მთვლემარე სულში გაღვიძებული უცხო ყვავილი
(მაკო გომურის წმიდა მსხვერპლი)
ფსალმუნში წერია: „დამიცევ მე უფალო, ვითარცა გუგა თვალისა და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარე მე.“ (ფს. 16, 8).
20 ივნისის აქციის დარბევისას 18 წლის სტუდენტმა, მაკო გომურმა თვალი დაკარგა. . "არ დავეძებ თვალს, ოღონდ რაღაც შეიცვალოს", - ასე უთქვამს მას თავისი მოძღვრისთვის. და კიდევ აქეთ ამხნევებდა აქციის მონაწილეებს: „ისევ დაგიბრუნდებითო!“...
ამ გულგაციებულ დროებაში ეს შემთხვევა მე სასწაულად აღვიქვი. ერთი პოეტი წერს: „არცერთი ამბავი, არცერთი თავგადასავალი სინამდვილეში მხატვრულად არ ხდება. ყველა საგანი, ყველა მოქმედება სინამდვილისა დაცლილია მხატვრულობისგან.“
მაგრამ... ხდება ხოლმე, რომ დოკუმენტური სინამდვილე ყოველგვარ ოცნებასა და წარმოსახვას აჭარბებს. და ოცნების სამყარო და რეალური სინამდვილე ერთი მთლიანობა ხდება... მაიკო გომურის სიხარულით და სიცოცხლის სიჭარბით აღსავსე მოცინარი თვალებში უნებურად ცოცხლდებოდა ლიტერატურული სახე დიდი კანუდოსელის, მანუელო კოსტასი (რომანიდან: „სამოსელი პირველი“, რომლიდანაც ჩვენმა თაობამ სამშობლოს სიყვარული ვისწავლეთ) მის „ლაღად აციმციმებულ“ თვალებზე ავტორი წერს: „„მანუელა კოსტამ იცოდა ყოველივეს დაფარული ფასი და უცნაური სიყვარული სჭირდა - მისი ორი ლამაზი თვალიდან გამომჭვირვალი მზერის შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა - ბაობაბივით დიდდებოდა - ლამაზდებოდა, იფურჩქნებოდა, რა უცნაური მწვანე ეფინებოდა, რას არ ჰგავდა - ცად აზიდული...ისეთი ცქერა იცოდა, საცა კი თვალი მიუწვდებოდა, სუყოველივეს ითვისებდა, ყოველივეთი იჟღინთებოდა მისი ტევადი სული.“ და როდესაც მარშალმა ბეტანკურმა მისი დასჯა გადაწყვიტა თვალების დათხრით და ამქვეყნიურ ნათელთან გამოსალმებით, თვალების მნიშვნელობაზე განგებ დაუწყო საუბარი: - დედამიწაზე არ არსებობს იმაზე მეტი სიკეთე, რაც თვალია, - რამდენი ფერის, საგნის, ნივთის გამორჩევა შეუძლია მას.“...
მანუელო კოსტამ ითხოვა, ხის კენწეროზე აეყვანათ და იქედან მოევლო თვალი სამყაროს სილამაზისთვის.. „ზედ კენწეროსთან იდგა მანუელო და ცალი თვალით ძალიან დინჯად, საგულდაგულოდ, რიგრიგობით, ოთხსავე მხარეს იხედებოდა. ბევრი რამ ჩანდა, როგორც იქნა და, გააძღო თვალი. იმ სიმაღლიდან ერთხელაც მოავლო ქვეყანას თვალი, ცისკენ აიხედა. - ახლა კი შეგიძლია თვალები ამომთხარო, - უთხრა ჯალათს და გამარჯვებული შესცქეროდა მას... თავი შემართა, - სუყველაფერი დავიმახსოვრე.“
ეს არის პატრიოტიზმის სასწაული, რომელიც კიდევ ბევრ ლანდს გააჩენს საქართველოს რეალურ სინამდვილეში მარო მაყაშვილის, თამარ ჭოველიძის, ნათია ბაშალეიშვილის, ეკა ბეჟანიშვილის და ბევრი სხვა, სუფთა, ხელუხლებელი, შეურყვნელი, ამაყი სულის ახალგაზრდებისა...და გაფრთხილებად დარჩება დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ ახალ თაობებს, რათა არასდროს დათმონ სისხლით მოპოვებული თავისუფლება!
ასე მგონია, რომ ყველა ქართველი გოგონას ახალგაზრდული სისხლით გაჟღენთილ სხეულში ცხოვრობს მარო მაყაშვილის ლანდი. სუფთა, საამო, ხელუხლებელი, ტურფა და ამავდროულად, მქენჯნავი სევდა, რომ უფალი ყველას არ ირჩევს... ისევე როგორც 9 აპრილის ღამეს გვრცხვენოდა, რომ ცოცხლები დავრჩით....და იმ ქარტეხილებში ჩვენი ბედი იმ გოგონებივით არ გამოიკვეთა. ჩვენი ახალგაზრდობა და გაზაფხული ეროვნული გამოფხიზლების, მინავლებული ეროვნული ენერგიის ვულკანივით ამოფრქვევისა და აზვირთების პერიოდს დაემთხვა. ჩვენც ხომ ვიდექით რუსთაველზე, რომანტიზმითა და იდეალებით აგიზგიზებული თვალებით.
„– შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით!
დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა
შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი;
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა –
ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული
დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით
ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული,
სარწმუნოება..“ (ზ. რატიანი)..
გავყვიროდით მარად უცვლელ ჭეშმარიტებას (მარად უცვლელი პოლიტიკური გამოწვევების წინაშე მდგარნი), რომ რუსეთთან მეგობრობა კი არა, სწორედაც, რომ მტრობა გვინდა. მარო მაყაშვილის პათოსით მოხიბლულები: „ოჰ! როდის უნდა ამოვისუნთქოთ თავისუფლად. როდის აყვავდება წალკოტივით ჩვენი ქვეყანა, რათ უნდივართ ჩვენს სხვებს, დაგვანებონ თავი, ჩვენც ვგრძნობთ, ვსუნთქავთ, ვხარობთ...რა უნდათ ჩვენგან? არა, ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობებზე მაღლა სდგას.“
ყველას გვათბობდა და გვეამაყებოდა მაშინ ის სანატრელი ერთიანობა, ყვავილების ტბორი რუსთაველის გამზირზე. ის გაზაფხულიც დაცხრა და წავიდა უმალ. გაიძარცვა გულები, ჩაქრა ცეცხლი, გაცივდა და დანაცრდა საკურთხევლები. მერე მოხდა ის, რაც მოხდა...ყველა ის უბედურება გამოვიარეთ, რაც 90-იანი წლების ე. წ. „დაღუპულ“ თაობას გადახდა თავს საქართველოში. ჩვენც გადაგვიარა დრომ.. ცხოვრებამ გამოგვწურა, გამოგვცალა და გამოგვაცარიელა თითქოს...აღარ შეგვარჩინა „მხიარული“ , სიცოცხლის სიყვარულით და რწმენით გამთბარი თვალები...თითქოს „დიდი ეპოქა“ დამთავრდა. ამოწურა თავისი თავი. რამდენჯერ მინატრია: ნეტავ, შეჩერებულიყო ის წამი, რომელსაც მერაბ კოსტავამ „უდიდებულესი“ უწოდა...ნეტავ, ყველაფერი შეჩერებულიყო იმ გრძნობაზე, იმ განცდებზე, რაც იმ ღამეს იყო-მეთქი.
ნიჰილიზმმა და აპათიამ მოგვიცვა თითქოს..და როცა მეგონა, რომ ამ გადაგვარებულ საზოგადოებაში დავიწყებას ეძლეოდა უდიდესი და უმარტივესი ჭეშმარიტებები - სიმართლე, პატიოსნება, სიყვარული, ლმობიერება, კაცური ღირსება, უბრალო ადამიანურობა, კაცურ კაცობა. როცა თავფეხიანად მოწამლული მეგონა ჩემივე თავი, რუსთაველზე მომხდარმა ბოლოდროინდელმა პროცესებმა...ამ ახალგაზრდების უშიშრობამ და სიამაყემ...ისევ დამაჯერა, რომ მაღალ ადამიანურ იდეალებს სიკვდილი არ უწერიათ.
მსხვერპლმა, რომელიც მაკო გომურმა გაიღო, გააღვიძა „მთვლემარე სულში ყველაფერზე მეტად სანუკვარი რამ, სულისმიერი უცხო ყვავილი - თავისუფლება“. სიამაყე თანდაყოლილია. მას ვერ შეიძენ, თუკი არ გაქვს. რუსთაველზე გამოსული ეს ამაყი და გულწრფელი, ახალგაზრდები რომ დავინახე, შიში რომ არ ეტყობათ და თავისუფლებით სული რომ ეწვით, თითქოს 30 წლის წინანდელ რეალობაში დავბრუნდი...მომაგონდა ჩემი თავი ისეთი, როგორიც მაშინ ვიყავი. თითქოს რაღაც ძალამ შთამბერა სიახლე, იგივე სიყმაწვილე, იგივე სიცოცხლის სიხარული. სიჭაბუკის ოცნება, აღტყინება. „აღთქმული მიწის“ რწმენა. რწმენა იმისა, რომ „თავისუფლება, სულის ყვავილი, სულზე ტკბილია.“
ეს ყველაფერი ისევ აღსდგა, განმეორდა, გაცოცხლდა და მთელი სისავსით წამოიმართა ჩემს თვალწინ...გოდერძი ჩოხელის მოხევესავით მეც „ჩემი ბავშვობა მომაგონდა და ავტირდი“...
სამწუხაროდ, თავისუფლების ფასს ვერასოდეს მიხვდებიან ფულსა და ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ადამიანები, ყალბი ღიმილი და ცრუ თანაგრძნობა რომ დასჩემებიათ.....„ძლიერნი ამა სოფლისანი“, „წარმატებულები“, ვისი პატივმოყვარეობაც მათსავე ღირსებაზე და თავმოყვარეობაზე მეტია. ისეთი გამომეტყველება რომ აქვთ, თითქოს ეჭვგარეშე დარწმუნებულნი არიან, რომ ვითომდაც მეტად სასარგებლო, სერიოზულსა და დიდი საზოგადოებრივ საქმეს აღასრულებენ.
და ვერც გაუგიათ, რომ „ყველაფერი ვადით არის: სიმდიდრეც, ბატონობაც. გაუვა ყავლი და დარჩება ცოდვა.“ (ხარანაული)... და ჭეშმარიტებად რომ არ უნდა აღიარო სიცრუის წუმპე. ლაფი, რომელსაც არ უნდა შეეჩვიო და შიგ ნებიერად არ უნდა იცხოვრო.
გავა დრო... გადაიფხიკება ყველა ყალბი სახელი და ცრუ შეფასება-გააზრებები... სიმართლე და ნამდვილი ისტორია მთელი სიდიადით წამოიმართება.
ისტორიას კი ასეთი ადამიანები არ აინტერესებს (რადგან მას იდეალისტები ქმნიან)... „რა არის სიცოცხლე წვრილმანი ადამიანისთვის? სულელური და ცარიელი უქმე, ჩემის აზრით.“ - წერდა მარო მაყაშვილი..
ასეთები ყველაზე მეტად თავისუფლებასა და სიამაყეს ვერ მოითმენენ... ზემოთ დიდი კანუდოსელი, მანუელო კოსტა ვახსენე... მას თვალები დასთხარეს, მაგრამ ვერ დააჩოქეს... ვერ წაართვეს ის, რასაც სული ჰქვია... ეს სული, მტკიცე ბუნება-ხასიათი, შეურყეველი, ძლიერი ნებისყოფა, ენერგია, გაუტეხლობა, შეუპოვრობა და კეთილშობილება გამოსჭვივის მაკო გომურისა და მისი თანატოლების არსებაში... და ამ სულს ვერანაირი, სიძულვილითა და შურისძიებით აფეთქებული ძალა ვერ ჩაკლავს... მარადიული ჭეშმარიტებები კი მხოლოდ სულიერი თვალით იხილვება...
„ სულია განა?
მე როცა ვუმზერ ლურჯთვალა ამინდს
მაისისაგან დათოვლილ ღამით,
რომლის სიღრმეში იმთავით თურმე
სამყაროები მოგზაურობენ -
ისეა, თითქოს შევმართე მკერდით
მარადისობის ნატეხი ერთი:
და აკივლებულ ვნებით ვნებული
აბორგებული, დაუდეგარი
იმ სამყაროებს ადევნებული, -
სულიც ეგ არი.“ (რილკე).
ლელა ჩხარტიშვილი
ნანახია: (1605)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას