logo.png

      ასურელ მამათა მოციქულებრივი ღვაწლი საქართველოში

            

 

                                 ბრძანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა

 

       საკვირველი და ყოვლად ქებული ღირსი მამა იოანე ასურეთიდან იყო წარმოშობით.  მამა იოანეს ცხოვრების აღმწერელთაგან ადრიდანვე მხოლოდ ის გადმოგვეცა, რომ იგი წარმოშობით შუამდინარეთიდან, ანტიოქიის მიმდებარე ადგილებიდან იყო.

       მამა იოანემ გულმოდგინედ შეისწავლა საღმრთო წერილი და სულიერ მოძღვრებათა მთელ სიმდიდრეს საკუთარ გულში მოუყარა თავი. ასაკობრივ ზრდასთან ერთად მისი განსაკუთრებული სათნოებაც მატულობდა.

      სწავლა რომ სრულყო და ცოდნის დიდი მარაგი დააგროვა, მამა იოანემ საღმრთო მისწრაფებით მონაზვნური ცხოვრება აირჩია, თანაც  არა მხცოვანების, არამედ სიყმაწვილის ასაკშივე. სათნოებისათვის, სიმდაბლისათვის, ხორციელ ვნებათა დათმობისა და სულის სისპეტაკისათვის მამა იოანეს უფლისაგან ნათელხილვისა და ადამიანთა კურნების ნიჭი მიემადლა. იგი სნეულ ადამიანებს ორმაგად კურნავდასხეულებრივადაც და სულიერადაც. ბრმებს თვალის სინათლე ეძლეოდათ, სნეულთჯანმრთელობა და ეშმაკის მიერ ტანჯულთგანთავისუფლება. ასეთ საოცრებებს რომ ახდენდა მამა იოანე, ხალხი ყოველი მხრიდან მოდიოდა მის სანახავად და კურთხევის მისაღებად. ღვთისაგან მონიჭებულმა სასწაულთმოქმედების ძალამ მთელს ასურეთში სახელგანთქმული გახადა იგი.

        ამასობაში გამოხდა ხანი. ღირს მამა იოანეს სურვილი დაებადა დაეტოვებინა თავისი მოღვაწეობის ადგილი; კაცობრივი დიდების ასარიდებლად მამა იოანე უდაბნოში განვიდა თავის მოწაფეებთან ერთად და დროს გამუდმებულ მარხვაში, ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებდა. მათი ადგილსამყოფელი დიდხანს უცნობი იყო, ბევრს სურდა მიეგნო მისთვის, მაგრამ ვერ პოულობდნენ. მოწაფენი ფარულად მიდიოდნენ ქალაქში, თავიანთ ნახელავს ყიდდნენ და ასევე ფარულად ბრუნდებოდნენ. მათი საქმე, ისევე, როგორც მათი მოძღვრისა, განუწყვეტელი ლოცვავედრება იყო ღვთისადმი. ამას ასევე ხელსაქმე ენაცვლებოდა, ამ დროს ღვთისადმი მადლიერებას მდუმარედ გამოხატავდნენ, მაგრამ ღმერთს არ სურდა მამა იოანეს ცხოვრება და მოღვაწეობა დაფარული დარჩენილიყო, რადგან ანთებულ სანთელს ხვიმირის ქვეშ კი არა, სასანთლეზე დგამენ, რომ ყველაფერი გაანათოს. მამა იოანეს მაძიებლებსა და ნახვის მსურველთ ღმერთმა აპოვნინა იგი და, როგორც დაფარული საუნჯე, სულიერი გამდიდრების მსურველთ უბოძა; საღმრთო სურვილით აღძრულნი და წმიდა ბერის ყოველგან მაძიებელნი უიმედოდ არ დარჩენილან, საწადელს ეწივნენ, როდესაც, მრავალთა სასიკეთოდ, მამა იოანეს ადგილსამყოფელი გამჟღავნდა. მისი საუბრისა და მოძღვრების მოსასმენად კვლავ უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. მწოლიარე სნეულები ხელით მოჰყავდათ, ეშმაკთაგან შეპყრობილი და რომელიმე ვნებით ძლეული ადამიანები  რწმენით მიისწრაფოდნენ ღირსი მამისკენ და მისი ლოცვით სავსებით იკურნებოდნენ. უძლურებს მყისვე ძალა ეძლეოდათ.

        ნეტარმა მამა იოანემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაგან ბრძანება მიიღო, რათა თავის მოწაფეებთან ერთად მის წილხვედრ ქვეყანაში წასულიყო და იქ ეღვაწა ჭეშმარიტი რწმენის განმტკიცებისათვის. მას უნდა გამოერჩია თორმეტნი თავის მოწაფეთაგან, სიტყვითა და საქმით ძლიერნი, და მათთან ერთად წასულიყო ქართლში და ერი სარწმუნოებაში განემტკიცებინა. ეს ბრძანება იოანეს წმიდა ნინომ გამოუცხადა. მოძღვარმა ყველა მოწაფე გააფრთხილა, ათი დღე ლოცვასა და მარხვაში გაეტარებინათ, ღმერთს შევედრებოდნენმიენიშნებინა მათთვის, თუ რით დამთავრდებოდა ეს გამოცხადება.

     რადგან არავის ეთმობოდა მოძღვარი მოწაფეთაგან, იოანემ მიმართა მათ, ჩამოეწერათ თავიანთი სახელები და ტრაპეზზე დაედოთ, შემდეგ უფლისადმი ვედრებაში გაეთიათ ღამე და ღმერთის ნების გამოცხადებას დალოდებოდნენ. მეორე დღეს, ზიარების შემდეგ თვით უფლის ანგელოზის მეოხებით შეიტყვეს იმ მოწაფეთა სახელები, რომლებიც მოძღვარს უნდა ხლებოდნენ და, რომლებიც მომავალში საქართველოში განდიდდნენ თავიანთი იმ ზედწოდებებით, სადაც მკვიდრობდნენ: შიო მღვიმელი, დავით გარეჯელი, ანტონ მარტყოფელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, სტეფანე ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, ზენონ იყალთოელი და აბიბოს ნეკრესელი.

        მამა იოანემ უფალს იმიტომ მიანდო არჩევანი, რომ მისი გადაწყვეტილება ძმებს მიკერძოებად არ ჩაეთვალათ და ამის გამო არ შეწუხებულიყვნენ. იოანემ მოიყვანა დარჩენილი ძმები, რომლებიც ტიროდნენ და ევედრებოდნენ, ნუ გაგვყრით ესოდენ კეთილ მოძღვარსო, და უთხრა: შვილნო, შეუძლებელია წინ აღვუდგე ღვთის ნებას. დამემოწმებით, რომ იმ დღიდან, როდესაც გლახაკი იოანეს მოწაფეობა ინებეთ, მიკერძოებული არ ვყოფილვარ რომელიმე თქვენგანის მიმართ. მთელი გულით შეგიყვარეთ ყველა, ამაში თვით ქრისტე დამემოწმება. ახლა მას სურს, რომ თქვენ აქ სათნო-ეყოთ მას, ესენი კი იქ, სადაც იგი წარუძღვება. ნუ სწუხართ, სიხარულით დაემორჩილეთ მის ბრძანებასა და მოწოდებას, რათა მოწინააღმდეგენი არ აღმოჩნდეთ ღვთის ნებისა!”

      იოანე დიდი ლოცვა-ვედრებით მოუწოდებდა დაეცხროთ უზომო გოდება, წინამძღვრად და მასწავლებლად თავის ნაცვლად ექვთიმე დაუდგინა. აღაპყრო ხელები, დიდხანს ილოცა და უფალს შეავედრა თავისი სულიერი შვილები. ყველა მათგანი სათითაოდ აკურთხა, შემდეგ ყველა ერთად აკურთხა და დიდი ცრემლისღვრით გამოეთხოვა.

 

 

                                          საქართველოში ჩამოსვლა

 

        ღამით უფლის ანგელოზი გამოეცხადა საქართველოს მაშინდელ კათალიკოს ევლავიოზს. მან ამცნო ქვეყნის მწყემსმთავარს, რომ ღვთის დიდი სათნომყოფელი იოანე თავის მოწაფეებთან ერთად მოდიოდა შორი გზით წმინდა ნინოს მსგავსად ქართველთა განსამტკიცებლად რწმენაში და ბერმონაზვნობის დასამკვიდრებლად საქართველოში; სასურველ სტუმრებს ღირსეულად მიგებებოდა და გულისხმაეყო, რომ მათი დაფლეთილი და დაკონკილი ტანსაცმელი ღვთივსულიერებით შემკობილ ადამიანებს მოსავდა.

       მართლაც, ჭეშმარიტი ქრისტიანული გულითადობისა და მოყვასისადმი სიყვარულის გამოხატულება იყო აქამდის ერთმანეთისათვის უცნობ ღვთისმსახურთა შეხვედრა. იოანესა და მის თორმეტ მოწაფეს იმავე მისია ჰქონდათ ახლა  ღვთისმშობლის ხვედრი პატარა ქვეყნის მიმართ, როგორც, თავის დროზე, მაცხოვარსა და მის 12 მოწაფესმთელი ქვეყნიერების წინაშე. მათ მიერ აღსასრულებელ მოციქულებრივ ღვაწლზე ის ფაქტიც მეტყველებდა, რომ, როგორც სულიწმინდის გადმოსვლისას ამეტყველდნენ სხვადასხვა ენებზე მოციქულები, იმავე სულიწმინდის მადლით მიეცა იოანეს ქართულად მეტყველების უნარი და მან ყოვლად დაუბრკოლებლად დაიწყო საუბარი იმ ენაზე, რომელიც მანამდე არათუ ესწავლა, არც კი გაეგონა.  ვინც მაშინ იქ იყო და ეს საკვირველი სასწაული ესმა, ყველა გაოცებული და ზარდაცემული ადიდებდა საკვირველმოქმედ ღმერთს.

        კათალიკოსმა ნეტარ იოანეს ყველას გასაგონად უთხრა: უფალმა მაუწყა შენი მოსვლა, ვმადლობთ ღმერთს, რომელმაც შენი სიწმინდე მოავლინა, რათა მრავალ სულს წარუძღვე ღვთის შემეცნების გზაზე და ასწავლო ჭეშმარიტი ცხოვრება, რომელიც ცათა სასუფეველში მიიყვანს მათ”.

      წმიდა იოანემ კათალიკოსს თაყვანი სცა და მიუგო: წმიდაო მეუფეო, თავმდაბლობით ქრისტეს მსგავსო, ჩვენ, შენი მონები, ღმერთს ვმადლობთ, რომ ღირსი შევიქენით ასეთი კეთილი მწყემსისა, რომელსაც ყოველგვარ დაფარულს უცხადებს ღმერთი. მადლობა იმ დიდებულს, რომელმაც შენი სახის ხილვის ღირსი გაგვხადა! შენ უნდა წარგვიძღვე ჩვენ, შენს მონებს, ცხოვრების გზაზე. მე, უღირსი, ღვთის სრულ მადლს ვხედავ შენში: როდესაც შენი კურთხევის ღირსი შევიქენი, ჩემი ენა შენს ენაზე ამეტყველდა, გაიხსნა ჩემი სასმენელი, რათა შენი სიწმინდის ბრძანებები მესმოდეს, ჩემო მეუფეო”.

        ამის შემდეგ, წმიდა მამები ეკლესიისკენ გაემართნენ და იმ განმაცხოველებელი ადგილის წინაშე დაემხნენ, სადაც ღმერთის ნებით სასწაულებრივად აღიმართა დიდებული სვეტი. იგი ადამიანის ხელის ჩაურევლად ჰაერშია გაჩერებული ჩვენი მხსნელის, ქრისტეს კვართის ზემოთ.

       ასურელი ბერები ერთხანს კათალიკოსთან დარჩნენ. მათ ისე უყურებდნენ, როგორც ანგელოზებს. ყოველი მხრიდან მოდიოდნენ სხვადასხვა სენით შეპყრობილი ადამიანები, მყისვე იკურნებოდნენ და წმინდა სამების რწმენა უმტკიცდებოდათ. მთელი ქართლი ჰყვაოდა წმიდა მამათა მოძღვრებით. თვითონ მეფე და ქართლის დიდებულებიც მოვიდნენ კურთხევის მისაღებად და ნეტარი იოანეს სწავლებით განათლდნენ. ნეტარი მამები ღმერთს ევედრებოდნენ, გამოეცხადებინა მათთვის მათი სამკვიდრებელი ადგილი.

       ერთ დღეს იოანემ აღმოსავლეთით, ზადენის მთაზე უამრავი ეშმაკი დაინახა, ნისლს მიმსგავსებული ეშმაკები საოცრებებს სჩადიოდნენ. გაკვირვებულმა იოანემ მოწაფეებს უთხრა: შეხედეთ, რას იქმან ის უკეთურები! ეს იმიტომ, რომ მე ის ადგილი ჩემს სამყოფელად მომეწონა. ისინი ჩვენს დასანახად და შესაშინებლად შეკრებილან და საოცრებებს სჩადიან, მაგრამ ქრისტეს ძალი ჩვენი შემწე იქნება”. მერე ბოროტი სულებისკენ მიბრუნდა და უთხრა: “კურთხეულ იყოს უფალიმანდედან გაძევებულები სამკვიდრებელს ვერც სხვაგან იპოვით, სადაც კი გლახაკი იოანეს და მისი ძმების სახელები წარმოითქმება!”.

       მამები წმიდა კათალიკოსთან მივიდნენ და ის ტყიანი და კაცთაგან უვალი მთა სამკვიდრებლად ითხოვეს, ვიდრე ღვთის მადლი შემდგომ მითითებას მისცემდა. კათალიკოსმა უთხრა: წმინდაო მამანო, ის მთა ყოვლად უნუგეშო, ტყიანი და კაცთაგან უვალია. უწინ იქ მდგარა ზადენის ბილწი კერპი, რომელიც წმინდა ნინომ შემუსრა. ახლა როგორც მსმენია, მთა ბოროტი სულებით არის სავსე”. მამებმა უპასუხეს: წმიდაო მეუფეო, იყოს ნება ღვთისა, მდაბალ მონებს შენი წმიდა ლოცვა-კურთხევა შეგვაწიე და წარგვავლინე!” რაკი აღარ დაიშალეს, კათალიკოსმა მამებს კურთხევა მისცა და წარგზავნა.

       ასურელ მამათა ღვთივმოვლინებულობას, ქართულ ენაზე ამეტყველების გარდა, იმითაც უნდა მიმხვდარიყვნენ დამხვდურნი, რომ მათ თვალწინ მოხდა უფლის კიდევ ერთი დიდი სასწაული:

       როდესაც ასურელმა მამებმა დასამკვიდრებლად ზადენის მთაზე დააპირეს წასვლა, ადიდებული იყო არაგვი და მასპინძლები აყოვნებდნენ სტუმრებს, რადგან შეუძლებლად მიაჩნდათ მდინარის გადალახვა. მაშინ იოანემ მიმართა შიოს, ელოცა, რათა ღმერთს უვნებლად გადაეყვანა ისინი. შიომ ბრძანებისამებრ მორჩილად მოიდრიკა სამგზის მუხლი, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეულმა, ჯვარი გადასახა მდინარეს და წარმოთქვა: ,,მამაი ჩვენი იოანე გიბრძანებს წყალო, რათა დაეყენნე სვლისაგან, ვიდრემდის წიაღ ვიდეთ იმერხმელად”. სასწაულებრივად შეჩერდა მდინარე, ვიდრე მამებმა, როგორც ხმელეთზე, ისე არ გადაიარეს მასზე. ამის შემხედვარე ერი მადლობდა ღმერთს, რომ სარწმუნოების ასეთი განმამტკიცებელნი გამოუგზავნა მათ.

        წმიდა მამები უსიერი ტყეების გამო დიდი გაჭირვებით ავიდნენ მთაზე. ნეტარმა იოანემ მთელი მთა მოიარა და ერთი მომცრო გამოქვაბული იპოვა. ეს გამოქვაბული მან წმინდა ეკლესიად აქცია. მოძღვარი და მისი შეგირდები მთაზე დამკვიდრდნენ, მოიწყვეს მცირე, კარვის მსგავსი სადგომი და მძიმე სულიერ ღვაწლს შეუდგნენ. ზამთარში სასტიკ ყინვას იტანდნენ, საზრდოობდნენ ბალახეულით.    

       წმიდა მამების მთაზე დამკვიდრების ამბავი მალე ცნობილი გახდა. ყოველი მხრიდან აურაცხელი ხალხი მოდიოდა: სნეულნი, ეშმაკეულნი, ხეიბარნი, ყრუნი, მუნჯნი მოჰყავდათ და წმიდა მამების ლოცვით ყველა იკურნებოდა. ხალხმა გაიგო წმინდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.

 

                                წმიდა იოანეს მოწაფენი – მივლინებულნი

                                     მოციქულთასწორი ღვაწლისათვის   

   

      ერთ დღეს კათალიკოსმა თავის კრებულთან ერთად (თან ახლდა ყველა ეპისკოპოსი) მთაზე ასვლა და წმიდა მამების მონახულება მოისურვა. ავიდნენ კიდეც და იხილეს წმიდა მამები, ვითარცა ღვთის ანგელოზები, ამქვეყნიურ ცხოვრებას მოწყვეტილნი.

        წმიდა მამები კათალიკოსსა და ეპიკოპოსებს სიხარულით მიეგებნენ, ფეხთ ჩაუვარდნენ და კურთხევა სთხოვეს, თვითონაც დალოცეს ეპიკოპოსები. კათალიკოსმა ლოცვა რომ დაასრულა, იმ გამოქვაბულის მახლობლად დასხდნენ, ეკლესიად რომ ექციათ. ნეტარმა იოანემ კათალიკოსსა და ეპისკოპოსებს უთხრა: “რატომ გაისარჯეთ, მეუფენო, რა ღირსნი ვართ ჩვენ, მონები, თქვენი საწინდარისა, რომ გაისარჯეთ და აქ მოხვედით? მაგრამ ყოვლად მოწყალე ღმერთი მოგაგებთ სამაგიეროს.”

      კათალიკოსმა იოანეს უბრძანა, რაიმე სულის მარგებელი ეთქვა. იოანემ უპასუხა:  “ეს შენ შეგფერის, წმიდა მეუფეო, შენი საქმეა ჩვენ უნდა დავრწყულდებოდეთ შენი სწავლებით”. რაკი კათალიკოსი დაჟინებით სთხოვდა, იოანემ დაიწყო მშვენიერი საუბარი სულიერი ცხოვრების შესახებ. როდესაც ვინმე სთხოვდა, რაიმე ეთქვა, მისი პირიდან უწყვეტი წყაროსავით მოედინებოდა ტკბილი სწავლება. უსმენდნენ ეპისკოპოსები, ტკბებოდნენ და ხარობდნენ.

      იმ დროს ორი ეპისკოპოსი იყო გარდაცვლილი, წილკნისა და ნეკრესისა. კათალიკოსმა და ეპისკოპოსებმა მოილაპარაკეს, რომ ორივე საყდრის ეპისკოპოსად ამ მამათაგანი ეკურთხებინათ, და გადაწყვიტეს, ვინც იმ დღეს წირვას შეასრულებდა, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მათთვის დაედოთ ხელი.

      წმიდა ჟამის წირვის დრო რომ მოვიდა, აბიბოსი იქმნა მსახური წმიდა ჟამის წირვისა, ისე კი დიაკონი. წირვის შემდეგ კათალიკოსმა ერთი ხელი ისეს მოჰკიდა, მეორეაბიბოსს. ეამბორა და უთხრა: “გიხაროდეს აბიბოს, ნეკრეს-ქალაქის ეპისკოპოსო!” ისეს ეამბორა და უთხრა; “გიხაროდეს, წილკნის ეპისკოპოსო! ისე და აბიბოსი მოულოდნელობისაგან განცვიფრდნენ. შეწუხებულნი გაცლას ცდილობდნენ, თავიანთ უღირსობაზე ლაპარაკობდნენ, თვალცრემლიანნი და დაჩოქილნი ითხოვდნენ, გაენთავისუფლებინათ ამ მძიმე საქმისაგან. კათალიკოსმა უთხრა: “ცხოველ არს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უკან არ წავიღებ ჩემს სიტყვებს, რომელიც ღმერთმა შთამაგონა!” იოანემ რომ ეს გაიგო, ძმებს უთხრა: “შვილებო, ნუ ეურჩებით ღვთის განგებასა და ჩვენს წმიდა მეუფეს! აქ იმიტომ მოვედით, რომ ღმერთს ვემსახუროთ”. ძმები მოძღვრის ბრძანებას დაემორჩილნენ. კათალიკოსმა წაიყვანა ორივე და ეპისკოპოსებად აკურთხა. აბიბოსს ნეკრესის ეკლესია ჩააბარა, ისესწილკნისა. წილკნის საყდარში ყოვლადუბიწო ღვთისმშობლის ხატი დგას. მას სწორედ ისესდარი მღვდელმთავარი შეეფერებოდა, რათა ღირსეულად ემწყემსა მისი ძისა და ღვთის სისხლით გამოსყიდული სამწყსო.

      ერთ ღამეს ნეტარ იოანეს ხელმეორედ ეჩვენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და წმიდა დედა ნინო და უთხრეს იოანეს, რათა თავისი მოწაფეები ქართლის სხვადასხვა კუთხეში დაეგზავნა. გამოღვიძებულმა იოანემ ეს ჩვენება მოუთხრო თავის სულიერ ძმებს და უბრძანა მათ, რათა მომზადებულიყვნენ ღვთის ნების შესასრულებლად. თითოეული მათგანი უნდა წასულიყო იქ, სადაც გაუძღვებოდა მათ სულიწმიდა. მამები დიდად შეაწუხა მოსმენილმა, რადგან მეტად უმძიმდათ მოძღვართან განშორება, მაგრამ წინააღმდეგობა ვერავინ იკადრა, არამედ დაემორჩილნენ ღვთის ნებასა და მოძღვრის ბრძანებას და წავიდა თითოეული იმ მხარეს, სადაც მიუთითა სულიწმიდამ. წასვლამდე ნეტარმა იოანემ ისინი მიიყვანა კათოლიკოს ევლავიოსთან,  აუწყა მას ჩვენების შესახებ და სთხოვა, მიეცა მათთვის კურთხევა და დაელოცა. წავიდნენ მამები და თან გაიყოლეს ახლად ნაკუთხი ქართველი ბერ-მონაზვნებიც, როგორც ეს მათ წმიდა იოანემ უბრძანა.

        ასე და ამრიგად, ანტიოქელი მეუდაბნოის, მამათა თვალის, ქართველ მონაზონთა დიდების – იოანე ზედაზნელის (ხსენება 7/20მაისს) ლოცვა–კურთხევით ივერიის მთასა და ბარში  დამკვიდრდნენ  მისი მოწაფეები: სიწმიდისა და მარხულობის მარგალიტით მბრწყინავი დავით გარეჯელი (ხსენება 7/20 მაისს და ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს), მესვეტეობის მანათობელი მზე – ანტონ მარტყოფელი (ხსენება 19იანვარს/1თებერვალს), სანატრელი უმანკოების ყვავილი – აბბა იოსებ ალავერდელი (ხსენება 15/28სექტემბერს), ძალმოსილებით დაგვირგვინებული – სტეფანე ხირსელი (ხსენება28 იანვარს/10 თებერვალს), სვეტი ტკბილი მორჩილებისა – ზენონ იყალთოელი (ხსენება 16/29 ოქტომბერს), წმიდა მოწამეობით შემკული – აბიბოს ნეკრესელი (ხსენება 29 ნოემბერს/12 დეკემბერს), ქრისტიანული ცრემლისა და გოდების ხატი, საქართველოს სამეფოს სიმტკიცე, დიდი სასწაულმოქმედი – შიო მღვიმელი (ხსენება 9/22 მაისს და ყველიერის ხუთშაბათს), გოდების ღვთაებრივი ხატი – პიროს ბრეთელი (ხსენება 15/28 მაისს), წმიდა სიმართლისა და რწმენის ხატი – თადეოზ სტეფანწმინდელი (ხსენება 18/31 აგვისტოს), სათნოების გოდოლი – ისიდორე სამთავნელი (ხსენება 12/25 ივნისს), ყოვლადწმიდა სიყვარულისა და უბიწოების ორგანო – ისე წილკნელი (ხსენება 2/15 დეკემბერს).

       მოწაფეთა ნაწილმა ქართლს მიაშურა, ნაწილმაკახეთს, წმიდა პიროსმა, მიქაელმა, თადეოზმა და ისიდორემ ქართლი მოიარეს ქადაგებით. ზენონმა და სტეფანემ კი კახეთი.

         ასურელი მამები, მოციქულთა მსგავსად, ქართული ეკლესიის ძლიერ, ურყევ სვეტად იქცნენ. მათ თავიანთი დიადი მოღვაწეობით აღმოფხვრეს ბოროტება და ცრურწმენა, ჩააქრეს ზოროასტრის ცეცხლი, განავრცეს და განამტკიცეს ქრისტიანობა ივერიის სახელმწიფოს მიუვალ ადგილებში.
        მათ დაარსებულ მონასტერში მოღვაწეობდნენ განსწავლული, ღვთიური სიბრძნით განმტკიცებული ადამიანები. აქ პოულობდნენ ნეტარ სიმშვიდეს გვირგვინგანმოსილი ქართველი მეფეები.
          ამ წმიდა კელიებში შექმნილი ბიბლიოთეკები წარმოადგენდნენ უმთავრეს საგანძურს ქართველი ერისა და ეკლესიისა. დარბეულ სავანეთაგან გატაცებული და ევროპა-აზიის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებში მოხვედრილი მანუსკრიპტები, საოცარია მდიდარი შინაარსითა და ხელწერის დიდებულებით.
           უდიდესი დანაკლისია იმ ისტორიულ ნარკვევთა გადაკარგვა, რომელნიც შეიცავდნენ მასალებს ამ სავანეთა დამაარსებლების ცხოვრების შესახებ. ეს სამწუხაროდ, იდუმალებითაა მოცული. უზარმაზარი ტაძრები, გალავნები ბასტიონებით, კედლები კელიებით მოწმობენ მეუდაბნოეთა ერთ დროს აყვავებულ მდგომარეობაზე. მაგრამ ის, რაც შემოგვრჩა დიდებულებით მეტყველებს  თითოეული ასურელი მამის აუწონავ ამაგსა და ღვაწლზე.

      წმიდა აბიბოს ნეკრესელი   ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას. გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები, ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის – ზოროასტრიზმის გავლენას. ნეკრესის ტაძრის მახლობლად წყლით ჩააქრო რიტუალური ცეცხლი. ამის გამო შეიპყრეს და მარზპანის ბრძანებით სოფელ რეხში ქვით ჩაქოლეს, გვამი კი მხეცებს მიუგდეს. მამებმა მისი ცხედარი გადმოაბრძანეს მცხეთაში და „დაფლეს მუნ მონასტერისა შინა ადგილსა მას დიდითა დიდებითა“.  ქართულმა წყარომ შემოგვინახა მარზპანის წინაშე სასამართლოზე აბიბოს ნეკრესელის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც ეხება ქრისტიანობის უპირატესობას და ცეცხლის ღმერთად აღიარების უაზრობას. ამ სიტყვიდან ჩანს თეოლოგიური აზროვნების მაღალი დონე იმ დროის საქართველოში.

      ქრისტიანობის განმტკიცება-გავრცელებისათვის აბიბოს ნეკრესელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართველთა ეროვნული შეგნების ამაღლებას, იდეოლოგიური ნიადაგი მოუმზადა სპარსელთაგან ქართველთა განმათავისუფლებელ ბრძოლას.

      დღეს აბიბოს ნეკრესელის ცხედარი მცხეთის სამთავროს მონასტერში ტრაპეზის ქვეშ ასვენია.             

     წმიდა ისე წილკნელი  ევლავიოს კათლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით წილკანში მოღვაწეობდა. წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ სათნოებათა სისრულეს მოწევნული წმიდა ისე, რომელსაც არ სურდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, ევლავიოს კათლიკოსმა იძულებით აკურთხა მღვდელმთავრად.

     წმიდა მღვდელმთავრის მღვიძარებასა და მარხვას საზომი არ ჰქონდა. მოწყალებითა და კაცთმოყვარეობით, უცხოთშეწყნარებითა და გლახაკთა ხელის აღპყრობით შორს გაითქვა მან სახელი. ღირსი ისე მთელს ეპარქიაში მოგზაურობდა და სახარებას ქადაგებდა. ღირსმა მამამფრიადი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა, მოძღურება და ქადაგება განფინა სამწყსოსა თვისსა“. კეთილი მწყემსი და გონიერი მნე ქალაქ-ქალაქ, დაბა-დაბა დადიოდა და ჰყოფდა სასწაულებს, სნეულთ ჰკურნავდა, კეთროვანთ განსწმენდდა, ეშმაკთ განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა, დავრდომილებს ხელის შეხებით აღადგენდა.  ღირსი ისე განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, საკერპოებს არღვევდა, კერპებს მუსრავდა და წარმართებს ნათელს სცემდა სამების სახელით.

       სასწაულმოქმედ მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. შეკრიბა მოწაფენი და ეკლესიის მსახურნი, დაარიგა ისინი, დალოცა, ეზიარა და უფალს შეავედრა სული. ღირსი ისე წილკნელის ნეშტი დაკრძალეს იქვე, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.

       წმიდა იოსებ ალავერდელი  ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.

.      წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით იგი კახეთის სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა, ბოლოს ალავერდის უდაბნო აირჩია და იქ დაიწყო მოღვაწეობა. ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მრავალი ჭირი, ნაკლულევანება და საშიშროება დაითმინა ღირსმა მამამ: ცხოვრობდა „მხოლოჲ მხოლოსა ღვთისა მზრახველი“, ფიცხელი მოღვაწეობით, ყოველგვარ ამქვეყნიურ ნუგეშს მოკლებული. ერთხელ სრულიად მარტო მყოფი ბერი შეხვდა მონადირე დიდებულს, რომელსაც ღვთის სიტყვა უქადაგა. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულმა დიდებულმა საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ხალხმა გაიგო მოღვაწე ბერის ამბავი და იწყო სიარული, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. ბევრი იქვე დარჩა. დროთა განმავლობაში მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა.   წმიდა იოსები დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძღვარიც და მოძღვარიც.

          დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარი დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა. მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში.

წმიდა თადეოზ სტეფანწმინდელი, იგივე თათე მამებელი, მამა იოანეს უახლოესი თანამდგომი მოწაფე იყო. ზედაზნის მთაზე დამკვიდრებიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ ქართლიდან ხალხმა იწყო მისვლა: იოანეს მრავალი მიმბაძველი ევედრებოდა, ნება მიეცა მასთან ეცხოვრათ. წმიდა იოანე თავისთან არავის ტოვებდა. სამაგიეროდ, მთის ძირში, სადაც ახლა სოფელი საგურამოა, მონასტერი ააშენა და თათეს ჩააბარა. მონასტერი სავსე იყო ბერებით. ისინი თავიანთ ადგილებს ტოვებდნენ და მიდიოდნენ მთებში, სადაც ჯერ კიდევ იყვნენ კერპთმსახურები. უქადაგებდნენ მათ, ნათლავდნენ და აქრისტიანებდნენ. წმინდა იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა თათემ მონასტერი ილია დიაკვანს ჩააბარა, თვითონ კი ჯვრითა და სახარებით შემოიარა მთები, ააშენა მრავალი ეკლესია, რომელთა შორის ცნობილია წმიდა სტეფანეს ეკლესია ქალაქ ურბნისში. მოციქულთა კვალზე დიდი ხნის მოღვაწეობის შემდეგ წმიდა თათემ მონასტრის აშენება ინება. შეარჩია მაღალი და ტყიანი მთა, წლევი, მდინარე რეხულას ზემოთ. იმ მთაზე გამოკვეთილ მომცრო სენაკში ცხოვრობდა დიდხანს. ბევრი მოდიოდა მის სანახავად, მისი ქადაგების მოსასმენად, მის გვერდით დამკვიდრება სურდათ. ნეტარი თათე უარს არავის ეუბნებოდა. ყველას მამობრივი სიყვარულით იღებდა. მალე მთა სენაკებით აივსო. წმიდა მამა ხედავდა, რომ მთა მოწესეებს ვერ დაიტევდა, ამიტომაც მონასტრისა და ეკლესიის აშენება გადაწყვიტა, ეკლესია მთის წვერზე აშენდა. მაგრამ წმიდა თათეს არც ამის შემდეგ დაუტოვებია თავისი გამოქვაბული, გარდაცვალებამდე იქ იმყოფებოდა. მისი წმიდა გვამი ეკლესიაში დაასვენეს. უფალმა ადიდა თავისი მოღვაწე. ნეტარი თათეს საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება, ისევე, როგორც მის სიცოცხლეში ხდებოდა სასწაულები. წმიდანის ძვლები (როგორც წმიდა შიოს ძვლები) ყოველწლიურად ამოდიოდნენ სამარხიდან ეკლესიაში.

       წმიდა დავით გარეჯელი საქართველოს ახალ დედაქალაქში, თბილისში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა და ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. თბილისის შემდეგ, მამა დავითი და მისი მოწაფე ლუკიანე გარეჯის უდაბნოში დასახლდნენგარეჯელ მამათა ღვთივსათნო ცხოვრებამ  აქაც მრავალს ასურვებინა მათი ყოფის გაზიარება და მალე იქდაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა შემატკბობელნი“.  ნინოწმიდიდან ღირს დავითთან მივიდა სათნოებით შემკული ბერი დოდო (ხსენება ამაღლების შემდგომ ოთხშაბათს). ღირსმა დოდომ კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება - დოდოს რქა. ლუკიანემ კიდევ ერთი სამონასტრო განშტოება, ნათლისმცემელი, გააშენა გარეჯის უდაბნოში.

        ღირსსა და სანატრელ დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა მოიხმო უდაბნოში მცხოვრები ძმები,  უკანასკნელად დამოძღვრა ისინი, ეზიარა უფლის წმინდა ხორცსა და პატიოსან სისხლს, ღვთის მიმართ ხელნი აღაპყრო და მადლობის შემწირველმა დაუტევა მრავალმოღვაწე გვამი. გარდაცვლილი წმიდანის სხეულიდან მადლი გამოკრთოდა. მათ შორის, ვინც ცხედარს ემთხვია, ერთი დაბადებიდან ბრმა იყო. უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილის შემდეგაც ადიდა მისი მსახური. წმინდანის გვამმა ბრმას თვალის ჩინი დაუბრუნა.

       წმინდა დავით გარეჯელი მოწაფეებმა იმავე სენაკში დაკრძალეს, სადაც მრავალი წელი გაატარა.

      წმიდა ანტონ მარტყოფელი  კახეთში წავიდ სამოღვაწეოდ. იგი მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომელიც ედესიდან ჩამოასვენა. განმარტოების მოყვარულმა წმიდა მამამ მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. მასთან იწყო სიარული აუარებელმა ხალხმა. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა მათთვის მონასტრი აეშენებინა, ხოლო თვითონ ჯერ ალაზნის გაღმა წავიდა, შემდგომ კი აკრიანის მთას შეაფარა თავი. მარტომყოფელ ბერს, რომელიც ბალახებითა და ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გაუგზავნა. წმიდა ანტონმა მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. ღირს მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. გარდაცვალების დროს მამა ანტონი მაცხოვრის ხატის წინ იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ღირსი ანტონის გვამი მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს, ღვთისმშობლის ხატის წინ.        

         წმიდა შიო მღვიმელმა ოცი წელი დაჰყო უდაბნოში მამა იოანესთან. უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის მან კურნების ნიჭი მიიღო. დაყუდებისმოყვარე შიომ თავისი სულიერი მამისაგან უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. მცხეთის მახლობლადკლდეში იპოვა მღვიმე, და დაიწყო მოღვაწეობა. ის ადგილი იმ დროს მიუვალი, უწყლო, მხეცებით სავსე იყო. მრავალი ნაკლულევანება და შიში განიცადა აქ მამა შიომ, მაგრამ ყველაფერი დაითმინა და ყველანაი საცდურს სძლია.      

      უდაბურ ადგილას მოღვაწე ბერი თვით ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა. ხოლო მთაზე სანადიროდ მყოფ ციხედიდის მთავარ ევაგრე (ხსენება 4 თებერვალს), დაემოწაფა მას და მალე იქაურობა მეუდაბნოე მამებმა აავსო. წმიდა შიომ  სავანე დააარსა და ორი ათას ბერს მოუყარა თავი. წმიდა შიომ აღთქმა დადო, რომ დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში გაატარებდა. მღვიმე თავისსავე მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა მღვიმეში.იცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 . სიღრმის მღვიმეში (აქედანმღვიმელი“). ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს.

      წმიდა სტეფანე ხირსელმა  ქვემო კახეთში ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ ქიზიყში, სოფელ ხირსის მახლობლად წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე ააშენა მონასტერი და, როგორც მემატიანე აღნიშნავს,  წმიდა სტეფანემაღაშენა სამყოფელი თჳსი ხირსის სოფლის მოახლო, სახელსა ზედა წმ. სტეფანესა“. მანრიცხუნი ძალნი და ნიშნი აღასრულნა ქვეყანასა ზედა, ვინათგან მრავალ არი სასწაულნიქმნილნი ასურელ მამათ მიერ. დაუღალავი ლოცვით მრავალი მოუქცევია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ნეტარი მამა მშვიდობით აღსრულებულ. მის მიერ აშენებულ მონასტერშიდაიდვა წმიდა გუამი მისი სავსე სასწაულებითა და ნიშებითა“. დაკრძალულია წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში, სამკვეთლოსთან.

      წმიდა ზენონ იყალთოელმა,  მოძღვართან განშორების შემდეგ, კახეთს  მიაშურა. „ზენონ და სტეფანე წარვიდნენ კახეთს და მოვლეს იგი ქადაგებითა ღუთისათა“. წმიდა მამა დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანობას კახეთის მთიანეთში და მოაქცევდა მთიელთ წარმართობის გზიდან. ზემო კახეთის მთებში მოციქულებრივი მოღვაწეობის შემდეგ მან იყალთოში ააშენა მონასტერი ეკლესიითურთ. იმ ეკლესიაში განისვენებს ეს დაუცხრომელი  და მრავალმოღვაწე ნეტარი მამა.

       წმიდა ისიდორე სამთავნელი, ზედაზნიდან წამოსვლის შემდეგ მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე დამკვიდრდა.  იგი მოძღვრის კურთხევით დიდხანს ქადაგებდა ქართლში. ხანგრძლივი მოციქულებრივი მოღვაწეობის შემდეგ, სოფელ ჭალის სიახლოვეს ააშენა მონასტერი. გადმოცემის მიხედვით, მამა ისიდორეს თან ჰქონდა მაცხოვრის – იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი, რომელიც თავის მიერ აგებულ ეკლესიაში დააბრძანა.  წმინდა ისიდორეს აგებული ეკლესიიდან დღეისათვის აღარაფერია შემორჩენილი – ამჟამინდელი სამთავისის ტაძარი სამთავნელ ეპისკოპოსს, ილარიონს აუგია –X-XI საუკუნეებში; თუმცა, ცხადია,  ისიდორე ამ სამონასტრო კომპლექსის სულისჩამდგმელია. ისიდორე სამთავნელი თავის მიერ აგებულ ტაძარში აღესრულა და აქვეა დასაფლავებული.

     წმიდა პიროს ბრეთელი ზემო ქართლში მკვიდრობდა და მდინარე დვანის ზემოთ; სოფელ ბრეთის მახლობლად ააშენა მონასტერი.  „დაჰყო ზემო ქართლს დვანის წყალსა ზედა და აღაშენა მუნ მონასტერი თვისი, მოახლო ბრეთისა სოფლისა“. დამკვიდრდა იქ და მრავალ კეთილ საქმეს იქმოდა – ქრისტიანობის დაუღლელი ქადაგებით მრავალი მოაქცია ჭეშმარიტებისკენ. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ–საგანმანათლებლო კერა იყო. ღირსი მამა თავის მიერ აშენებულ მონასტერშია დასაფლავებული.  მონასტერსა „ შინა დაიდვა მრავალ მოღუაწე გუამი მისი.“

     წმიდა მიქაელ ულუმბოელმა, დიდებულმა მოღვაწემ და დაუძინებელმა მუშაკმა ქრისტეს ყანისა, ზედაზნის მთის დატოვების შემდეგ ზენა ქართლი და ოსეთის მთა მოიარა, ულუმბოს მხრიდან, ალის წყლის ზემოთ ააშენა მონასტერი. წმიდა მამა მიქაელი, ძმათა მსგავსად „კეთროვანთა განსწმენდდა, ეშმაკთა განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა.“  მისი მრავალმოღვაწე სხეული მისსავე დაარსებულ მონასტერში განისვენებს.

        რაც შეეხება თვით წმიდა იოანე ზედაზნელს, მოწაფეების გასტუმრების შემდეგ იგი ზედაზენზე დარჩა, დაიტოვა თავისთან ილია დიაკონი (ხს. 4 იანვარს) და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება წმიდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.

      . ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.

        მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით მოძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით აღმოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანდერძისამებრ დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა.

      X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908-923) დროს, მღვიმის სამხრეთით წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი არის ტაძრის სამკვეთლოსთან.

 

 

 

                                            ოთხი სტიქიის დამაურვებელნი

                  (მოძღვრისა და მოწაფეთა მიერ ქმნილი სასწაულები)

 

       „მას ჟამსა შინანეტარმა იოანე უხმო თავის მოწაფეებსშიო მღვიმელსა და ისე წილკნელს, სათნოებებში გამოსაცდელა, რათა ცნას, თუ რომელსა საზომსა მიწევნულ არიან, და, ამასთანავე, ახალნერგ საქართველოს მკვიდრ მრავალ ურწმუნოთა ქრისტეს ძლიერების რწმენაში განსამტკიცებლად.

        მოიკითხეს ერთმანეთი საღვთო სიყვარულით და წმინდა იოანემ მოითხოვა ღვინო გარეშე ჩვეულებისა და, როდესაც ილია დიაკონმა მოართვა ჭიქა, იოანემ ჯერ ჯვარი გამოსახა მასზე და შემდეგ ეს ჭიქა შემოდგა ჰაერზე. კარგა ხანს იდგა ასე ჭიქა და მხოლოდ მას შემდეგ მიმართა მოწაფეებს: შთამოიღეთ ჭიქა ეგე აღსავსე ღვინითა და აკურთხეთ, რამეთუ ეპისკოპოსისა მიერ ჯერ არს კურთხევა” – ეს ეპისკოპოსი ისე წილკნელი იყო. მაგრამ მათ არა იკადრეს”. ამ უცხო სანახავის მხილველნი განცვიფრებას შეეპყროჰაერში იდგა ღვინით სავსე ჭიქა!

       მაშინ ნეტარმა ბერმა თვით ჩამოიღო ჭიქა, ისევ გადასახა პირჯვარი და მიიღო სამივემ და მრავალმა იქ მყოფთაგან. ნეტარმა იოანემ შიოს უთხრა, რომ საჭირო იყო მადლობის მიძღვნა უფლისათვის, რომელმაც ეს სასწაული აღასრულებინა. შიომ მორჩილად გამოიღო ცეცხლიდან ნაკვერჩხალი, ხელისგულზე დაიდო, დაადო ზედ საკმეველი და როდესაც ჰაერში კეთილსურნელება დატრიალდ, დაწყო კმევა ყოველთა იქ მყოფთ, რომლებიც, ამ სასწაულით განცვიფრებულნი, ადიდებდნენ შემოქმედ ღმერთს!

       - რად გიკვირთ, ძმანო? – ეტყოდა მათ იოანეგანა არ იცით, რომ ცეცხლი შერცხვენილი განერიდება ღვთისმოსავ ადამიანებს?! აკი ჭეშმარიტი ღმერთის მოსაობამ იხსნა სამი ყრმა ბაბილონში აღზნებული ღუმელის სახმილისაგან და შიოს სასწაულიც უფლისაგან იქმნა, რადგან უწყის უფალმან დიდება მადიდებელთა მისთა.

       იოანემ ახლა ისე წილკნელს მიხედა და მიმართა, როგორც ეპისკოპოსს: ისეთი კურთხევა მოგვეცი, რომ შენს მოსახსენებლად დაგვრჩესო. სულიწმინდის მადლით აღვსილი მოწაფე მორჩილებით წამოდგა, ზეცად აღაპყრო ხელები და დიდხანს მდუმარედ ევედრებოდა ღმერთს. შემდეგ მოძღვარს სთხოვა, ელოცა მისთვის და ღირს მამებთან ერთად გაემართა მდინარე ქსნისაკენ. აქ კიდევ ილოცა მან უფლისადმი და ღვთისმშობელს სთხოვა: მოვედინ მადლი შენი, ჰოი, წმინდაო და ღვთივ მიმადლებულო დედოფალო, რათა წყალი ესე დამემორჩილოს და შემომიდგეს მე, ვინაცა იგი ვიდოდი.

        დასცა წყალს კვერთხი იესო ქრისტეს სახელით და უბრძანა, მიჰყოლოდა მას, მიდიოდა ისე თავდაღმართში და მიჰყვებოდა მდინარე კაცთაგან ხელუხლებელი, ეკლიანძეძვიანი ადგილებით ახალ კალაპოტში, ვიდრე წილკნის საყდრამდე არ მიიყვანა.

        ამ უჩვეულო სანახაობის მხილველნი მცხეთისა და შემოგარენის მოსახლეობა ადიდებდა ქრისტეს, რომელმაც ბუნების სტიქიონის დაურვების ისეთი ნიჭი მიჰმადლა მასზე მლოცველ მიწიერ ადამიანებს, რომ ერთი ჰაერს იმორჩილებდა, მეორე ცეცხლს და მესამე წყლის დინებას საკუთარ ნებისაებრ წარმართავდა მიწაზე!

 

 

                   რწმენისათვის შეწირული ეპისკოპოსის მოწამებრივი აღსასრული

 

         მიდა მამა აბიბოსი თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ევლავიოს კათოლიკოსის და იოანე ზედაზნელის კურთხევით  ნეკრესს ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა. მადლმოსილი მსახურებისთვის წმიდა აბიბოსი იქმნა... ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა-მჴრისა დიდოთურთ. ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი, - წერს ვახუშტი ბაგრატიონი ქართლის ცხოვრებაში.

      ამ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი ცრუ სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ მრავალგან ააგეს ბომონები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მაზდეანები ზარ-ზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ.

     წმიდა აბიბოს ნეკრესელი დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ წმიდა მღვდელმთავარმა ნახა, რომ მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის; ვეღარ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა მოგვებმა შეიპყრეს წმიდა აბიბოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. შემდგომ ეს ამბავი ნობე სპარსეთის მარზპანს, რომელიც ამ დროს სოფელ რეხში იმყოფებოდა. მარზპანმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ წმიდა აბიბოსი.

       წმიდა აბიბოსი შავმთელი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამის სვიმონ მესვეტის მეგობარი იყო. რს სვიმონს ღმრთისგან ეუწყა წმიდა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გამოუგზავნა წმიდა მამას. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა.

       ეპისტოლემ და ძვირფასმა საჩუქარმა გაახარა და განამტკიცა ტანჯვისთვის განმზადებული წმიდა მღვდელმთავარი.

       მღვდელმოწამემ მტარვალებს სთხოვა, წმიდა შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელები დათანხმდნენ. წმიდა მამებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერთად ილოცეს. შემდეგ წმიდა ეპისკოპოსმა სასწაულთმოქმედ მეუდაბნოეს სთხოვა, ელოცა მისთვის. წმიდა შიომ უთხრა: ვიცი, მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი, არამედ მოგმადლენ უფალმან, რაჲთა აღტყინებულიცა იგი უჩინოჲ ცეცხლი, რომელ აღუზნიეს შენთჳს ეშმაკსა განსაცდელად, დაშრიტო ადვილად... უწყოდე, რამეთუ ჭირი მათი შენ დიდება გექმნეს წარუვალი და ჭირი ეგე შენი მათ დაცემა და განბნევა... მღვდელმოწამე რეხში ჩაიყვანეს.

       მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა სამსჯავროზე წარმდგარ წმიდა ეპისკოპოსს: რაჲსათჳს უვარ-ჰყავ უფლებაჲ მეფეთ-მეფისაჲ და მოჰკალ ღმერთი ჩუენი? წმიდა აბიბოსმა მშვიდად მიუგო: მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე, რაჲთამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაჲ. ხოლო გლოცავ, რაჲთა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ. კადნიერი პასუხით გაგულისებულმა მარზპანმა კვლავ ჰკითხა: მე გკითხავ, რაჲსათჳს მოჰკალ ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს, რაჲთამცა შენისა ღმრთისა წარგჳყვანნე? ნეტარმა აბიბოსმა კვლავ მშვიდად მიუგო: მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, ცეცხლი შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, რადგან წყალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მოკლა იგი. აწ მიკჳრს თქუენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხჳლ გიჩნს მისი სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს? მარზპანი საშინლად განარისხა წმიდა მღვდელმთავრის ასეთმა პასუხმა და მისი წამება ბრძანა.

       ჯალათებმა საშინლად ტანჯეს ნეტარი აბიბოსი და ბოლოს ქვითა განტვინეს. მისი წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეფლა წმიდანის ნეშტი.

        ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს წმიდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავსიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და დაკრძალეს წმიდა ტრაპეზის ქვეშ.

       როგორც მემატიანე აგვიწერს წმიდა აბიბოსის ღვაწლს:  იგი იყო  მღვდელთმოძღუარი უბიწოჲ, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩუენდა მომღებელი და სულნელებისა ჩუენისა ჩუენდა მომფენელი. სანთელი მაღლად მნთებარე, მნათობი და განმანათლებელი ყოველთა მხილველთა მისთაჲ, შემწირველი უბიწოდ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რომელმან თავიცა თჳსი შეწირა მსხუერპლად მისსა მიმართ ჴელითა უსჯულოჲსა მარზპანისაჲთა.

 

                                                  ღვთისმშობლისაგან ნაკურთხი

 

           წმიდა და ღმერთშემოსილი მამა შიო ასურეთიდან, ღვთის ქალაქ ანტიოქიიდან იყო. ამ ქალაქმა მრავალი წმიდანი შვა. წმიდა შიო ღვთივსათნო და დიდგვაროვანი ოჯახისშვილობაც მოსდგამდა. ამ ოჯახს ორმაგი სიმდიდრე ჰქონდა. ღვთისმსახურება და ამ წმიდანის მშობლობა. შიოს გარდა სხვა შვილი არ ჰყავდათ. იგი იყო ერთადერთი მემკვიდრე და ღვთით მონიჭებული კვერთხი მათი სიბერისა. ნეტარმა მეუღლეებმა ამ მშვენიერი ნაყოფის აღზრდაზე დიდი შრომა გასწიეს. თავზე ადგნენ და ასწავლიდნენ საღმრთო წერილს, შეასწავლეს მთელი ძველი და ახალი აღთქმა და მათი განმარტებანი. ბავშვი მთელ ამ სწავლას იღებდა როგორც ნოყიერი მიწა, მისი ცოდნა იზრდებოდა. წიგნთა უმრავლესობა ზეპირად იცოდა. წმინდა სახარება, პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ფსალმუნთა წიგნი განუშორებლად ხელთ ეპყრა და მუდამ მათ სიტყვებს წარმოთქვამდა. ნეტარი შიო 16 წლიდან წმიდა წიგნთა გამოძიებას ჩაუღრმავდა. იჯდა და დღე და ღამ, შეუსვენებლივ კითხულობდა, სულიწმინდის მადლით ყოველივეს უცთომელად შეიმეცნებდა და განმარტავდა. ყველას უკვირდა ღვთის ის მადლი, რომელიც მისი პირით მჭერმეტყველებდა.

     იმ დროს, როდესაც ღირსი შიო 20 წლისა შეიქმნა, გამოჩნდა დიდი მნათობისასწაულმოქმედი იოანე, მოკაშკაშე ვარსკვლავი, რომელიც მთელ ანტიოქიას ანათებდა. იგი უდაბნოში იმყოფებოდა მოწაფეებთან ერთად. შიო მშობლების ფარულად ამ დიდ მწყემსთან, იოანესთან, მივიდა, დაუჩოქა, ფეხთ მოეხვია და ეამბორა ღვთით აღძრული  სიყვარულით. ნეტარმა იოანემ, იხილა რა ჭაბუკის გონიერება, შინაგანი მხედველობა და სიმტკიცე, იგრძნო რაოდენ მაღალი იყო იგი სულით და რაოდენ კარგ ნიადაგს მიეღო თესლი ღვთის სიტყვებისა. ნეტარმა იოანემ, რომელმაც ყველაფერი წინასწარვე იცოდა, ჭაბუკს მიმართა: შვილო, შიო! ნეტარი შიო სახელით მიმართვამ გააკვირვა და მიხვდა, რომ საწადელს ეწია. იპოვა მოძღვარი და განმანათლებელი. წმიდა იოანემ უთხრა: შვილო შიო, რად შეგაკრთო იმან, რომ შენი სახელი მაუწყა ღმერთმა? თუკი გწამს წმიდა სახარებისა, გჯეროდეს, რომ ღვთის რწმენა ყოვლის შემძლეა! იოანემ შიო წამოაყენა, ეამბორა და აკურთხა. მერე მოწაფეებს მიუბრუნდა და დინჯად წარმოთქვა: ეს ჭაბუკი ღმერთმა გამოარჩია და სულიწმიდით აღივსო. თავისი სათნოების გამო, იგი გახდება მამა და წინამძღოლი მრავალი სულისა და სასანთლეზე დაიდგმევა, რათა ყველას გაუნათოს. ასევე შიოს მიუბრუნდა და უთხრა: შვილო, ნეტარ ხარ შენ, რამეთუ განდიდდები ღვთის წინაშე და ნეტარი ვარ მე, რამეთუ მამა მერქმევა ასეთი მამათმამისა!.

      ნეტარი იოანე მთელი დღე ესაუბრა ღირს შიოს, გაანათლა მისი გონება და ხარობდა. მეორე დღეს კი უთხრა: წადი, შვილო, მშობლებისაგან კურთხევა მიიღე და მერე მოდი ჩემთან! ღვთის მადლმა დაგიფაროს და გაგაძლიეროს! ნეტარი შიო ძალიან შეწუხდა, ვაითუ მშობლებს, კურთხევის ნაცვლად, დაესაჯათ იგი, როდესაც შეიტყობდნენ, რომ მონაზვნობა სურდა. მაგრამ ნეტარმა იოანემ იგი დააწყნარა: დამიჯერე, შენზე ადრე ისინი გახდებიან მონაზვნები. წადი, უფალ იყოს შენი მეგზური და განმამტკიცებელი! შიომ იოანესი და ძმების კურთხევა მიიღო და მშობლების სახლში წავიდა.

      ერთ–ერთი საკვირაო სახარების შემდეგ შიოს მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მონასტერში აღკვეცილიყვნენ, ხოლო მთელი ქონება დაეტოვებინათ  ვაჟისათვის, რომელიც  დაცოლშვილდებოდა და კეთილად განაგებდა სახლ–კარს. ნეტარმა შიომ დედ–მამა დედათა და მამათა მონასტრებში წაიყვანა და ორივე მონასტერს, რომელშიც მისი მშობლები იყვნენ, დიდი ქონება შესწირა. მიიღო რა თავისუფლება, შინ დაბრუნდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, მონა-მხევლები გაათავისუფლა, ყველაფერი მიატოვა სახარების სიტყვისამებრ, ქრისტესთვის საკუთარი თავიც უარყო, აიღო მხოლოდ წმიდა სახარება და ფსალმუნთა წიგნი და გაემართა თავისი სასურველისაკენ, რომელიც ყოველთვის უყვარდა და რომელსაც ეტრფოდა.

      ნეტარი შიო კვლავ იოანესთან მივიდა. მუხლი ოიყარა მის წინაშე და  კურთხევა სთხოვა. იოანემ დიდად გაიხარა, სიყვარულით მიიღო იგი და უთხრა: სარწმუნო შვილო შიო, ნეტარ ხარ შენ, რამეთუ მოჰკიდე გუთანს ხელი და უკან აღარ მიგიხედავს. სწორად წარმართე შენი ხნული, ძმაო! გეუბნები და დამიჯერე, მტრის ბრძოლას მუდამ იოლად აირიდებ, იმიტომ, რომ შენ მთელი სასოებით შეიყვარე ქრისტე და მტკიცე რწმენით აღასრულე მისი წმიდა ბრძანებები.

           უკვე საქართველოში, ზედაზენზე მკვიდრობისას, მას შემდეგ, რაც ღვთისმშობლის მითითებით მოწაფეები დაიგზავნა მთელ ივერიაში, ნეტარმა შიომ სთხოვა მოძღვარს, რათა მიეცა მისთვის ნება დაყუდებისათვის. იოანემ უთხრა მას: „შვილო შიო, წადი, სადაც უფალი გაგიძღვება, რადგან მე ღმერთმა გამომიცხადა, რომ დაყუდებული ცხოვრებითაც იმოღვაწებ და კიდევ მამა იქნები დიდი ლავრისა. ახლა მიიღე კურთხევა ჩვენი ნეტარი მეუფის კათოლიკოსისაგან და იყოს უფალი შენთან.“

          შიომ მიიღო ეპისკოპოსისგან კურთხევა და გაემართა მცხეთის დასავლეთით, ადამიანისათვის უვალი, უღრანი და კლდოვანი ადგილებისაკენ. იგი მიადგა ერთ ღრმა უწყლო და უნუგეშო ხევს, მხეცებითა და შხამიანი ქვეწარმავლებით სავსე ადგილს, რაც დასანახადაც კი შეაძრწუნებდა ადამიანს.  ამ გამოქვაბულში დამკვიდრდა ნეტარი შიო მარტო, მხოლოდ ღმერთს მინდობილი, საზრდელისა და სასმელის და ყოველგვარი ქვეყნიური ნუგეშის გარეშე, რითაც ადამიანები ცხოვრობენ. ასე გაატარა ორმოცი დღე და, ნახა რა ღმერთმა მისი გულმოდგინება, და ის, რომ შიომ მას მიანდო სრულიად თავისი საზრუნავი, მხალეულიც კი არ მოიძია, რომ იმით მაინც გაეძლიერებინა სხეული, მისცა მას ძალა კიდევ უფრო მეტი - ყოველგვარი საჭმლისა და სასმელის გარეშე გაატარებინა შიოს სამოცი დღე. არ დარჩენილა არც ერთი სახე ბოროტებისა, რომელთანაც წმინდანს შებრძოლება არ მოუწია. იგი მრავალნაირად, უამრავი გულისთქმებით, ჩვენებებითა და ოცნებებით გამოიცდებოდა.

       და, როცა ამით ვერაფერს გახდა, ეშმაკმა დაიწყო მისი დაშინება ხან მხეცის სახით, ზოგჯერ - ქვეწარმავლის, ხან იღებდა ლომისა და ვეფხვის, დათვისა და რქოსანი ურჩხულის სახეს და ცდილობდა დღისით და ღამით მის გამოცდას და, ნახა რა ბოროტებამ, რომ განსაცდელებით წმიდანს, როგორც გრდემლს, ისე სჭედდა და აძლიერებდა და როგორც უსხეულოს ისე ეკვეთებოდა, ისევ შეცვალა ბრძოლის სახე და ერთ ღამეს მოახდინა შემდეგი საცდური: შეიკრიბნენ იქ დამკვიდრებული ეშმაკები და მოაწყეს დიდი შეტევა, თავს დაესხნენ წმიდა შიოს, ისე, თითქოს მოკვლა უნდოდათ მისი. მაგრამ ნეტარი მამა არ შეირყა მათგან, გულმოდგინედ და წყნარად დაასრულა თავისი ლოცვა, შემდეგ გამოვიდა გამოქვაბულიდან და მიმართა მათ: „უბედურებო, არ იცით, რომ სადაც მოქმედებს ქრისტეს ძალა, თქვენ იქ ვერაფერს გახდებით? აი, რამდენი დღეა, რაც ასე იქცევით და ვერც ჩემთან მოახლოებას ვერ ახერხებთ, რადგან ქრისტე ღმერთია ჩემი ძალა, ცხოვრება და სიქადული, ამიტომ მე თქვენი სრულიად არ მეშინია. პირიქით, ახლა მე გეტყვით თქვენ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით: წადით და მომშორდით ყველა, უსჯულოების მოქმედნი!“ ამ სიტყვებზე ეშმაკები გარბოდნენ მისგან და ეუბნებოდნენ: „შიო, ამპარტავანო ბერო, ხვალ ჩვენი მთავარი მოვა აქ, ახლა იგი შენი მოძღვრის იოანეს მოსაკლავად არის წასული, ხვალ იმას მოკლავს, შემდევ მოვა აქ და მოგკლავს შენც“. ეს უთხრეს და მაშინვე წავიდნენ.

       ხოლო ნეტარმა შიომ ხელაღპყრობილმა დაიწყო ღვთისადმი ვედრება, შესთხოვდა დახმარებას მის ძალას და ის ღამე ასე გაატარა ლოცვაში გამოქვაბულის გარეთ. როცა მოახლოვდა ცისკარი, შეამჩნია თავის გამოქვაბულში გამოუთქმელი ნათელი, რომლის განცდაც მისთვის შეუძლებელი იყო. ირგვლივ საოცარი სურნელება დატრიალდა, რომელმაც მისი სული სიხარულით აავსო. გამოქვაბულიდან მოისმა ხმა: „შიო, ჩემი ძის ერთგულო მონაო, მოდი“. და დაინახა გამოქვაბულის კართან მდგარი საოცრად დიდებული ქალი, რომლის აღწერა მას არ შეეძლო. და ერთი მამაკაციც, მოღვაწის სახით, ისიც დიდებული, და უამრავი ზეცის ანგელოზები, რადგან კლდის ზემოთ, სადაც გამოქვაბული იყო, ზეცამდე იყო გახსნილი და ჩანდნენ ანგელოზები, რომლებიც წმიდა სამებას  უგალობდნენ ტკბილი და გამოუთქმელი ხმით და ყველა ჯვრით იყო შეიარაღებული. ამ საშინელი სანახაობით შეძრწუნებული ნეტარი შიო ძირს დაემხო, რადგან არ შეეძლო აქამდე განუცდელი ბრწყინვალებისათვის გაეძლო, რომელიც იმ ქალისაგან მოდიოდა. დიდებულმა დედოფალმა კვერთხის წვერი შეახო მას, გაამხნევა და უთხრა: „ადექი!“ წამოაყენა იგი, მისცა ხელში თოვლის მსგავსი რაღაც მცირეოდენი და უთხრა: „მე ვარ მშობელი ქრისტე ღმერთისა, რომელიც შენ შეიყვარე, ხოლო ჩემთან მდგომი არის იოანე ნათლისმცემელი. მოვედი შენი ნუგეშის საცემად, რადგან დავინახე სრული სიყვარული შენი ჩემი ძისადმი. შეჭამე, რაც ხელში გაქვს და ამიერიდან იმას შეჭამ, რასაც ზეციდან მიიღებ. ნუ შეგაშინებს ეშმაკის ბრძოლები, რადგან მდიდარი ხარ ღვთის მადლით. მალე ამ უდაბნოს აავსებენ ღვთის მოშიში ადამიანები, რომლებიც შენს ცხოვრებას მიბაძავენ და იქნება შენი ქება უკუნისამდე“.

        როცა ნეტარი შიო გონს მოეგო და მიხვდა ღვთისა და მისი უბიწო დედის მისადმი ზრუნვას, შეჭამა, რაც ხელში ჰქონდა, თოვლის მსგავსი, რომელიც მისცა მას ბრწყინვალე ქალბატონმა და მაშინვე დაუტკბა პირი რაღაც უცხო სიტკბოებით და გაძლიერდა სიხარულით. ილოცა ღვთის მიმართ და თქვა: „ჰოი, იესო სახიერო და კაცთმოყვარეო, რომელიც წმიდა ქალწულისაგან დაიბადე, რათა ეშმაკისაგან შემცდარნი გადაარჩინო და იხსნა ხორცშესხმული ღვთისმოსავნი ბოროტის მანქანებისაგან. შენ, მეუფეო უფალო, მომეც მე, შენს უღირს მონას მოთმინება, რომ გავჩერდე ამ ადგილზე, რათა შენს მოსაწონად გავატარო ჩემი ცხოვრების დარჩენილი დღენი, და ღირსი გამხადე სხვებთან ერთად, რომელთაც შენ შეიწყალებ, საუკუნო სიკეთის ხილვის, ყოვლადუხრწნელი ჩვენი დედოფლის და შენი უბიწო დედის, წმიდა დიდებული მოციქულებისა და ჩვენი წმიდა მამა იოანეს მეოხებით“.

       ამ სიტყვებით მეტყველი, ხანგრძლივი ლოცვებითა და მუხლთა მოყრით მადლობას შესწირავდა უფალს მრავალი დღის განმავლობაში. ასე შეუორგულებელ ლოცვასა და მარხვაში ნეტარმა შიომ, გაატარა რამდენიმე დღე და ღმერთმა, ნახა რა გულმოდგინება და მოთმინება მისი, რომელიც არ ერიდებოდა ხორცისათვის ასეთ დიდ გასაჭირს, და ყოველგვარი სახმარის უქონლობაში საკუთარი თავის დასჯას, ღმერთმა, რომელიც სახიერია და კაცთმოყვარე, არ დაივიწყა თავისი ერთგული მონა და როგორც ადრე ელია გამოზარდა უდაბნოში ყორნის დახმარებით, ისე საღვთო შურით აღვსილი შიოს გამოზრდა იწყო ყოველდღე მტრედის მოვლინებით, რომელსაც მოჰქონდა შიოსთან ხორცისათვის ნუგეშის საცემი. წყალიც კი გამოუდინა მშრალი კლდიდან თავისი გამოქვაბულის მარჯვნივ. ნახა რა ნეტარმა შიომ, რომ მასზე ასე ზრუნავდა უფალი, მადლობასა და ქებას შესწირავდამას: „ჰოი, უფალო დიდებისაო და ყოველგვარი ნუგეშის მცემელო ღმერთო, შენი სახელი კურთხეულია უკუნისამდე, დიდია შენი წყალობა ჩვენზე, რადგან ადამიანთაც და მათ საცხოვრებელსაც შენ აცოცხლებ შენი უხვი წყალობით, რომელმაც ინებე ჩემ უღირსსა და უნდოზე ზრუნვა, რისთვისაც ყველაფრისათვის ვმადლობ შენს სახიერებას, რითაც მე ცოდვილსა და უხმარ მონას შენსას არ მტოვებ.“

       ასე ზეციური ზრუნვის ქვეშ მყოფი ღვთისაგან ხარობდა სულით და ადიდებდა ყოველივეს მფლობელ მეუფეს, რომელმაც წყალობით მოიხედა მისკენ. ამიერიდან უმატა მღვიძარებასა და ლოცვას სხვა დანარჩენ მოღვაწეობასთან ერთად, რადგან უხილავად გრძნობდა ბოროტი მტრის, ეშმაკისაგან დაპირისპირებას, რადგან გაძლიერებული იყო ღვთის ძალით და მიცემული ჰქონდა სულიწმიდის ძალა მზაკვარი გველის თავის დასათრგუნავად და მისგან ნასროლი ისრების მოსაგერიებლად და განდევნა ისინი ყოველდღე ფსალმუნებითა და ფეხზე დგომით, ღვთის მიმართ ლოცვით. პირზე ყოველთვის ეკერა წინასწარმეტყველ დავითის სიტყვები: „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის, უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე... აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთვისცა მე შენ გესავ“ (ფს. 26,1-3). და კიდევ: „მომადგეს მე და მომიცვეს მე „და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ“ (ფს. 117,11). და „საფრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით“. და ასეთ ლოცვებს მინდობილი, ეშმაკის ბოროტ ძალებს განდევნიდა საუფლო ჯვრის გამოსახვით მარტო მყოფი და მხოლოდ ღმერთს უგალობდა და მყუდროებით ქებას აღუვლენდა.

       ასეთ ყოფაში გავიდა გარკვეული დრო და ღვთის განგებულებამ ინება ბრწყინვალე ნათლის გამოჩენა, რადგან არც იყო შესაძლებელი, რომ სათნოებების მთაზე აშენებული ქალაქი უმეცრებას დაეფარა. ამიტომაც მაღალ სასანთლეზე იქნა დადგენილი ეს დიდი მნათობი, რათა ყველასათვის გაენათებინა და მის მოძღვრებას მორწმუნეთა სულები გაენათლებინა.

        იმ დროს იყო ერთი გამოჩენილი კაცი, ციხედიდის, იგივე მტკვრის ციხის მთავარი, სახელად ევაგრე. ეს ღვთის სათნო და მორწმუნე მშობლების შვილი სიყრმიდანვე საღმრთო წერილის კითხვით იზრდებოდა. ერთხელ იგი თავის შვილებთან და მსახურებთან ერთად სანადიროდ გავიდა მტკვრის იმ მხარეს, სადაც ნეტარი შიო მკვიდრობდა. ნადირის საძებნად მარჯვნივ და მარცხნივ დაიფანტნენ. ევაგრე კი ერთ ადგილას დარჩა. ღვთის განგებით მან შეამჩნია მტრედი, რომელსაც ჩვეულებისამებრ საზრდო მიჰქონდა ბერთან. ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც მტრედი შევიდა. ნადირობა მეორე დღესაც გაგრძელდა, ევაგრემ ისევ დაინახა მტრედი. ამ საკვირველმა სანახაობამ ევაგრე განაცვიფრა. გადაწყვიტა მტრედს უკან გაჰყოლოდა და შეეტყო, სად მიჰქონდა ფრინველს საზრდო. გამოქვაბულში მისულმა ევაგრემ წმინდა მამა შიო იხილა. ბერი მადლობას სწირავდა უფალს. ამ საუცხოო სანახაობით ზარდაცემულმა ევაგრემ წმინდანს შიშით მიმართა: ვინ ხარ და სადაური, ღვთის კაცო?!” ბერმა მიუგო: უცხოელი ვარ, ქრისტეს მოიმედე და ამ პატარა გამოქვაბულში ვცხოვრობ ამქვეყნიურ შფოთს გაშორებული, რათა სიმშვიდით დავასრულო ჩემი ცხოვრება, მადლობა შევწირო შემოქმედს და განვადიდო ყოველთა მეუფე და უფალი”. ამ სიტყვებით გახარებულმა ევაგრემ უთხრა: ცხოველ არს უფალი და ცხოველია შენი სული! ამიერიდან არ მიგატოვებ, შინ აღარ დავბრუნდები”. ბერმა მიუგო: შვილო, ვერ აიტან ამ უდაბნოს სიძნელესა და სიმტკიცეს. გეტყობა, რომ სიმდიდრეში ხარ აღზრდილი. დაბრუნდი შინ და მუდამ ღვთის შიშზე იფიქრე, რომ ღმერთმა დაგიფაროს ყველა განსაცდელისგან!” ევაგრემ კვლავ მიუგო: დღესვე რომ ვკვდებოდე შენს გვერდით, არც მაშინ დაგტოვებდი, ღმერთშემოსილო მამაო! აქ დავრჩები, მირჩევნია შენთან ერთად ავიტანო გასაჭირი, ვიდრე უკან დავუბრუნდე ამქვეყნიურ შვებასა და ლხენას, მრავალი შფოთით რომ არის სავსე!” წმინდა შიო დარწმუნდა, რომ ევაგრეს გადაწყვეტილება მტკიცე იყო. უთხრა: რადგან ასე შეგყვარებია უდაბნო და ძნელი ცხოვრება (ღვთისთვის), დამემორჩილე ყველაფერში, რასაც გეტყვი!” ევაგრემ მიუგო: სიხარულით აღვასრულებ ყველაფერს, რასაც შენი სიწმინდე მიბრძანებს”. ბერმა ევაგრეს თავისი კვერთხი უბოძა და უთხრა: წადი, შვილო, წაიღე ეს და ქრისტეს სახელით მდინარე გზას მოგცემს და მშრალად გახვალ ნაპირზე. შინ რომ მიხვალ, მთელი შენი საცხოვრებელი ღვთის სათნოდ განაგე და ისევ ჩემსკენ გამობრუნდი! მდინარეს რომ მოატან, როგორც პირველად, ისევ შეახე კვერთხი წყალს და თუ მდინარემ გზა მოგცა, ისწრაფე ჩემთან მოსასვლელად, რამეთუ ასეთია ღვთის ნება! ხოლო თუ წყალი კვერთხს არ დამორჩილდა და გზა არ მოგცა, სახლში დაბრუნდი და გჯეროდეს, რომ ღმერთს არ სურს შენი მონაზვნური ცხოვრება!”.

      ევაგრეს უმძიმდა ღირსი მამის დატოვება, მაგრამ მის ბრძანებას დამორჩილდა. ოღონდ შიშობდა, მარტოობის მოსურნე ბერს მის მოსვლამდე ადგილი არ შეეცვალა. ღირსმა მამამ ფიცით დაარწმუნა, რომ არსად წავიდოდა. ევაგრემ კვერთხთან ერთად ბერის კურთხევაც მიიღო და გზას გაუდგა. მდინარესთან მისულმა ერთი ყმაწვილი თავის სახლეულობასთან გაგზავნა ნასდაგში და სთხოვა ციხედიდში მოეყარათ თავი. მერე ბერის ბრძანებისამებრ, კვერთხი მდინარეში ჩაყო და  მეყსეულად ის დიდი მდინარე შუა გაიყო  და ევაგრე ფეხის დაუსველებლად გავიდა მეორე ნაპირზე! შინ მისულმა მთელი თავისი საცხოვრებელი განაგო. ქონების დიდი ნაწილი გლახაკებს მისცა. დათმო სიხარული სოფლისა;  როგორც ლოტი სეგორს, ისე ისწრაფოდა ღვთის მონისკენ. თვალითა და ფიქრით სოფლისკენ აღარ მიუხედავს, შიშობდა უკან მიხედვით ცათა სასუფევლის გზას არ ასცდენოდა, მარილის სვეტად არ გაქვავებულიყო მიწიერი და სოდომებრივი ცნობისმოყვარეობის გამო. მდინარესთან მისულმა ისევ ჩაჰყო ღირსი შიოს კვერთხი წყალში და ვეება მდინარემ გზა ისევ მისცა. ასეთი ძალი მიეღო ღვთისგან სანატრელ შიოს, ბრძანა და კვერთხით სხვისი ხელის მეშვეობით წყალს აღვირი ამოსდო.

      საღმრთო სურვილით აღძრულმა ევაგრემ, შეასრულა რა ბერის ყველა ბრძანება, დაბრუნდა მასთან და უთხრა: წმინდაო მამაო, როგორც მიბრძანე, ისე მოვიქეცი. ახლა მოვედი, რათა კვლავ მორჩილად შევასრულო, რასაც მიბრძანებ”. წმიდა შიომ მიუგო: შვილო შენი კეთილი მორჩილებით უფალი გაგაძლიერებს და გადაგატანინებს იმ სიავეს და გაჭირვებას, რასაც მტერი მოგაწევს. ყოველმხრივ უნდა გაფრთხილდე და მღვიძარე იყო! ეშმაკს მრავალი იარაღი აქვს და ცდილობს შეგვაბრკოლოს ღვთის გზაზე. არსად დაგიგოს მახე და შენს გონებაში საღ ხორბალს შორის სარეველა არ დათესოს”.

       გამოხდა ხანი და მეფე ფარსმანმა შეიტყო ევაგრეს მონაზვნობის შესახებ. მეფეცა და მთავრებიც დიდად შეწუხდნენ, რადგან ევაგრე მეფის შემდეგ იყო ქართველთა სამეფოს განმგებელი და მეტად მხნე და ძლიერი სარდალი.

       მეფემ აღარ დააყოვნა და მაშინვე წავიდა ევაგრესთან. ნახა რა იგი მონაზონთა სამოსით შემოსილი, დიდხანს ცრემლებით ევედრებოდა, რათა ისევ დაბრუნებულიყო ერში მასთან და მისი მამული ობლად არ მიეტოვებინა. ღირსმა ევაგრემ უთხრა მას: „ჰოი, მეფეო, რატომ ითხოვ ჩემგან, რომ მივემსგავსო ძაღლს, რომელიც თავის ნარწყევს უბრუნდება“. და მრავალნაირად არწმუნებდა, რომ ასეთი რამ მისთვის აღარ ეთხოვა. დიდი ხნის საუბრისა და ბჭობის შემდეგ დამშვიდდნენ და ბერის გამოქვაბულისკენ გაემართნენ. პირველად ნეტარი ევაგრე შევიდა წმიდა შიოსთან და მეფის მოსვლა აუწყა. ნეტარმა შიომ უთხრა: “შვილო ჩემო, ჩემთვის მეფის მოსვლა ძალზე მძიმეა. ვინ ვარ მე? მიწა და ნაცარი, მე თვითონ გავალ ღვთის ცხებულის წინაშე.” წმიდა შიო გამოქვაბულიდან გამოვიდა. მეფემ რომ შეხედა, თავზარი დაეცა, ისეთი დიდი მადლი იხილა ბერის სახეზე. მეფემ მყისვე მიწაზე დააგდო გვირგვინი, სამეფო სარტყელი მოიხსნა და ბერის ფეხებთან დაემხო. ნეტარმა შიომ უთხრა: “შემინდე მეფეო, ნუ მიაგებ ცოდვილს შეუფერებელ პატივს, თორემ ღვთის სასჯელს  მომწევ!” წმინდანის ფეხებთან დამხობილი მეფე ცრემლებით სთხოვდა კურთხევას. წმინდა შიომ დალოცა.

        ნეტარმა შიომ მეფე წამოაყენა და თავისი ხელით დაადგა გვირგვინი, ასევე ყველა დიდებულმა მუხლი მოიყარა ღირსი შიოს წინ და კურთხევა მიიღო. მათ შორის იყო ერთი მთავარი, რომელსაც მარჯვენა თვალი ისრისგან ჰქონდა დაზიანებული და სრულიად ვერ ხედავდა. როდესაც იგი კურთხევის მისაღებად წმიდა შიოს მიუახლოვდა, გულში რწმენით ამბობდა: როგორც კი მის ფეხს შევეხები, უმალ განმეკურნება თვალი!” ასეც მოხდა. შეხებისთანავე კაცს თვალის ჩინი დაუბრუნდა. ამ საოცრების მხილველნი ღმერთს ადიდებდნენ.

     ფარსმან მეფემ ღირს მამას ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდა უდაბნოსთვის. წმიდა შიომ უპასუხა: „უფალო მეფე! გულნი მეფეთანი ხელთა შინა ღვთისათა არიან, ვითარცა რა ჯერ გიჩნს, ჰყავ“. მეფემ უდაბნოში ეკლესიის ასაშენებელად დიდძალი საფასე, ოთხი დაბა, ბარძიმ-ფეშხუმი, ოქროს ჯვარი და მშვენივრად შემკობილი მეფე ვახტანგ გორგასლისეული სახარება შესწირა. როცა ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს, ფარსმან მეფე ამჯერად უდაბნოში კათლიკოსსა და ეპისკოპოსებთან ერთად ჩაბრძანდა. მოვიდა თვით წმიდა იოანე ზედაზნელიც და ახლად აგებული ტაძარი აკურთხა.

         არ გასულა დიდი დრო და მეუდაბნოე ძმათა რიცხვმა ორი ათასს მიაღწია. უდაბნოში სასწაულთმოქმედი განდეგილის სანახავად და მისგან კურთხევისა და კურნების მისაღებად მრავალი ადამიანი მოდიოდა.

       ბოლოს წმიდა შიომ თავისი სულიერი მამის, იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათლიკოსის ლოცვა-კურთხევით შეკრიბა მოწაფეები, მისცა მათ წესი, დაუნიშნა წინამძღვრად ღირსი ევაგრე და მის მიერვე გათხრილ მღვიმეში განმარტოვდა.

       ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს, ღვთისგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ, მიიღო წმიდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სული სიტყვებით: „ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“.

       სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმიდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

 

 

                          დავითის წმიდა მთა საქართველოს დედაქალაქში

 

       მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან ერთად, ქალაქის დასავლეთით მდგარ მთის ფერდობზე, გამოქვაბულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.  წმინდა მამათა საცხოვრისი ანდამატივით იზიდავდა თბილისისა და მისი შემოგარენის მკვიდრთ. ბერებთან უამრავი ხალხი მიდიოდა აღსარებისთვის. მამა დავითი უსმენდა მათ, სინანულისა და შენდობისაკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განუმტკიცებდა.

       მამა დავითის ლოცვით მისი გამოქვებულის ახლოს სასწაულმოქმედმა წყალმა ამოხეთქა. ამ წყაროს წყალობით მრავალი მართლმორწმუნე განიკურნა უშვილობისაგან.

       იმდროინდელი თბილისი ცეცხლმსახურებს ეპყრათ. დაუღალავი სწავლებით და ანგელოზებრივი ცხოვრების მოშურნეობით მამა დავითმა ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რჯულზე.

      მოგვები ხედავდნენ, რომ დავითი უფრო და უფრო დიდ სიყვარულს იხვეჭდა ხალხში და ყოველნაირად ცდილობდნენ, შეებღალათ მისი სახელი. ერთ კვირა დღეს საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულ წმიდა მამას მასზე წინასწარ შეთხზული ცილისწამების მოწმედ მეძავი ქალი მოუყვანეს. მეძავმა შეკრებილი ხალხის წინაშე მამა დავითს მრუშობა დააბრალა. უფლის მსასოებელმა მოძღვარმა ქალის მუცელს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა, ეთქვა ნამდვილი მშობლის ვინაობა. მანაც სასწაულებრივად თავის მამად ვინმე მჭედელი აღიარა. ამბის მოთავე შერცხვენილმა მოგვებმა ქალს ქვები დაუშინეს. მათ ხალხიც აყვა. ღირსმა დავითმა ვერ შეძლო მათი შეჩერება და ცილისმწამებელი ქვებით ჩაქოლეს. ამ ამბის შემდეგ გულგატეხილმა, ბერ ლუკიანესთან ერთად დატოვა ქალაქი.

        მამა დავითი მალე წავიდა თბილისიდან, მაგრამ ქალაქის მკვიდრთ მისდამი მოწიწება და სიყვარული დიდხანს არ განელებიათ, ამიტომაც უსახელო მთას მამადავითი უწოდეს. იმ ადგილზე, სადაც წმიდა მამას უყვარდა ქადაგება, ამჟამად აღმართულია ქ(უ)აშვეთად წოდებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.

       მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა. ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითს მეორე სახელი - „მთაწმინდა“ დაერქვა. დამპყრობლებმა საუკუნეთა მანძილზე არაერთგზის დაანგრიეს ეკლესია, მაგრამ ღირსი დავითის ლოცვის მეოხებით მთის ეს ფერდობი უკვე უფლის მადლით იყო ცხებული, ამიტომაც იოლად აღდგებოდა ხოლმე ნანგრევებიდან ბარბაროსთა უგუნურების მსხვერპლი.

     XVI საუკუნეში ათონის მთიდან ჩამოსულმა ორმა ბერმა, დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა, დაზიანებული ეკლესიის ადგილას ღვთისმშობლის სახელზე მონასტერი ააგეს და ახალ ტაძარს მთაწმინდის ძირას მდებარე მიწები შესწირეს. ქართველი მეფენი და დიდებულნი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ ამ მადლმოსილ ადგილს. ბერად აღკვეცილი ქართლის მეფე დავით X მამადავითის მთაზე ცხოვრობდა და აქვეა დაკრძალული. აქ გარდაიცვალა რუისის ეპისკოპოსი ნიკოლოზიც, რომელმაც ხანდაზმულობის გამო უარი თქვა ეპარქიის მართვაზე და მთაწმინდაზე დასახლდა.

       1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი „სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა“. ეკლესია აგურით იყო ნაშენი და უგუმბათო ხის სახურავი ჰქონდა. კათალიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესია ფერისცვალების სახელზე აკურთხა არქიმანდრიტმა ტრიფოლიმ. სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ - გარეჯის უდაბნოში ღირსი მამა დავითი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული. ასეთი სახით ეკლესიამ 1857 წლამდე იარსება. ძველი ეკლესია დაშალეს და 1859 წელს ჩაყარეს ახალი ტაძრის ბალავარი. ახალი ტაძარი წმინდა დავით გარეჯელის სახელზე ეკურთხა.

      ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული იყო. დილაადრიან იწყებოდა მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. მლოცველები მამადავითის ეკლესიას ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ გარს. ზეიმის დროს ქალაქის ახლომახლო სოფლებიდანაც ჩამოდიოდნენ ღამისმთევლები. დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდებოდა.

 

                                                         მადლის ქვა

 

         წმიდა დავით გარეჯელი რამდენიმე ბერთან ერთად სიწმიდეთა მოსალოცად იერუსალიმს გაემართა. როდესაც „მადლის ქედად“ წოდებულ მთას მიაღწიეს, საიდანაც კარგად მოჩანდა ქალაქი ღვთისა, ბერებმა ხელები აღაპყრეს მაღლა და ღმერთს მადლობა შესწირეს, ხოლო მამა დავითი ქვე დაემხო ქვითინით და შეჰღაღადა, რომ რაკი ღირს იქმნა ამ წმიდა ადგილის დანახვისა, კმაროდა ეს მისთვის და ვერ აკადრებდა თავის თავს საკუთარი ცოდვილი ფეხით სიარულს იქ, სადაც თვით უბიწოსა და ღმერთკაცობრივი უფლის ფერხთ ევლოთ. „უფალო ღმერთო ჩვენო, იესო ქრისტე – მიმართავდა უფალს – მიწაზე კაცთა საცხოვნებლად მოსულო, რომელიც ქალწულისაგან განხორციელდი და სრული კაცი შეიქენ, ოღონდ უცოდველი; შენი ნებით თავს იდევ ჩვენი ცოდვები და იმ ადგილას, რომელსაც ეხლა მე ვუყურებ, ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინე; ღვთის ძლიერებით აღდგომილმა აღადგინე ადამიც მთელი თავისი მოდგმით; წმიდა მოციქულთა ხელით მოგვეცი სახარება, რომელიც მოგვითხრობს შენს განგებულებას და იმას, რაც შენ, უკვდავმა და უსხეულო ღმერთმა, ზეციური მამის წიაღიდან გამოსულმა, მიწაზე აღასრულე ჩვენი ცხოვნებისათვის, რათა მივხვდეთ ჩვენს ცთომილებას და სინანულის გზით უწინდელი ნეტარება დავიბრუნოთ საუკუნო ცხოვრებაში. კურთხეულია შენი სახელი, რომელმაც მე, შენი უღირსი მონა, ღირსი გამხადე აქ მოსვლისა და ამ ადგილის ნახვისა, სადაც შენი წმიდა ფეხი დაგიდგამს! მე ვეღარ გავბედავ გზის გაგრძელებას და ჩემი ცოდვილი ფეხით ვერ შევეხები იმ მიწას, რომელსაც ჩემი შემოქმედის ღმერთკაცობრივი და უბიწო ფეხი ეხებოდა. საკმარისია ჩემთვის ის მადლი, რომ ღირსი შევიქენ, ჩემი უღირსი თვალით დამენახა ეს წმიდა ადგილები!“

       ბერებმა ვერაფრით დაითანხმეს მამა დავითი ქალაქში შესვლაზე. „თქვენ წადით და ჩემთვის, ცოდვილისათვის, ლოცვა ჰყავთ!“ – მათვე სთხოვა წმიდა მამამ, თავად კი დაელოდა და, როცა ისინი ქალაქიდან დაბრუნდნენ, მადლის ქედიდან სამი ქვა აიღო სამახსოვროდ, ვითარცა ქრისტეს საფლავისგან გამოკვეთილნი და რწმენით ჩაილაგა აბგაში. ამის შემდეგ გამობრუნდა და გახარებული დაადგა გარეჯის გზას.

      მისი გულწრფელობითა და რწმენით გაკვირვებულმა უფალმა ინება გამოეჩინა ეს ბრწყინვალე მამა, რომელმაც თავისი გადამეტებული კრძალულების გამო ვერ გაბედა იერუსალიმში შესვლა.

     იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მისი სამკვიდრებლიდან მონას ღვთისას დავითს საკუთარი სარწმუნოებით იერუსალიმის სამი ქვით მთელი მადლი მიჰქონდა თან; უბრძანა, სასწრაფოდ მალემსრბოლნი წარეგზავნა,  ორი ქვა დაეთმობინა და მხოლოდ ერთი გაეტანებინა სიწმიდის სახით – რათა იმ ქვის შემხებელთ მიეღოთ კურნება სულითა და ხორცით.

პატრიარქის მალემსრბოლნი გზაში დაეწივნენ ბერს, პატრიარქის ჩვენების შესახებაც ამცნეს და მისი დანაბარებიც გადასცეს - იგი იერუსალიმში სტუმრობასა და ორი ქვის დაბრუნებას სთხოვდა. მამა დავითმა თავი არ ჩათვალა სტუმრობის პატივის ღირსად, ორი ქვა კი დაუბრუნა. მალემსრბოლნი პატრიარქთან დაბრუნდნენ და თან მიიტანეს წმიდა დავითისგან წამოღებული ქვები. ეს ამბავი მთელს იერუსალიმში გახმაურდა, ხოლო ქვა, რომელიც დავით გარეჯელმა საქართველოში ჩამოიტანა, დღემდე კურნების სასწაულებრივი მადლით არის ავსილი.  

   

 

                         განუშორებლად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატით ხელში

 

      ნეტარ ანტონს, საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ: ზედაზენზეცა და კახეთშიც – აკრიანში, განუშორებლად თან დაჰქონდა ასურეთიდან წამოყოლილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი.

     თავისთავად საგულისხმოა ამ ხატის ისტორია:

       ქალაქ ედესის მძიმედ დასნეულებულმა ავგაროზ მეფემ მხატვარი ანანია იერუსალიმში მყოფ მაცხოვართან მიავლინა, თან წერილი მისწერა ქრისტეს, რომელშიც ატყობინებდა, რომ იცოდა მისი სასწაულებრივი მკურნალობის შესახებ, აღიარებდა მას მესიად და სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და სნეულებისგან დაეხსნა. ამასთანავე, მაცხოვარს საცხოვრებლად თავის ქალაქს - ედესას სთავაზობდა,რადგან იცოდა, რომ მას სამშობლოში სდევნიდნენ.

       ავგაროზმა ანანიას ისიც დაავალა, - თუკი ქრისტე თავად არ ინებებს წამოსვლას, მისი ღვთაებრივი სახე დახატე, რათა სურათი მაინც მქონდესო...მმართველს იმედი და რწმენა ჰქონდა, რომ ამ ხატის შეხედვით მაინც განიკურნებოდა.  უფალმა ედესაში წასვლა ვერ შეძლო, მაგრამ ანანიას მისი დახატვის ნება დართო. მხატვარმა ვერასგზით მოახერხა უფლის არაამქვეყნიური ნათლით გაბრწყინებული სახის ტილოზე გადატანა. მაშინ მაცხოვარმა წყალი და ტილო მოატანინა, პირი დაიბანა და ტილო სახეზე მიიდო, რომელზეც სასწაულებრივად აღიბეჭდა მისი სახე. ეს მაცხოვრის პირველი ხატია და სწორედ ამიტომ მასპირი ღვთისაჰქვია.

    ტილოზე გადასული ხატი მხატვარმა ედესაში ჩააბრძანა და ამ ხატმა მეფე ავგაროზი განკურნა. ედესის შესასვლელის კარის თავზე ნიში გააკეთეს, ტილო, ანუ მანდილიონიფიცარზე გადააკრეს და იქ დააბრძანეს. ქალაქის მცხოვრებნი ყოველ ჟამს მოწიწებით იდრეკდნენ მუხლს  ხელთუქმნელი ხატის წინაშე ამ კარში შესვლისას.

      მაგრამ ედესის ერთ–ერთი მმართველი,  იმ კეთილშობილი მმართველის  შვილთაშვილი,  დაემონა კერპთაყვანისმცემლობის საცდურს და გადაწყვიტა ხატის ჩამოხსნა. უფალმა უბრძანა ედესის ეპისკოპოსს დაემალა მისი ხატი. ეპისკოპოსმა ნიშაში მოათავსა ხატი, წინ კანდელი დაუნთო, თიხის კეცი მიაფარა და აგურები შემოუწყო. ქრისტიანების დევნის დროს ეს ნიშა ამოაშენეს.

       545 წელს ედესას სპარსეთის მეფე ხოსრო I მიადგა ასაოხრებლად. როდესაც ქალაქის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო,  ედესის ეპისკოპოსს ხილვა მიეცა ღვთისმშობლისა, რომელმაც აუწყა,  სად იყო მაცხოვრის ხატი – უბრძანა, გამოეხსნათ ხატი ნიშიდან და იგი დაიფარავდა ქალაქს მომხდურთაგან.. მოიძიეს კედელში ჩაშენებული მაცხოვრის ხატი და აღმოჩნდა, რომ ხატთან კანდელი ჩაუქრობლად ენთო,  ხოლო ხატის წინ მდებარე თიხის კეცზე მაცხოვრის ხატება გადასულიყო.  მტერმა პირი იბრუნა ედესა მაცხოვრის ხელთუქმნელმა ხატმა გადაარჩინა.

    ამრიგად, “პირი ღვთისაორია: ერთი კეცის, რომელსაც კერამიონს უწოდებენ, ხოლო მეორე მანდილიონი, ანუ, მანდილის-ტილოზე გადასული.

       ორივე ხატის – კერამიონისა და მანდილიონის ისტორიები საქართველოს უკავშირდება. კეცის ხატი საქართველოში არის დავანებული. წმინდა ანტონმა, ასურელმა  მამამ, საღვთო გამოცხადებით  ერეტიკოსთა ეკლესიას წაჰგვარა იგი (სადაც დაბრძანებული იყო ნიშის გახსნის შემდეგ)  და საქართველოში ჩამოაბრძანა. სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა წმიდა ანტონი ამ ხატზე – წმინდა მამამ კერამიონი მის მიერ დაარსებულ მარტყოფის მონასტერში დააბრძანა და მას აქ სათუთად ინახავდნენ. კერამიონს უამრავ სასწაულს მიაწერენ.

           მარტყოფის მონასტერი თემურ ლენგმა აიკლო, თუმცა ვიდრე ეს საშინელება მოხდებოდა, მონასტრის წინამძღოლმა, გიორგი მარტყოფელმა მოასწრო და კერამიონი გადამალა. როგორც ცნობილია, მას ხატი მარტყოფის ტერიტორიაზე დაუფლავს და ამჟამადაც იქ იმყოფება.

           რაც შეეხება „პირი ღვთისას“ – მისი ნავთსაყუდარიც საქართველოშია. 641 წელს ქალაქი ედესა არაბ დამპყრობთა ხელში გადავიდა, თუმცა ხატისთვის ხელი არავის უხლია, 944 წელს კი ედესას ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტის ჯარები მიადგა. ქალაქის ჯარის სარდალ იოანესთან გაიმართა მოლაპარაკება. მის შედეგად ბიზანტიელებმა ალყა მოხსნეს, სამაგიეროდ ჯილდოდ უდიდესი სიწმინდე – “პირი ღვთისაარაბთაგან მიიღეს. ედესიდან ხატი კონსტანტინოპოლში ლიტანიობით გადააბრძანეს. შემდგომ  წმინდა სოფიას ტაძარში დაბრძანეს და დიდი ხნის განმავლობაში იქ იყო და ხატმებრძოლობის ავბედით დროსაც კი გაუძლო. 1204 წელს, IV ჯვაროსნული ლაშქობების დროს ქრისტიანმა ჯვაროსნებმა იერუსალიმი გადაწვეს, მონასტრები გაძარცვეს და სიწმინდეები ევროპაში გაიტანეს. ამ ლაშქრობების მეთაურის, ვენეციელი დოჟის, დონდოლეს ბრძანებით, “პირი ღვთისაფიცრიდან გამოგლიჯეს და გენუის თუ  ვენეციის გზას გაუყენეს. გემი ჩაიძირა და ორიგინალი მანდილიონიც, სამწუხაროდ, ადრიატიკის ზღვაში ჩაიძირა.

      პირი ღვთისასაქვს საოცარი თვისება, სხვადასხვა ნივთებზე გადადის. ხატი იმ დაფაზე გადასულა, რომელიც ტილოს უკნიდან ჰქონდა გაკეთებული. ქართველთა ღვაწლით ეს დაფა გადარჩა. ამ პერიოდში, მეცამეტე საუკუნის დასაწყისში, საქართველო უმნიშვნელოვანესი და ანგარიშგასაწევი ქვეყანა იყო. “პირი ღვთისა”, ანუ ფიცარზე გადასული ხატი, თავშესაფრად გადმოაბრძანეს საქართველოშიკლარჯეთში, მთიან ანჩში და ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში დაასვენეს.

       თამარ მეფემ ხატი შეაკეთებინა, ცვილის საღებავით აღადგენინა და ბექა ოპიზარს მოაჭედინა. მსოფლიო მნიშვნელობის ეს საგანძური თურქთა მიერ ბიზანტიის იმპერიისა და მისი დედაქალაქის დაცემამდე, 1453 წლამდე იმყოფებოდა ანჩის ტაძარში. შემდეგ თურქებმა საქართველოსაც შემოუტიეს და ანჩშიც თურქები შევიდნენ. 1664 წელს ქართლის კათალიკოსის დომენტის დავალებითპირი ღვთისა” 2 000 მარჩილად შეისყიდეს და ჩამოაბრძანეს თბილისში, ღვთისმშობლის მიძინების (ახლანდელი ანჩისხატი) ტაძარში. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარმა სახელი იცვალა და მასანჩისხატიუწოდეს, ანჩიდან ჩამობრძანებულიპირი ღვთისასსაპატივსაცემოდ. საქართველოს გასაბჭოებამდე, ეს საოცარი ხატი ანჩისხატში იყო. 1938 წელს, საქართველოს კათალიკოს– პატრიარქის, კალისტრატეს თხოვნით, იგი ხელოვნების მუზეუმში გადააბრძანეს. ამით კათალიკოსმა ხატი ბოლშევიკთა ხელყოფისაგან გადაარჩინა, რადგან ამ პერიოდში ათეისტი ბოლშევიკები ტაძრებს ანგრევდნენ და ხატებს ანადგურებდნენ. მას შემდეგ მსოფლიო საოცრებაპირი ღვთისაანჩისხატიმუზეუმში იმყოფება და ანჩისხატის ტაძარი კვლავ ელოდება მის დიდებით დაბრუნებას.

 

 

            მამა იოანეს, მამა ანტონისა და მამა დავითის ქმნილი სასწაულები

 

                                                  კურნებანი ზედაზენზე

 

 

          მამა იოანესთან ერთხელ ერთი დავრდომილი კაცი მოიყვანეს. მოძრაობა საერთოდ არ შეეძლო, საცოდავი სანახავი იყო. საკაცეზე გართხმული, მამა იოანეს წინ დააწვინეს. ნათესავები მის შველას ევედრებოდნენ მამა იოანეს. თვითონ დავრდომილიც, საწყალობელი ხმით ითხოვდა დახმარებას: „შემიწყალე, მონაო მოწყალე ღვთისაო, მე – საფლავისათვის გადადებული მკვდარი! ევედრე ღმერთს, რომ შენი ლოცვით განვიკურნო!“

        ნეტარ იოანეს მისი შველა საძნელო საქმედ მიაჩნდა, მაგრამ გული შესტკივდა და ლოცვად დამდგარი ღმერთს შეევედრა, განეკურნა ბოროტი სნეულებით შეპყრობილი კაცი. ამის შემდეგ იგი მიუბრუნდა დავრდომილს, როგორც ოდესღაც თვით უფალი – სნეულ განრღვეულს და უთხრა: „აღსდექ, რამეთუ განგკურნებს შენ უფალი ჩვენი იესო ქრისტე!“ ნახევრად მკვდარი და ყოვლად განწირული კაცი უეცრად ფეხზე წამოდგა და მთლად უვნებელი დადგა მამა იოანეს წინაშე,.

  ამ საოცრების შემსწრე ადამაიანები განცვიფრებულნი ადიდებდნენ ღმერთს, რომელიც ასეთ სასწაულს ახდენდა თავისი მონის შემწეობით.

       სხვა დროს იოანეს მოუყვანეს კაცი, რომელშიც უტყვობის ეშმაკი ჩაბუდებულიყო და მისთვის ლაპარაკის უნარი წაერთმია. წმიდა იოანეს შეებრალა იგი და მიმართა ეშმაკს: „სულო ბოროტო და უკეთურო, რატომ ტანჯავ ღვთის გაჩენილს? ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ: გადი ამ კაცისაგან და უკაცრიელსა და გაუვალ ადგილებში წადი!“

       ეშმაკმა ბერის ბრძანებით დატოვა კაცი, რომელიც ამის შემდეგ სავსებით განიკურნა. განცვიფრებული ხალხი ერთხმად ამბობდა: „ვინ არის ის, რომელიც სიტყვით ეშმაკთ განდევნის და მყისიერად კურნავს სნეულთ?“

      ნეტარი იოანე კი მიუგებდა: „კაცნო, ნუ გიკვირთ ღვთის დიდებულებანი; რამეთუ მე კი არ ვკურნავ, არამედ ვუხმობ უფლისა  ჩვენისა იესო ქრისტეს სახელს და მისი სახელით განიდევნება უძლურება, ეშმაკეულნი და ქარწყლდება მაცთური ეშმაკის ყოველგვარი ძალისხმევა. თვითონ უფალმა ბრძანა: „ რომელს ჰრწმენეს ჩემდამო, საქმეთა, რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროისცა ჩემსა ქმნეს“, და იგია მკურნალი ყოველთა და მოქმედი საკვირველებათა“.

    მამა იოანემ ურიცხვი სასწაული აღასრულა ამქვეყნად, რომელთაგან მრავალი ზედაზნამდე, ჯერ კიდევ ასურეთში მოხდა, მაგრამ მათი სათითაოდ გახსენება შეუძლებელია სიმრავლისა გამო და ზემოხსენებული ორი მაგალითი თვალსაჩინოებით ყველა დანარჩენსაც მოიცავს.

 

                                                    გაშეშებული ხელი

 

                       განმარტოებით ცხოვრების მოსურნე მამა ანტონმა აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დადგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან, ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას.

       ერთხელ ამ სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს მოირბინეს. ერთობ შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონი გაკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლად სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი ერთბაშად შეხვდა მამასახლისს. ეს უკანასკნელი ძლიერ გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა, გარეულ ირემთა შორის, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა, მამასახლისი ვერას მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა.

     მართლაც, მამასახლისმა უბრძანა მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და იქ მოეჭრათ მისთვის ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ ერთბაშად რკინაც გაუვარდა ხელიდან და თან ხელიც გაუშეშდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. ყველაფერი იმ წამსვე მამასახლისს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: “მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო”. მამა ანტონმა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი. მათ მაშინვე მოუტანეს. ანტონი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში. მალე მისი ირმებიც დაბრუნდნენ, რომელთაც მისცა ნაბოძები მარილი.

 

 

 

                                              მოქცეული ბარბაროსი     

 

       ერთ დღეს ნეტარი დავით გარეჯელი, ჩვეულებისამებრ, ძმებთან მიდიოდა მთის წვერზე. რომელიღაც კლდის ძირში გაჩერდა და ხელაპყრობილი ლოცვას შეუდგა. ვიდრე ლოცულობდა, ქორს გამოქცეული კაკაბი ფეხებში ჩაუვარდა. ქორიც მახლობლად ჩამოჯდა. ვიღაც უცხოელი სანადიროდ გამოსულიყო. მოწყალე ღმერთმა პირუტყვ არსებათა მაძიებელი მეტყველი სულიერი ამ კეთილ სულთა მონადირეს მოანადირებინა და ხელთ-აგდებინა საღმრთო მოძღვრების ბადით. უცხო კაცი ცხენს მიაჭენებდა, რომ ქორისთვის ნანადირევი წაერთმია. ახლოს მოსულმა დაინახა ლოცვად დამდგარი წმიდა დავითი, მის ფერხთით კაკაბი და მახლობლად ქორი. მონადირე გაოცდა. განცვიფრებულმა ბერს ჰკითხა: ვინ ხარ, საიდან მოსული?” წმიდა დავითმა უპასუხა: მე ვარ მონა იესო ქრისტესი, მის მოწყალებას ვევედრები, მომიტევოს ცოდვები და ღირსი გამხადოს უშფოთველად წავიდე წუთისოფლიდან.” უცხოელმა ჰკითხა: ვინ გასაზრდოებს აქ?” დავითმა უპასუხა: ვისი იმედიც მაქვს და თაყვანს ვცემ, ის ზრუნავს ყველა თავის შექმნილსა და დაბადებულზე, რაც კი არსებობს მიწაზე, წყალში და ჰაერში. გაუშვი ეს ფრინველი, რომელიც ჩემთან, ცოდვილთან, მოვიდა, და სხვაგან ინადირე! ამ ფრინველმა დღეს მე შემომაფარა თავი, რომ სიკვდილს გადამერჩინა”. ამპარტავანმა უცხოელმა ბერს ამაყად უთხრა: ჰოი, საწყალო ბერო, მე შენს მოკვლას ვაპირებ, შენ კი ფრინველის გადარჩენაზე მელაპარაკები! ჯერ შენი თავი უნდა გამოგეთხოვა ჩემთვის, მერე ეს ფრინველი!” მშვიდმა და აღუშფოთებელმა ბერმა მიუგო: არც მოკვლა შეგიძლია და არც გათავისუფლება არა მხოლოდ ჩემი, ამ პატარა ფრინველისაც კი, რადგან ჩემი ღმერთი ჩემი შემწეა და უვნებლად დამიცავს შენი მუქარისაგან!” განრისხებულმა ველურმა მახვილი იძრო, რომ წმიდა მამისათვის ეგმირა, მაგრამ როგორც კი ხელი  ასწია,  უეცრად მარჯვენა ჰაერში გაუშეშდა. ამაყი უცხოელი თავის შეცდომას ძლივს მიხვდა და ყოვლად დამდაბლებული, მონურმა შიშმა შეიპყრო. ცხენიდან ჩამოხდა, ბერს ფეხებში ჩაუვარდა. ოხვრით და გოდებით ულტობდა ფეხებს, ევედრებოდა მიეტევებინა ცთომილება. ამბობდა: ჰოი, სახიერო ღვთის მონაო, სიკეთე გამოიჩინე საწყალი კაცისადმი, ორმაგად განმკურნე, სულითაც და სხეულითაც, მომიტევე შეცდომა, რომელიც უგუნურობით ჩავიდინე!”

         მოწყალე უფლის მოწაფე დავითი ამ სიტყვებმა ლმობიერად განაწყო, ხელები ცისკენ აღაპყრო და ილოცა: უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, სახიერო და კაცთმოყვარეო, შენ შეიწყალე და განკურნე შენი მავედრებელი, რომელსაც ხელი გამხმარი ჰქონდა. ახლაც, მეუფეო, შენ განკუნე ხელი ამ საწყალობელი უცხოელისა, რომელმაც ამპარტავნულად აღმართა მარჯვენა შენს უღირს მონაზე! განკურნე, რომ მიხვდეს და შეგიცნოს შენ, სასწაულმოქმედი ღმერთი, და უკუნისამდე აღიარებდეს შენს სახელს!”.

    ლოცვა რომ დაასრულა, ნეტარი ბერი ხელით შეეხო ველურის მარჯვენას და იმწამსვე განკურნა. უზომოდ გაკვირვებული უცხოელი ღმერთს მადლობას სწირავდა მისი მონის, დავითის მიერ აღსრულებული სასწაულისათვის. შემდეგ წმიდანს ტირილით უთხრა: მონაო ღვთისა ცხოველისაო! შინ ხეიბარი შვილი მყავს, ადგომა არ შეუძლია, გევედრები, შეევედრე შენს უფალს მისთვის; მჯერა შეისმენს შენსას. თუ განიკურნება, მოვიყვან შენს სიწმინდესთან, რათა შენი კურთხევა მიიღოს; მე და ჩემი ნათესავები მოვინათლებით, თაყვანს ვცემთ შენს უფალს და ვადიდებთ მის ყოვლად დიდებულ სახელს უკუნისამდე. მთელი ჩემი ქონებით შენს სიწმიდეს ვემსახურები”.

      წმიდა დავითმა, როგორც ოდესღაც იესომ იპიროსს, ბარბაროსს უთხრა: დაბრუნდი შინ და,. რამდენადაც გწამს, იქმნას შენი სიტყვისამებრ; შენს ძეს განკურნებულს, ჯანმრთელს და უვნებელს ნახავ დღის სამ საათამდე!” გახარებული კაცი წავიდა და ღმერთს ადიდებდა ამ სასწაულისათვის. სახლში რომ მივიდა, მისი ხეიბარი შვილი, უწინ რომ ხელით დაჰყავდათ, მამას ხტუნვით მიეგება. ბუბაქარი (ასე ერქვა კაცს) ცხენიდან ჩამოხდა და ღმერთს მადლობა შესწირა. მეუღლეს ჰკითხა, თუ რა დროს განიკურნა ბავშვი. ქალმა უპასუხა: დღეს, სამ საათზე!” ბუბაქარი მადლობდა ღმერთს და მის მონას, დავითს, რომლის ლოცვა-ვედრებამ განკურნა მისი ძე და ყველაფერი, რაც შეემთხვა, ნახა და მოისმინა, თავის სახლეულს უამბო. იმ დღეს დიდი სიხარული იყო მათ სახლში. ვინც ეს დიდებული და უცნაური ამბავი გაიგო, ყველამ ადიდა სასწაულმოქმედი ღმერთი. მეორე დღეს ბუბაქარმა სახედრები დატვირთა სანოვაგით, პურით, მხლით და წმიდა ბერთან წავიდა, თან წაიყვანა განკურნებული ძე ორ სხვა შვილთან ერთად. თავდაპირველად ბუბაქარმა ბერი ვერ იპოვა და ძალიან შეწუხდა. მსახურები ბერს ყველგან ეძებდნენ, ბოლოს ძმათა კრებულში მიაგნეს. ბუბაქარი ბერთან მივიდა, ფეხებში ჩაუვარდა და ტირილით უთხრა: მონაო ღვთისაო, ჭეშმარიტად შენ გპოვე მკურნალი სულისა და ხორცისა! ჩემი ხეიბარი შვილი შენს წინაშეა სავსებით უვნებელი, თავის ორ ძმასთან ერთად. მოვიყვანე, რათა შენი კურთხევა მიიღონ”. წმიდა ბერმა უთხრა: ღმერთმა, რომელმაც აკურთხა აბრაამი ისააკთან და იაკობთან ერთად, გაკურთხოთ თქვენც და ნათლის შვილად წარმოგაჩინოთ წმიდა ნათლისღებით!” ამის შემდეგ დასხდნენ და ერთმანეთი მოიკითხეს. ბუბაქარმა მსახურებს ძღვენის შემოტანა უბრძანა. წმიდა დავითმა ძმები შემოკრიბა და ბუბაქარის მოტანილი საზრდო გაუზიარა. სერობას რომ მორჩნენ, ბუბაქარმა ბერს მონათვლა სთხოვა. წმიდა დავითმა უთხრა, აეღოთ თავისი ძღვენის ნაწილი, მამა დოდოსთან წასულიყვნენ და იქ მყოფი ძმებისათვის მიერთმიათ, რათა მათაც ეკურთხებინათ. ბუბაქარი მის ბრძანებას დაემორჩილა და ნეტარ დოდოსთან წავიდა. წმიდა დავითმა თავისი მოწაფე, ლუკიანეც გაგზავნა და დოდოს შეუთვალა, წამოსვლისას ბუბაქარისათვის ერთი მღვდელი გამოეყოლებინა, რათა ნათელ-ეღოთ მასაც და მის ნათესავებსაც.

     ღირსმა დოდომ სიხარულით მიიღო ბუბაქარი, მისი შვილებით და მსახურებით, აკურთხა ისინი და, მამა დავითის ბრძანებისამებრ, მისცა ერთი მღვდელი, რომელმაც ბუბაქარი და მთელი მისი სახლეული მონათლა მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით.მის შემდეგ ბუბაქარი ისევ მივიდა წმიდა მამა დავითთან, მიიყვანა მუშები და გამოქვაბულში ეკლესია გამოკვეთა ძმათა სამლოცველოდ.

     ნუგეშისცემისა და გამხნევების მიზნით მამა დავითი დრო და დრო განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებსაც მოინახულებდა ხოლმე. ერთ-ერთი მათგანის სენაკში მწარე წყალი მოწვეთავდა. ამ წყლით მორწყული ფხალიც საჭმელად თითქმის უვარგისი იყო. იქ მყოფი ბერი თავს იმით ინუგეშებდა, რომ სამაგიეროდ საუკუნო სატანჯველს აიცილებდა თავიდან. ერთ დღეს მასთან წმიდანს ბერი თავის გასაჭირს მოუყვა. დიდად მოიხიბლ მამა დავითი ბერის სიმშვიდითა და მორჩილებით და მისმა შემწყალებელმა უფლისადმი ლოცვით წყალი დაატკბო, ფხალიც გემრიელი საჭმლი გახდა.

                            

 

      

                                          წმიდა მამათა აუწონავი მადლი და  ამაგი

 

        13 ასურელ მამას დიდების განსაკუთრებული შარავანდედი მოსავს საქართველოში.             

მართლაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, თუ საქართველო გადარჩა, როგორც მართლმადიდებელი ერი და დამოუკიდებელი ქვეყანა, იმ დროს, როდესაც მისი უახლოესი მეზობლები – სომხეთი და ალბანეთი ვერ გადაურჩნენ ვერც ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი აღმსარებლობის დაკარგვას და ვერც ეროვნული დამოუკიდებლობისას, ეს მთლიანად 13 ასურელი მამის დამსახურებაა!

       მადლიერი ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე დღემდე უსაზღვრო პატივს მიაგებს ქვეყნის მხსნელებსა და ზეციურ მფარველებს, რომელთა მეოხებასაც მუდმივად გრძნობს საკუთარ თავზე. ამიტომაც მათი სამკვიდრო ტაძრებისაკენ სავალი გზები და ბილიკები არ იფარება ბალახებით.

      თითოეული წმინდანის ხსოვნის დღეს მათი სამუდამო განსასვენებელისაკენ მიემართება მომლოცველთა უზარმაზარი ნაკადი მთელი საქართველოდან და ახალი დროის პილიგრიმები ღამისთევის ლოცვებზე, ლიტანიობისას, ლიტურგიაზე ავედრებენ წმინდანებს თავიანთი ოჯახებისა და ქვეყნის დღეკეთილობას – მოწიწებით თაყვანს სცემენ 13 მამის ძვალთშესალაგებს  და თავიანთ ჯვრებსა და ხატებს ასვენებენ მათ საფლავებზე, რათა მადლი გადმოვიდეს ამ სიწმინდეებზე.

        20 მაისს – ყოველთა 13 მამათა ხსენების დღეს მთელი საქართველო იძვრის ზედაზნისაკენ – ფეხით, ცხენითა თუ მანქანით შეუყვებიან მომლოცველნი 5 კილომეტრიან აღმართს, რათა მამა იოანესა და მის 12 მოწაფეს აღუვლინონ ლოცვა.

     მამა იოანე საოცარი სიყვარულით ხვდება მომლოცველებს. ამ სიყვარულის უსიტყვო გამჟღავნება  გამოიხატება იმით, რომ  მწუხრის ლოცვიდანვე სველდება დღევანდელი ტაძრის მიმდებარე მისი ქვაბურის კედელი და ყველანი ხდებიან მხილველნი, თუ როგორ იწყებს დენას „ვითარ ცრემლნი წმიდა წყალი.“ წყლით ივსება მამა იოანეს აუზი, რაც მორწმუნეთა საუკუნეობრივი დაკვირვებით, ქვეყნისთვის ბედნიერების მომასწავებელია. ხოლო, რაც შეეხება  ცალკეულ  პიროვნებებს, მორწმუნე ქრისტიანებს – ასწლეულების განმავლობაში ავსებდა მამა იოანეს ტაძარი მისთვის დახმარების მთხოვნელთ დიდი სულიერი  ენერგიით –  განსაკუთრებით, ქრისტიანობისათვის ძნელბედობის – ურჯულო დამპყრობთა თარეშისა და ზეობის მკაცრ საუკუნეებში.

        მამა დავითის ტაძარი მთაწმინდაზე მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს უამრავ ადამიანს – როგორც თბილისელებს, ისე – დედაქალაქის სტუმრებს. მამადავითობის ტრადიციაც დღემდეა შემორჩენილი და დღესასწაული ყოველ წელიწადს იმართება. გასული საუკუნის დასაწყისში მთაწმინდაზე დაარსდა   გამოჩენილ ქართველ მამულიშვილთა პანთეონი.  უფლის განგებულებით მამა დავითის ნაღვაწ–ნაამაგევ ალაგს წილად ერგო ყოფილიყო ქართული მართლმადიდებლური კულტურის, ისტორიისა და სახელმწიფოებრიობის დიადი ძეგლი – სამშობლოსათვის თავდადებული იმ ქვეყნად გარდასული წარჩინებული თავად–აზნაურნი, სასულიერონი, სახელმწიფო მოღვაწენი, ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკები  მის ტაძარში და  იქვე შემოგარენში,  მისი სახელობის ტაძრის ირგვლივ არიან თავმოყრილნი!

     კლდიდან მომდინარე წმინდა წყარო დღემდე იგივე სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და მრავალი უშვილო ქალბატონი ეწაფება მას დახმარების იმედად. არაერთ უშვილო ოჯახს მიუღია  შეწევნა  დავითის წმიდა მთაზე ლოცვისა და წყაროს წყლის ხმევის შედეგად.  დავითგარეჯშიც, ვინც ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელის საფლავს სარწმუნოებით თაყვანს სცემს, დღესაც იკურნება სულიერი და ხორციელი ტკივილებისაგან. კვლავინდებურად კურნების სასწაულთქმედებებს ჰყოფს დავითის „მადლის ქვა“, რომელიც ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარში ინახება.    

       კახეთში დამკვიდრებულმა წმიდა იოსებმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო კომპლექსს. გადმოცემებიდან ვუწყით, რომ ადგილი, სადაც ის მოღვაწეობდა, ღამღამობით ნათდებოდა კაშკაშა სინათლით. ამ სინათლეს დღემდე არ დაუკარგავს თავისი ცხოველმყოფელი ძალა – წმიდა მამის მოღვაწეობიდან ხუთი საუკუნის შემდეგ, XI საუკუნეში აგებული დიდებული ტაძარი დღემდე იკრებს მრავლის უმრავლეს მომლოცველს აბბა იოსების ხსენების დღეს. ალავერდის ტაძარს განსაკუთრებული მადლი აქვს – საუკუნეების მანძილზე საეკლესიო დღესასწაული შენივთებული იყო ნაყოფიერებისა და მოსავლის აღების დღესასწაულთან – იწყებოდა 15(28) სექტემბერს და გრძელდებოდა სამ კვირას. ღამისთევით მოდიოდნენ  და დღემდე მოდიან აქეთკენ არათუ მხოლოდ ქართველები და მართლმადიდებლები, არამედ სხვა ეთნიკური წარმომავლობისა და სარწმუნოების ადამიანებიც – ქისტები, დაღესტნელები, აზერბაიჯანელები. „ალავერდობა“ ყველაზე სასიხარულო  შემოდგომის დღესასწაულია საქართველოში!

     ნეტარმა ზენონმა კახეთში დააარსა იყალთოს მონასტერი, სადაც ის იღუმენად იყო დადგინებული. იყალთო ქართველებისათვის არის წმიდა მართლმადიდებლობის სიმბოლო. აქ XI-XII საუკუნეებში შეიქმნა აკადემია, რომელმაც საქართველოს მისცა სარწმუნოებისთვის მებრძოლი უდრეკი ადამიანები. თუკი გელათის ცნობილი  აკადემია ( XI-XIIსაუკ.) სახელგანთქმული იყო  თავისი სამეცნიერო ღირსებებით და თანამედროვენი მას ათენს ადარებდნენ, იყალთოს აკადემია გამოირჩეოდა მკაცრი სამონასტრო სულით, წმიდა მამათა სწავლებისადმი ერთგულებით და უპირატესად გამოცხადებითი ღვთისმეტყველების საფუძვლებს ეყრდნობოდა. დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი და რუის–ურბნისის კრების სულისჩამდგმელი იყო არსენ იყალთოელი – იყალთოს მონასტრის პრინციპებზე აღზრდილი, ნეტარი ზენონის მემკვიდრე. აქ არის ზედაზნისა და იყალთოს შემაერთებელი ოქროს ჯაჭვი. იყალთოს აკადემია იყო ზენონის განსასვენებელთან ანთებული საქართველოს მანათობელი ლამპარი.

     ამ აკადემიამ შვა ქართული შემოქმედებითი აზროვნების გენია, შოთა რუსთაველი – უდიდესი პოეტი–ღვთისმეტყველი, ვის პოემაშიც – „ვეფხისტყაოსანში“ – მოთხრობილია, თუ როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარი კეთილსათნოებების –სიყვარულის, რწმენისა და სასოების შეერთებით დაამარცხოს საკუთარი მიწიერი ვნებები და დაიბრუნოს ღმერთთან დაკარგული ერთობა!

     ქართულ ენაში დღემდე არსებობს ფიგურალური გამოთქმა „შიოს მარანი“. ეს ტერმინი გულისხმობს ულეველ სიმდიდრეს, დიდ ქონებას, უხვებას, სავსებას. იგი სათავეს იღებს მეექვსე საუკუნიდან – გადმოცემის მიხედვით, ნეტარ შიო მღვიმელს მონასტერში მარანიც ჰქონია. მისულ მლოცველებს იგი ღვინით უმასპინძლდებოდა, ხოლო ქვევრები  თავისით ივსებოდა პირთამდე. დღეს მომლოცველებს აღარა აქვთ იმ სასწაულებრივი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა, თუმცა წმიდა შიოს ხსენების დღეებში მოწიწებით ემთხვევიან მის წმიდა ნაწილებს.

      მიხეილ საბინინი, რომელმაც რუდუნებით შეკრიბა ქართველ წმინდანთა ცხოვრების მასალები თავის „საქართველოს სამოთხეში“,  13 ასურელ მამას „მთელი საქართველოს სამეფოს ბურჯებს“ უწოდებდა.

       დღემდე თვალნათლივ იხილვება წარსულში მათ მიერ დათესილი მადლი – ისევ იმ კალაპოტში მიედინება მდინარე, რომელსაც ისე წილკნელმა უცვალა მიმართულება თავისი მონასტრისაკენ; ისევ დაუშრობლად არწყულებს ასურელ მამათა მიერ აღმოცენებული წყაროები ადამიანებს ზედაზენზე, დავითგარეჯაში  თუ შიომღვიმეში; თავიანთ ხსენების დღეებში ისევ იღებენ კურნებასა და სულიერ ნუგეშს 13 მამათა საფლავებთან მუხლმოყრილი მომლოცველები.

       მთლიანობაში  – 13 მამების სამკვიდროებში შემორჩენილია როგორც მათი თანადროული ტაძრები, ისევე ძველ ნატაძრალებზე აგებული გვიანდელი ეკლესია–მონასტრები. ხოლო სრულიად საქართველოში დღეს იგება ახალი ტაძრები მათ სახელობაზე – თბილისში, დავით გარეჯელის ნაღვაწი მთაწმინდის ტაძრისა და ქაშუეთის გვერდით  ახლად აგებული ტაძრებია – ანტონ მარტყოფელის სახელობისა საბურთალოზე და 13 მამისა – დიდ დიღომში; 13 მამის სახელობაზე აიგო ტაძრები რუსთავში და დასავლეთ საქართველოში – იმერეთის სოფელ ჭორვილაში... 

      და რაც მთავარია – საქართველოში დღეს დიდსა და პატარას მტკიცედ აქვს გულში ჩაბეჭდილი:  როგორც ღვთისმშობელია მფარველი საქართველოსი, როგორც წმინდა ანდრია და წმინდა ნინო არიან განმანათლებელნი, როგორც წმინდა გიორგი არის მეოხი მისი – ისევე 13 ასურელი მამა შემწედ უდგას საქართველოს და იცავს ყოველ შინაურ და გარეშე მტერთაგან!

მასალები შეკრიბა ზურაბ ქუთათელაძემ

     

 

 

ნანახია: (2729)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას