logo.png

მელიტონ ქანთარია: რაიხსტაგზე ატანილი დროშა, დანგრეული სახლი ოჩამჩირეში და  ღირსეული მემკვიდრეობა

 

დიდი დერჟავის „ცხრა მაისობის“ სადღესასწაულო დღეებში რუსულმა საიტებმა გაიხსენეს რაიხსტაგზე დროშის ერთ-ერთი აღმმართველი, მელიტონ ქანთარია და სხვადასხვა რაკურსში უძღვნეს წერილები, საკუთარი ზნეობის შესაფერისად - ეს გახლდათ სკივრიდან ამოღებული აფხაზი ლიტერატორის - დაურ ზანთარიას ნარკვევი, ანდრეი კურაევის ისტორიული ექსკურსი და გალინა საპოჟნიკოვას პამფლეტი, რომლებიც კრებითად შემდეგი სახის ინფორმაციის წყაროდ იქცნენ.

 

ფრაგმენტები დაურ ზანთარიას ნარკვევიდან:

ქანთარია და ეგოროვი დროშით ხელში

 „რაიხსტაგზე აღმართულ იქნა ალამი და სტალინს უპატაკეს, რომ ეს გააკეთეს რუსმა და ქართველმა.

 მართალია, სტალინი თავის თავს უწოდებდა რუსული კულტურის ადამიანს, ვისთვისაც უცხოა ცეცხლოვანი კავსკასიური ცეკვები, მაგრამ შესანიშნავად ერკვეოდა იმ საკითხში, რომ უზარმაზარ, გარდაქმნილ „დერჟავას“ განაგებს არარუსი ადამიანი და ეს ფაქტი როგორღაც უნდა ყოფილიყო განმარტებული.

ამიტომაც ხაზს უსვამდნენ, რომ ბელადი წარმომავლობით არის მართლმადიდებელი, მაგრამ უძველესი და არაჩვეულებრივი ხალხის შვილი. თვით ბელადი თვალებს ხუჭავდა იმაზე, რომ საქართველო იყენებდა საზღვარგარეთის ერზაცის გაუხმაურებელ სტატუსს. იქ იყო კერძო საკუთრების ელემენტი, ბავშვები ისტორიას სწავლობდნენ რომანტიული შარავანდედით, ხოლო ყოველ საბჭოთა ფილმში გაიელვებდა ხოლმე დადებითი ქართველი პერსონაჟი.

და აი, უეცრად აღმოჩნდა, რომ მელიტონი აფხაზი ყოფილა.

„მომეცი აქ პასპორტი, - შეუყვირია მისთვის ბერიას. ქანთარია სინამდვილეში იყო მეგრელი, ოღონდ აფხაზურ სოფელ ბედიაში დაბადებული. მოგვიანებით, აფხაზები მას საყვედურობდნენ განდგომილებაში.

ომის შემდეგ ქანთარია კვლავ იქცა უბრალო ადამიანად, რომელიც ამბობდა ცნობილ ფრაზას: „ამ გმირის ვარსკვლავს მე გავცვლიდი 7,62 კალიბრის ტყვიაში, რომლითაც მოვკლავდი ბერიას“.

სადღესასწაულო დღეებში მას გამოაწყობდნენ ხოლმე კოსტუმში,  დაჰკიდებდნენ ორდენებს, დააყენებდნენ ტრიბუნაზე და სწამდათ, რომ მისი ზეობის ჟამს ის ისეთივე „საქორწილო გენერალი“ იყო, როგორიც ამჟამად  - ტრიბუნაზე.

60-იან წლებში მას მოუვიდა მიწვევა დე გოლიდან. ეგოროვი ავად იყო და ის მარტო გაემგზავრა. ჩამოვიდა პარიზიდან და დე გოლს პირდაპირ სახელით, „შარლით“ მოიხსენიებდა.

ჰყვებოდა: „როდესაც შარლი შემოვიდა, ყველა სამხედრომ აუღო მხედრული სალამი, ჩემ გარდა. მე უკვე ვიცოდი, რომ მათი კანონებით გმირს აქვს ამის უფლება. დავლიეთ მე და იმან - კარგი კაცი იყო, ღმერთმა გაანათლოს!“ ჟორჟ პომპიდუს ის უკვე აქ, ბიჭვინთაში შეხვდა, სადაც, სხვათა შორის, ის მოულოდნელად გარდაიცვალა.

რაიონული უფროსობიდან უეცრად ვიღაცას მოუვიდა თავში „დიდების მემორიალის“  აღმართვა და იქ ორი გმირის - აფხაზი გაბლიას და ქართველი ქანთარიას დაკრძალვა.

მემორიალი ჩემს სოფელში - ტამიშში უნდა აღემართათ, მგრამ საქმე ის გახლდათ, რომ აფხაზი გმირი ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო მელიტონი ჯერ სიკვდილს არ აპირებდა.

მემორიალი ვერ მოესწრო მელიტონს, ის მოსკოვში გარდაიცვალა“.

 

მელიტონ ქანთარიას დანგრეული სახლი ოჩამჩირეში

ანდრეი კურაევის მცირე ისტორიულ ექსკურსში, სახელდობრ, ლაპარაკია იმაზე, თუ როგორი ტრაგიკული იყო მელიტონ ქანთარიას უკანასკნელი წლები:

„ქართულ-აფხაზური ომის დროს ის იძულებული იყო ოჯახთან ერთად გადასახლევულიყო მოსკოვში.

ვეტერანთა კომიტეტის მეოხებით, მთელი ოჯახისათვის მხოლოდ დროებით ერთოთახიანი ბინა მოუხერხეს ქალაქის განაპირას. ის დააყენეს შეღავათიან რიგში. და ამ რიგმა მოუწია მხოლო მისი სიკვდილის შემდეგ.

გარდაიცვალა მატარებელში, 1993 წლის 26 დეკემბერს, როდესაც მოსკოვს მიემგზავრებოდა ლტოლვილის სტატუსის მისაღებად“.

 

ახლა კი გავეცნოთ - რა მემკვიდრეობა დარჩა მელიტონ ქანთარაიას - ამის თაობაზე ჯერ კიდევ წინა საბჭოთა სამაისო იუბილეს ჟამს იუწყებოდა „კომსომოლსკაია პრავდას“ პუბლიცისტი გალინა საპოჟნიკოვა.

მისთვის საინტერესო აღმოჩენილა შეხვედრა მელიტონ ქანთარიას შთამომავალთან - „მთლად პირდაპირი შთამომავალი არ არის -„ვნუჩატი პლემიანიკიაო“, გმირის გასამართლებლად წერდა ჟურნალისტი ქალი.

ხოლო გამართლება რატომ იყო საჭირო? აღმოჩნდა, რომ გმირის შთამომავალი რუსულად არ საუბრობდა და ეგრეთ წოდებული რუსული „ლენტების ომის“ აქტიური მონაწილე იყო!

ხოლო, როდესაც ირაკლი ქანთარია დათქმულ დროზე თარჯიმანთან ერთად მივიდა, ინტერვიუერს ჯერ ამ ფაქტით მოუთავა ხელი და მერე - ისტორიული ფაქტების დალაგებით. აი, როგორ აღწერდა ჟურნალისტი ქალი ამ მოვლენას:

„შეხვედრაზე ის მოვიდა თარჯიმანთან ერთად, რადგან რუსულად არ ლაპარაკობს.  მისი მეგობარი ალეკოც „ლენტების“ ომის აქტიური მონაწილე აღმოჩნდა.

თვით ირაკლი გაუღიმარი და პირმოღუშულია, მას, თუ გნებავთ, კოგნიტიური დისონანსი აქვს. მისი გადმოცემით, რუსეთისა და საქართველოს ორსაუკუნოვანი ისტორია ასე გამოიყურება:

  ირაკლი ქანთარია - ღირსეული მემკვიდრე!

„მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, გაგვიუქმეს ქართული სამეფო და ავტოკეფალია, 1919 წელს საქართველომ აღიდგინა  თავისი დამოუკიდებლობა, მაგრამ უკვე 1921 წელს დაიწყო წითელი ოკუპაცია. საბჭოთა პერიოდი უმძიმესი იყო საქართველოსთვის; შემდეგ ისევ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვა ცხინვალის ომი და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია... ერთი სიტყვით, სულ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა თქვენთან“.

„კი, მაგრამ, რა ნახე ამ საბჭოთა კავშირში ცუდი, თუკი შენი დაბადების შემდეგ ორ წელიწადში დაიშალა საბჭოთა კავშირი? მე ქართველები მიყვებოდნენ, რომ  საბჭოთა პერიოდში ერთმანეთს „ჟიგულებს“ ჩუქნიდნენ და მოსკოვში დაფრინავდნენ „დიდი თეატრის“ პრემიერებზე!“

ამის შემდეგ ქალბატონ ჟურნალისტს აღწერილი აქვს ამ 37 მანეთიან ქართველებთან შეხვედრები თბილისში და მათი „პოდობოსტრასტიები“, მაგრამ  გმირის „ვნუჩატი პლემიანიკთან“ ინტერვიუს ბოღმას ვერა სძლევს და ეს ბოღმა წითელ ხაზდად გასდევს მთელ კორესპონდენციას!

ჩვენ კი რა შეგვიძლია დასასრულ ვთქვათ, ძვირფასო მკითხველო  - ირაკლი ქანთარიამ უფლება მოგვცა, ჩავძახოთ  საფლავში მელიტონ ქანთარიას: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა!“

 

გიორგი

ერიშვილი

 

 

 

ნანახია: (1853)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას