logo.png

როგორ გვაჩუქა ჯონ კენედიმ ქართველებს ენციკლოპედია

ვიკიპედიაში მოიპოვება შემდეგი ცნობა ქართული ენციკლოპედიის შესახებ:
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე) — პირველი ქართული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი. წარმოადგენს 12 ტომეულს (11 ძირითადი და 1 სპეციალური ტომი „საქართველოს სსრ“ 2 წიგნად, ქართულ და რუსულ ენებზე, 1975-87 წლებში) და მოიცავს 70 ათასამდე ტერმინს. გამოვიდა საქართველოს კპ ცკ-ისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 24 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე. გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ (მთავარი რედაქტორი — ირაკლი აბაშიძე, რედაქტორი — როინ მეტრეველი).
რა კარგია, რა დიდებული - ძვირფასმა საბჭოთა ხელისუფლებამ და მშობლიურმა კომუნისტურმა პარტიამ იზრუნა უძველესი ისტორიული წარსულის მქონე თვითმყოფად ერზე და მისი ღირსების შესაფერი აკადემიური გამოცემა უსახსოვრა!
და განა მარტო ეს იკმარა - აუგო მას ენციკლოპედიის უზარმაზარი შენობა,  გამოუყო ბარაქიანად   საშტატო ერთეულები და  მეცნიერების ახალი ხომალდი ცოდნისა და განათლების ოკეანეში შეაცურა!
მაგრამ, თურნე ნუ იტყვით, სინამდვილეში რა მომხდარა: საკმარისია, გავეცნოთ ღვაწლმოსილი მეცნიერის - ცნობილი ლინგვისტისა და ლექსიკოლოგის, მიხეილ ჭაბაშვილის „მოგონებებს“(„დიოგენე“, 2006), რომ ფარდა აეხდება სინამდვილეს და სრულიად მოულოდნელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. ვნახოთ, რას გვა,ცნობს ავტორი:
„ქართული ენციკლოპედია დიდი კულტურული მოვლენაა. მაგრამ, როგორ მოხერხდა ასეთი გამოცემის განხორციელება კომუნისტური რეჟიმის პირობებში? არსებობს ამის ახსნის ასეთი ვერსია, რომელიც მე დამაჯერებლად მეჩვენება. 1961 წელს ვენაში გაიმართა ნიკიტა ხრუშჩოვისა და აშშ-ის პრეზიდენტის - ჯონ კენედის მოლაპარაკება.
ერთ-ერთი შეხვედრის დროს ნიკიტამ დაიწყო ტრაბახი, თუ როგორ ვითარდებიან, იფურჩქნებიან ეროვნული რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში. კენედიმ შეაწყვეტინა ტირადა ერთი პატარა შეკითხვით: მათ ენციკლოპედიები თუ აქვთო? რა უნდა ეპასუხა ნიკიტას?
ამბობდნენ, დამთავრდა თუ არა იმ დრეს შეხვედრა, ჩვენმა „ბელადმა“ დარეკა მოსკოვში და გასცა განკარგულება - მოკავშირე რესპუბლიკებში დაუყოვნებლივ შეუდგნენ ეროვნული ენციკლოპედიების შედგენასო.
აი, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო შემთხვევამ  (კენედის დაინტერესებამ) უბიძგა ჩვენში ამ დიდი საქმის დაწყებას.
საბჭოთა კავშირში მოქცეულ ხალხთა კულტურას, ეროვნულ თავისებურებებს საკავშირო ხელმძღვანელობისგან იმდენად ჰქონდა ხელის შეწყობა, რამდენადაც ეს საჭიროდ მიაჩნდათ საკავშირო (ე.ი. რუსული) ინტერესებისთვის და საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის „უპირატესობის“ წარმოსაჩენად. აი, სწორედ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლენა იყო ნიკიტას ზემონახსენები ფიცხელი განკარგულება. თორემ, იმ პირობებში, როდესაც სხვადასხვა ხალხის დაუფარავი, უხეში რუსიფიკაცია ხორციელდებოდა, უცბად - ეროვნული ერნციკლოპედიები - ეს ძვირად ღირებული საჩუქარი საბჭოთა რესპუბლიკებს!
ობიექტურად ამას მოჰყვა დიდი ეროვნული საქმის გამარჯვება. ჩვენს ენციკლოპედიაში მიეზღო რა თავისი „მარქსიზმ-ლენინიზმს“, ‘მეცნიერულ კომუნიზმს“, „საბჭოთა ეროვნულ პილიტიკას“, „საბჭოეთის უძლეველობის“ მითს და მისთანებს, ამავე დროს მასში შეძლებისდაგვარად სრულად ჰპოვა ასახვა ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ, ლიტერატურამ, ხელოვნებამ (საერთოდ, ჩვენმა კულტურამ),საბუნებისმეტყველო და ტექნიკურმა მეცნიერებებმა, სხვა მსოფლიო-საკაცობრიო ღირებულებებმა“.
აი, ასეთი გახლდათ რეალური ისტორია და მაშინ, როდესაც  ქართველებს ჯონ კენედისათვის პატივი უნდა მიეგოთ შეგნებულად ნათქვამი ან, გნებავთ, ალალბედზე წამოსროლილი სიტყვის გამო, მადლობას უძღვნიდნენ კრემლს გაუნელებლი ზრუნვისა და ამაგისათვის!
 

ნანახია: (2174)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას