ჩემი არქივიდან..
გუშინ ,,მარშუტკაში" ერთი მოხუცი ქალი იჯდა ჩემს გვერდით..სოფლის ნობათით სავსე ,,ვედროები" ელაგა ფეხებქვეშ...სუფთა, მაგრამ გახუნებული და ალაგ-ალაგ დაკერებული ტანსაცმელი ეცვა.. გარდასული დიდებიდან თვალებიღა შემორჩენოდა.. სევდიანი, ნათელი, ღრმა და კრიალა...(,,სავსე ქართული პატიოსნებით"). თმა შეთხელებული ჰქონდა, მაგრამ ეტყობოდა, ოდესღაც ხვეული და ტალღოვანი უნდა ჰქონოდა.....სილამაზე, რომელიც ისედაც ხანმოკლეა და მალე ჭკნება, თავისი ოჯახისთვის შეეწირა...თუმცა ,,ხანი უნდობარი" თუ ,,სიბერის დრო" მარტო ვერცხლის სიმებს როდი აქსოვს ჩვენს თმებში და არც ყველაფერს ერევა....ყველაზე არამატერიალურში, რასაც იერს ვეძახით.. ვლინდება ხოლმე ადამიანის სული, ფიქრი და განვლილი ცხოვრება...რისთვისაც დაიხარჯა...წინ ვიღაც ბალზაკის ასაკში გადასული ქალბატონი დადგა.. და ხელი ჩამოაყრდნო სკამის საზურგეს...დიდი პირველქმნილი სილამაზით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ კარგად მოვლილი ქალი იყო..კაცებს რომ მოწონთ, ისეთი...თანაც თავიდან ფეხებამდე გასარეცხი...ჭარბი მაკიაჟით აღჭურვილი ..,,პრიჩესკით" , პედიკურ მანიკურით და სხვა ხელოვნური საშუალებებით უხვად მოსარგებლე..ცხვირი სადღაც მეცხრე ცაზე...საკუთარი თავის ფასის ზედმიწევნით მცოდნე..(ბრიყვულად რომ ჰგონიათ, თითქოს ვინმეს, მოკვდავთაგანს, შეუძლია დაადგინოს ადამიანის ნამდვილი ფასი და თავს იფასებენ)....ხოდა ამ ქალის ნაპატიებ ხელებს დახედავს ეს ბებო, მერე თავის დაკოჟრილ, ნაჯაფ, დაძარღვულ ხელებს აკვირდება.. ირცხვენს..უკან მიაქვს...მალავს.. ხვდება, რომ არ გამომეპარა მისი მოძრაობა, ხელებისა..იგივე ფიქრებისა...(რადგან ხელები იმეორებდა და გამოხატავდა ზუსტად ფიქრებს)...ხოდა ალალად გამენდო. თავისი კახური კილოთი: ,,აბა ქაა, მეც ქალი და ეგაც ქალი?"..გამოვკითხე, სად მიდიოდა. სად ცხოვრობდა. მომიყვა.. .ახალგაზრდა დაქვრივებულიყო...და თავისი გარდასული სილამაზე და ქალური ცხოვრებაც ქმართან ერთად დაემარხა. დაეყარა გრილი მიწა......შრომაში და ტანჯვაში გაეზარდა ორ-ორი შვილი...ბედისადმი სრული მორჩილებით და ბრძნული შემგუებლობის ძალით კაცივით ჯაფა გაეწია..ებარა, ეთოხნა... მიწას შესჭიდებოდა ძლიერი, მაგრამ მაინც ქალური მკლავებით...ხოდა მოსავალი მოეწია... და შვილიშვილებთან მიჰქონდა სოფლის პროდუქტი.. რეზო ინანიშვილი გამახსენდა.. ვერ გამოვხატე, მაგრამ გულში ვთქვი, ჩემთვის: ,,დაგელოცოს ბებო ეგ დაღლილი მარჯვენა... აბა, მართლა, შენც ქალი და ისიც ქალი?!"..ასეთ ბებოებზე დგას ალბათ (ჯერ კიდევ) ქვეყანა და სამყაროც...და ისევ ბესიკ ხარანაულს უნდა მოვუხმო. მართლაც, რაზე აღარ უფიქრია ამ კაცს და ვისი ბედის და ცხოვრების სიდიადეს აღარ ზიარებია..ეს ლექსი ბალადაა:
,,ეს ქალი - ასე პატარა და მოხუცებული,
მოხრილ-მოკაკული,
სხვისი ნახმარი ფეხსაცმლით სიარულს რომ იძნელებს
და ჩანთებს რომ მიათრევს,
შველაზე რომ ჩქარა მთანხმდება,
ჩემი ენით რომ მეტყველებს, ჩემი ქართულით
და ჩემი გულიც ყელს რომ ეხვევა."
ლელა ჩხარტიშვილი
ნანახია: (1109)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას