უკრაინულმა საეკლესიო საიტმა (https://cerkvarium.org) დაბეჭდა საინფორმაციო წერილი, სადაც განხილულია იერუსალიმის პატრიარქის წინადადება მართლმადიდებელი იერარქების სათათბიროდ მოწვევასთან დაკავშირებით. აი, როგორ მოსაზრებებს გვთავაზობს საიტი:
„მას შემდეგ, რაც იერუსალიმის პატრიარქმა „უკრაინის კრიზისთან“ დაკავშირებით დააანონსა ავტოკეფალური ეკლესიების შეკრება იორდანიის ამანში, გაკეთდა ბევრი პროგნოზი და ვარაუდი, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება იყოს ეს იდეა.
ბერძნულმა ეკლესიებმა არ დააყოვნეს პასუხი: ელადის არქიეპისკოპოსმა მკაცრი ფორმით განაცხადა უარი, ხოლო კვიპროსის არქიეპისკოპოსმა საერთოდაც მკრეხელობად ჩათვალა იერუსალიმელი კოლეგის ინიციატივა.
ამ დღეებში გამოჩნდა პირველი ინფორმაციები სხვა ეკლესიათა რეაქციების შესახებ თეოფილე III-ის ინიციატივის საპასუხოდ. როგორც ORTHODOXIA.info გვამცნობს, თეოფილეს უარი შეუთვალეს: ათენმა, კვიპროსმა, ალბანეთმა და პოლონეთმა. თუმც კი პრომოსკოვური რესურსები უარყოფენ პოლონეთის ეკლესიის დემარშს, მაგრამ იქვე აღნიშნავენ, რომ პოლონეთმა დიპლომატიურ სტილში უპასუხა თეოფილეს: „საკითხის გადაჭრა აუცილებელია, ინიციატივა გამართლებულია; ხოლო ჩვენ საბოლოო პასუხს მოგახსენებთ, როდესაც მივიღებთ კონკრეტული თარიღის და დღის წესრიგის შეტყობინებას“. ამას გარდა, მიტროპოლიტმა საბამ შეახსენა თეოფილეს, რომ მსგავსი საკითხები ადრე წყდებოდა სრულიად მართლმადიდებლურ კრებაზე, ისეთზე, როგორიც იყო, მაგალითად, მსოფლიო პატრიარქის მიერ მოწვეული კრება 1998 წელს, ბულგარული განხეთქილების პრობლემის გადასაწყვეტად.
არსებობს სერიოზული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ბულგარეთის ეკლესიამ, რომელიც პრინციპში წინააღმდეგი იყო უკრაინასთან დაკავშირებული კრების გამართვისა, არ მიიღოს მონაწილეობა ამ საეჭვო ავანტიურაში. აკი ამ ცოტა ხნის წიბათ ბულგარეთში კვლავ აგორდა სკანდალი ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის საელჩოდან ორი თანამშრომლის გაძევებით. ხოლო, როგორც ცნობილია, ბულგარეთის ეკლესია მნიშვნელოვანწილად ორიენტირებულია იმ ვექტორზე, რომლითაც იმართება სახელმწიფო.
ასევე, საეჭვოა, იორდანიის შეკრებას მიუერთდეს საქართველოს ეკლესია - რუსეთთან გამძაფრებული ურთიერთობის გამო - აფხაზეთში და ცხინვაილს რეგიონში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერვენციის მიზეზით.
რუმინეთის ეკლესია მიახლოებულია უკრაინის ეკლესიის ცნობასთან და ამას თვით უკრაინის ეკლესიის ოპონენტებიც კი აღიარებენ. ამიტომ, პატრიარქ დანიელს, რომელიც იმყოფება მოლდოვაზე რუსული ეკლესიის მონოპოლიის გასაჩივრების პროცესში, საკმაო მოტივაციები ექნება, მხარი არ აუბას თავის კონკურენტებს, კონფლიქტში შესვლით მსოფლიო პატრიარქთან.
თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ ცხრილს და ჩვენეულ პროგნოზებს.
დასასრულ, დავძენთ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით, იმ ეკლესიების ჩამონათვალი, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, შეიძლება გაემგზავრონ ამანში, უცნაური სახით თანხვდებიან რუსეთის მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის განაცხადს: „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა შედგება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასში ყველა წარმომადგენელი არ მიიღებს მონაწილეობას“.
რამდენადაც ბერძნული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ამჟამად თვით იერუსალიმის პატრიარქსაც კი განელებული აქვს სწრაფვა „საკუთარი ინიციატივის“ აღსრულებასთან დაკავშირებით და არ უნდა გამოირიცხოს ის გარემოება, რომ რუსეთის ეკლესიამ „მშვიდობისმყოფელის და ორგანიზატორის“ ესტაფეტა გადაულოცოს ანტიოქიის პატრიარქს, ხოლო შეხვედრის ადგილი გადაიტანოს სადმე მის ომითა და პროტესტებით დახუნძლულ კანონიკურ ტერიტორიაზე. მაგრამ საეჭვოა, იქ ჩავიდნენ თვით ისინიც კი, ვინც გარანტირებულად წამსვლელია. თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა“.
საიტი, როგორც ეს წერილშიც არის აღნიშნული, აქვეყნებს ცხრილს საკუთარი პროგნოზებით, სადაც საქართველოს გასწვრივ დიდი კითხვის ნიშანი აქვს დასმული, ხოლო იქვე მიუთითებს სხვა წყაროებსაც, რომლებიც იმედს გამოთქვამენ, რომ ქართული ეკლესია არ ჩაებმება საეჭვო ავანტიურაში!
ნანახია: (1858)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას