logo.png

ადმინისაგან

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, 17 მაისს ლგბტ საერთაშორისო დღის აღნიშვნა ხდება, რომლის საპირწონედაც რუსულ საიტებზე დიდი აჟიოტაჟი შეინიშნება - ერთად ირაზმებიან ისინიც, ვინც ამ დღეს ყოველთვის რუსული მენტალობის საპირისპიროდ მიიჩნევდა; ისინიც, ვინც ამ მანკიერებას მთლიანად დასავლურ ღირებულებებთან აიგივებდა და ისინიც, ვინც თვლის - რომ კორონავირუსის კეთილისმყოფელმა გავლენამ აარიდა მსოფლიო წლევანდელი 17 მაისის მრავლობით საერთაშორისო აღლუმებს.

ეს მასალები ძირითადად ზედაპირულ უარყოფას შეიცავს და ამ საიტებზე არ ხდება სიღრმისეული საკითხების განხილვა, თუ რატომ დასაჯა უფალმა სოდომი და გომორი გამორჩეული სიმკაცრით; არც იმის, თუ რატომ ითვლებოდა ჰომოსექსუალიზმი 1972 წლამდე საერთაშორისო სამედიცინო ინდექსაციით  პათოლოგიურ გამოვლინებად და რატომ შეიცვალა შეხედულება შემდეგ; არც იმის, თუ რამდენჯერ სჭარბობს ჰომოსექსუალურ ოჯახებში აღზრდილ მოზარდთა სუიციდების რიცხვი თვითმკვლელთა საერთო რაოდენობას...

ხოლო, რატომ არ ხდება საფუძვლების კვლევა? იმიტომ, რომ ყნოსვით გრძნობენ - თევზი თავიდან ყარს!

თუმცა,  რუსი მეტაბურეტკე სასულიერონიც, რომლებიც, განსხვავებით  ერთი ქართველი მეტაბურეტკისაგან, საკმაოდ უხვად მოიპოვებიან რუსეთში,

ისევე, როგორც მათი ეკლესიისაგან ხელდებული ქართული ეკლესიის მამები, საერო ცხოვრებაში სხვის თვალში ბეწვის დამნახავნი, საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ!

მაგრამ „ციხე შიგნიდან ტყდება“ და „არა არს დაფარული,  რომელი არა გამოცხადნეს“!

უპირველესად სწორედ ამ უწყების მუშაკთათვის, დღეს საგანგებოდ გთავაზობთ რუსი ღვთისმეტყველის, სოციოლოგის, ისტორიკოსისა და პუბლიცისტის - ნიკოლაი მიტროხინის წერილს თანამედროვე რუსულ ეკლესიაზე, რომლის წევრთა შორის -  ეკლესიაში მიწიერი სიკეთეების მომლოდინეთა („შემსრულებელთა“), ზეციურისკენ მსწრაფველთა („მაძიებელთა“) გვერდით იგი საგანგებო ადგილს უთმობს  ჰომოსექსუალისტთა კატეგორიას, რომლებიც რუსეთის სინამდვილეში თბილ ნავთსაყუდარს ჰპოვებენ ეკლესიაში.

 

 

ნიკოლაი მიტროხინი

 

სამი გზა სასულიერო წოდებისაკენ:

შემსრულებელნი, მაძიებელნი და ჰომოსექსუალები

 

 

სამღვდელო პირის კარიერაში, როგორც წესი,  ერთ ნაწილს ხიბლავს სტატუსი, მეორე ნაწილს - სულიერება, ხოლო მესამეს - გენდერული შემწყნარებლობა.  რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაახლოებით 40 000 სასულიერო პირია. მათგან 20 000 მსახურობს რუსეთში, ეს იმას ნიშნავს, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ სასულიერო წოდება თითქმის სამჯერ გაიზარდა; ვინ არიან ეს ადამიანები?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩავატარე გამოკვლევა სამ ეპარქიაში (ტვერი, უფა, კურგანი). აღმოჩნდა, რომ სასულიერო პირები  ძირითადად არცთუ ახალგაზრდანი არიან  - 60%  37-დან 60 წლამდეა.13% – 60 წელს ზევით. ისინი საკმაოდ განათლებულნი გახლავან - 40%-ს აქვს საერო უმაღლესი განათლება, ხშირად მოსკოვის ან პეტერბურგის. ის, რაც ერთობ თავშესაქცევია, განათლებულ სულიერთა ამ წილზე თითქმის ორჯერ მეტი რიცხვი მოდის, ვიდრე ეს გვხვდება ეპისკოპოსთა შორის, თუმცა უმეტესობა მაინც საშუალო და არასრული საშუალო სკოლადამთავრებულნი (სკოლა, სპეც.სასწავლებელი,ტექნიკუმი) არიან. მათი რიცხვი 60%-ზ ემეტია. როგორც წესი, ისინი დამატებით განათლებას იღებდნენ სემინარიაში,ან მართლმადიდებელ უმაღლეს სასწავლებელში. არიან ისეთებიც, რომელთაც ეს განათლებაც არ მიუღიათ.

ჩემი დაკვირვებით, სასულიეროთა სოციალური ტიპი ძირითადად მოტივების მიხედვით, სამად განიყოფება:

 

შემსრულებელნი

შემსრულებელნი - სულიერთა, როგორც კორპორაციის,  საფუძველია. ისინი ეკლესიაში მოსულები არიან, რათა  განსაკუთრებული იდეური მერყეობის გარეშე აღასრულონ სათანადო რიტუალები, რეალიზება უყონ საკუთარ მოწოდებას და მიიღონ ამისათვის გასამრჯელო. როგორც წესი, ესენი არიან თავიანთი სიტყვებითა და სურვილებით პირდაპირი და „კონკრეტული“ ადამიანები, არცთუ მაღალი საერთო განათლებით.

მათ შორის გვხვდებიან სამღვდელო ოჯახებიდან გამოსულნიც, სოფლებიდან, საიდანაც ტრადიციულად დიდი ოდენობით მოგვდიან მღვდლები; მუშათა და გლეხთა ოჯახებიდან, აგრეთვე ყოფილი სამხრეებიანი ადამიანები და პროვინციული კულტმუშაკები. მათი ცხოვრების გზა აგრეთვე სწორხაზოვანია. სსრკ-ის დროს ეს იყო სკოლის 8-10 კლასი, მერე პროფტექსასწავლებელი და ტექნიკუმი, მერე სავალდებულო სამსახური ჯარში. აქ იყოფოდა მათი გზა - მტვრიანი სამუშაო პროფესიის მიხედვით, პროფესიულ არმია-მილიცია-ბანდიტიზმით ან ეკლესიაში მსახურებით.

1980-90-იან წლებში სასულიერო წოდებაში შესასვლელი ბილეთი არაფერიც არ ღირდა - ყველა მსურველ მამაკაცს იღებდნენ, ვისაც კი აშკარა ფსიქიკური გადახრა არ შეენიშნებოდა. ხოლო წოდება იძლეოდა ბევრს. ერთ წელიწადში ზეინკალი შეიძლება მთელ რაიონში პატივსაცემი ადამიანი გამხდარიყო. ამისათვის სემინარიაც კი არ იყო საჭირო (მაშინ ოთხი, ახლა კი - ხუთწლიანი სწავლა), რადგანაც არ ყოფნიდათ მღვდლები. „ კეთილმოწესე ტრაქტორისტებს“ (შიდასაეკლესიო ტერმინს თუ ვიხმართ) ხელს დაასხამდნენ ხოლმე ყოველგვარი „სასულიერო განათლების“ გარეშე.

უკვე ამის შემდეგ, ეპარქიალური ხელმძღვანელობის ჩარევით, მღვდელი მიდიოდა „სამოძღვრებო კურსებზე“ ან დაუსწრებელზე აბარებდა სემინარიაში. დიპლომების ნაწილი ამ დროს იყიდებოდა - რისი დასტურიც გახლავთ უმაღლესის დამთავრების მოწმობა, მათი ეპარქიიდან ასობით კილომეტრით დაშორებული სასწავლებლიდან. განსაკუთრებით პოპულარული გახდა დიპლომების ყიდვა 2000-იან წლებში, როდესაც საეკლესიო ხელმძღვანელობამ გაამკაცრა მოთხოვნები სამღვდელმსახურო კარიერის მსურველთათვის. შედეგად, პროფტექსასწავლებლის პატიოსანი კურსდამთავრებული, რომელსაც არ გააჩნდა არავითარი საეკლესიო განათლება და ათ წელზე მეტ ხანს უძღვებოდა სოფლის ეკლესიას, უეცრად ხდებოდა როვნოს სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ვინც სამღვდელო დასში ჩაეწერა  არა პროფტექსასწავლებლიდან, მათ თავიანთი მიზეზები გააჩნდათ: ვიღაცამ ახალგაზრდობაში დაიწება ოფიცრის სამხრეები, ხოლო 1990-იანებიდან ვეღარ დაინახა სამხედრო სამსახურში პერსპექტივა. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, თავისი სამხედრო წესრიგით, ყოფილი სამხედროებისთვის ჰქონდა მათთვის გარანტირებული „საკუთარი ადგილი“.

პროვინციული კულტმუშაკებისთვის, ვინც 1990-იანებში დარჩა ულუკმაპუროდ და მთელი ჯგროებით მიაშურეს ეკლესიას, ტაძარში მსახურება უკვე შეძენილი უნარ-ჩვევების გამოყენების საშუალებას აძლევდათ - ემღერათ, ეხატათ, მოეწყოთ მასობრივი დღესასწაულები და და განმანათლებლური ქადაგებები მოზრდილებისთვის.

‘შემსრულებელთა“ დახასიათებაში ეკლესიური პუბლიცისტები ნეგატიურ საზრისს სდებენ ხოლმე - არადა, ეს სასულიერონი, პირველ ყოვლისა, დაკავებულნი არიან რიტუალების შესრულებით (ხშირად - ანაზღაურების ფასად) და ამიტომ, არ ზრუნავენ თავიანთი მრევლის სულიერი ზრდისათვის. მაგრამ ბევრს ამ ხალხთაგან გააჩნია ღირსება, რომლითაც ვერ დაიკვეხნიან სასულიერო დასის სხვა კატეგორიები. ისინი, როგორც წესი, არიან დისციპლინირებულნი, ორგანიზებულნი და ამიტომაც არიან აქტიური და წარმატებული პრაქტიკოსები - აშენებენ ტაძრებს, აკონტროლებენ სისუფთავესა და წესრიგს ეკლესიის ტერიტორიაზე, ახდენენ ეფექტური ფინანსური მოდელების ორგანიზებას მრევლში, თვალს ადევნებენ წესრიგის დაცვას კორპორაციაში,  მფარველობენ სოციალურ ჯგუფებს - ისეთებს, საიდანაც თავად არიან გამოსულნი - კაზაკებს, სამხედროებს, პატიმრებს...

ასეთი ჯგუფის ტიპური წარმომადგენელი გახლდათ ორიოლის ოლქის ერთი კეთილმოწესე, რომელიც დამხვდა ჭუჭყიან ავტოსადგურში თეთრი „ნივით“  სამი „შვიდიანიანი“ ნომრით, წამიყვანა თავისი მეურნეობის სანახავად, რომელიც ტაძრის გარდა მოიცავდა კარგ სამრევლო ბიბლიოთეკას და საკვირაო სკოლას, სადაც მასწავლებლის გასამრჯელო იყო უფრო მაღალი, ვიდრე საერო სკოლაში.

 

მაძიებელნი

სასულიეროთა კიდევ ერთი კატეგორიაა „მაძიებელნი“. ეს ჩემი ტერმინია - ამ კატეგორიისათვის ეკლესიურად დამკვიდრებული ტერმინი არ არსებობს. როგორც წესი, მათ აქვთ განათლების უფრო მაღალი დონე - მრავალ მათგანს დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი (არამცირედნი მეცნიერებათა კანდიდატებიც არიან).

ამ ხალხის ტიპური სოციალური ტრაექტორია  ასეთია - ქალაქური ოჯახი, სკოლის 10კლასი, რთული სპეციალობების ტქნიკუმი ან ინსტიტუტი, 18-20 წლის ასაკში ისინი გატაცებულნი არიან ახალგაზრდული ინტელიგენტური სუბკულტურებით: იოგათი, აღმოსავლური რელიგიებით, ეზოთერიკით და სხვა „ჩვეულებრივი სასწაულების“ მოლოდინებით. ტიპური შედეგი გახლავთ ჰიპად გაჭრა  ან სასარგებლოსა და სასიამოვნოს შეთანადება: ინჟინრად მუშაობა და ამავე დროს - ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მაძიებელთა ან სამეცნიერო-ფანტასტიკის ჯგუფის წევრობა. რამდენიმე წელიწადში მათ ბეზრდებათ ცხოვრების ეს წესი და სტაბილურობის, სულიერების და „ფესვების“ ძიებაში მოდიან მართლმადიდებლობაში.

როგორც წესი,  ეს მოსვლა ხდება სხვადასხვა მართლმადიდებლური მისტიკური პრაქტიკის გავლით - დაწყებული ქალაქის სხვადასხვა ინტელექტუალურ ჯგუფებში ჩართვით, ბერებთან ვიზიტებით, მონასტრებში სტუმრობით, რადიკალურ მრევლთან ურთიერთობით...

პერმის ეპარქიაში მე 2013 წელს, მაგალითად,  შემხვდა მღვდელმსახურთა მთელიჯგუფი - საბჭოთა ინჟინერთა შორის პოპულარული ინტელექტუალური მოძრაობა „თრიზ“ -ის (აბრევიატურა იშიფრება ასე: „გამომგონებლობითი ამოცანების გადაწყვეტის თეორია“) ყოფილი აქტივისტები. „პერესტროიკის“ დროს მეცნიერებათა კანდიდატები და საწარმოებში მომუშავე ინჟინრები წლინახევრის განმავლობაში გაეკლესიურდნენ და გახდნენ სასულიერო პირები, ხოლო მათ კომპანიაში მყოფი ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ქალი გახდა მათი ფრიად სპეციფიკური ერთობის მონაზონი. ეს ერთობა აერთიანებდა სასულიერო პირთა ოჯახების საერთო საცხოვრებელს, ასოციალურ პიროვნებათა თავშესაფარს და ზოოპარკიან თავლას (ჩემს იქ ყოფნაში პატრიოტული აღზრდისათვის მოყვანილი ჰყავდათ კადეტების მორიგი პარტია).

„მაძიებელნი“ შეადგენენ საეროთა იდეოლოგიური მრევლის საფუძველს და სულიერ ზრდასთან   ერთად, თვითონ ხდებიან მღვდლები. როგორც მინიმუმი,1970-იანი წლებიდან მართლმადიდებელი სასულიერო პირები მუდმივ შენაკადს იღებენ ამ წრიდან. კერძოდ, „პერესტროიკის“ დროიდან რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მოვიდა სხვადასხვა სუბკულტურების მთელი თაობა -„ჰიპები, პანკები, ანარქისტები, როკერები და მეტალისტები“. მთელი 1990-იანი წლების მანძილზე ბევრი მათგანი იყო მცირედ განათლებული ბერების (ე.წ. „სტარცების“) წრის სულიერი ავტორიტეტების იდეური ზემოქმედებისა და, ამავე დროს, „შემსრულებელთა“ ადმინისტრაციული წნეხის ქვეშ. 2000 წელს დადგა მათი ჟამი.1990-იანი წლების ბოლოს „სტარცებმა“და ფუნდამენტალურმა  სასულიეროებმა  (მათ შორის, „შემსრულებელთა“ ნაწილმაც) მოაწყვეს ბუნტი ეპისკოპატის წინააღმდეგ, რომელიც ადმინისტრაციული ვერტიკალის გასამაგრებლად სასულიეროებს დიდ გადასახადებს უწესებდა. თავის მოქმედებაში ისინი იყენებდნენ არქაულ, მაგრამ ეკლესიის ბებიებისა და ქალაქელი მორწმუნეების პოლიტიზირებული ნაწილისთვის პოპულარულ, ლოზუნგებს: საიდენტიფიკაციო კოდის უარყოფას, ნიკოლოზ მეორის ოჯახის კანონიზებას, „კათოლიკებზე მიყიდულ“ მღვდელმთავართა დასჯას და მისთ.

წმინდა სინოდი და მღვდელმსახურნი ადგილებზე ამ „სტარცების“ წინააღმდეგ ჭიდილში დაეყრდნენ პროგრესულად განწყობილ სასულიეროთა ნაწილს. მათ შორის იყო ბევრი ახალგაზრდა „მაძიებელი“. მალე მათ შეუერთდნენ სხვა „მაძიებლებიც“ ფუნდამენტალისტთა ბანაკიდან, ყოფილი ჰიპები და როკერები - ახალგაზრდები, განათლებულები, გამობრძმედილნი 1990-იანის რეალიებში, თანამედროვენი - რამდენიმე წელიწადში მათ დაიკავეს საშუალო დონის მრავალი საეკლესიო -ადმინისტრაციული პოსტი (უმთავრესად ეპარქიალური განყოფილების ხელმძღვანელთა) და მნიშვნელოვნად შეავიწროვეს „შემსრულებელთა“ რიგები.

ამ კატეგორიიდან ყველაზე ცნობილი პერსონაჟები გახდნენ არქიმანდრიტი და ამჟამად უკვე ეპისკოპოსი ტიხონ შევკუნოვი, დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი, პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი, იღუმენი სერგი რიბკო.

მას შემდეგ „მაძიებლებმა“ თავის კონტროლს დაუქვემდებარეს საეკლესიო საქმიანობის მიმართულებანი, დაკავშირებული: განათლებასთან, კულტურასთან, სამისიონერო საქმიანობასთან, ახალგაზრდულ აქტივობასთან და  ქველმოქმედებასთან. შედეგად, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში დამკვიდრებული უარყოფითი დამოკიდებულება თანამედროვე მუსიკასთან (პირველ ყოვლისა, როკთან) წარსულს ჩაბარდა, ხოლო როკ-მომღერლებთან ხელიხელგადახვეული მღვდელმსახურნი და ბაიკერი-მამაოები იქცნენ მეინსტრიმად!

ამ თაობის არანაკლები დამსახურებაა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიეროთა შორის ანტისემიტიზმის ამოძირკვა. პოლიტიკური პოზიციის განურჩევლად, „მაძიებელნი“ამ მიმართულებას არ უჭერდნენ მხარს და, შესაძლებლობის ფარგლებში, სულ ეპაექრებოდნენ იმ თანამოძმეეებს, ვინც წარსულის მიბაძვით მსგავს დამოკიდებულებას ავლენდა.

ამავე დროს, ერთ მღვდლადქმნილ„მაძიებელზე“ მოდის ათობით ადამიანი, ვინც განიხიბლა ეკლესიით. „მაძიებლობიდან“ მოსული სასულიერო პირი საეკლესიო უფროსობისათვის მუდმივი პრობლემების წყაროა. საკუთარი ფანტაზიების რეალიზაცია, სხვადასხვა იდეურ ჯგუფებთან თანაზიარობა, მწვავე საჯარო გამონათქვამები და საეროთა დამოძღვრაში  უცნაურობანი (რაც ხშირად ნეგეტიური ტერმინით „სასწაულთმოქმედით“ გამოიხატება)  და შედეგად განხიბვლა და ეკლესიის მიტოვება - ყველაფერი ეს „მაძიებელთა“ სახასიათო პრობლემებია!

ახლახან დაარსებული საიტი «Ахилла» წარმოადგენს მათი დიდი ნაწილის ხმას - განხიბლულთა ხმას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებითა და ბერებით.

 

ჰომოსექსუალები

სასულიერო პირთა მესამე მსხვილ კატეგორიას წარმოადგენენ „გეები“ - ჰომოსექსუალისტები. ოფიციალურად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხს არ ეხება,მაგრამ ნებისმიერი გულახდილი საუბარი მღვდელმსახურთან ან საეპარქიო სამზარეულოსთან დაახლოებულ საერო პირთან, ვერასოდეს ვერ აუვლის გვერდს ამ თემას.

თავის პუბლიცისტიკაში საგანგებო ადგილს უთმობს ამ საკითხებს პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი. 2013 წლის ბოლოს მან აღწერა გეი-სკანდალი ყაზანის სემინარიაში, რის შემდეგაც ის გამოაძევეს მოსკოვის სასულიერო აკადემიიდან. მას შემდეგ კურაევის ბლოგი საეკლესიო გეების ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაციის მუდმივი წყაროა - იქნება ეს გომელში, მოსკოვში, ტობოლსკში, ტვერში, ორსკში, სიმბირსკში თუ თვით ფრანგულ ქალაქ კანში.

საეკლესიო იერარქები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს  გაურბიან. როგორც თავის სოციალური კონცეფციის საფუძვლებში აქვს აღნიშნული, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია : „ჰომოსექსუალიზმს მიიჩნევს ადამიანური ბუნების ცოდვით დაცემად“.

მაგრამ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები მოწოდებულნი არიან ამ ცოდვაში უმეტესწილად დაადანაშაულონ უცხოელები (ევროპის ერთსქესიანი ქორწინებები და მისთ.), ვიდრე საკუთარი კოლეგები! ყველაზე რადიკალური ღონისძიება, რისთვისაც ისინი არიან მზად, მიუთითონ, რომ ეკლესიაში თეორიულად არსებობს სოდომურ ცოდვასთან ბრძოლის მექანიზმები.

ამდენად, ეკლესიაში ჰომოსექსუალიზმის გავრცელების შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ კურაევის მსგავსი ბლოგებითა და საინფორმაციო მედია საშუალებებით (2000-იანებში ჩემს წიგნში მქონდა ასეთი პუბლიკაციების ანალიზი).

თუ ყურადღების მიღმა დავტოვებთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჰომოფობიურ რიტორიკას, პრაქტიკულად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ჰომოსექსუალისტებისთვის საკმარისად გახსნილი და კეთილმოსურნე სამყაროა. როგორც წესი, თანატოლებისაგან უარყოფილი („არ არის ისეთი, როგორც სხვა დანარჩენები“) ბიჭი ნახულობს თბილ მიღებას ტაძარში, სადაც ყოველთვის არიან ბავშვები და მოზარდები, საჭირონი სხვადასხვა სახის მორჩილებისათვის და ის უკვე სკოლის საშუალო კლასებიდან იწყებს ტაძარში კარიერის კეთებას.

რამდენადაც მისნაირები საეკლესიო სამყაროში ბევრნი არიან, ყმაწვილი ერთვება არაფორმალური კონტაქტების სისტემაში, რომელიც მალევე მიუჩენს ხოლმე მას ადგილს მზის ქვეშ. როგორც წესი, რამდენიმე წელიწადში, დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისიდან, ის ხდება ერთგვაროვანი ახალგაზრდული მამაკაცური კომპანიის წევრი, რომელიც თავს იყრის გავლენიანი მღვდელმსახურის ან უფრო ზემდგომი იერარქის ირგვლივ. ასეთ კომპანიებს შორის ყველაზე ძველი, რომელიც კი მოვიძიე, აღმოჩნდა 1960-იანი წლებისა - შიდასაეკლესიო კრიტიკოსები მოსკოვის საპატრიარქოსადმი გაგზავნილ წერილში პირდაპირ უწოდებდნენ მას „ჰარემს“.

კურაევის მიერ შეკრებილი მტკიცებულებანი და ჩემი ინტერვიუები და დაკვირვებანი მეტყველებენ იმაზე, რომ სოციალური ორგანიზაციის ასეთი ტიპი ფუნქციონირებს ათობით ეპარქიაში. მსგავსი ახალგაზრდებისთვის დაჯავშნილია: მეუფის მძღოლის, იპოდიაკონის, მედავითნის, რეგენტის და მგალობელთა პოზიციები. ფავორიტი ხშირად იმკვიდრებს დეკანოზის (ან ეპარქიული სამმართველოს ხელმძღვანელთა) პირადი მდივნის ან მესენაკის (ღამით ერთ ოთახში დარჩენის საეკლესიო პრაქტიკაში სანქცირებული უფლებით) თანამდებობას. ამ დონეზე ხდება გარკვეული სეპარაცია - ვიღაც მიიხედ-მოიხედავს და მერე სამუდამოდ ტოვებს ეკლესიას, ვიღაც მონასტრისკენ იღებს გეზს, სხვები განათლებას ეწაფებიან და ხდებიან მღვდელმსახურნი.

ამ როლში განსაკუთრებით ხშირად გვევლინებიან „იისფერები“ - ცენტრში ასე უწოდებენ იმ „ცისფრებს“, რომლებსაც იმდენად არ ძალუძთ საკუთარი ორიენტაციის დამალვა, რომ ეპარქიულ ხელმძღვანელობას უხერხულობა ექმნება სპონსორთა წინაშე და ისინი ცდილობენ ნამეტნავად გახსნილი გეების მიმაგრებას ასეთ ამბებში სრულიად გაუთვითცნობიერებელი ბებიების მრევლით დატვირთულ ეკლესიებზე, იქ, სადაც ეს ბებიები მღვდლის ყოველგვარ საქციელს ნათლავენ ღვთივსათნო საეკლესიო ტერმინოლოგიით.

ერთ-ერთ ეპარქიულ სამმართველოში, სადაც ამ ბოლო ხანს მომიხდა მისვლა, იერარქია აგებული იყო შემდეგნაირად: შესასვლელში დამხვდნენ გაუპარსავი მამაკაცები კაზაკ მცველთა კორპუსიდან; მათ ჩემი თავი გადაულოცეს კონსერვატიულად ჩაცმულ ბუღალტერიის ქალებს.  როდესაც ჩემი მისვლის მიზეზი გაარკვიეს, ქალებმა გადამიყვანეს ასაკოვან მღვდელმსახურებთან, რომლებიც სათანადო განყოფილებებს ხელმძღვანელობდნენ; მათაც არ ჰქონდათ პასუხის გაცემის უფლებამოსილება და გადამამისამართეს ეპარქიის მდივანთან - ახალთახალ სამღვდელო სამოსში გამოწყობილ მკაცრსა და ფრიად დაკავებულ მამაკაცთან. მანაც ამოიოხრა, მითხრა, რომ არ გააჩნდა საკმარისი უფლებამოსილება და გამისტუმრა მღვდელმთავრის მისაღებში (რომელიც უკვე ერთი თვეა, არ იმყოფებოდა ადგილზე). იქ, რკინის კარს უკან, რომელიც მღვდელმთავრის სამუშაო ადგილს გამოჰყოფდა სამმართველოს სხვა თანამშრომელთაგან, მოჩუქურთმებულ მაგიდას უჯდა  მხიარული, კოხტად თმაშეკრეჭილი 23 წლის ქერათმიანი ყმაწვილი ჰავაიურ პერანგში - მას არ ჰქონდა რაიმე შეზღუდვა უფლებამოსილებებში და ერთ წუთში გადაჭრა ჩემი საკითხი!

სემინარიასა და აკადემიაში სწავლა ასეთი ახალგაზრდებისათვის ხშირად წარმოადგენს ფორმალობას, ან - საბაბს ახალი ნაცნობობისათვის. ძირითად ცოდნას ისინი იძენენ ანგარიშვალდებულ კონტინგენტზე მმართველობაში მეუფის ან გავლენიანი მღვდლის დახმარების პროცესში - გინდ მღვდლები იყვნენ ისინი და გინდ - ბებიები. ერთ ჩემს ინფორმანტს (ინტერვიუს მომენტისთვის - არქიმანდრიტს და ეპარქიის მდივანს) „ავადმყოფობის“ გამო პროფტექსასწავლებელიც კი არ ჰქონდა დამთავრებული, ოცი წელი გაეტარებინა პირად მდივნობაში, რაც არ უშლიდა ხელს ცენტრალურ რუსეთში ეხელმძღვანელა ეპარქიისათვის.

მსგავსი სიტუაცია დანარჩენ სასულიეროთა აღშფოთებას იწვევს, როგორც ფინანსური, ისე - იდეური მხრით. მაგრამ გარეთ ეს აღშფოთება ვერ გადმოიღვრება ხოლმე - ბრძოლა მიმდინარეობს შიგნით და არა მოვლენასთან, არამედ  ოდენ ნამეტან თავსგასულ ფავორიტებთან.

 

 

 

 

 

 

ნანახია: (1859)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას