სურათს ვერ ვუღებ.. მერიდება...წლებია უკვე, რაც ჩემი სახლის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაცუცქულა წინსაფრიანი და თავსაფრიანი ქართველი ბებო......წესით და რიგით, ყველანაირი „ლოგიკით“ ასეთი ჭაღარამოსილი ქალი პაპანაქებასა თუ სიცივეში აქ არ უნდა იჯდეს....მაგრამ...ისეთი საყვარელია და გამრჯე, კი არ მათხოვრობს, ჯვარი სწერია...თავის მონაგრებულ მცირე ჭირნახულს ყიდის... მაგის უფლებას არავის მისცემს, რომ შეიბრალონ..ნურას უკაცრავად, ბატონო...პირიქით, თითქოს ეამაყება კიდევაცო...მისი დაკოჟრილი ხელების მადლი რომ ანათებს და ათბობს თავისი შვილიშვილების ბავშვობას. რომელთა ბედნიერებისთვის საიდან სად მოდის ყოველდღე და ეზიდება ვედროებით თავის ახალ მოსავალს...წელში გვარიანად მოხრილა, მაგრამ ცდილობს ძველებურად, წინანდებურად ყოჩაღად იყოს...უხვად აფრქვიოს სიყვარულის ის ნიჭი, რითაც დაუჯილდოვებია განგებას. თავისი ფუნქციის შეგრძნება აღონიერებს და ათამამებს...მოსავალი რომ შემოელევა, მაინც ვერ ძლებს..არ ეპუება და მინდვრის ყვავილები ჩამოაქვს..ვედროზე ჩამომჯდარი, გახუნებულთავსაფრიანი, წინსაფარააკალთავებული ბებო ქართული მიწით შესვრილი, ბებრული ხელებით ხან ჭინჭრის, ხან გვირილის, ხანაც ყაყაჩოების (სეზონისდა მიხედვით) თაიგულებს კრავს და გამვლელ-გამოვლელებს ჩემი საყვარელი მადლიანი ქართლურით გასძახის: „ერთი აქეთ მოიხედეთ, გენაცვალეთ, უბრალო არ გეგონოთ...დიდგორისაა. დიდგორის!“
ლელა ჩხარტიშვილი
ნანახია: (1114)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას