მე „ხრუშჩოვკაში“ დავიბადე და გავიზარდე...ახლა, მაგალითად ვახტანგ გორგასლის ნაირი ტანადობის ხალხისთვის ის ასანთის კოლოფის ხელა ოთახები არ იყო განკუთვნილი, მაგრამ იმ პატარა სახლში, სულ 60 ოჯახს რომ ითვლიდა, და ყველას ასავალ-დასავალი მეტ-ნაკლებად ყველა მეზობლისთვის ცნობილი იყო..დიდი ვნებები მძვინვარებდნენ. ცხოვრების ჩქეფვა და ინტენსივობის ხარისხი იმით როდი იზომება მხოლოდ, რამდენად დიდი ამბები და თავგადასავლები ხდება შენს ცხოვრებაში. ყველაზე მთავარი მაინც შინაგანი ბიოგრაფიაა...ყველასთვის დაფარული...და იდუმალი...(რომელიც ხშირად არც ემთხვევა გარეგან ბიოგრაფიას)...აი, მაგალითად, ერთ-ერთ სართულზე ცხოვრობდა მეძავი ქალი...ანუ თავისუფალი ყოფაქცევის მქონე...ახლა ეს არავის უკვირს..(იქნება საამაყოც კია), თუმცა ჯერ ახლაც კი რა სახელი ჰქვია იმ ფაქტს, ქალი რომ ტანისამოსს გაიხდის და სუფრაზე თავდავიწყებით ცეკვას (იგივე როკვას) დაიწყებს.. და მით უმეტეს მაშინ...(კომუნისტურ ეპოქაში) რად ფორმდებოდა ასეთი საქციელი და რა იარლიყი ეწებებოდა მსგავსი საქციელის ჩამდენს...ხომ წარმოგიდგენიათ?..მოკლედ..ხსენებული ქალი მჩქეფარედ ცხოვრობდა...და მეზობლების აზრი არ ანაღვლებდა..მის სახლში შემსვლელ-გამომსვლელებზე სასტიკად ჭორაობდნენ საღამოს სუფთა ჰაერზე ეზოში გამოფენილი, სადარბაზოს წინ, სკამებზე ჩამომსხდარი მეზობლები...თან მწვანე ლობიოს არჩევდნენ და სხვა ხელსაქმითაც იყვნენ გართულები.. ჭორაობას უთავსებდნენ ოჯახურ საქმიანობას... ანუ სასიამოვნოს სასარგებლოს ...სხვათაშორის, მინდა აღვნიშნო, რომ დედაჩემი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრების პრინციპი მკაცრი ზნეობა იყო და სინდისიერება მას ყველა ყველა გრძნობაზე მაღლა ეყენა..(ჩემგან განსხვავებით, რომელსაც მჩაგრავს ხოლმე გრძნობა _ „ჩემი მოსისხლე მტერი“). ამ ქალთან მეგობრობდა...თუმცა დედაჩემზე აუგის თქმას მაინც ვერავინ ბედავდა, რადგან ყველასთვის ის სისპეტაკის და პატიოსნების სიმბოლო გახლდათ...(ყველანაირი მნიშვნელობით)..დედაჩემი ამ ქალთან მეგობრობდა.. იმიტომ რომ არც ეს ქალი და არც დედაჩემი ბრბოს არ ეკუთვნოდნენ.. „საზოგადოებრივი აზრი“, რომელსაც ბალზაკმა „ყველაზე დიდი მეძავი“ უწოდა, ამათ არ აინტერესებდათ..მარტოსულები იყვნენ..ორივე თავისებურად....თანაც დედაჩემს ეს ქალი უყვარდა მისი სიკეთის გამო.. გაჭირვებაში საოცარი თანადგომა იცოდა...შეეძლო იმ ხალხისთვის, ვინც მის მიმართ ულმობელი იყო, თავიც კი გაეწირა...განსაკუთრებით გაკაპასებული ცოლების მიმართ იყო ლმობიერი და მიმტევებელი.. მათი ქმრები ნერწყვებს რომ ყლაპავდნენ ამ ქალის დანახვისას. რადგან ლამაზი გახლდათ. თუმცა ამ ქალისთვის რაღაც მორალური კრიტერიუმები მაინც არსებობდა. მეზობლის კაცი მისთვის კაცი არ იყო და მორჩა!...ერთხელ მე და დედაჩემი ბავშვობაში ამ ქალის სახლში მივედით...საოცარი გარემო იყო...ყველაფერი, ავეჯი, სანათები, ფარდები, შპალერი..საოცარ ინტიმურ განწყობას ქმნიდა...რაღაც იდუმალად მეჩვენებოდა ეს ყოველივე.. ერთხელ სიცილიც წამსკდა.. როდესაც ტელეფონზე დაურეკეს, ქალმა საიზოლაციო ლენტებგდახვეული ყურმილი აიღო (ეტყობა ხშირად ამტვრევდა...ვინ იცის რატომ და რითვის?.)..და უცებ ხმა ისე გადაუსხვაფერდა...საოცრად ხავერდოვანი, სექსუალური და სირინოზისა გაუხდა...სულ რომ ლამაზი არ ყოფილიყო, ეს ხმაც კი შეგიტყუებდა და მაგნიტივით მიგიზიდავდა ამ ქალის მიმართ.... მოკლედ...მამაკაცთა ჯარი მოეშურებოდა ამ სახლისკენ..(ნეტა ეგრე ფრონტზე გარბოდნენ, მამულის დასაცავად). ...და მეზობლების ენებიც, როგორც მახვილი აღლესული, ისე ელვარებდნენ...და ცეცხლებს ისროდნენ...რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი?...ერთხელ, ამ ქალმა მიამბო სამარიტელი ქალის ისტორია სახარებიდან...და როდესაც ვკითხე: _ რატომ მაინცდამაინც ამ საეჭვო რეპუტაციის ქალს ესაუბრა უფალი და მთელი ქალაქის მქადაგებელი და მომაქცეველი ის გახადა_მეთქი? ასე მიპასუხა: _ იმიტომ რომ მას სწყუროდა ნამდვილი სიყვარული, ბევრჯერ შეეძლო შეყვარებოდაო...სხვათაშორის, მერე თეოლოგობაც დავიჩემე.. სად აღარ ვისწავლე, რა აღარ წავიკითხე, მაგრამ ასეთი განმარტება არავისთან არ შემხვედრია...ეს პასუხი კი გულში ჩამრჩა.. და იქ ცოცხლობს... ახლაც, ამ სახლს რომ ჩავუვლი ხოლმე და მის ფანჯრებს შევავლებ თვალს.. (უკვე რახანაია გარდაიცვალა და სხვა ცხოვრება თამაშდება ახლა ამ ფანჯრებს მიღმა..„სხვა ხალხის ისმის იქ ჟრიამული“). სულ სამარიტელი ქალი მახსენდება...მას ბევრჯერ შეუყვარდა.. ბევრჯერ მიუშვა ახლოს გულთან ისარი და ადვილად დაიჭრა...ხოდა იმ დაჭრილმა გულმა ასევე ადვილად იცნო და იგრძნო წამალი...სამარიტელმა ადვილად იცნო ქრისტე...რომელიც მწიგნობრებმა, განსწავლულმა თეოლოგებმა და მღვდლებმა, გულში მჯიღის მცემელმა, მორალისტმა ფარისევლებმა ვერ იცნეს და ჯვარზე გააკრეს...
ნანახია: (1169)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას