logo.png

გიორგი ერიშვილი

ფროიდული „წამონაცდენი“ და ვაი-პოლიტიკოსთა თვითმხილებანი

 

ქართული ხალხური ლექსი გვკარნახობს: „შავს ლუდსა, წითელ ღვინოსა, განა ერთფერად სმა უნდა? ენაზე მომდგარ სიტყვასა განა სუყველას თქმა უნდა“?

ეს გალექსილი სიბრძნე გულისხმობს, რომ თუ დროზე კბილი არ დაეჭირა, ენას ძალიან ხშირად სააშკარაოზე გამოაქვს გულის სიღრმეში დამარხული გრძნობები და, შესაძლოა, ადამიანმა უნებლიედ გაამხილოს ფარული ზრახვანი!

თავის დროზე ამ საკითხს ღრმად ჩაუკვირდა ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი და სწორედ  უნებლიე წამონაცდენები, ორ სხვა მახასიათებელთან - თავისუფალ ასოციაციებთან და სიზმრებთან - ერთად, თავისი თეორიის ქვაკუთხედად აქცია.

თუ ფროიდულ ტერმინოლოგიას ყველასათვის გასაგებ ენაზე ვთარგმნით, აღმოჩნდება, რომ, როდესაც ადამიანი რაიმე შეცდომას უშვებს საუბრისას, ან წამოცდება ერთი სიტყვა სულ სხვა სიტყვის ნაცვლად, უნდა ვივარაუდოთ - მისი არაცნობიერი მოტივაცია მისდაუნებურად და მისდა დაუკითხავად ამხელს ამ პიროვნების  ჭეშმარიტ გულისთქმებს და ქცევათა მიზანდასახულობებს. ეს მოვლენა განსაკუთრებულად საინტერესო მაგალითებს გვთავაზობს პოლიტიკოსთა და სახელმწიფო აპარატის მუშაკთა საუბრების ანალიზის დროს. შესაბამისი შემთხვევების განსახილველად შორს წასვლა არ არის საჭირო - თავდაპირველად ახლო სამეზობლოს რჩეულ პირებს დავესესხებით, ხოლო მერე არც შორს გახედვაზე ვიტყვით უარს.

***

თბილისელებს მოეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიდსულოვნად დაუდგა ძეგლი აწინდელ „9 აპრილისა“ და უწინდელ ალექსანდრეს ბაღში, გოგოლის ნაბიუსტარზე ახალი რუსული დემოკრატიის ბაირახტარს - ანატოლი სობჩაკს, როგორც დიდი წვლილის მქონეს საქართველოსათვის დახმარების საქმეში „მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფალნი ამყარებდნენ იმედს სობჩაკის გამოკვლევებზე 1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებულ გარემოებათა გამო“.

მეტი არ იქნება, გავიხსენოთ 1989 წელს ლენინგრადის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რა განაცხადა  ანატოლი სობჩაკმა, როდესაც შეეკითხნენ  9 აპრილის მიტინგზე გამოტანილი ლოზუნგების ხასიათის შესახებ: „იყო ლოზუნგები, სადაც ქართველები მოითხოვდნენ გასვლას из Советской Рос... Советского Союза“. მას წამოცდა, უკეთ, კინაღამ წამოცდა „საბჭოთა რუსეთი“, რაც იქვე შეასწორა და „საბჭოთა კავშირად“გადააკეთა. თუ ფროიდს დავიმოწმებთ, წამონაცდენმა ამხილა სობჩაკი: მისთვის, ისევე, როგორც მისი მრავალი თანამემამულისათვის, „საბჭოთა კავშირი“ საბჭოთა რუსეთის“ სინონიმი გახლდათ. აქედან, გამჟღავნდა მთელი მისი „დემოკრატიობანაცა“ და „ჰუმანისტობაც“ და ისიც, რომ მთელი მისი მოღვაწეობა მხოლოდ და მხოლოდ იმპერიული ინტერესების დაცვას ემსახურებოდა!

1991 წლის 18 თებერვალს, ტელეგადაცემაში „საღამო მშვიდობისა“ მაყურებლის წინაშე წარსდგა ოსური სეპარატიზმის ბელადი ტორეზ კულუმბეგოვი, რომელმაც ქართველი ხალხის მიმართ წაყენებული ბრალდების რიცხვში, სხვა ბრალდებებთან ერთად ისიც დაასახელა, რომ ქართველები წინააღმდეგნი არ იქნებოდნენო, თუკი ოსები „Перебрались бы на Северный Кавказ, где и нах… где вроде бы находится их Родина“. კულემბეგოვს, ის იყო, წამოცდა, ჩრდილოეთ კავკასიაშიაო ოსების სამშობლო („где и нах…“), რომ უმალ ენაზე იკბინა, სიტყვა შუაზე გაწყვიტა და   ისევ ქართველებს აჰკიდა ცოდვა - „ვითომცდაო“ („вроде бы“), სასწრაფოდ ჩაურთო!

2003 წლის 14 მარტის პარლამენტის სხდომაზე დღევანდელი „ოცნების“ ანალოგიური პარტიის დეპუტატმა ვიტალი ხაზარაძემ ჩვეული რიხით განაცხადა „თუ 157 ხმიდან თუნდაც ერთი არის არასწორი, გვაქვს უფლება გავაყალბოთ...გავაუქმოთ კენჭისყრა“ (საუბარი იყო 115 ლარიანი ხელფასების მხარდაჭერასა ან უარყოფაზე). თუ მხედველობაში არ მივიღებთ სიტყვის გასწორებულ ვარიანტს და პირვანდელ ნათქვამს დავაფიქსირებთ, გამოვა, რომ პარლამენტარმა ზუსტად გაამხილა თავიანთი პარტიული საშუალებების ამოქმედების მექანიზმი მაშინდელი ოპოზიციის წინააღმდეგ.

2003 წლის 27 ნოემბრის პარლამენტის სხდომაზე აწ განსვენებულმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა:  „ მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, მიხაროდეს, თუკი ჩვენს ქვეყანას რამე გამოუვა“.  თუ განმცხადებელს სიკეთე სურდა ქვეყნისა და მისი ახალი ხელმძღვანელობისათვის, უნდა ეთქვა: „არ გამოუვა“ ან „რაიმე მოუვა“, მაგრამ წამონაცდენი ვახტანგ რჩეულიშვილს არც კი გაუსწორებია, იმიტომ, რომ მან ღიად გაამხილა ის, რასაც ფიქრობდა - თუკი მის ქვეყანას „რაიმე გამოუვა“, იგი შორს არის იმ აზრისაგან, რომ ეს მას უხაროდეს!

2019 წლის 26 ოქტომბერს, ტელეკორესპონდენტის შეკითხვის პასუხად ბატონ გიორგი გახარიას წამოცდა და იქვე გაასწორა ერთი სიტყვა, რომელიც ჩიტივით გაფრინდა და ვეღარ დაიჭირა - მით უფრო, მაყურებლებისათვის  დღევანდელი გაიოლებული რევერსის პირობებში:

„ეკლესია არის ის ძალა, რომელიც სახელმწიფოებრიობას კლავს...“- თქვა და სწრაფადვე გაასწორა ბოლო სიტყვა: „კრავს“, მაგრამ, რაღა დროს - უკვე სრული ლეგიტიმაცია შესძინა მეუფე იაკობის დასმენას პატრიარქის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულების თაობაზე!

გასულ ზამთარს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „პრეზიდენტ ივანიშვილად“ მოიხსენია. 

"რაც შეეხება კითხვებს პრეზიდენტ ივანიშვილის ბოლო განცხადებაზე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა საქართველოში და პირადად მეც, მუდმივად ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის წნეხის ქვეშ ვარ იმის შესახებ, თუ რა ვთქვი, ან არ ვთქვი,"- თქვა ზურაბიშვილმა. 

ეს წამონაცდენი ყველა დეკლარირებულ მტკიცებულებაზე უკეთ წარმოაჩენდა საქმის ვითარებას საქართველოში, როდესაც პრეზიდენტის  სავარძელში ჩაბრძანებული ქალბატონი შინაგანად გრძნობდა რეალური პრეზიდენტისაგან საკუთარ მარიონეტობას.

უაღრესად საგულისხმო იყო ირაკლი ჩიქოვანის ბოლოდროინდელი მითითებაც კერძო სექტორის მისამართით:

„ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გარდაცვალება“.  მაშინვე კი შეცვალა ეს ტერმინი „გამოცხადებით“, მაგრამ მაყურებელს დაუტოვა ქარაგმა - რას გულისხმობდა ამ „გარდაცვალებაში“  - საკუთარი თავის ტკივილის შემცირებას, თუ მომავალში გასაცემი დახმარებების შემცირების სურვილს?!

საქართველოს მსოფლიო მასშტაბით აღქმის თვალსაზრისით, ობამას მმართველობის პერიოდში უაღრესად საინტერესო გახლდათ პრეზიდენტის წამონაცდენი სააკაშვილთან შეხვედრის დროს –  საქართველოს მიღწევებზე საუბრისას ობამამ  საქართველოს ნაცვლად რუსეთი ახსენა და იქვე შეასწორა:

“ვფიქრობ, საქართველო ძალიან უნდა ამაყობდეს იმ პროგრესით, რომელსაც მიაღწია სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. და ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, გამოვხატე ჩემი მადლიერება ინსტიტუტების მშენებლობის გამო, რომელიც მიმდინარეობს რუსეთში - იქვე გაასწორა– საქართველოში... უმცირესობების პატივისცემის უზრუნველყოფის მნიშვნელობის, კანონის უზენაესობის პოლიტიკისა და სისტემის მნიშვნელობის გამო – ინსტიტუტების მშენებლობის სახეობებისა, რომლებიც მომავალში უზარმაზარ განსხვავებას მოიტანს ქართველების არა მხოლოდ ამ თაობის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც”.

ფროიდის მიხედვით, წამონაცდენი არავითარ შემთხვევაში არ მიეწერებოდა შემთხვევითობას და მასში ის იდუმალი ქარაგმა იყო  საძებნი, რომელიც მომდინარეობდა ამერიკის პრეზიდენტის აზროვნების დაფარული წიაღიდან. ქარაგმის ამოსახსნელად იმთავითვე დაირაზმნენ პოლიტიკოსთა და პუბლიცისტთა მთელი  არმიები, თუ რის თქმა სურდა ობამას.

დავით ბერძენიშვილი თვლიდა, რომ ობამას შეხვედრა სააკაშვილთან, ერთი მხრივ, მიანიშნებდა იმაზე, რომ საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა და მეორე მხრივ, იმ ფაქტზე, რომ ობამას საქართველოზე, როგორც შესაძლო დემოკრატიულ ქვეყანაზე, ხელი ჩაქნეული არ აქვს; ნოდიასთვის ობამას  საქართველოსთან ურთიერთობა რაღაცნაირად რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტს უკავშირდებოხდა და ეს წამოცდენაც ამას აჩვენებდა“. მავანი რუსი ბლოგერი თვლიდა, რომ „ობამა არ ემხრობა სააკაშვილის რეჟიმს და უფრო სხვაგვარად ფიქრობს, ვიდრე ამას გვთავაზობენ ქართველი პოლიტიკოსები...“

და მხოლოდ MKRU - ს რესპექტაბელურ საიტზე, სადაც ალბათ ჰყავდათ შტატიანი ფსიქოლოგები – შეძლეს ობამას ჭეშმარიტი ნაფიქრალის ამოცნობა – ახალი ამბების მოსკოვის ამ პორტალზე იყო ვეებერთელა ასოებით გამოყვანილი სათაური: „Поучитесь у грузинов“ – „ისწავლეთ ქართველებისგან“ და იქვე ტექსტი:

„პრეზიდენტის სკანდალური წამონაცდენი ნიშნავს – საქართველოს შეუძლია გახდეს დემოკრატიულობის და გამჭვირვალობის მაგალითი მრავალი ქვეყნისათვის. მისი  სკანდალური წამონაცდენი არ ტოვებს ეჭვს იმის თაობაზე, თუ ვის მართებს სწავლა“.

ესე იგი, ობამას წამონაცდენი ნიშნავს – რუსებო, ისწავლეთ ქართველებისგანო – ამას მიხვდა რუსული საიტი!

და აი, წამონაცდენის პირობაზე, სულ უკანასკნელი საერთაშორისო სკანდალი - რუსულ სატელევიზიო არხ НТВ-ზე ტელეარხის პროპაგანდისტმა ირადა ზეინალოვამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსისაგან დაიღუპა 40 ათასი ადამიანი.

ახლა მთელი რუსეთის მაყურებლები საგონებელში არიან ჩავარდნილნი, დიქტორს შეეშალა ციფრი, თუ წამოცდა სიმართლე და უნებურად გაამხილა კრემლის მიერ წვითა და დაგვით შენახული საიდუმლო!

ნანახია: (1423)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას