ზაფხულობით, გვალვების შემდეგ წვიმა რომ დაიწყებოდა, მიწიდან ოხშივარი რომ წამოიწეოდა და აგრილების პირას მისული ბუნება რომ გაყუჩდებოდა. დაღამებისას, თხრიშინა წვიმა რომ შემოგვეპარებოდა სოფელში, გაძლიერდებოდა, გაძლიერდებოდა და კარგა გემოზე გაწვიმდებოდა. აგრილდებოდა, ნიავი დაიძვრებოდა, ფარდები ამოძრავდებოდნენ. მოითქვამდა სულს გამომხმარი მიწა და ამოვისუნთქებდით ჩვენც. გავუყვებოდით გზას სოფლის კლუბისკენ. გუბეების ზედაპირები ლივლივებდნენ ნიავზე; წვეთების ნაზი ხმაწკრიალი და გუბეებში ყვაჭიჭების ყიყინი ეხლაც საამოდ ჩამესმის ყურებში...შუუდგით ლახანკა მდინარეს, თვარა წეიღებს ამ ღამე ტვინსო! - ხუმრობდნენ თანასოფლელები.
ერთი დიდი რიტუალი იყო ფილმების ყურება თანასოფლელთა კომენტარების ფონზე...
მაშინ სად იყო ჯერ იზაურა და კასანდრა, ან „პროსტა მარია“?!...სამაგიეროდ, გვაჩვენეს: „ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა“. ჯერ ერთი, მაყურებლებმა რატომღაც ვერაფრით დაიმახსოვრეს ეს სახელი. მარგარიტას ეძახდნენ. ენაგაშარშხალებული გურული ქალები ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ ემოციებსა და აზრებს...
- „ვაი, უბედურო მარგარიტავ, ქეც გაგლახენ, ქეც დაგდაღენ.“
მარგარიტას“ ავისმოსურნეებს და მტრებს ასეთი სიტყვებით ამკობდნენ:
- „თქვენ გნახეთ ერთ დღეს სორომ-გორომად ქცეული ნენაა...ვოოი..“
- „თქვენ მეისპეთ და მეიდუგეთ ერთ დღეს, რავაც ქათამს ვდგუნავ, როიცხა გაპუტვა მინდა.“
- „ერთ დღეს მიგაწყვეთ ერთმანეთის გვერდით კეფალი თებზებივით თქვე მოსასპობლებო.“
ერთ-ერთ სცენაში ხომალდი მიაპობდა ტალღებს და მონები ამოძრავებდნენ ნიჩბებს ვაი-ვაგლახით, სიქა ძვრებოდათ. ზედამხედველი კი ულმობლად შოლტს უტყლაშუნებდა მათ. თან ეს სცენა მხოლოდ ფონი იყო მთავარი (თანაც ესოდენ მძაფრსიუჟეტიანი) ამბის გადმოსაცემად...
გავიხედოთ და ჩემი მეზობელი ენაგაპარტყალებული, გულშემჭირვნე ქალი ცხარე ცრემლებით ქვითინებს, კურცხალს აღვარღვარებს და მოსთქვამს:
- „დამეწვა გული...შენ გნახე მოტაფული და მოლესილი (წყევლა ეძღვნებოდა შოლტის მრტყმელს), მოსორომ-გორომებული, დაგოზილი და მომღრალი (ანუ დამჭკნარი), ჭაჭებგადმოცვენილი, ნენაა.“
წყევლა-კრულვის შეთვლა არც ჟოფრეის დაჰკლებია:
- „არ გუუჩთი არეკაცს! რას კუხკურეხობ შეკაცო (ანუ რას იგრიხებიო)..
შენი პენტური დეიღუპა საცხა. შენ არ იარე წაღმა (ისედაც, მოგეხსენებათ, კოჭლობდა)...შენ წაი კურმუხეთში (ისედაც არ აკლდა გადახვეწა)..“
ამ პერსონაჟის ალქიმიკოსობაზე გურულებს თავისი აზრი ჰქონდათ:
- „კაცო, ამფერი ქალის პატრონს, ჯღაი (რქები) რომ ამოგდის, დაგენებებია მაგ ოქრობიესთვის და წუწურაქობიესთვის თავი, რომ ხარშავდი სოუზივით.“
- „შენ ჭამე სნება და არ მეინელე ქვის უმბილესი.“
სხვას სხვა აზრი ჰქონდა, მაგრამ გადაიფიქრა. უეცრად დაეთანხმა წინა „დასკვნას“:
_ „ქი ვიფიქრე, მარა, რას ვიფიქრებდი“....
ზოგი იმედგაცრუებული და გაწბილებულიც კი რჩებოდა „მარგარიტას“ რეპუტაციით (პატიოსნების ამბავში)..ინდური კინოს პერსონაჟებისგან განსხვავებით „რავა საგარიო თვალებით იყურება. მაი მთლად ფთხუი (უკარება) ქალი არ ყოფილაო“.
ან კი როგორ იქნებოდა „ფთხუი“?...საბედისწერო სილამაზის მქონე ფრანგი ქალი?!
ასე მთავრდებოდა კინო. როგორც ბესიკ ხარანაული იტყოდა: „ფილმის დამთავრებისთანავე ადამიანები ზანტად წამოიშლებოდნენ ხოლმე, უდიერად სცილდებოდნენ სკამებს, ამდენმა ჯდომამაც დიდი არაფერი შესძინათ, ისევ ცხოვრებას უნდა დაბრუნებოდნენ.“
კინოში უფრო მჭახე ფერები იყო. მძაფრი განცდებისა და შთაბეჭდილებების თავბრუდამხვევი გამა. რომელთან შედარებითაც სინამდვილე ღარიბი და უფერული მოჩანდა. რადგან...„არცერთი ამბავი, არცერთი თავგადასავალი სინამდვილეში მხატვრულად არ ხდება. ბუნებაში არ არსებობს მხატვრული პროცესები. ყველა საგანი, ყველა მოქმედება სინამდვილისა დაცლილია მხატვრულობისგან“. ადამიანებს კი შთაბეჭდილებები უფრო გვიზიდავს, ვიდრე ცხოვრებისეული სინამდვილე.
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას