logo.png

ადმინისაგან

თბილისში  გვიდგას არაერთი რუსი მწერლის ძეგლი. აუვლიან-ჩაუვლიან გვერდით მოქალაქენი და იშვიათად, რომ ვინმეს მოუვიდეს თავში ფიქრად კითხვის დასმა, თუ რა დამსახურებისთვის დაუდგეს მათ ეს ძეგლები. არც არავის აღელვებს დღეს, თუ რატომ იხსენიებს პუშკინი ხნიერ ქართველ მანდილოსნებს „ჯოჯოხეთის მაშხალად“, რატომ ნათლავს ლერმონტოვი მხდალად ქართველებს და რა ისეთი ვირი მოჰპარა ქართველმა  კაცმა მაქსიმ გორკის, რომ მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობის  - „ჩემი თანამგზავრის“ უარყოფით პერსონაჟად ქართველი კაცი აქცია და იმ თანამგზავრთან ერთად მთელი საქართველო ჩააწვინა მიწაში!

ყველაფრის თავი და თავი კი ის გახლავთ, რომ ქართველისა და რუსის ორი სული და სხეული ერთ ტაფაში ვერ მოთავსდება და ნაძალადევობის მხილება დროდადრო თავის განსხეულებას პოულობს ლიტერატურულ ნაწარმოებებში.

ინტერნეტის გვერდებზე დღესაც შეგიძლიათ წააწყდეთ მსგავს ნიმუშებს, რომელთაგან ფრიად სახასიათოდ გვეჩვენა ერთი მათგანი, 2006-ში, როცა საბარგო თვითმფრინავით მოაფრენდნენ რუსეთიდან ქართველებს.

მაშ ასე, დიმიტრი გალკოვსკის პამფლეტი ქართველებზე!

 

დიმიტრი გალკოვსკი

 

 

 

ქართველები არიან ტაკიმასხარები!

 

ნაციონალური სიმპათიები და ანტიპათიები ჩვეულებრივი ამბავია - თუმცა - საკმაოდ ირაციონალური. ამერიკელები ვერ იტანენ პოლონელებს, პოლონელებს უყვართ ამერიკელები, ამერიკელებს უყვართ ფრანგები, ფრანგებს უყვართ პოლონელები. ამ „სახალხო დიპლომატიას“ ხშირად მტრობს ოფიციალური დიპლომატია, მაგრამ „ხალხის ხმის“  გათვალისწინება საჭიროა მაინც, განსაკუთრებით, შიდა პოლიტიკასა და პროპაგანდაში. ამასთანავე, სწორი მანიპულაციისათვის არა აქვს „პლუსსა“ და „მინუსს“ მნიშვნელობა, მთავარია პოტენციალი და  ვექტორის სწორი განსაზღვრა.

აგერ, გუშინ გაისმა გამოპრუტუნებულ სამოციანელთა კნავილი „რუსულ-ქართულ“ მეგობრობაზე. თავისთავად, ქადაგება ტოლერანტობასა და ადამიანთმოყვარეობაზე კარგი საქმეა, მაგრამ იმისათვის, რათა მოწოდება რეალობად იქცეს, საჭიროა, ის თუნდაც რაღაც დონეზე შეეფერებოდეს სინამდვილეს. უაზრობაა, სირაქლემა გავაქეზოთ  პირუეტების საკეთებლად ჰაერში და ღამურები ავამღეროთ!

მე, როგორც ყველა მოსკოველს, დროდადრო მქონდა ქართველებთან ურთიერთობის ბედნიერება... არა, მე მომთმენი ადამანი ვარ. მეტსაც გეტყვით - ძალიან მომთმენი. უფრო მეტიც - გადაჭარბებულად მომთმენი. ახლოს ვიცნობ სრულიად სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანებს, მქონია ხანგრძლივი კონტაქტი ლოთებთან, შარიანებთან და შეშლილებთან. მე მაქვს პროფესიონალი ფსიქიატრისა ნერვები. პირადი ზიზღი ჩემზე არ ახდენს არავითარ შთაბეჭდილებას. სიცრუე, ქურდობა, უტიფრობა - როგორც წესი, ამას გავატარებ ხოლმე - თუმცა ყველაფერს ვხედავ. ერთი  სიტყვით, ვფილოსოფოსობ.  მაგრამ ესა... აქ უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის!

 

***

2002 წლის ზამთარია. ასე, ოთხი საათი იქნება - ჯერ კიდევ დღის ნათელია. შინ ვბრუნდები მეტრო „სოკოლნიკიდან“ სტრომინკის მიმართულებით. მაცვია იაფფასიანი ქურთუკი, ხელში მიკავია პარკი პროდუქტებით. მიახლოვდება ასე 25 წლის პიროვნება, ჩია, ხოჭოსთავიანი ქონდრისკაცი - პირდაპირ, შეგეშინდება. ზანგებში შეიძლება შეხვდე ასეთებს.

-აბა, გამარჯობა შენი!

-გაგიმარჯოთ (გაკვირვებით შევცქერი).

-იცი, ციხეში არიან გარკვეული ჯიშის ვირთაგვები; ისინი ვირთაგვობით არიან დაკავებულნი. მათ სჯიან. მე ახალი ნაჯდომი ვარ. ეს-ესაა გამოვედი. მეგონა, შენ იყავი, ციხეში რომ გამქურდე. ახლა ვატყობ, რომ შევმცდარვარ (ამას ინტონაციის გარეშე ამბობს, გაყინული მზერით -„ტექსტი უსწავლია“).  მე ბადრი მქვია.

-მომიტევეთ, მე თქვენ არ გიცნობთ, შინისაკენ მეჩქარება.

-რა ხდება აქ, მოსკოვში, ვხედავ, არ არის მიღებული ხალხთან გამოლაპარაკება.  ჩვენთან, თბილისში ამისათვის ყურებს უწევენ.

-დიახ, სხვადასხვანაირი ადამიანები არსებობენ;  ნახვამდის, მეჩქარება (ნაბიჯს ვუმატებ, მისი სცენარის მიხედვით კლიენტი უნდა გაჩერდეს, მე კი სიარულის დროს ველაპარაკები. ის ვერ ხვდება, რა რეაგირება უნდა მოახდინოს და ჩემ გვერდით მოჩინდრიკობს.

-მე ვარ პეტროვსკო-რაზუმოვსკის ბაზრების მეფე - თუ მოგიხდება იქ გავლა, მიკითხე - ბადრი მქვია, მე ყველა მიცნობს, მოდი და რესტორანში წაგიყვან!

-გმადლობთ, მე უბრალო ადამიანი ვარ, ბევრი მიკლია რესტორნებამდე!

(უნდა ითქვას, რომ ხოჭოსთავიანმა აქ აშკარად ჩაისვარა, პრინციპში მე თავიდან პატივისცემითაც კი განვიმსჭვალე მისდამი, რადგან მან მოხერხებულად მომიმწყვდია  საავადმყოფოს კედელსა და ქუჩას შორის. გზის ასაქცევი არც დამიტოვა, მაგრამ, რადგან მე არ გავჩერდი, როცა ეს მონაკვეთი გადავლახეთ, გამომიჩნდა სივრცე მანევრისათვის და მე უკვე ინტერესში ჩავვარდი, უახლოეს მაღაზიაში არც შევსულვარ, გავაგრძელე გზა - ვიფიქრე, აბა დავაკვირდები ამ მწერს...)

-კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, ცოლი მელოდება!

-შენ რა, აქ ახლოს ცხოვრობ?

-განა ჩვენ „შენობით“ მიმართვაზე გადავედით?

-მაპატიეთ, ძვირფასო; მე თქვენ კიდევ ერთხელ გეპატიჟებით მთელი გულით (სახელოზე მკიდებს ხელს, მე ვტრიალდები, მაგრამ ვჩერდები, გულზე ვიდებ ხელს):

-მეც კიდევ ერთხელ, მთელი გულით გიხდით მადლობას დაპატიჟებისათვის; ჩემთვის, უბრალო ადამიანისათვის ეს დიდი პატივია, მაგრამ ახლა არაფრით არ შემიძლია!

უკვე შებინდდა, სიბნელიდან თავი ამოყო  მისმა მეწყვილემ - ასე 40 წლის მისებრმა გაუპარსავმა „ურკამ“.

„ურკა“: - გენეცვალე, ამ კაცმა ხომ არ გაწყენინა?

„გენაცვალე“: - არა. არა, ყველაფერი წესრიგშია; ახლა შენი მანქანით წავალთ რესტორანში!

დამიწყეს ჯიკაობა თავიანთი ჟანგიანი „ჟიგულის“ მიმართულებით - ეტყობა ის მეორე, მანქანით მოგვყვებოდა... მე ეს უკვე მომბეზრდა, ხელი ვკარი მათ და სწრაფად გავნაპირდი. ქართველები გამომენთნენ, მაგრამ უცებ დაინახეს, საითაც მივდიოდი - შემნახველი ბანკისაკენ, სადაც შესასვლელში იდგა მცველი, რომელიც ინტერესით გვაკვირდებოდა.  და მყისიერად „გაიქცნენ მხდალი ქართველები“ - ასეთ სიმკვირცხლეს მათგან არ მოველოდი. ორი წამი, ორი კურდღლისებური სკუპ-სკუპით ნახტომი,  თავი დურთეს მანქანაში და აორთქლდნენ!

აი, ორი კულტურის დიალოგის მაგალითი - როგორ დაამყარეს ქართველებმა ურთიერთობა რუს ფილოსოფოსთან, 30 წუთის ამბავში მე შევამოკლე დეტალები. არა, მე არაფრის თქმა არ მინდა - ქურდი ქურდია, მაგრამ, რა ფეხებად ამეკიდნენ, მაინცდამაინც მე, ღარიბად ჩაცმულ 40 წლის ფხიზელ ადამიანს, დღისით-მზისით, როცა ათასი საშუალება იყო ჩავარდნოდათ სცენარი? ეს ხომ განსაკუთრებულ სიყეყეჩეზე მეტყველებს მათი მხრიდან?

მაგრამ ესენი, ასე ვთქვათ, ცუდი ქართველები იყვნენ - ახლა კარგებზეც ვთქვათ...

(დასასრული იქნება)

ნანახია: (1709)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას