კპ“... თბ. 1970 წ., გვ. 251-255).

 ზემოთ მოხმობილ მასალას თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ არა რუსეთი, არამედ საქართველო ყოფილა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში და საჭიროებდა მძლავრი, ეკონომიკურად განვითარებული რუსეთისაგან „ძმურ, პროლეტარულ დახმარებას“ და ამას იგი ყოველგვარი ანგარების გარეშე აკეთებდა. მაგრამ პროლეტარიატის ბელადებს დამშეული საქართველოსათვის და მისი კრიზისიდან გამოყვანისათვის ათობით ვაგონით 100,000-ობით ფუთი მარცვლეული და კვების მარაგი პროდუქტი გამოუგზავნია. საინტერესოა, სად არის აქ სიმართლე ან სად არის ტყუილი.

მსგავსი პროპაგანდისტული პოლიტიკა, ბუნებრივია, ძირს უთხრიდა ქართველი ხალხის ცნობიერებას და საფუძველს უმზადება ნაციონალურ ნიჰილიზმს, რომელმაც თავი იჩინა მომდევნო თაობებში.

 

ნანახია: (1589)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას