logo.png

წმიდა მართალი იობ მრავალვნებული (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)

                                                                                                                           6 (19) მაისი

წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი).

არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი. ღმერთმა აკურთხა მისი კეთილმსახურება და ურიცხვი სიმდიდრე მიმადლა: უამრავი საქონელი ჰყავდა და ყოველგვარი სიკეთით იყო აღსავსე. მისი შვიდი ვაჟი და სამი ასული ურთიერსიყვარულით ცხოვრობდა. ისინი მორიგეობით იკრიბებოდნენ ერთმანეთთან საერთო ტრაპეზზე, ყოველ მეშვიდე დღეს მართალი იობი მსხვეპლს სწირავდა უფალს შვილებისათვის: „იქნებ ვინმემ შესცოდა, იქნებ ვინმემ მკრეხელობა გაივლო გულშიო“. სამართლიანობისთვის და პატიოსნებისთვის წმიდა იობი საყოველთაო პატივით სარგებლობდა თანამოქალაქეებში.

ერთხელ, როცა უფლის საყდარში წმიდა ანуალოზები გამოცხადდნენ, მათ შორის გამოჩნდა სატანაც. ღმერთმა ჰკითხა სატანას, ნახა თუ არა მან მონა უფლისა იობი, მართალი და უმანკო. სატანამ ქედმაღლურად უპასუხა, რომ უფალი იცავს მას და უმრავლებს დოვლათს, მაგრამ თუ უბედურება დაატყდება თავს, იობი დაგმობს უფალს.

ღმერთს სურდა გამოეცადა იობის მოთმინება და სატანას უთხრა: „ყველაფერს, რაც იობს გააჩნია, შენს ხელში ჩავაგდებ, მხოლოდ მას ნუ შეეხები“.

ამის შემდეგ იობს მოულოდნელი უბედურებების წყება დაატყდა თავს: ერთმა მაცნემ ხარების გატაცების ამბავი მოუტანა, მეორემ ცხვრის ფარისა და მსახური ბიჭების დაწვა აუწყა ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლით, მესამემ აქლემების ამოხოცვა ამცნო. მაგრამ ყველაზე თავზარდამცემი იყო ის, რაც ბოლოს შეიტყო: როცა იობის ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში ილხენდნენ, უდაბნოდან მონაბერმა მძლავრმა ქარმა ჭერი თავზე დაამხო ყმაწვილებს და ყველა ამოხოცა.

მწუხარებისაგან გულშემოყრილმა იობმა მოსასხამი შემოიხია, გლოვის ნიშნად თავი გადაიპარსა, მაგრამ უფლის დასაგმობად ერთი სიტყვაც არ დასცდენია, პირიქით, მიწაზე დაეცა, შემოქმედს თაყვანი სცა და თქვა: „შიშველი გამოვედ საშოითგან დედისა ჩემისა, შიშველი მივალ დედისა ჩემისა მიწისა მიმართ. უფალმა მომცა, უფალმა წამგვარა. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“.

 

უფლის ანგელოზები კვლავ წარდგნენ ღვთის წინაშე. სატანამ თქვა, რომ იობი მართალია, სანამ თვითონ არის უვნებელი, „თუ თვით მას შეეხება უბედურება, პირში დაგიწყებს გმობასო“. უფალმა აუწყა: „უფლებას გაძლევ, გააკეთო რაც გინდა, ოღონდ სულს ნუ შეეხები“.

სატანამ საშინელი ავადმყოფობა - კეთრი შეჰყარა იობს. ვნებული იძულებული გახდა ხალხს განშორებოდა. მეგობრებმა და ნაცნობებმა მიატოვეს ერთ დროს დიდებული და სახელგანთქმული კაცი. ცოლი კი საყვედურით ეუბნებოდა: „სად არის შენი სარწმუნოება და კეთილი საქმე, რატომ არ გშველის ღმერთი? სჯობს ჰგმო იგი, იქნებ ბოლო მაინც მოგიღოსო“. მართალი იობი განსაცდელშიც უფლის ერთგული დარჩა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია ღვთის მიმართ.

იობის უბედურება გაიგო მისმა სამმა მეგობარმა და მოინახულა ავადმყოფი. დავრდომილის დანახვაზე მათ ტირილი წასკდათ. შვიდი დღე-ღამის განმავლობაში უსიტყვოდ შესცქეროდნენ მის ტანჯვას და გულწრფელად თანაუგრძნობდნენ. ბოლოს იობმა გახსნა ბაგე და თავისი გაჩენის დღე დასწყევლა. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ იობი ღვთისგან ისჯებოდა ცოდვებისათვის და ურჩიეს, მონანიება. მართალი კი პასუხობდა, რომ ის ცოდვებისთვის კი არ იტანჯებოდა, არამედ უფალმა გამოსაცდელად მოუვლინა ეს სატანჯველი.

ამგვარი მოთმინებისთვის ღმერთმა ხელახლა დააჯილდოვა იობი. იგი სრულიად განიკურნა და უწინდელზე უფრო გამდიდრდა. გარდა ამისა, მას კვლავ მიეცა შვიდი ვაჟი და სამი ქალი. ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 248 წლისა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

 

ნანახია: (1148)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას